რატომ იქცა ერთი ადამიანი მეორისთვის დანამატად და როგორ გადაიტანა მთელი თავისი სიყვარული ცხოველებზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.12
ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და ის ღმერთის მიერაა მონიჭებული. მეტიც, ღმერთიც კი არ ერევა ადამიანის არჩევანში, ვერც ჩაერევა, თუმცა, როდესაც თითქოს გამოსავალი არ არსებობს, ხდება სასწაული და გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალი ჩნდება, - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– როდის ერევა ხოლმე ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში?
– ღმერთი მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როდესაც ადამიანი ამოწურავს ყველაფერს, მინიშნებას მოგცემს, როგორც იმ ადამიანს, რომელმაც, ადამიანურად, ყველაფერი გააკეთა და ამოწურა თავისი შესაძლებლობები. იცი, საიდან მოდის სიტყვა „კამიკაძე“?! იაპონიას მიადგა ჩინეთის არმადა, ყველაფერი ესროლეს, რაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გააჩერეს და ჩამოუშვეს ხელები. ამ უკიდურეს მდგომარეობაში ლოცვა დაიწყეს. ამოვარდა ქარი, რომელმაც მთელი ეს ჩინური არმადა გახვეტა. აი, ამას ჰქვია კამიკაძე: ქარს, რომელიც მაშინ ამოვარდება, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს არის ის მადლი, რაც მოგვეფინება ხოლმე, როდესაც საშველი აღარ ჩანს. იცოდე, როდესაც შენს ყველანაირ შესაძლებლობას ამოწურავ, მაშინ გაგეხსნება ახალი კარი და არავითარ შემთხვევაში ამაზე ადრე. მეტიც, რაც უნდა ხდებოდეს, ყველაფერი შენი დამხმარეა.
განვიხილოთ ეს ადამისა და ევას მაგალითზე. ქართულ თარგმანში წერია: ღმერთმა ადამს ქალი შეუქმნა შემწედ. „შემწე“ კარგი ქართული სიტყვაა: შემწე არის დამხმარე, მაგრამ, ვაი ასეთ დახმარებას. ებრაულად ორი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას: ერთია შემწე, ანუ დამხმარე, ხოლო მეორე – არის ის, რომელიც მუდმივად ადამის ოპოზიციაა. ადამი რომ ერთ მხარეს მიდის, ის მეორე მხარეს ექაჩება. დაახლოებით, მშვილდისარივით: ისარი, ლარი და მშვილდი. უკან რომ ვექაჩები ლარს, ეს ისრის საპირისპირო მიმართულებაა, ისარმა რომ თავი წაართვას, ორ მეტრში დავარდება, თუ მცირეზეა მოჭიმული. ისარს სულთამხუთავი ჰგონია მშვილდი, რატომ მექაჩება უკანო, სინამდვილეში კი, მის შორს გასროლას ემსახურება. აი, ვინაა ევა, ქალი, ცოლი... ქმარი რომ წინ მიდის, ქალი უკან ექაჩება. ამიტომ ამბობენ, ყოველი მამაკაცის უკან ქალი დგას და მამაკაცის ყველა წარმატება ქალის დამსახურებააო. აი, ვინ არიან ადამი და ევა. ევა თითქოს უკან ექაჩება ადამს, მაგრამ, სინამდვილეში, წინ მიჰყავს. დამხმარეა მის წინააღმდეგ. რაც მეტად მოგქაჩავს, მით შორს და ზუსტად მოარტყამ ათიანში. ცოლი იმისთვისაა მოსული, რომ შენ ყველაზე მაგარი მამაკაცი იყო, რაც ხშირად არ გვესმის. ვწუწუნებთ, რა უნდა, დამანებოს თავიო, მაგრამ არ გაგიშვებს ხელს. რატომ? იმიტომ რომ ევას, ქალის, ცოლის სიკეთე შენზეა დამოკიდებული. ქალმა იცის, თუ მამაკაცმა ღმერთის მადლი არ მოუტანა, თვითონაც დაიღუპება. ამისთვისაა მოჩენილი ქალი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც, ერთი შეხედვით, ხელს გვიშლის, სინამდვილეში კი დახმარებაა ჩვენ წინააღმდეგ. იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ სამოთხის ბაღს, სადაც ღმერთმა ადამი და ევა დაასახლა, მდინარე გარედან კი არ რწყავს (ბაღში ხომ გარედან შეჰყავთ წყალი?!), არამედ იქიდან გამოდის ოთხი მდინარე, ეს ოთხი ცივილიზაციაა, რომლებიც სამყაროს რწყავდნენ. ირანულად „ჭეშმარიტება“ არის სათავე. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ სამოთხის ბაღი, პირდაპირი მნიშვნელობით, ბაღი არ არის. ჩვენ იმდენად პირდაპირ ვიგებთ ყველაფერს, რომ ღმერთის რწმენაც კი ღმერთის არსებობამდე დავიყვანეთ. გვიხარია, თუ გავიგებთ, რომ ვინმეს, მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატს ან პოლიტიკოსს, მსახიობს, სწამს ღმერთის და ამით ვიმაგრებთ ჩვენს რწმენას, ოღონდ ეს არაფრის მომტანია. ღმერთი რომ არსებობს, ამის აღიარება, თქმა, არაფერია. ეს იგივეა, გიხაროდეს, რომელიღაც ბანკში რომ მილიონი დევს. თუ შენს ბარათზე არ არის დარიცხული თანხა, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?! ანუ სამოთხე არის მდგომარეობა, სადაც ღმერთსა და ადამიანს შორის დიალოგი იყო. თუ დიალოგი არ არის, ეს უკვე სიკვდილია. ჩვენ დიალოგის რეჟიმი დავკარგეთ ღმერთთან და ადამიანი ამის ნაკლებობას იქარვებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობით. ეს სწორიცაა, იმიტომ რომ ადამიანი ღვთის ხატია და ყველაშია მოუკლებლად ღმერთის სული. ოღონდ ეს დიალოგი არ ნიშნავს, ჰკითხო, სად იყავი, რას აკეთებდი. სულიერ დიალოგს ვგულისხმობ: როდესაც შენგან მელაპარაკება ღმერთი და ჩემგანაც ღმერთი გეცხადება. როგორც კი ორ ადამიანს შორის ეს იკარგება, სამყარო იკარგება, არსებობისთვის ბრძოლად გადაიქცევა ჩვენი ცხოვრება და ამის შედეგია, რაც ევროპაში ხდება. კრიტიკით კი არ ვამბობ, ეს სატირელია: ცხოველები შეჰყავთ ტაძარში. რა თქმა უნდა, ცხოველებიც ღმერთმა გააჩინა და არც იმას ვამბობ, რომ ცხოველები არ უნდა უყვარდეს ადამიანს. პირიქით, მაგრამ აქ სატირელი ის არის, რომ იმ სიყვარულს, ურთიერთობას, დიალოგს, რომელიც ადამიანმა ადამიანს უნდა მისცეს და რისთვისაც ის ღმერთმა შექმნა, აძლევს ცხოველებს. ანუ მთელი სიყვარული ადამიანმა ცხოველებზე გადაიტანა და ადამიანი ადამიანისთვის დანამატი გახდა. შვილს დედასთან დიალოგი არ შეუძლია, ძმას – დასთან. აი, ესაა კატასტროფა და არა ცხოველებისადმი სიყვარული. არადა ჩემი სიყვარული, რაც ღმერთმა მომცა, მე უნდა მივცე ღმერთს ადამიანში, მაგრამ სადაა ღმერთი?! ცაში?!
ნახე, კიდევ რა ხრიკს მიმართავს ადამიანი?! მას მეორე ადამიანის სიყვარული არ შეუძლია და ამიტომ ამბობს, მე ღმერთი მიყვარს; ვგიჟდები იესოზე და გაუგებარია, სად ჰყავთ ეს იესო?! ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები ვირეშმაკობაა, რომ დაუძვრე იმას, რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს. დიახ, ადამიანის სიყვარული ძნელია, სამუშაოა. ამიტომ ვამბობ, უფრო ადვილია, თქვას, ღმერთი მიყვარსო, მაგრამ ღმერთამდე სანამ ამაღლდები, აქაა ადამიანი, რომელშიც მოუკლებლადაა ღმერთი და თუ მასში ღმერთი ვერ დაინახე, ცაში რა გინდა?! ღმერთი აქვეა, შენ გარშემო: ქვიდან დაწყებული და ადამიანით დამთავრებული, ყველგან ღმერთია. ადამიაანია ღვთის ხატება და იქ ღმერთია დამალული, ოღონდ უნდა გაფცქვნა და იპოვო, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ: ძაღლების სიყვარული გვირჩევნია. აბა, მანქანა გაუკაწრე ვინმეს, შეიძლება, ტყვია გესროლოს. ესაა სამწუხარო, თორემ ყველაფერი თავის ადგილას უნდა გიყვარდეს.
ერთ იგავს გავიხსენებ: ატირებული ბავშვი ბაბუასთან მიდის. რა გატირებსო, ეკითხება ბაბუა; დამალობანას ვთამაშობდით და ისეთ ადგილას დავიმალე, რომ დიდხანს ვერ მოვეძებნე ვერავის. მართლაც, ყველა მოძებნეს, მე მეგონა, დიდხანს ვაწვალებ და ბოლოს გამარჯვებული გამოვალო, მაგრამ, რომ ვერ მოპოვეს, ჩაიქნიეს ხელი და სხვა თამაში დაიწყესო. იმედი მქონდა, ამ თამაშს რომ დაამთავრებენ, მერე მაინც მომძებნიდნენ, მაგრამ დაამთავრეს ის თამაშიც და სახლში წავიდნენ. მე კი დამალული დავრჩიო. ბაბუამისსაც ტირილი აუტყდა. შენ რატომღა ტირი, ბაბუო, ჰკითხა შვილიშვილმა. ასე არის ღმერთიც, ბაბუ, ისეთ ადგილას დაიმალა, რომ ეგონა, ადამიანები ბოლოს მაინც იპოვიდნენ, ყველაფერს რომ გადაქექავდნენ და გავახარებო, მაგრამ ადამიანებმა მთელი მატერია გაფცქვნეს, მე კი დამტოვეს დამალულიო. დიახ, ღმერთი დამალულია და ელოდება გულწრფელ და დაუღლელ მაძიებელს, და რომ ის აუცილებლად იპოვის მას... ამიტომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რაც მეტად ვეცნობით სწავლებას, მით მეტსა და მეტს ვხედავთ, იმიტომ რომ ასეთია თავად ღმერთი – ღრმა ერთი!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან