რელიგია

რატომ იშვა მაცხოვარი ბოსელში, ადამიანის ყველაზე მდაბალ, ცხოველურ ადგილას

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.06

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანებს, ერთი მხრივ, გვიყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, მეორე მხრივ კი, არ გვიყვარს, როდესაც სხვები აქეთ გვარიგებენ, არადა სხვების გამოცდილება მნიშვნელოვანია, ოღონდ ყოველთვის არა. იგივე ითქმის ქადაგებასა და ქრისტიანული ცხოვრების წესის სწავლებაზე. როგორ მივხვდეთ, რომ სწორად შევაგონებთ და სწორად შეგვაგონებენ? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მზად ვართ, სხვას რამე ვასწავლოთ ან რომ იმ სხვას, ვისგანაც ვსწავლობთ, შეუძლია ჩვენი განათლება? სიმართლე ვთქვა, მე არავის ვუჯერებ, თუ, რასაც მეუბნება, თავად იმ საქმის პროფესიონალი არ არის.

- რუსთაველით დავიწყოთ, ვინაიდან ძალიან კარგად აქვს მიმოხილული აღზრდა-განათლების, ზოგადად, სწავლის თემა. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ არა ვიქმ, ანუ, თუ ქმნადობად არ ვაქცევ, არ გავაკეთებ, რაში მარგია ფილოსოფიური შეგონებები?! მით ვისწავლებით მოგვეცეს, ანუ იმიტომ განვისწავლებით, რომ შევიძინოთ შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა, ანუ შევერწყათ მწყობრ კოსმოსს. შესაბამისად, ჩვენ ვყოფილვართ პროცესში. მე თუ მასწავლებელი ვარ და შენ - მოსწავლე, რას გეუბნები? მომყევი, წამომყევი და აქ არ იგულისხმება ფიზიკური აქტივობა, იგულისხმება საქმეში წამოყოლა. და სად მიჰყავს მასწავლებელს მოსწავლე?! არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისკენ, სიბნელიდან სინათლისკენ. რუსულად არის „ვედენიე“ - ვედებიდანაა და ნიშნავს ცოდნას, რუსულად ნიშნავს ხედვას, ესე იგი, დანახვა და ცოდნა ეკვივალენტურია. ცოდნა სინათლეა, ამბობს ილია და იმისთანა სინათლეა, რაც გინდა, სხვას გაუნაწილო, შენ არაფერი დაგაკლდება, პირიქით მოგემატებაო. და რატომ? მე რომ შენ სანთელი აგანთებინო ჩემი სანთლიდან, მე რამე დამაკლდება? არა, მომემატება, ორი სანთელი გაანათებს, ხოლო, შენ თუ გადასცემ მეორეს, მესამეს, უფრო განათდება გარემო. ნახე, რა საოცრებაა?! ოღონდ მთავარია, ვართ თუ არა დანთებული სანთელი. რა უნდა გავცე, თუ მე თავად არ ვანთივარ?! ქრისტე ამბობს, დაე, ნათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ მათ საქმენი თქვენი და ადიდებდნენ მამასა ზეციერსა. ამასთან, არავინ დებს ანთებულ სანთელს მაგიდის ქვეშ, მოფარებულ ადგილას, პირიქით, ზემოთ ვდგამთ, გამოსაჩენ ადგილას, რომ იქიდან გაანათოს. რაც შეეხება, როდის უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ ცარიელი ჭიქა. პირველია მისი ავსების პროცესი, მაგრამ, წყალი რომ ჭიქის პირამდე მიაღწევს, გადმოიღვრება. ასეა სწავლების დროსაც: რაღაც მომენტში, ადამიანი რომ რაღაც საქმეში დაოსტატდება, რასაც მთელი ცხოვრება შეალია, ან ფეხსაცმელს კერავს კარგად, ან აშენებს, ან ნებისმიერ რამეს აკეთებს, პირველი რეაქციაა, სხვას ანახოს და გაუზიაროს სიხარული, აი, რა კარგად ვაკეთებო და შემდეგ, როდესაც ივსები ცოდნით, ის უკვე ბუნებრივად გადმოიღვრება შენგან. სხვა საკითხია, ვინც დროს, ანუ დაოსტატებას წინ უსწრებს, ესე იგი, გარეგნულად მაჩვენებს თავის განსწავლულობას, მათ ქრისტე ფარისევლებს უწოდებს, იმიტომ რომ, საქმით არ არის გამყარებული მათი სწავლება.

ვთქვით, რომ ცოდნა და კეთება იდენტურია, შესაბამისად, ცოდნა, რომელსაც კეთება არ მოსდევს, ცოდნა არ არის, იმიტომ რომ, ცოდნა თავისთავად გულისხმობს ძალასა და კეთებას. მაგალითად, ქართულში გვაქვს საოცარი სიტყვა „კეთ-ილი“ და რა არის ამის ფუძე? კეთ-ება. ანუ სიკეთე ყოფილა კეთება და კეთებაა, როდესაც არყოფნიდან ყოფნაში გამომაქვს რაღაც, რაც არ იყო და მხოლოდ იდეაში არსებობდა. ერთი წვეთი საქმე ჯობია ერთ ტონა ფილოსოფიასო. უფრო ადრე ამავეს ამბობს რუსთაველი: თუ ფილოსოფოსობას არ მოაქვს შედეგი, არ ჩანს საქმე, მაშინ რა აზრი აქვს?! სხვათა შორის, ადრე ასე არ იყო - ფილოსოფოსობა ცხოვრების წესი იყო, ისევე, როგორც ცეკვასა და მოცეკვავეს ვერ დააშორებ. თუ იტყვი, კარგად ვცეკვავო, ვერ მომატყუებ - მაშინვე დავინახავ, როგორც კი ფეხს გადადგამ და ერთ მოძრაობას გააკეთებ. ამიტომ ერთმანეთისგან ვერ დააცილებ ცოდნასა და კეთებას. ადამიანის თითოეული აზრი, თითოეული ფიქრი, თითოეული აქტივობა, რომელსაც რეალიზება არ მოაქვს, ფუჭია. ებრაელების სკოლებს ჰქვია ეშივა, სადაც „თორას“, „თალმუდს“ სწავლობენ და ასეთი წესია, ფეხი არ შემოდგას მასწავლებელმა, ვისაც, რასაც ასწავლის, პრაქტიკაში არ აქვს გავლილი. და აი, მივადექით ქრისტეს: ქრისტე პროფესიით იყო ხურო, რუსულად „პლოტნიკ“, „პლოტ“ რუსულად ნიშნავს სხეულს, ესე იგი, ქრისტე არის განხორციელება და რა განახორციელა? დიახ - სიტყვა! თორემ ქრისტეს ახალი სიტყვა არ უთქვამს. არაფერი ახალი, რაც მანამდე არ უთქვამთ ბერძენ ფილოსოფოსებს, არ ეწერა „ძველ აღთქმაში“, მაგრამ ქრისტეს მოაქვს სიყვარული - საქმედ ქცეული ცოდნა. ცოდნა ქრისტემდეც იყო, მაგრამ ქრისტეში განხორციელდა ეს ცოდნა, საქმედ იქცა და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. როდესაც ქრისტე ამბობს, მოყვასი გიყვარდეს, მტერი გიყვარდეს, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ჭეშმარიტება, ეს ყველაფერი იქვე კეთდება.

შესაბამისად, ვინ არის ნამდვილი აღმზრდელი?! მოძღვარი? ანუ ვის აქვს უფლება, რომ წინ უძღოდეს ადამიანს?! იესოს, ვინც არაფერს გეუბნება ისეთს, რასაც თვითონ არ აკეთებს. მოსწავლის ინტერესს მასწავლებლისადმი რა იწვევს?! რა კარგად აკეთებს მასწავლებელი იმას, რასაც მოსწავლეს ასწავლის. თუმცა მე არ ვამბობ, რომ მე მივაღწიე მოძღვრობის დონეს და პავლე მოციქულიც წერს, ჩვენ მივსდევთ და ვცდილობთ, გზაში ვართ და სულაც არ არის დასაძრახი გზაში ყოფნა. რამე არსებობს ფიზიკურ სამყაროში, გზას რომ არ გადის?! უცბად რამე ხდება?! იწყებ პატარა მარცვლით და ზრდი. მაგრამ აღმზრდელი ვინ არის? ვინც პროვოცირებას უკეთებს იმას, რაც შენშია. გარედან კი არ გასწავლის, არამედ გახსენებს. ნამდვილი აღმზრდელი უნდა იყოს შენი სარკე. აღმზრდელს რომ ნახავ, უნდა გაგახსენდეს შენი თავი. გახსენებით კი ხსნა მოდის, როგორც ადრე ვთქვით, გახსენება იგივე ხსნაა. მე თუ არ დავინახე, რომ ჩემი აღმზრდელი გამოცდილია, ხსნილია, სტიმულიც დამეკარგება. ცათა სასუფეველზე რომ დაგელაპარაკება ადამიანი, ცათა სასუფეველში თუ არა, ელემენტარული კომფორტის ზონაში მაინც უნდა იმყოფებოდეს, რომ მე რამეში დამაჯეროს?! იესო ბედავს ამას და აკეთებს. და რატომ აკეთებს? იმიტომ რომ გამოგეყოს შენ და თავი შენზე უსასრულოდ მაღლა წარმოაჩინოს?! პირიქით: ისე გიღეჭავს, რომ ნათლად დაინახო. იესო მთლიანად ჩამოდის უზარმაზარი სულიერი სამყაროდან, ამას კენოზისი ჰქვია, დაცარიელება, ზეცას ტოვებს, ეშვება და იბადება გომურში, რის ქვემოთაც არაფერია, რომ შენ არ თქვა, ის სასახლეში დაიბადა და მე როგორ უნდა მივემსგავსოო. იესო იბადება ბოსელში, შენი არსების ყველაზე დაბალ, ცხოველურ ადგილას, იქ ჩადის და იქიდან ამოყავხარ. ამიტომ წერია, ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს ღმერთი. იესო ზემოდან არ გიყურებს და შორიდან არ გმოძღვრავს, შენი ადამიანური ყოფის ფსკერზე ეშვება და იქიდან ერთად ამოდიხართ ორივენი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული