რელიგია

რატომ დაიწყო ღმერთის თაყვანისცემა მსხვერპლშეწირვით და გაგრძელდა ლოცვით

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.07

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლშეწირვა წარმართულია, ეს რიტუალი დღემდეა შემორჩენილი, რაც აშკარად არაქრისტიანულია, თუმცა ღმერთის თაყვანისცემა ერთ დროს სწორედ მსხვერპლშეწირვით იწყებოდა. რატომ სწირავდნენ ადამის შვილები ღმერთს მსხვერპლს და როდის გაჩნდა ლოცვა, როგორც ღმერთთან ურთიერთობის ამაღლებული გზა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა განსხვავებაა მსხვერპლის შეწირვასა და ლოცვას შორის?

– ლოცვა უფრო გვიანდელი მდგომარეობაა, უფრო განვითარების ნაყოფია. რით იწყება სამყაროს განვითარება: მსხვერპლით თუ ლოცვით?! გავიხსენოთ კაენი და აბელი: დიახ, მსხვერპლით. მსხვერპლი უფრო ბავშვური დონეა. რას ნიშნავს მსხვერპლის შეწირვა? რომ მეშინია, ისიც არ დამეკარგოს, რაც მაქვს და ახალზე არ ვფიქრობ. ნეტავ, ის შემანარჩუნებინა, რაც არის და ამისთვის კი ღმერთის გული უნდა მოვიგო: ესე იგი, მსხვერპლი უნდა შევწირო. დღესაც ხშირად ვამბობთ: ღმერთო, ჩემი ოჯახი, ჩემი ცოლ-შვილი, ჩემი სამსახური შემინარჩუნე და მეტი არაფერი მინდა. ესე იგი, მსხვერპლი იმის შესანარჩუნებლადაა, რაც გაქვს, ხოლო ლოცვა კი უკვე დიდია – ლოცვა არ სჯერდება იმას, რაც მაქვს. გაფართოება უნდა და იწყებ თხოვნას. ანუ ლოცვით საზღვრებს გადავწევ, პროცესს ვაფართოებ, დინამიკას ვეძალები და მარტო იმის შენარჩუნება არ მინდა, რაც მაქვს.

სხვათა შორის, ეს განსხვავებაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მაგალითად, აღმოსავლეთში ლამის წყევლაა, გეცხოვროს კრიზისის დროსო. მაგალითად, ჩინეთში ასეთი ფილოსოფიაა, უნდა ისწავლო პრობლემის დროს ცხოვრება და პრობლემაში გაძლება. ესეც კარგი ფილოსოფიაა. სტოიციზმი ჰქვია დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ცხოვრებას ვერ შევცვლით, ვერანაირი ლოცვებით ღმერთების გულს ვერ მოვიგებთ, არანაირი ღმერთები არც არსებობენ, ცხოვრება სტიქიების ჭიდილია, ადამიანი ამ სტიქიების ნაყოფია, ამიტომ ჩვენ ვერ შევცვლით გარემოებებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რაღაც შევცვალოთ, რომ გავუძლოთ. იქ სტოიციზმის გარდა სხვა მიდგომებიცაა: ჰედონიზმი, ეპიკურობა და ასე შემდეგ. ჰედონიზმია, ვჭამოთ, ვსვათ, ვისიამოვნოთ, თუ მაინც არაფერია და სტიქიები გვმართავს, ეს მაინც შეგვრჩება. სტოიკოსები პირიქით ამბობენ, ჭამითა და სმით ისიც დაგიმძიმდება, რაც გაქვს და ბარემ ის მაინც შევირგოთ, რაც გვაქვს: თუ ვნებებს არ მივეცემით, ჭირისა და ლხინის გამძლეები ვიქნებით, ამით გადავიტანთ. ანუ გაძლებაა ყველაფერი, არც კი გვაქვს გამარჯვების იმედი, ოღონდ ის შევინარჩუნო, რაც მაქვს.

მეორე უკიდურესობაა, ევროპული, უფრო ზუსტად, ებრაული ხედვა, რადგან ამან მისცა საფუძველი, რომ, როდესაც პრობლემაა, იმის კი არ გეშინია, ვაითუ ვერ შევეგუო და ვერ ვისწავლო მასთან ერთად ცხოვრება, არამედ, როგორ გადავწყვიტო ეს პრობლემა. აი, ესაა ებრაული მიდგომა, შემდეგ – ქრისტიანული და შემდეგ – ამერიკული, საიდანაც შეიქმნა წარმატების ფილოსოფია. როდესაც დავითი გოლიათის წინ დგას, რას გეტყოდა აღმოსავლური მიდგომა? დავიღუპე, ამხელა გოლიათია. ამას შიში ამბობს: შემჭამს და ერთადერთი ის შემიძლია, რომ გავიქცე და როგორმე გადავრჩე, გოლიათის დამარცხებაზე არც ფიქრობ. მაგრამ გაბედულება, ანუ მეორე მიდგომა – რწმენა რას ამბობს?! იმხელაა, რომც მინდოდეს, ვერ ავაცილებ. შანსი მაქვს, რომ მოვარტყაო. ესე იგი, კარგია, რომ გოლიათი დიდია. ნახე, ერთი და იგივე სიტუაციაა და გააჩნია, ვინ იყურება შენგან: ჩვენ სწორედ ეს დაგვავიწყდა. ცხოვრება რომ გვიმძიმდება, გვგონია, რომ ეს გარემოებების ბრალია, ამ დროს კი ის არის მნიშვნელოვანი, თუ ვინ აფასებს ამ მოვლენებს, შენ თავად ვინ ხარ?! როგორადაც შეიცანი შენი თავი, ისეთი იქნება შენი დამოკიდებულებაც. თუ შენ მხოლოდ სხეულად შეიცანი შენი თავი, ბევრი მეტოქე გეყოლება, ყველა განსხვავებული აზრის მქონე შენი მტერი იქნება და სულ ბრძოლასა და ჭიდილში იქნები, მაგრამ, თუ შენს თავზე ამაღლდები და შეიცნობ, ყველა გეყვარება.

ყველამ ვიცით გამონათქვამი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. აბა, როგორ გვესმის? როგორც საკუთარი თავი გიყვარს, ისევე გიყვარდეს შენი მოყვასიო, ხომ?! აი, როგორც ბავშვს ეუბნებიან, როგორც დედა გიყვარს, ისევე გიყვარდეს მამა; როგორც ვაშლი გიყვარს, ისევე გიყვარდეს მსხალი. აქაც ასეა თითქოს: გიყვარდეს მოყვასი შენი, ისე, როგორც შენი თავი, ნიშნავს, რომ მოყვასი სხვაა, შენ კი სხვა ხარ, მაგრამ, აბა, მოდი, სხვანაირად შევხედოთ; გიყვარდეს მოყვასი შენი ისე, როგორც თავი შენი კი არა, ისე, როგორც თითქოს ისიც შენ ხარ, ანუ მოყვასი არის შენი ტირაჟირება. მიმიხვდი?! მოყვასი სხვა კი არ არის, მოყვასს რომ უყურებ, ისიც შენ ხარო და მაშინ სიყვარული ბუნებრივია და განა ასე არ არის?! განა ერთი ადამი არ ვართ სხვადასხვა სხეულში მოსული?! ერთი არ იყო თავში და იმ ერთი ადამიდან გამოსული სხვადასხვა სხეულით გადაფარული ღვთის ხატები არ ვართ?! და მე თუ ამას დავინახავ, მივხვდები, რომ ყველა იმ ჩემი დიდი მეს სხვადასხვა პროფილია, სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილი და ბუნებრივია მათდამი ჩემი სიყვარული. ანუ, როგორც ჩემი თავი, ისე მიყვარს, იმიტომ რომ ისიც მე ვარ. ესე იგი, ჩემი სხვისადმი სიყვარული რა არის?! რომ ჩამოვფხიკო ყველა ის ნადები, რაც აქვთ და რაც გვაშორებს ერთმანეთს, მაგრამ ეს რომ შევძლო, ქრისტეს გზას უნდა მივყვე. იმას კი არ უნდა ვეცადო, რომ შენ გადაგაკეთო, ვერც გადაგაკეთებ, არამედ ჩემი ძველი კაცი უნდა მოვიშორო, დავტოვო ჯვარზე ჩენჩოსავით და შემდეგ იმ ნათელში რომ შევალ, შენს ნათელშიც ჩავალ და შენც გაგახსენებ, ვინ ხარ. მე შენი გამხსენებელი ვიქნები. აი, რა მითხრა მე ქრისტემ: ეს გააკეთე და არა მაინცდამაინც ჩემს ხატებს ეცი თაყვანი და პარაკლისები წამიკითხეო. დიახაც, უნდა ვცე თაყვანი, დიახაც, უნდა წავუკითხო პარაკლისები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს თვითმიზანია, არამედ იმისთვის, რომ გავიგო, რა უნდა ჩემგან ქრისტეს, რომ ქრისტეს უნდა დავუთმო ჩემი სხეული, რომ მე ვიყო ნათელი. ერთგან ამბობს ქრისტე: მე ვარ ნათელი სოფლისა; მეორეგან ამბობს: თქვენ ხართ ნათელი სოფლისა და არსებობს კი ორი ნათელი?! ის, რაც მასში იყო, ჩვენზე გადმოვიდა, ჩვენი გულის პატრუქზე მოეკიდა და ახლა ეს იგივე ნათელია. ის იმიტომ მოვიდა, შენ გაგახსენდეს, რომ ნათელი ხარ და შემდეგ შენ სხვას გაახსენო, რომ ნათელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ შენ ენთო. შენი მზერა თუ სამოთხის ხსოვნით არ არის განათებული, შენ მე ვერ გამახსენებ სამოთხეს, რაც უნდა მიმეორო, ქრისტე, ქრისტეო. სადაც შენ არ ხარ, იქ მე როგორ მიმიყვან?! ქრისტეს ადამიანურ ბუნებას ზუსტად იგივე პრობლემები ჰქონდა ამ სხეულში, რაც ჩვენ გვაქვს, ამიტომ იძრობს ამ სხეულს, როგორც ჭუპრიდან პეპელა აღდგება, ტოვებს ჯვარზე და ნათელში შედის მამასთან. ქრისტეს ნათელი უკვე გვინათებს ჩვენ და ჩვენ რომ გაგვინათებს, მერე ჩვენც გავუნათებთ სხვებს. სწორედ ეს არის ქრისტეს თაყვანისცემა. ეს არის ქრისტიანობა; რაც მან თქვა, ის უნდა გავაკეთოთ და მაშინ შევძლებთ, რომ საქართველო ნათლით აივსოს. თუ დღეს ასეთი დაჩეხილობაა ჩვენში და სიბნელე ბატონობს, სიბნელე, როგორც დავიწყება, რომელიც გვყოფს, ამის ბრალია. ბიბლიაში წერია, უფლის გამხსენებლებო, სად ხართ?! ვინ არის უფლის გამხსენებელი? უფლის ნიშანი. უფლის ნიშანი რა არის? სასწაული, სასწავლი, რომ შეხედავ და მიგანიშნებს. შენ უნდა იყო მიმანიშნებელი. შენ რომ შეგხედავს ადამიანი, მას სამოთხე უნდა გაახსენდეს. როგორ გაახსენებ?! როდესაც უმეტესწილად ისე ვიქცევით, რომ უფრო ვავიწყებთ სამოთხეს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა