რელიგია

რატომ განიცადა კრახი იესოს მიერ ადამიანების სასწაულებრივმა დაპურებამ, განკურნებამ და მკვდრეთით აღდგენამ

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რატომ იყო მეტი ზრდილობა და კრძალვა, როდესაც, ოფიციალურად, ათეისტური იყო საზოგადოება და რატომ ილანძღება თითქმის ყველა, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა თავს მიიჩნევს მორწმუნე მართლმადიდებლად? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ არ ეტყობათ ადამიანებს, რომ იძულებითი ათეიზმი წარსულს ჩაჰბარდა?

– დიახ, საბჭოთა კავშირში, ათეიზმის პირობებში, ნულამდე იყო დაყვანილი სულიერება, რადგან კომუნიზმი იყო რელიგიის რანგში აყვანილი; კომუნიზმი, აბსოლუტურად მატერიალისტური და მთლიანად ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანი ბიო-სოციო-კულტურული არსებაა; რომ ჩვენ გარდავქმნით ამ სამყაროს და გვექნება ყველაზე მეტი საჭმელი-სასმელი. ამისკენ იყო მიმართული იმ სახელმწიფოს იდეოლოგია. სულიერება საერთოდ არ განიხილებოდა: იბადები-იზრდები-კვდები, იმის იქით კი არაფერია. ამ შემთხვევაში, გამართლებულია, ადამიანი ცხოვრობდეს იმ ინტერესით, რომ, რადგან სიკვდილი ბოლო მდგომარეობაა, რაც შეიძლება, მეტი ვჭამოთ, მეტი ვსვათ, მეტი სიამოვნება მივიღოთ. ეს ლოგიკურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ინგრევა საბჭოთა კავშირი, აგერ უკვე 30 წელზე მეტია, აღარ არის და შემოდის სულიერება, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად. ანუ ვიცით, რომ წუთისოფელი წარმავალია, ადამიანი სულიერი არსებაა, არის ღმერთი, რომელიც ჩვენგან სულიერი სიმდიდრის დაგროვებას ითხოვს. ეს თითქმის სახელმწიფო დონეზე აყვანილი იდეოლოგიაა. ამით ვიზრდებით ბოლო თაობებია და მიუხედავად ამისა, რომ გადავხედოთ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში, ვგულისხმობ სასულიერო იერარქებსაც და რიგით მორწმუნე მრევლსაც, 80 პროცენტი ხომ ვაღიარებთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ?! არანაკლებია, თუ ბევრად მეტი არა, სწრაფვა მატერიალური სიმდიდრისკენ. ადამიანი თავის პოტენციალს მიმართავს წუთისოფელში; დამგროვებლობა, მომხვეჭელობაა გამეფებული; ადამიანს ბოლო თეთრი შეუძლია, შეაგროვოს, ხუთწლიანი, ათწლიანი სესხი აიღოს და, მაგალითად, მანქანა იყიდოს. ჩემს მეგობარს მაღაზია აქვს და რამდენიმე ქალბატონი ჰყავს გამყიდველი, 900-900 ლარს უხდიდა ხელფასს და მოუმატა 100-100 ლარით. როგორც კი მოვუმატე, ერთმა იმ დღეებშივე აიღო მრავალწლიანი სესხი და იყიდა 5 000-ლარიანი „აიფონიო“, ანუ ხელფასის მომატებამ უბიძგა იმისკენ, რომ ვალებში ჩავარდნილიყო. ესე იგი, როგორც კი დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, ადამიანმა ისევ წუთისოფლისკენ მიმართა. დღეს ერთ ოჯახს ვერ იპოვი, ხატების კუთხე არ ჰქონდეს, მანქანებშიც კი ხატები აქვთ გამოფენილი. ტაძრებია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ათასობით მღვდელმსახურია, 50-მდე ეპარქია. თითქოს ყველაფერი სულიერებითაა გაჟღენთილი, მაგრამ სწრაფვა მატერიალისტური ცხოვრების წესისადმია. მატერიითაა გაჟღენთილი მთელი ჩვენი ყოფა. ერთი მხრივ, ვაღიარებთ, რომ მთავარი სულია, ხოლო მიწიერი დროებითია, ჭამა-სმა, ტანსაცმელი, სოციალური მდგომარეობა წარმავალია, მაგრამ პრაქტიკულად პირიქითაა.

გავიხსენოთ, რა ხდებოდა ათეიზმის დროს? ყველამ ვიცოდით, რომ ვიბადებით, ვიზრდებით, ვკვდებით. შესაბამისად, კულტივირებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ მატერიისთვის, შეძენისთვის ბრძოლა, მაგრამ იმ დროს დაუწერელი ზნეობრივი პრინციპები სულ სხვანაირი იყო: ლუკმა უნდა გაუყო მეორეს, ორი თუ გაქვს, ერთი ხელი ტანსაცმელი სხვას უნდა მისცე, გაჭირვებული უნდა ინახულო, ანუ სულიერებას ეთმობოდა დრო და ადგილი. არადა, წესით, ისეთ ათეისტურ გარემოში ადამიანი უნდა ყოფილიყო ცხოველი. რად გინდა ზნეობრივი პრინციპების დაცვა, თუ ყველანი საბოლოოდ ვიხოცებით?! რატომ უნდა მივცე სხვას? მე დავაგროვებ, მე ჩავიცვამ, მე შევჭამ, მაინც მიწად ვიქცევით და ის სხვაც მიწაა. არადა, რეალურად, მაშინ ქრისტიანული პრინციპები, პრაქტიკულად, ბევრად მეტი იყო, ვიდრე დღეს არის. ეს იყო დაუწერელი ქრისტიანული, ამაღლებული პრინციპები, რომლებიც აწესრიგებდნენ ადამიანთა შორის ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იდეოლოგიურად ამის არანაირი საფუძველი არ იყო, რაც ნონსენსია. ჩვენს ეპოქაში კი პირიქითაა, სულიერება მაღალ რანგშია, ამას ვქადაგებთ, ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მგლური კანონებით ვცხოვრობთ. ჩემს ახალგაზრდობაში სიტყვა „შობელძაღლოს“ ვერ იტყოდი ხმამაღლა. ბიჭები ერთმანეთს ვსაყვედურობდით, გოგოსთან როგორ შეიგინეო. პატივისცემა გამოიხატებოდა ბავშვისადმი, ქალისადმი, გვასწავლიდნენ კიდეც ამას. თუმცაღა ათეიზმი იყო და რატომ უნდა დაუთმო მოხუცს ადგილი?! მე მეტროთი და ავტობუსით ვმგზავრობ. ჯერ ერთი, უკვე პენსიონერი ვარ, ანუ ასაკი მაქვს, ამას დაამატე, სასულიერო პირი ვარ, მაცვია კაბა, ვადგავარ თავზე ახალგაზრდებს და არავინ მაქცევს ყურადღებას, ათასიდან ერთმა ახალგაზრდამ შეიძლება, დაგითმოს ადგილი. დავსვათ კითხვა: რა ხდება?! რომ ჰკითხო, ყველა გეტყვის, რომ ქრისტიანია. სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანის ბუნებას არ შველის არაფერი. ჩვენ კი ისევ ქრისტეს დავუბრუნდეთ:

ქრისტე თავის მოღვაწეობას იწყებს გარეთ, ანუ პრაქტიკულად. არადა, ხალხი უკვე ცხოვრობს, არის სახელმწიფო სისტემა, არსებობს ყველაზე დიდი მონოთეისტური რელიგია – იუდაიზმი. ქრისტე აპურებს ადამიანებს, კურნავს, მკვდრეთით აღადგენს, ქადაგებს თანასწორობას, სიყვარულს და შედეგად რას იღებს?! ვინც ათასობით ადამიანი დააპურა, მას მეორე დღეს ისევ პურისთვის ეძებენ და ვერაფერი გაიგეს იმ სასწაულის; განკურნა ათი კეთროვანი და მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად; მეფედ უნდათ, შეიყვანონ იერუსალიმში, „ოსანას“ უმღერიან და ცოტა ხანში იგივე ხალხი ყვირის, ჯვარს აცვითო; მოწაფეები, რომლებიც ერთგულებას ეფიცებიან, გადამწყვეტ მომენტში იფანტებიან, პეტრემ სამჯერ უარყო მაცხოვარი. ანუ ქრისტეს ფიზიკური მოქმედებები, მისი ქადაგება ზნეობის, ღმერთის შესახებ სრული კრახით მთავრდება. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ასე მძლავრად გამოავლინა ღმერთობა, ამან მაინც ვერაფერი შეცვალა და, თუ დააკვირდებით, ამას რომ ხედავს, ქრისტე ძირეულად ცვლის თავის მოქმედებას. იმიტომ რომ ფაქტია, რაც უნდა იცვლებოდეს სახელმწიფო წყობები, ზნეობა, ტრადიციები, ადამიანის სწრაფვა მიწისკენ მოუთოკავია. იყო ეპოქები, როდესაც ამის მოსათოკავად იყენებდნენ მკაცრ ფიზიკურ სასჯელებს, მაგრამ მატერიისკენ სწრაფვა მაინც რჩება. იმდენად ძლიერია მიწისკენ მიზიდულობა, რომ ამას ვერაფერი აჩერებს. ამიტომ იესო სწვდება პრობლემის ფესვს. ებრაელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ბოროტება ადამიანს თან სდევს დაბადებიდან, ანუ მის შიგნითაა. ამიტომ ქრისტე სპობს აი, იმ ადამიანს. მაცხოვარს, ხომ, ადამიანის სხეული აქვს?! ისიც ატარებს ამ სიკვდილს, ცოდვას, რომელიც გვკლავს, იმიტომ რომ ადამიანის სხეული აქვს და ამ სხეულის მოკვდინებით აჩვენებს, რომ ამ ბოროტების ფესვი ჩემშია, ჩემს სხეულში. ჯვარცმით, სიკვდილით სპობს ამ ბოროტების ფესვს და რაც ამ ფესვის სიკვდილის შემდეგ რჩება, სწორედ ისაა უკვე ამ მატერიის ტყვეობისა და მონობისგან თავისუფალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...