რატომ განაპირობებს თითქოს გარედან მოცემული შემთხვევითობები ადამიანის ბედს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.07

რატომ შეარჩია აბრაამის მიერ ისააკისთვის ცოლის ჩამოსაყვანად გაგზავნილმა ელიაზარმა რებეკა, რატომ უნდა ყოფილიყო ისააკის ცოლი იმ ადგილიდან, საიდანაც აბრაამი გამოვიდა? რატომ წამოჰყვა რებეკა უცხოს? რა უნდა ვისწავლოთ ამ ბიბლიური ისტორიით და როგორ მეორდება ეს ისტორია ჩვენს ცხოვრებაში? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: დიახ, ელიაზარს მოჰყავს რებეკა და ის ინტუიციურად ხვდება ყველაფერს და ინტუიციურადვე თანხმდება, გაჰყვეს ამ მამაკაცს იმ კაცის ცოლად, რომელსაც არც კი იცნობს. დააკვირდი, ჩვენ ხომ გვგონია, რომ თავად ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას?! აბა, დაფიქრდი, დაბადებიდან დღემდე რა გააკთე შენი გათვლებით, ლოგიკურად და რა მოხდა თავისთავად, ლოგიკის გარეშე, შინაგანი ინტუიციით?! მიხვდები, რომ შენი ცხოვრების 5 პროცენტიც კი არ არის შენი არჩეული. რაღაც ისეთები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რასაც ვერ ვაცნობიერებდი. ასეა დაბადება, სწავლა, ოჯახის შექმნა, მუშაობა... თითქოს გარედან შემთხვევითობები განაპირობებს მთელ ჩვენს ბედს. სწორედ ეს არის ჩვენში ის ინტუიციური ნაწილი, რომელიც პირისპირ იცნობს ღმერთს და სამოთხიდან გამოშლილი პატარა ძაფია ჩვენს გულში, რომელიც არ გაწყვეტილა, მაგრამ რა არის პრობლემა?! ის, რომ უმეტესწილად არ ვუჯერებთ, იმიტომ რომ ტვინია ძალიან ძლიერი, არ გვიშვებს ინტუიციამდე და ვცდებით ხოლმე. აი, მაშინ განგება იძულებულია, შენი ტვინით არჩეული დაგინგრიოს, რომ ნანგრევების მიღმა ჩახვიდე იქ, სადაც ღმერთი ლაპარაკობს. წმიდა მამები ამბობენ, რომ ახლაც კი ყველა ადამიანში მოუკლებლად ლაპარაკობს ღმერთი. რა, ფიქრობ, ღმერთი გაგვიბრაზდა?! გგონია, რომ იქ გაბრაზებული ღმერთი გველოდება, რომელმაც გამოგვყარა?! ასე ეგონა ძე შეცდომილს, მამა მომკლავსო, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა და დაბრუნდა მამის სახლში, ფიქრობს, იქნებ მსახურად მაინც მიმიღოსო. მამა კი შორიდან ხედავს შვილს და მისკენ გარბის. იგივე დამოკიდებულება გვაქვს ჩვენც და გვეშინია, არადა ეს ჩვენ მიერვე შექმნილი შიშებია. იესო რას ამბობს? სიკვდილის შიშისგან და არა სიკვდილისგანო. ამიტომ, თუ შევძელით ჩვენი წარმოსახვით შექმნილი შიშების გადალახვა, სულ სხვა რეალობას დავინახავთ. ინტუიციით იგრძნო რებეკამ და ამიტომ წამოჰყვა ელიაზარს. სწორედ ეს ინტუიცია, ღმერთის ხმა აღადგინა ქრისტემ ჩვენში სულიწმიდით. ამიტომ წერია, ვინც სულიწმიდითაა ნატარები, ის ძეა. სულიწმიდის ხმამდე უნდა ჩავიდეთ და შემდეგ მან იცის თავისი საქმე. იოანე მახარობელი პირდაპირ გვეუბნება: ცხებულება, ანუ ქრისტე, სულიწმიდა, რომელიც თქვენ მიიღეთ, თქვენშია და არ სჭირდება, ვინმემ რამე გასწავლოთ, არამედ თვით ეს ცხებულებაა ნამდვილი და ჭეშმარიტი, რასაც ის გასწავლით. დარჩით მასში. ძველ აღთქმაშიც იგივე წერია: მოვა ჟამი და ახალ მცნებას მივცემ მათ, არა ისეთს, რომელიც მოსეს მივეცი მთაზე, ანუ გარედან, შიშით, არამედ გულებში ჩავუწერ და ვიქნები მათი ღმერთი. ნახე, როგორი თავისუფლება მოდის, როდესაც ინტუიციის დონეზე ჩვენში არსებულ სამოთხეს აღაგზნებს ქრისტე. ქრისტე სამოთხის გახსენებაა; სამოთხე ღმერთთან დიალოგის ფუფუნებაა, როდესაც პირისპირ ვჭვრეტდით ღმერთს; ხოლო წუთისოფელი გაჩნდა, როდესაც ფარდა გაჩნდა – მიწიერი სხეულით გადაიფარა და უკვე შუალობით აღვიქვამთ ღმერთს. ჟანგბადის ბალიში გვაქვს, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ვეღარ ვსუნთქავთ; უკვე მზის სათვალე გვიკეთია, იმიტომ რომ პირდაპირ ვერ ვჭვრეტთ ნათელს. რელიგიურობა, ტრადიციები, ზნეობა, კანონი, აკრძალვები მანამ იყო, სანამ ჩვენ გარეთ ვიყავით, ტვინს ვუჯერებდით, რომ ამ მუდმივი აკრძალვებით არ მოვწყვეტილიყავით ხსოვნას, ხოლო ქრისტემ აღაგზნო ხსოვნა, გამოაცოცხლა. ახლა უკვე ღიაა სამოთხის კარი და თუკი ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, როგორც ქრისტემ გვითხრა, დასრულდება ჩვენი ქმნადობის ისტორია.
ისევ ისააკის მდგომარეობას დავუბრუნდეთ: როდესაც ელიაზარს რებეკა მოჰყავს, სად არის ამ დროს ისააკი? წერია, ველადო. როგორ უნდა გავიგოთ? დაფიქრებულია ისააკი, მსჯელობს და სწორედ ესაა ლოცვა. ლოცვა ნიშნავს აზროვნებას, ფიქრს, ჩაღრმავებას საკუთარ თავთან. გაგახსენებ, ისააკი ჭას თხრის და რა არის ჭა? სიღრმეში ჩასვლა. გავიხსენოთ, რომ აბრაამი ღმერთს ხვდება მთაზე, ისააკი ველად არის, იაკობი კი – სახლში, ანუ კარვის შვილია. იაკობი არის აბრაამისა და ისააკის გამაერთიანებელი. ეს სამივე მდგომარეობებია, როდესაც ხდება ღმერთის გამოცხადება იმის მიხედვით, თუ რა დონეზე ვართ, ღმერთის გაგების რა გზაზე ვიმყოფებით. ორიოდ სიტყვა იმაზეც ვთქვათ, რატომ მოჰყავთ ისააკისთვის ცოლი აბრაამის მოდგმიდან: აქ ორი მდგომარეობაა: არამეველობა ნიშნავს კოსმოპოლიტობას, აბრაამი ხომ იქიდან არის წამოსული?! რომის იმპერიაშიც ასე იყო, არ არსებობდა ერთიანი ჩარჩო, არ იყო ერთიანად შეკრული ხალხი, ხოლო ებრაელობა არის ნიშანი, რომ ხალხი შეიქმნას, რადგან ერთი ღმერთის რწმენას სჭირდება ხალხი, რომ ის დაიცვას, მაგრამ, იმავდროულად, კოსმოპოლიტობაცაა საჭირო. ეს კარგად აქვს გაანალიზებული ვაჟას: კარგი პატრიოტი ამავე დროს კოსმოპოლიტია და კარგი გაგებით, კოსმოპოლიტი პატრიოტია. ეს არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი, არამედ ერთმანეთის აღმავსებელი. შენ რომ სამყაროზე ზემოქმედება შეძლო, ფესვი უნდა გქონდეს, ხალხი უნდა იყო, შეკრული სისტემა უნდა გქონდეს, ძალა უნდა გქონდეს, რომ სხვებს შენი ნება უკარნახო, თუ არადა, გაიღვრები და ვერ შეძლებ, გაიტანო შენი. ამიტომ ებრაელი ხალხი ერი კი არ არის, არამედ ერთგვარი ცეცხლფარეშები არიან, რომლებიც სამოთხის ხსოვნას იცავენ: შაბათი სამოთხეა; ათი ცნებაც გარედან დამცავი იყო, რომ ეს ხსოვნა გარეთ გაეტანათ და კაცობრიობისთვის მიეცათ. ამიტომაც დაიბადა მესია სწორედ მათი წიაღიდან. მეორედ მოსვლა კი ისაა, რომ იგივე, რაც იქ მოხდა, მოხდება ჩვენშიც. ვიცით, მაგრამ მაინც გავიხსენებ: ამიტომ სიტყვა მოსვლა არ არის გარედან მოსვლა, ეს არის მომწიფება.
რა არის მესია? ჩვენი სისრულე, ოღონდ თვითონ კი არ მოდის, ანუ გარედან, არამედ ეს არის ჩვენი ძალისხმევების შედეგიც. ეს არის მდგომარეობა, რომელიც გადალახავს ჩვენს დაქუცმაცებას იმ ყველა ნიშნით, რომლებითაც ადამის მოდგმა არის დაღდასმული ამ ეპოქების განმავლობაში. ადამი ხომ კაცი იყო?! მაგრამ ადამი იყო კაცი, როგორც შესაძლებლობა, ამას ნიშნავს ღვთის ხატობა. ესე იგი, ადამი იყო და არც იყო. იყო ადამი, როგორც შესაძლებლობა, აი, კაცი იესო კი უკვე აღსრულებულია. თუ ხატად იყო შექმნილი ადამი, იესო უკვე მსგავსია, ხოლო ხატებიდან, ანუ სამოთხიდან იესომდე რამდენი ათასი წელი გავიდა?! დიახ, ამას დრო უნდა და ზუსტად ამდენივე დრო უნდა, რომ იესო, როგორც აღმდგარი ხატება, როგორც ნიმუში ჩემშიც შემოვიდეს, როგორც შესაძლებლობა: მსგავსებას ჩემს სხეულში უნდა მიაღწიოს. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ავთანდილი ამბობს: „მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?“ ანუ ადამიანი ცარიელი მიწაა, არაფერია, მაგრამ მასში შემოდის რწმენა, ქრისტეს სული, წულიწმიდა და ფორმას აძლევს ამ მიწას, გარდაქმნის თავის სხეულად, მეორე მხრივ, მარცვალიც, ანუ რწმენაც არაფერია, თუ მიწა არ აქვს. ამ ორის სინთეზით ხდება ერთობა. ასე რომ, მესია ცალკე არ არის, მას ჩვენი სხეული კვებავს. მესიის სხეულს უკვე ჩვენი, ადამის მოდგმის ძალისხმევა ასხამს ხორცს, როგორც ღვთისმშობელმა შეასხა ხორცი და აი, ეს არის სინთეზი: იმიტომ ამბობენ ქრისტეზე: ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი და სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი არსი, რითიც დავსრულდებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან