რელიგია

რატომ გაურბის ყველა უცხოს, ქართველისთვის კი უცხო საუცხოოა

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.02

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თავს მივიჩნევთ ქრისტიანებად, ამის პარალელურად, ვაღიარებთ შოთა რუსთაველის გენიალობას და ვაჟას ციტატები მოგვყავს, მაგრამ ჩვენი ქცევა სრულიად დაშორებულია იმას, რასაც ქადაგებს ქრისტე, რასაც რუსთაველი და ვაჟა ამბობენ. თუმცა „სახარებაში“ სრულიად არაიგავური ენით, პირდაპირ წერია, რომ პირველი ცხონდა ავაზაკი, ფაქტობრივად, ეშმაკის მსახური, ჩვენი გაგებით, ხოლო ჯვარზე გაკრული მაცხოვარი კი ლოცავს თავის დამაწყევრებსა და მწამებლებს: მამა, არ იციან, რას სჩადიანო. ამ თემაზე – ბოროტებაზე, რომელიც, ჩვენი წარმოდგენით, ხანდახან ღმერთზე ძლიერადაც კი გამოგვყავს, დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ მიგვაჩნია ადამიანებს ბოროტი ადამიანის დასჯა ან მოკვდინება ქრისტეს დაცვად, მაშინ, როდესაც ჩვენი ღმერთი სულ სხვაგვარად იქცევა?

– ალბათ, პრობლემა ბავშვური აზროვნებაა, როდესაც მიწიერი ხედვით, სატანას, ეშმაკს თვითმყოფად ბოროტეულ საწყისად ვიღებთ. მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსანში“ გადაწყდა. როდესაც ტარიელმა როსტევანის ჯარი გაანადგურა, ანუ ისეთი ძალა გამოავლინა, რომ როსტევანი, ამხელა იმპერიის პატრონი, დატოვა გაოგნებული და უკვალოდ გაქრა. როსტევანმა მომხდარი ბოროტ საწყისს მიაწერა, მაგრამ, როსტევანისგან განსხვავებით, თინათინს, ამ ამბავს რომ გაიგებს, ღამეები არ სძინავს: აქაც ერთ პიროვნებაში ხდება ეს ყველაფერი. როსტევანი ძველი ცნობიერებაა, მამაა, მოხუცია, ის გადის და თინათინი მოდის. სახელი თინათინი დაკავშირებულია ათინათთან, რომელიც ჭვრეტს, აზროვნებს. როსტევანი კი ვერ გავიდა ძველიდან, მეფობის ამბიციიდან და დაასკვნა, რომ ტარიელი ბოროტი საწყისია, მაგრამ თინათინსაც უნგრევს ტარიელის გამოჩენა მთელი აზროვნების სისტემას. ვინაიდან თინათინმა იცის, რომ ერთია საწყისი და ის კეთილია; მაშინ, საიდან გაჩნდა ტარიელი, ვის მიერ ჩადენილი საქმეებიც აშკარად ბოროტია?! თინათინი მაინც ვერ იჯერებს ბოროტების თვითმყოფადობას. სწორედ ესაა დილემა. როსტევანის ხედვა არის მიწიერი, ეგოზე აგებული და ის ამბობს, მე ამის თანამონაწილე არ ვარ, მაგრამ შოთა პირდაპირ პასუხს გვაძლევს: რაც ტარიელმა ჩაიდინა, როსტევანმა გამოიწვია. თინათინი კი რევოლუციურად ახალი ხედვაა, რელიგიაშიც კი. თინათინი ამ ორმაგობის მიღმა გადის და ეს, სულაც, არ არის ადვილი; ისევე, როგორც ბავშვისთვის არ არის ადვილი, თანაბრად უყვარდეს ექიმი, რომელიც ნემსს უკეთებს და ბიძია, რომელიც კანფეტს აძლევს მას. ტარიელი როსტევანს უნგრევს თავის მიერ შეკოწიწებულ მუყაოს ხუხულას. და როსტევანმა უკვე აღარ იცის, რაზე დაშენდეს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სწორედ ამ ნანგრევებიდან იბადება ახალი და ეს ყოველთვის ასეა: ძველი ისე არ ინგრევა, რომ ახალს არ მისცეს საწყისი. იობთანაც ზუსტად იგივე მოხდა. ღმერთო, რა დაგიშავე?! ამ კითხვას სვამს ადამიანი, რომელიც დაბადებიდან სიკეთეს აკეთებს, მან ერთ დღეში დაკარგა ყველაფერი და აინტერესებს, რა დაემართა. ბოლოს წერია, რომ ღმერთი გრიგალიდან დაელაპარაკა იობს. რატომ გრიგალიდან? ბიბლიაში ხომ თითოეულ სიტყვას თავისი დატვირთვა აქვს?! გრიგალი მიწასთან ასწორებს შენ მიერ აგებულ ყველა კონსტრუქციას; ყველაფერს, რაც გაგაჩნია. ანუ იმ აზროვნების სისტემას, რაც იობს ჰქონდა და სწორი ხედვა ეგონა, გრიგალივით დაატყდა თავს რაღაც და დაუნგრია ყველაფერი, რაც ააშენა. და ამის შემდეგ იობი ხვდება რაღაცას და დუმდება და იმიტომ კი არა, რომ შეეშინდა, არამედ მიხვდა, რაც მოხდა; სული მოითქვა და იმ ნანგრევებიდან დაიბადა ახალი იობი. თუ იქამდე რელიგიური რწმენა ჰქონდა, მსხვერპლს სწირავდა, თაყვანს სცემდა, გრიგალმა გაანულა იობი და ნანგრევებიდან დაიბადა ახალი რეალობა. ანუ უმაღლეს კლასში გადავიდა იობი, ვინაიდან თავის თავში სიცოცხლე შეიძინა.

როდესაც ადამიანი ამბობს, ჩემთვის ვიდექი ან ვიყავი, რაღაც მოვარდა გარედან და მავნო, ეს პირველი, ბავშვური ხედვაა. უფრო მაღალი ხედვაა იმის გააზრება, რომ მას, რაც დამემართა, ჩემი დამოკიდებულება ხდის ისეთად; მე ვარ ჩართული. აბა, თუ ჩემზე პასიურად იმოქმედებს ვიღაც და რაღაც, ესე იგი, ქუდი უნდა დავიხურო და წავიდე, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ან რაღაც, რაც დამინგრევს ყველაფერს. მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?! ნახე, სიმართლე სად გადის?! თუ ჩემზეა დამოკიდებული რაღაც, ესე იგი, მე შემიძლია, ის რაღაც შევცვალო. მეტიც, თუ ის რაღაც ერთ შემთხვევაში ბოროტად გამოვლინდა, მე თუ სხვაგვარად მივუდგები, შემიძლია, ის გაბოროტებული ძალა გავანეიტრალო. ანუ დილემა ასეთია: ჩემს წარმოდგენაშია ის ბოროტი ძალა თუ ობიექტურად გარეთაა ბოროტი?! რით დაიძლევა მაშინ სატანის ძალა?! თუ წყარო ერთია და ის სიკეთეა, რაღაც ბოროტად ხომ რეალურად მოქმედებს?! სად მოხდა ეს გაბოროტება?! მართლმადიდებელი მამები ამბობენ, ვინც სატანაზე იტყვის, ბოროტია ბუნებითო, შეჩვენებულ იყოსო. შეიძლება, გაუკვირდეს ვინმეს და იკითხოს: ეს ერესია? ახალ რამეს ქადაგებ? როგორ, სატანა ბოროტი არ არის?! დიახ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ბუნებით ბოროტი სატანაც კი არ არისო! რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება, ღვთისგან მოდიოდეს ბოროტი ქმნილება. ბოროტი შექმნილია ჩვენი ნებითა და მოსურვებით და ბუნებით არაა ბოროტი. ასეც ამბობენ: ბოროტება არის არა თვით ნივთში, საგანსა და მოვლენაში, არამედ მისადმი ჩვენს არასწორ დამოკიდებულებაში. მკითხველმა იცის, ვინ არის ტარიელი, მაგრამ როსტევანმა არ იცის და ჩვენ ვხედავთ, რომ როსტევნმა გაუკეთა პროვოცირება ტარიელს, თუმცა ჩვენც ამას დიდი წვალების შემდეგ ვიგებთ, როდესაც თინათინი უშვებს ავთანდილს, ანუ გონს ტარიელის საძებნელად. ებრაელებს აქვთ ღმერთის ეპითეტი „ბორე“. რა არის სახელი? გამხელა. იმას ვარქმევთ სახელს, რის პატარა მონაკვეთიც გაგვემხილება. სახელდაუდებელზე ლაპარაკი კი აკრძალულია. „ბორე“ ნიშნავს – მოდი და ნახე. ანუ ღმერთი, შეუცნობელი გიზიდავს და თავიდან უცხოდ ჩანს, იმიტომ რომ ახლოდან არ დაგითვალიერებია და გაშინებს. ტარიელი რატომაა უცხო მოყმე? არ ვიცი, იქნებ მხოლოდ ჩვენს ენაშია ასე, ნუთუ ჩვენ ასე დაღდასმული ვართ მაძიებლობით, რომ უცხოს საუცხოო დავარქვით?! ვიღაც უცხოს გაურბის, ქართველისთვის კი უცხო საუცხოოა, მისაზიდია, ვკანკალებ მისი შეცნობის სურვილით. და, ნახე, რა ხდება? როსტევანთან და ავთანდილთან ტარიელმა სხვადასხვანაირად გამოავლინა თავი: ავთანდილი ახსენებს ტარიელს, გახსოვს, ჯარი რომ დაგვიხოცე, რას გვერჩდიო და ტარიელი ეუბნება, რა გინდოდათ, ჩემთვის ვიჯექი, მონას პასუხიც არ გავეციო. მაგრამ როსტევანი გაბრაზდა, ვუხმობ და არ მოდისო, ანუ ეგომ დაღუპა როსტევანი. ამიტომაც გამოავლინა უცხომ მასთან თავი ძალიან ცუდად. ავთანდილთან კი – საუცხოოდ. ბოროტს არ აქვს გამოვლენის საშუალება, თუ შენ არ აღაგზნე. თორემ, თუ სტიქიებს მიენდო, ადამიანი ბუნებითაა მებრძოლი და სულ ბრძოლაში იქნება, მაგრამ ვაი ასეთ ცხოვრებას?! ამიტომ გამოსავალი გაცნობიერებაა, რის შედეგადაც ჩემი სამეფო მთელი სამყარო ხდება. ქრისტე, ეს უმაღლესი გონი, ადამიანურ ბუნებაში დაიბადა და ჩვენი ეს ცოდვებით დაწყლულებული სხეული ჯვარზე გააკრა და ამაღლდა; ჩვენ კი გვაძლევს სულიწმიდის მადლს, რომ იგივე ნგრევა შევძლოთ ჩვენში, ბოროტი ჩავკლათ, ბოროტი არა გარეთ, როგორც აქამდე იყო, არამედ ჩვენ შიგნით. ქრისტე ჯვარზე აკრავს თავის მეამბოხე ბუნებას და ამით იმარჯვებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული