რელიგია

რატომ ეპარება ადამიანს ეჭვი ღმერთის არსებობაში, როდესაც კარგად გრძნობს თავს

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.03, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანებს, როგორც წესი, ღმერთი გვახსენდება მაშინ, როდესაც ცუდად ვართ, თავს განსაცდელი დაგვატყდება ან უბედურება გვეწვევა და უმეტესწილად, არ გვახსოვს, როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ. რატომ ჰგონია ადამიანს, რომ, თუ კარგად არის, მართავს თავის ცხოვრებას, ხოლო, როდესაც უჭირს, გარედან სჭირდება დახმარება? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– მხოლოდ გაჭირვებაში შემწევ ძალად რატომ გვახსენდება ღმერთი?

– ერთ ებრაელს ჰკითხეს, როგორ გექცევიან შვილებიო. როგორც ღმერთსო – ჩემს ნათქვამს არ უჯერებენ, მაგრამ, როგორც კი გაუჭირდებათ, მაშინვე ჩემთან მოდიან საშველადო. ირონიულად რომ ვთქვათ, ღმერთსაც ხომ ასე ვექცევით?! ჩვენს ნებაზე ვცხოვრობთ, რასაც გვინდა, ვაკეთებთ და როგორც კი პრობლემები გაჩნდება, მხოლოდ მაშინ მივდივართ ღმერთთან, მანამდე არათუ არ გვახსოვს, ისიც კი არ ვიცით, არსებობს თუ არა. არადა, რა საჭიროა ასეთი ფლირტი? ხომ შეიძლება, ერთხელ და საბოლოოდ, დაჰკრას ღმერთმა ადამიანს, რომ ვეღარ გაბედოს წინააღმდეგობის გაწევა?! რატომ უშვებს ამდენად ადამიანს, პოლიტიკოსებს, ძლიერთა ამა ქვეყნისათა?! ისინი ღმერთს თითქოს ძალიან გრძელ საბელზე ჰყავს მიშვებული: ყველაფერს აკეთებენ, რაც უნდათ და თითქოს, მართლაც, სადაა ღმერთი?! ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაფერი: ძალაუფლება, ფული, გეუბნება, მე ვარ ღმერთიო; რატომ ხდება ასე?! იმიტომ რომ, თუ ღმერთი ასე არ მიუშვებდა ადამიანს, მაშინ მივიღებდით იმას, რომ ღვთის შიშის გამო იქნებოდა ადამიანი ღვთის მორჩილი. ანუ ადამიანს ეცოდინება, თუკი ჩემი წესებით ვიცხოვრებ, დავისჯები. შესაბამისად, მეშინია და ამიტომ არ ჩავიდენ ცუდს, ღმერთის მიზანი კი არ არის მორჩილი ადამიანების შექმნა, რომლებიც შიშის გამო გააკეთებენ სიკეთეებს და ადიდებენ მას, ოღონდ არ დაგვსაჯოსო. ღმერთის თვითმიზანი არ არის ადამიანების „სწორდი, სმენაზე“ დაყენება, რომ მისი ნების გარეშე არაფერი მოხდეს. ამიტომაც გრძელ საბელზე გვიშვებს, რომ, ერთი მხრივ, ადამიანი მიეცეს თავისუფალ მოქმედებებს, მეორე მხრივ კი, თავისი აი, ამ მოქმედების შედეგი უნდა მოიმკას ტკივილით, რომ ნელ-ნელა გონს მოვიდეს და შიშით არ დაბრუნდეს ღმერთთან, თუ ცუდს ჩავიდენ, ღმერთი დამსჯისო. ეს პირველი დონეა, ანუ ცხოველური შიში. ცხოველმა იცის, ცუდს თუ ჩაიდენს, სცემენ და, შესაბამისად, როცა დააშავებს, იკუნტება, იმიტომ კი არა, რომ სინდისი აწუხებს?! ინსტინქტურად იცის, რომ დაისჯება. ამდენად, მისი ეს საქციელი თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომ არ დაისაჯოს და არა – სიყვარული. ღმერთი ხომ თავისუფალია?! ამიტომაა, რომ ამ წუთისოფელში მხოლოდ ადამიანურ გვარშია ჩადებული ღვთის ხატება. ერთი მხრივ, თითქოს ბოროტება მართლაც გრძელ საბელზეა მიშვებული, იმდენად, რომ გვგონია, საბელი არც არის, თითქოს საზღვარი არც აქვს ბოროტებას; და ამას ემატება ის, რომ გზადაგზა ადამიანს ხვდება წინააღმდეგობები, რომლებიც მას კი არ აშინებს, რომ ცხოველური ინსტინქტის გამო დაბრუნდეს ღმერთთან, არამედ, უბრალოდ, გონს მოდის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება; რადგან ამას მოჰყვება ეს, მე შემიძლია, შევცვალო. და ნელ-ნელა, უძღები შვილივით, მიხვდება, რომ ღმერთისადმი, კარგი გაგებით, მორჩილების, მასთან თათბირის, მისი რჩევის გარეშე, თუმცა აქვს თავისუფლება და მეხი არ ეცემა, მისი ქცევა წაგებიანია და ამძიმებს, გონს მოდის, რაც ნიშნავს, რომ განისწავლება. ზოგი ამას ახერხებს მანამ, სანამ თავის ტყავზე იგემებს ტკივილს და ჩერდება. ზოგი კი, თავის ტყავზეც რომ ვერ ხვდება, დიდი დარტყმით, ან ავადმყოფობით, ავარიით ან სხვა რამითაა იძულებული, მოვიდეს გონს. ეს რომ არ გაეკეთებინა ღმერთს, ადამიანი ძალიან გადაგვარდებოდა და ეს გადაგვარება მას ცხოველური დონის ქვემოთ ჩაიყვანდა.

ამიტომაა, რომ, როდესაც ადამიანს ისე არ წაუვა ცხოვრება, როგორც დაგეგმა, უნათდება გონება, ახსენდება ღმერთი და ინანიებს. მაგრამ ეს ერთჯერადად არ კმარა, იმიტომ რომ ადამიანი ისევ ეშვება დაბლა და გადადის გზიდან. საბოლოოდ, ნებაყოფლობით უნდა გაჩერდეს და ნებაყოფლობით დაბრუნდეს სახლში! მონანიება არ არის ის, რომ გავაკეთებ რამეს და შემდეგ ვნანობ, მონანიება გონს მოსვლაა! გაღვიძებაა! ძილში ყოფნის გამოა, რომ ადამიანს ჰგონია, სამყაროს ცენტრი ვარო, რაც აბსურდი და დიდი ტყუილია. უბრალოდ, ადამიანი ჭარბი ნათელით გაბრუვდა და გონს მოსვლაა, როცა ამ სიზმრიდან გამოიღვიძებ და წამში ბრუნდები შინ. მონანიება არ არის ბოროტის ნაცვლად კეთილი საქმეების კეთება ან ის, რომ უფრო მოწყალე გავხდე. მონანიებაა დაბრუნება იქ, საიდანაც გადაცდი და რამაც გამოიწვია შენი ყველა პრობლემა, რომლებიც საკუთარი თავის მინდობას მოჰყვა. ამის ასპარეზი განგებამ მოგცა, რომ შემდეგ ნებაყოფლობით დაბრუნდე მამასთან, შენი არჩევანით და არა – შიშით! ღმერთის მიზანი არ არის ადამიანის ცხოველური შიშით დამორჩილება და დაქვემდებარება, რომ არ გაბედოს მისგან წასვლა. ღმერთის გაგების პირველი დონეა, როდესაც მე ვიცი, რომ ღმერთი ყოველთვის მართალია, მაგრამ არ მესმის მისი. შვილური გაგების დონეა, რომ მე მესმის ღმერთის და თავისუფლებით ვემორჩილები მას. როდესაც მივხვდები, რომ ყველაფერი, რაც მტანჯავდა, მავიწროებდა და პრობლემებს მიქმნიდა, ჩემი საკუთარი თავის მინდობით იყო გამოწვეული და რაც უნდა დამემართოს, ღმერთის სიყვარულის გამოვლინებაა, ვთავისუფლდები! ამდენად, საკითხი, რაც შენ დასვი, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანი, ერთი მხრივ, ღვთის ხატებაა, მაგრამ დაუსრულებელი და, როდესაც ეს ავიწყდება, თავი უკვე ღმერთი ჰგონია და აღარ უშვებს ღმერთის არსებობას. ადამიანს ეს არჩევანი აქვს და ღმერთიც უშვებს ამას: არ უნდა, რომ გარედან იძალადოს და, ამდენად, ადამიანს, შეუძლია, თქვას, მე ვარ ღმერთიო, თუკი ასე უნდა, ოღონდ მაშინ ყველაფერში ღმერთი იყავი; მაშინ უნდა ფლობდე სიტუაციას. მაგრამ ამ დროს ავად გახდი და რა ვქნა?! თუ ღმერთი ვარ, რატომ ვერ ვფლობ სიტუაციას?! ასეთ დროს ადამიანი უკვე მეორე უკიდურესობაში ვარდება. პრობლემა კი წყდება მაშინ, როდესაც ეს ორივე უკიდურესობა შეერთდება: მე ვარ ღმერთი, მაგრამ როგორც მისი შესაძლებლობა და დროში ძალისხმევით უნდა მივემსგავსო მას, იმიტომ რომ ღმერთის პროექტი ვარ. შესაბამისად, წუთისოფელი იმისთვისაა, რომ ნელ-ნელა, ლოცვით, ძალისხმევითა თუ ღმერთის შეწევნით, მივემსგავსო ღმერთს და ჩემი სისრულე იყოს ჩემი ამ ძალისხმევის შედეგი. რადგან ღვთის ხატია, ადამიანი ვერ ეგუება თავის სიმცირეს და ღმერთსაც კი უარყოფს, არათუ სხვა ადამიანების სიმართლეს, იმდენად მწვავედ განიცდის თავის არასრულყოფილებას, ხოლო მეორე მხრივ, ეს არასრულყოფილება არ არის მისი ბუნება, ეს გზაში ყოფნაა და როდესაც ამას მიხვდება, მოტივაცია ეძლევა. დიახ, მე ახლა არასრულფასოვანი ვარ, უგუნური, უმწიფარი, ვცოდავ, მაგრამ არა ჩემი ბუნებითი მდგომარეობის, არამედ გზაში ყოფნის გამო, უბრალოდ, ჯერ ამის დრო არ დამდგარა. მაგრამ გარკვეულ დროში და გარკვეული პროცესების შემდეგ ეს არასრულყოფილება, რაც სრულყოფილების ნაკლულობაა, სრულყოფილებით გაქრება; სიმწიფით გაქრება ჩემი უმწიფრობა და უკვე მიხარია. თუ ამ წერტილამდე მივა ადამიანი, აღარ გაბრაზდება ყოველ ჯერზე, როდესაც მასთან განსაცდელი მივა, ვინაიდან ეცოდინება, რომ ეს გამოწვევაა, მინიშნებაა. მე კი არ დაგსაჯე, იმით, რომ ხელი დაგეწვა, არამედ გასწავლი, რომ სხვა დროს ნაჭერი აიღო და ისე მოჰკიდო ხელი ქვაბს. ამიტომ, როდესაც დარტყმებს ვიღებთ, ღმერთს კი არ უნდა გავუბრაზდეთ, არამედ ვისწავლოთ, რაც თანდათან სრულ გაცნობიერებამდე მიგვიყვანს და ეს ისაა, რითიც დასრულდება წუთისოფელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი