რელიგია

რატომ ევაჭრება ადამიანი ღმერთს მუდმივად

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ნებისმიერი ადამიანი მოწოდებულია, რომ ეძებოს და მიაგნოს, ჭეშმარიტებას თუ არა, სიმართლეს, რაც მას ცხოვრებასაც გაუადვილებს და ღმერთთანაც დააახლოებს, თუმცა, რაც ბევრია კითხვა და მეტია პასუხი, კიდევ უფრო ბუნდოვნდება ის, რის გაგებასაც ცდილობ, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ იბნევა ადამიანი უფრო და უფრო, რაც მეტსა და მეტს იგებს?

– ჩვენ, ყველანი, ვატარებთ, გარკვეულ ცოდნას და თავად ადამიანად ყოფნა ნიშნავს ზიარებას. ადამიანი თავის თავში ჩაკეტილი არსება არ არის, ადამიანი გამოდის თავისი თავიდან და სწორედ ამით ქმნის საკუთარ თავს. ესაა ის, რასაც შოთა ამბობს: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა დაკარგულია“. ადამიანი გაცემაა და ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებას, სიყვარულს. ვინც, მაგალითად, მე მისმენს, კითხულობს, რასაც მე ვამბობ, არ არის პასიური მიმღები. ჩვენ ერთი მთლიანი ვართ და ორივე მხარე გავცემთ: ის სიხარული, რასაც ჩემი ნათქვამის გაგება იწვევს, მე მიბრუნდება და ეს გაცემა უფრო მეტია და მე უფრო მეტად ვარ მიმღები. ასე რომ, ჩვენ ერთი მთელი ვართ. „ბიბლიაზე“ ლამის ყველამ ყველაფერი იცის, ხელოვნური ინტელექტიც კი მოგიყვება უამრავ რამეს, მაგრამ იბადება კითხვა: მაინც რატომ გვჭირდება ისევ „ბიბლიაზე“ ლაპარაკი?! ან რა არის ჩვენი მასალების მიზანი?! რომ იმაზე ოდნავ უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ვიყავით, დანარჩენი ყველაფერი საშუალებებია. ინფორმაცია არავის სჭირდება, ისედაც დამძიმებულები ვართ ინფორმაციით. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის გახსენება. ყველანი ხომ ადამიანები ვართ?! და ვინ არის ადამიანი? ადამის შვილი. ჩვენ ერთი წინაპარი გვყავს; არაფერი რომ არ ვთქვათ ახალ ადამზე, რომელშიც ვიშვით და ამ შობით ისევ ერთი სხეული ვართ. ეს მოცემულობაა, მაგრამ ერთია მოცემულობა და მეორე, როგორ ვახორციელებთ ამ მოცემულობას. ესაა გზა, რომელსაც ყველანი მივუყვებით. ამიტომ „ბიბლიაც“, ჩვენი მასალებიც იმის მცდელობა და შესაძლებლობაა, რომ გადავლახოთ ჩვენ შორის არსებული გაუცხოება. ორი ძალა მოქმედებს ჩვენზე: ერთი მხრივ, ვიცით, რომ ერთნი ვართ, მაგრამ ერთია ცოდნა, მეორე – განხორციელება. რწმენა დროს შლის, იმიტომ რომ სამი დრო არის მაშინ, როდესაც რწმენა გვეკარგება. რწმენა მთლიანში გაბრუნებს, სადაც დრო არ იყო, სივრცე არ იყო, დაშორება არ იყო, ერთ მთლიანში ვიყავით. რწმენას, როგორც მაგნიტს, რომელიც ამოზიდავს რკინას, ისე შეუძლია ჩვენი ამოზიდვა და გაერთიანება. გახსოვს, ნაჯახი რომ ჩაუვარდათ წყალში და ელისემ ამოზიდა?! დაახლოებით, ასე ვართ ჩვენც ჩავარდნილები წუთისოფელში და უნდა ამოვზიდოთ ერთმანეთი, რომ შევიცნოთ. ჩვენი ბიბლიური მამამთავარია ადამი, ევაც იგივეა, იმიტომ რომ კაცი შექმნა ღმერთმა და ჩვენც კაცად უნდა ვიქცეთ. ქრისტე კაცია, რომელიც ყველა იდენტობის მიღმაა. ცოლი, ქმარი, ძმა, დედა, მამა, შვილი, ინჟინერი, ექიმი, მღვდელი, ამა და ამ ასაკის, ქართველი, ქრისტიანი – სამუშაო ფორმებია, ეს ჩვენ არ ვართ. ამ ყველაფრის მიღმაა პირველკაცი. ახლა საქმეა, ჩვენ რამდენად შევძლებთ ამას. ქრისტეში ისტორია, დრო, სივრცე გადალახულია და ახლა ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ისტორიას, დროს რა ქმნის? ჩვენი ადამიანური აზროვნება, ტვინი, სამოთხე კი დროის მიღმა მყოფობაა და ქრისტემ სწორედ დროის მიღმა მყოფობა გააცოცხლა და ეს გადმოდის ჩემში. მაგრამ ვევაჭრები. ქრისტე გეუბნება, ვისაც ჩემთან მოსვლა უნდა, უარყოს დედა, მამა, ცოლი, საკუთარი თავი, ანუ ყველა და ყველაფერი, ხოლო ჩვენ ქრისტესთან უზარმაზარი ჩემოდნებით მივდივართ და ასე გვინდა, შევიდეთ სამოთხეში. ვინ არის ქრისტე? ისტორიული პიროვნება?! არა, ქრისტე არის ჩემი გახსენება, ჩემი სარკე, როგორიც უნდა გავხდე. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა შეგრცხვეს, თუ დღეს სარკეში შენი გამოსახულება არ მოგეწონება, ისევე, როგორც ლეღვს არ რცხვენია, როგორია მკვახეობისას. მაგრამ დააცადე რამდენიმე დღეს, როგორი იქნება?! ამიტომ ნუ შეაფასებთ საკუთარ თავს და სხვებს გარეგნულად, ეს მხოლოდ ქერქია და, საერთოდაც, რამე არსებობს ამ ქვეყანაზე ქერქის, გარსის გარეშე?! წუთისოფელი არის გარსი, რაც საჭირო იყო ინკუბაციისთვის, ისევე, როგორც კვერცხს სჭირდება გარსი, რომ კვერცხის შიგთავსი არ გაიღვაროს და გარკვეული პერიოდის შემდეგ იქიდან წიწილა გამოვიდეს. წუთისოფელიც ერთგვარი საინკუბაციო ადგილია, რომ კაცი შედგეს. „ბიბლიას“ იმიტომ კი არ ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია დავიმატოთ, არამედ გავფანტოთ ის, რა ინფორმაციაც გვაქვს. ნაგვად მიმიჩნევია ყველაფერიო, პავლე მოციქული ამბობს. არადა, პავლე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ქრისტიანობა არც გავრცელებულიყო; მიწიერი წარმოშობითა და ცოდნით ყველას სჯობდა, უმწიკვლო რჯულითაც, ყველაფრით, მაგრამ – რაც უპირატესობა იყო, წაგებად ჩავთვალე, ნაგვად მიმიჩნევია ყველაფერი, რათა ქრისტე შევიძინოო. წუთისოფელშიც ხომ ასეა? რაც ძვირია საგანი, მით უფრო მეტს ვიხდით. გინდა, ქრისტე, სიცოცხლე, შეიძინო?! გახსოვს, ჭაბუკი რომ მიდის ქრისტესთან და ეკითხება: რა ვქნა, რომ ვცხონდეო. თუ მცნებებს იცავ, ერთი გაკლიაო, ეუბნება მაცხოვარი, დაყარე ყველაფერი და წამომყევი. ვერ შეძლო ეს ჭაბუკმა... და ეს შეუძლებლობა თითოეულ ჩვენგანს თავს დაგვტრიალებს. ჩვენ ვერ ვუშვებთ ხელს წუთისოფელს, მაინც ვეჭიდებით. მაშინ, როდესაც წუთისოფელი ნაგვითაა სავსე და მის ქვემოთ კი სამოთხეა, თუ ამ ნაგავს გადავქექავთ, იქ სამოთხე დაგვხვდება. ფიქრობ, ერაყში დავტოვეთ სამოთხე და ის გეოგრაფიული ადგილია?! ღმერთსაც რომ ცაში ვეძებთ?! ცაში ილონ მასკია და ხელოვნური თანამგზავრები, იქ ჩვენ ვინ მიგვიშვებს?! აქ სულიერ ცასა და სულიერ ზეცაზეა ლაპარაკი. ქართულად ღმერთი – ღრმა ერთი რატომ ჰქვია?! ჩანდა, მაგრამ, ჩვენს ტვინს რომ ნელ-ნელა გადაეფარა წუთისოფელი, მოეკიდა, როგორც ხავსი, გაუმჭვირვალე გახდა სამოთხე და დაგვავიწყდა, თუმცა გვახსენდება ხოლმე წამიერად, უცებ სურნელს რომ შევიგრძნობთ, ადამიანთან შეხვედრისას, თვალებშიც წამიერად რაღაცას რომ დავინახავთ, მაგრამ ვერ ვიხელთებთ, იმიტომ რომ ღმერთი ძალიან ღრმადაა ჩავარდნილი. ჩვენ ერთმანეთისკენ უნდა წავიდეთ და გადავყაროთ ყველაფერი, რამაც მე და ღმერთი დაგვაშორა. ესაია წინასწარმეტყველი წერს: შეჩერდით და იხილავთ, რომ მე ვარ უფალი, რამდენიმე თარგმანია, გაუქმდით და იხილავთ, რომ მე ვარ უფალი და კიდევ – გაყუჩდით, არ იხმაუროთ... ტვინით ღმერთს კი არ უახლოვდები, არამედ ინფორმაციას აგროვებ მასზე, რაც მას კიდევ უფრო გაშორებს. ტვინი არ არის ის აპარატი, რომლითაც ღმერთს მისწვდები, პირიქით, ღმერთისგან დაგაშორა ტვინის ტრიალმა: მასში ნაშობმა შიშმა და შფოთმა და რაც უფრო შენელდები, გაყუჩდები, ეს მტვერი გადაიყრება და რაც დარჩება, ის უკვე სამოთხეა. სამოთხისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ სამოთხე უზრუნველობაა. ჩვენ კი პირიქით ვიქცევით: ვზრუნავთ ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ანუ ახალ ჩემოდნებს ვუმატებთ ჩვენს ბარგს, რაც უფრო და უფრო გვაშორებს უფალს. უზრუნველობაა, როდესაც ხელით არაფერზე ხარ მოჭიდებული, არ ზრუნავ, არ შფოთავ. მომართეთ თქვენი გულები და რასაც ვამბობთ, გამოვიყენოთ იმ ნაგვის გადასაქექად, რაც აქამდე ვიცოდით. ყოველ დილას მზად უნდა ვიყოთ ახლის მისაღებად, მაგრამ ახალი რომ მიიღო, ძველი უნდა გადაყარო, იმიტომ ამბობს მაცხოვარი, რომ ახალ ღვინოს არ ასხამენ ძველ ტიკებში...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა