რატომ ეძლევა ადამიანს ღმერთი ურჩხულებრივ მდგომარეობაში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 15.08, 2024 წელი
ადამიანი ეძებს ღმერთს და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეძებს მორწმუნეც და ურწმუნოც, თუმცა, სხვადასხვა მოტივით. ადამიანი ღმერთს ხშირად ჭკუასაც ასწავლის, გმობს და ეჭვი ეპარება მის სამართლიანობაში. საკუთარი თავი კი, უმეტესწილად, ღმერთის მონად წარმოუდგენია ან მასზე უპირატესად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი უბატონოა და სწორედ ასეთი იყო ღმერთის ჩანაფიქრი, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომაა ადამიანი უბატონო? ათეისტი იკითხავს, ღმერთი მისი ბატონი არ არის?
– იმიტომაა უბატონო, რომ ღმერთმა ადამიანი ღვთის ხატად შექმნა და თავისუფალი ნება მისცა, რომ მასში ჩადებული პოტენციალი – მიმსგავსება – გაშალოს და თვითონ ღმერთიც კი ვერაფერს გააწყობს, თუ ადამიანმა არ მოინდომა. არც ჩაერევა და ვერც ჩაერევა, თუმცა შეუძლია, რომ მთლიანად გააქროს ადამიანიც და მთელი ეს სამყაროც, ამიტომ არ ეხება, ტოვებს ადამიანს ამ სივრცეში და ერთადერთ რამეს ეუბნება: ნუ იტყვი, რომ მე არ ვარ, ნუ გამომეყოფი მთლიანად, იმიტომ რომ დაიშრიტები და ყველაფერი გაფუჭდება. ადამიანის ტრაგიზმი კი ისაა, რომ უნდა მხოლოდ თვითონ იყოს, დათვრა თავისი ღმერთობით და ვერ აღიარებს სხვა ღმერთს. ამიტომ ათეიზმს იგონებს. ურჩევნია, მოლეკულების შვილი იყოს და ერთ დღესაც სრულიად გაქრეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შემზღუდავი არ ჰყავს. იმიტომაც იგონებენ ადამიანები ღმერთის არარსებობის მოდელებს და ცდილობენ, დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე. მაგრამ არსებობს კი ათეისტი, რომელიც ჯერ ამტკიცებს, ღმერთი არ არისო და მერე ხდება ათეისტი?! არა, ადამიანი ჯერ ათეისტი ხდება, ანუ უღმერთობას ირჩევს და ამის შემდეგ ეძებს არგუმენტებს იმის დასამტკიცებლად, რაც თვითონ აირჩია. გამორიცხულია, ვინმემ დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. თუ ამბობ, მოლეკულებისგან შევდგები, ანუ მტვერი ვარო, რა უნდა დაამტკიცო ასეთმა ნაერთმა?! მტვერი ამბობ, რომ ღმერთი არ არის?! ისიც კი ითქვა ერთ დროს, უკაცრავად, ღმერთისთვის ადგილი არ დარჩა ჩვენს სისტემაში, ფიზიკოსებმა ყველაფერი ამოხსნესო.
ღმერთის ორი მდგომარეობაა: ერთი – თავისთავად არსებული და მეორე – ჩვენი წარმოდგენები ღმერთზე. ნიცშე რომ ამბობს, ღმერთი მოკვდაო, გულისხმობს, რომ მოკვდა ჩვენს წარმოდგენებში არსებული ღმერთი. ეს არაფერია, იმიტომ რომ ამ წარმოდგენებისგან, ნანგრევებისგან, გაათავისუფლა ადგილი ათეიზმმა, იმიტომ რომ ადამიანი ჩაიკარგა რელიგიებში, ტაძრებში, რიტუალებში და მოსიყვარულე ადამიანი აღარ დარჩა. ეს სისტემები ადამიანსა და ღმერთს შორის ჩადგა და ადამიანი დაპატარავდა, ამიტომ თქვა, ღმერთი აღარ მინდაო. აქედან მოდის ეგზისტენციალიზმი. თუნდაც, კათოლიკური ეკლესია, თავისი სიმკაცრით, დოგმებით, ტაძრებით, რიტუალებით ამძიმებდა ადამიანს და დაიწყო პროტესტი. შესაბამისად, ადამიანებმა ღმერთი კი არ უარყვეს, არამედ ღმერთზე არასწორად შექმნილი სისტემები. მეორე მხრივ, ადამიანი ასკვნის, რომ ღმერთს ეშლება, მაგრამ ისმის კითხვა, საიდან აქვს ეს უნარი, ვინ უთხრა ადამიანს, რა არის სწორი და რა არასწორი?! ასეთი მეტრი საიდან გახდა?! თუ დასაზღვრული არსება ვარ, მოლეკულების ნაერთი, მხოლოდ გრძნობის ხუთი ორგანო მაქვს რეალობის შესაგრძნობად, რაც მე უსამართლოდ მომეჩვენება, რატომ არ შეიძლება, პირიქით შევაფასო?! ვთქვა, რომ შეუძლებელია, ჩემს წარმოდგენაში ჩაეტიოს, რაც ხდება?! რთული კონსტრუქცია რომ განახოს ვინმემ, ბევრი რამ შეიძლება, ვერ გაიგო, მაგრამ აზრად მოგივა, თქვა, ცუდადაა გაკეთებული, რას ჰგავსო?! პირიქით, რაც მეტად გაუგებარი იქნება, ჩათვლი, რომ ურთულესი მექანიზმია. არადა, როდესაც ღმერთის არ გესმის, მაშინვე გადააყენებ მას, საქმეს ურჩევ, არაა მართალიო. ამას როგორ ბედავ, ხომ საინტერესოა?! რაც მთავარია, ეს გაუგებრობა, სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა მას აქვს. რატომ არ უშვებს ადამიანი, რომ მის აღქმაში ეძლევა ღმერთი ასეთად, რათა კი არ გაჩერდეს, გადააყენოს ღმერთი და ქვები ესროლოს – რადგან ბავშვები იხოცებიანო, არამედ წინ წაიწიოს. იქნებ დააცადო ღმერთს და ნახო, რომ მას აქვს პასუხი?! იქნებ გაუძლო ამ კითხვას და ჩათვალო, ჩემს აღქმაში ასე რომ მეძლევა, სხვანაირად რომ შევხედო, იქნებ სხვანაირად გავიგო რაღაცები?! ასე ნელ-ნელა დაიძლევა ის სისტემა, რომელიც ადამიანსა და ღმერთს შორისაა. მართალია ის, ვინც ღმერთის ყველა მოქმედებას ამართლებსო; ოღონდ იმით კი არა, რომ ეშინია და მის მხარესაა, არა, დავინახე, რომ მართალია. მეტიც, ღმერთამდე სანამ მივალთ, ადამიანთა ურთიერთობას გადავხედოთ. ჩვენ მუდმივად არ გვესმის ერთმანეთის, მუდმივი ბრძოლაა ოჯახში თუ გარეთ, ეს რატომ მითხარი, ის რატომ გააკეთე და როდესაც აგვიხსნიან, ხანდახან შეგვრცხვება ხოლმე და ბოდიშს ვიხდით. და, მით უმეტეს, როდესაც პირველსაწყისთან გვაქვს საქმე, ვინც ამ სამყაროში თავისუფლად გაგვიშვა, იქნებ იმას, რაც მე უსამართლოდ მიმაჩნია, სხვაგვარად რომ შევხედო, გავამართლო ღმერთი იობივით?! ღმერთმა იობი თავისი ძალაუფლებით შეაშინა?! არა და ასე არც უნდა ღმერთს – იობი მიხვდა, გაუგო. იმიტომ გვიშვებს ღმერთი გრძელი საბელებით, რომ ჩვენ თვითონ ვისწავლოთ რეალობების ისე დანახვა, როგორიც არიან ისინი. ბავშვს ბევრი რამ არ ესმის, მუდმივად ჯიჯღინებს, ჰგონია, რომ უსამართლოდ ექცევიან, ტირის, მაგრამ რამდენადაც იზრდება, ხვდება, სხვანაირად ხედავს. ჩვენ, ზრდასრული ადამიანები რატომ არ მივდივართ ამ გზით?! განგებას უნდა, რომ გავიზარდოთ და არ შეგვეშინდეს. ებრაელებს ღმერთის რამდენიმე სახელი აქვთ – მისი წვდომის დონეების მიხედვით, თორემ, სინამდვილეში, ღმერთი მიუწვდომელია – და ერთ-ერთი სახელია ბორე. ის ორი კომპონენტისგან შედგება: მოდი და ნახე. ანუ, რაც ჩემი გადასახედიდან, დაუმუშავებელი მდგომარეობიდან, არის დაბურული და ძალიან საშიში (არადა, თუ შემეშინდება და ამ შიშს მნიშვნელობას მივანიჭებ, არავინ მიეკარება, ჩემი ჩათვლით, ვერავინ გაბედავს, გადალახოს მანძილი), ცოტა ახლოს თუ მივალ და სხვა რაკურსით შევხედავ, შეიცვლება. ყველამ ვიცით, რომ ველური წაბლი შეუხედავია და გჩხვლეტს. ვიღაცას შეიძლება, ატკინოს კიდეც, ფეხს თუ დაადგამს, ამიტომ უფრთხის, მაგრამ მოდის ვიღაც, ვინც იცის, იღებს ველურ წაბლს, გაწევ-გამოწევს ჩენჩოს, გახსნის და ყველას შესთავაზებს გემრიელ ნაყოფს. ასეა ღმერთიც. ამიტომაც ამბობს, არ შეგეშინდეთ, მოდით, ნახეთ, რადგან შიში ქმნის წარმოსახვებს და მთელი წუთისოფელი არის წარმოსახვებით შექმნილი შიშები. ხომ ყველას გვახსოვს ზღაპარი: „მზეთუნახავი და ურჩხული?!“ საერთოდ, ზღაპრები ქრისტიანულ მისტიკას მიჰყვება. ურჩხულმა პატარა გოგონა მოიტაცა, უნდა, რომ დაქორწინდეს, გოგონამ სთხოვა, მამას ვნახავ და დავბრუნდებიო. გაუშვა ურჩხულმა. მაგრამ გოგონამ ხილვაში ნახა, რომ ურჩხული კვდება, ამიტომ მამას უთხრა, გამიშვი და ისევ დავბრუნდებიო. რომ მივიდა, ნახა, რომ ურჩხული სულს ღაფავს, შეეცოდა, შეუყვარდა, რადგან იტანჯებოდა და შუბლზე აკოცა. აკოცა და იმ წამს ურჩხული უფლისწულად გადაიქცა; მე ვინც მომაჯადოვა, მან მითხრა, ვინც ისეთს შეგიყვარებს, როგორიც ხარ, მაშინ განჯადოვდებიო. ძალიან ადვილია ლამაზის შეყვარება, ამიტომ ღმერთი ურჩხულებრივ მდგომარეობაში გვეძლევა, გადაფარულია ზღარბივით, ეკლები აქვს. რატომ? რომ შენ სიყვარულით, რწმენით გადააბიჯო შენს შიშს, მიიღო ისეთი, როგორც ხედავ და ამის შემდეგ გადაგეშლება მთელი თავისი სიდიადითა და დიდებულებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან