რელიგია

რატომ იქცა ხატწერა ბიზნესსაქმიანობის სფეროდ და რატომ ნიშნავს ნაკლებ სულიერებას ზედმეტად მორთული ტაძრები და ხატები

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.11, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ვერავინ იტყვის, რა გამოარჩევს შედევრს სხვა ქმნილებებისგან, მაგრამ, შეხედავ თუ არა, მაგალითად, „ჯოკონდას“, არ იცი საიდან, მაგრამ ზუსტად გრძნობ, რომ ეს შედევრია. შეიძლება, უხეში შედარებაა, მაგრამ იმავეს თქმა შეიძლება ხატებზეც, ფაქტია, რომ არის რაღაც, რაც განასხვავებს უძველეს, სადა ხატებსა და გაცრეცილ ფრესკებს უამრავი ახლად დაწერილი თუ დაბეჭდილი ხატიდან? ძველი ხატები უჩვეულო ძალას ასხივებენ, რაც ნუსხავს არამორწმუნესაც კი. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი (ოთხოზორია): ჩვენი ხატები ორგანზომილებიანია, რომ ყურადღება გარეგნულს გასცდეს, რათა შენი გაღვრილი გონება ერთ წერტილში მოხვეტოს და გაგიყვანოს მიღმიერში. ჩვენ ხომ ყველაფერი ხელს გვიშლის, რათა მოვიხვეჭოთ ღვთაებრივი?! ამდენად, ხატი ერთგვარი სარკმელია სულიერ, ღვთიურ სამყაროში. რაც მთავარია, მას ორმაგი ძალა აქვს: ჯერ ერთი, მასზე გამოსახული იმ წმიდანის, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით უდიდესი მადლი მოიხვეჭეს, ძალა აქვთ და, მეორე, თვითონ ხატმწერის, ვინაიდან ისიც განვითარების იმ დონეზე უნდა ყოფილიყო, რომ შეეგრძნო ღვთაებრივი. ხატმწერმა, ხომ, არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდნენ წმიდანები? ის თავადაც მაღლდებოდა იმ დონეზე, რომ ჩასწვდენოდა წმიდანთა სულიერ სიღრმეს, რათა ისინი ხატებზე აღებეჭდა. ხატმწერი სწვდებოდა იმ წმიდანის სულს, ვის ხატსაც წერდა და აცოცხლებდა, რომ შემდეგ შენც, როდესაც შეხედავ ხატს, გაგეხსნას ფანჯარა და ამაღლდე იმ დონემდე, ვის ხატსაც ჭვრეტ. ანუ ხატი არის საშუალება, რომ ავმაღლდეთ, უფრო ახლოს მივიდეთ მათთან, ვინც იმ ხატზეა გამოსახული.

– დღეს ძალიან ბევრი ხატი იწერება, ლამაზად შემკული და მოვარაყებული. იბეჭდება კალენდრებად პერიოდულ გამოცემებშიც და არც იცი, როგორ მოიქცე, ვერ აგდებ, ამდენს ვერც ინახავ...

– ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. გასაგებია, რომ საბაზრო ეკონომიკაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხატწერაც ბიზნესის სახეობად იქცა. დავიჯერო, იმდენად ღვთისმოსავები ვართ, რომ ამდენი ხატი, მოჭედილი, შემკული, დახვეწილი, უნდა დაიწეროს და დაიბეჭდოს?! არ უნდა იყოს ეს ჯანსაღი, ვინაიდან იქ, სადაც სულიერება ძლიერია, ამდენი სამშვენისი არ შეიქმნებოდა. როდესაც შენი მზერა სუფთაა, თითოეული ადამიანის მიღმა ხედავ ღმერთს და აღარ გჭირდება ამდენი გამოსახულება. ქრისტიანობა ვერ იტანს პოლიტიკურსა და ფიზიკურ მეუფებას. ქრისტემ ამაზე უარი თქვა. სხვათა შორის, ქართულ სახელმწიფოში ტრადიცია იყო, რომ მეფეები, დედოფლები, დიდგვაროვნები გარკვეულ დრომდე იყვნენ სახელმწიფო სამსახურში, შემდეგ კი ტოვებდნენ ყველაფერს და მიდიოდნენ ბერებად და აღიკვეცებოდნენ მონაზვნებად და ეს ხდებოდა მასობრივად. ანუ თავიანთი ცხოვრების პირველ ნაწილს უძღვნიდნენ სახელმწიფოს, ოჯახს – მიეცი კეისარს კეისრისა, რომ ამის შემდეგ გასულიყვნენ მიწიერი ასპარეზიდან და სულისთვის მიეხედათ, მიეცათ ღმერთისთვის ღვთისა. დავიჯერო, მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ათასობით ადამიანს, მეუდაბნოე ბერებს, შიო მღვიმელს, ანტონ მარტყოფელს, ხატებით ჰქონდათ მოჭედილი თავიანთი მღვიმეები?! და ვისი ხატები ეკიდათ?! არავის ხატი არ ჰქონდათ, რომ მათ თვალს არაფერი დაენახა და ყურს არ სმენოდა და შინაგანი ჭვრეტით ეხილათ ღვთის ხატი! ბერებს, რომლებიც არავინ იცოდა, სად იყვნენ, არც ხატი ჰქონდათ და ისინი არც კი ეზიარებოდნენ, მაგრამ უშუალოდ უფალთან იყვნენ. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ხატები, არ უნდა ვცეთ მათ თაყვანი და არ უნდა ვეზიაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დარღვეულია წონასწორობა. ღვთისმოსაობის გამოვლინება არ იზომება ხატების სიმრავლით, ბევრი წმიდა ადგილის მოლოცვით, ბევრჯერ ზიარებით, ძალიან ცნობილი მამაოს მრევლობით. ეს გარეგნული გამოხატულება საშუალებებია და, თუ არსით ხარ ქრისტიანი, გარეგნული მინიმუმამდეა დაყვანილი, უბრალოდ, არ გჭირდება. წმიდა მამებიც ამბობენ, ზედმეტი გატაცება ტაძრების მორთვა-მოკაზმვით, ხატების მოოქროება იმდენად ღვთისმოსაობის გამოვლინება არ არის, რამდენადაც პირიქით, სულიერების ნაკლებობის შედეგიაო.

– პატარა ვიყავი, როდესაც შევამჩნიე გასხვავება ქართულსა და რუსულ ეკლესიებს შორის. ჩემთვის ეკლესია ასოცირდებოდა სისადავესთან, რადგან ასეთი მენახა ქართული ეკლესიები და უცებ ზაგორსკში აღმოვაჩინე ძვირფასეულობით აბრჭყვიალებული რუსული ეკლესიები. დიდი კულტურული შოკი განვიცადე და, საერთოდ, ვერ აღვიქვი მართლმადიდებლურ ტაძრებად.

– დიახ, ქართულ ძველ ტაძრებში ხატები არის სადა, რადგან შენარჩუნებულია ის, რაც ვთქვით: როდესაც ხატი, საგალობელი, პოეზია იბადება ნამდვილი სულიერებიდან, მადლისმიერი მდგომარეობიდან. ხომ სრულიად განსხვავებულია ხელოვნურად მორთული ხე და მსხმოიარე? დაახლოებით, ასევეა თანამედროვე ეკლესიების უმრავლესობა: ბრჭყვიალებს, ხატებითაა გადაჭედილი, გარედან ლამაზად მოპირკეთებული... ეს ძალიან კარგია, მაგრამ რის ხარჯზე და რა ნაყოფი მოაქვს?! ეკლესია არის ქრისტეს სხეული, სულის ნაყოფი კი ცხრა ნეტარებაა. მათ არ ჰქვიათ ნეტარებები, ეს არის ერთი ნეტარება! იმიტომ რომ ნაყოფი ერთია, ისევე, როგორც მსხალს ერთდროულად აქვს ფერი, სურნელი, ფორმა, სიტკბო, სირბილე. ქრისტე მოდის, როგორც შინაგანი სილამაზე, სისავსე, თორემ გარეგნულად ის არაფრითაა მისაზიდი. წარმოვიდგინოთ სცენა: პილატე, რომის იმპერატორის წარმომადგენელი, იუდეის პროკურატორი, ზის თავის ტახტრევანზე, მის წინ დგას იესო, უბრალო შესამოსელით და პილატე დამცინავად ეკითხება: შენ ხარ მეფე?! ხალხიც დასცინის იესოს, იმიტომ რომ მათ წარმოდგენაში მეფე გარეგნული ბრწყინვალებით უნდა გამოირჩეოდეს, არადა ნამდვილი მეფეა ის, ვინც იმ სამოსელის შიგნითაა. თუ შიგნით არაფერია, დაკარგავ გარეგნულ ბრწყინვალებას და არაფერი რჩება. ამიტომ ამბობს იესო, შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართო. იესოს მთელი ბრწყინვალება მის შიგნითაა და ეს შინაგანი ნაყოფი მოჟონავს მისგან, როგორც ვარდისგან გამოდის ერთდროულად სურნელი, ფერი და სილამაზე. ასე რომ, პრობლემა ხატთა სიმრავლე კი არ არის, არამედ ის, თუ რის ხარჯზეა ამდენი ხატი. ქრისტეში ნამდვილი სიცოცხლე ჩანაცვლებულია გარეგნულად თვალსაჩინო თაყვანისცემის ფორმებით. ერთმანეთს საერთოდ ვერ ვამჩნევთ. ხშირად სახელებიც არ ვიცით და ამ დროს ვეზიარებით იმ ერთ ბარძიმში, რომელშიც ქრისტეს სხეულთან ერთნი ვართ. თუ ეს ერთობა ბარძიმში რეალობაში არ გადმოვიდა, ვის ვატყუებთ?! ჩვენ ერთი სხეული ვართ და არა ერთი ორგანიზაცია, თუმცა ხშირად ორგანიზაციები გვჯობია, იმიტომ რომ საერთო მიზანი აქვთ და უფრო შეკრულები არიან. რამდენჯერაც უნდა ეთაყვანო ქრისტეს ხატს, სანთელი დაუნთო და პირჯვარი იწერო, თუ არასწორად ცხოვრობ, ქრისტეც კერპი გამოდის. ქრისტეს მხოლოდ ტაძარში უნდა სცე თაყვანი?! ემთხვიო მის ხატს და დამთავრდა?! ქრისტეს თაყვანისცემა ნიშნავს, იცხოვრო ისე, როგორც ქრისტეს უხაროდა, როგორც მან გვიანდერძა: განვიცადოთ ჩვენი ცოდვები, მოვინანიოთ, მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი. აი, ესაა ქრისტეს თაყვანისცემა და არა მისი ხატის წინ მუხლებზე დამხობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი