რატომ დაიჯერა ადამიანმა, რომ არავინაა და რატომ ვერ იღებს ის ღმერთს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.04

როდესაც ადამიანის სხეულში ხარ, რომელიც ძალიან სუსტია და, ამას გარდა, ვერც საკუთარ თავს ერევი ხოლმე, გიტევს წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება, ნანობ, წუწუნებ; რთულია, დაიჯერო, რომ ღმერთი ხარ, თუნდაც, პოტენციალში. მეორე მხრივ კი, თუ ადამიანი ამას ზედმეტად დაიჯერებს, გაუგონარ სისასტიკეებს სჩადის, ცდილობს, მართოს სხვები და ღმერთზე მეტად ღმერთადაც კი წარმოიდგენს ხოლმე თავს, ვინაიდან ღმერთი ადამიანს თავისუფალ ნებას აძლევს. ადამიანი კი, თუ ყოვლისშემძლედ მიიჩნევს თავს, მხოლოდ იმას აკეთებს, რომ თრგუნავს სხვა ადამიანების ნებას. – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ გვიჭირს ადამიანებს, მივბაძოთ იესოს?
– ჩვენ რომ გვახსოვდეს, ვინ ვართ, ჩვენც გავბედავდით და არ ვეტყოდით ჩვენს გამოსახულებას სარკეში: იესოს ჰბაძავ?! დაბერდი უკვე, დაჭკნი, სხეული აღარ გემორჩილება და როგორ ბედავ? ყველაზე დიდ ტესტს უტარებს ქრისტე ადამიანებს: შენ უღირსი კი არ ხარ, არამედ შენ დაიჯერე, რომ უღირსი ხარ. ისეთ შეზღუდვებში მოგაქცია კულტურამ, ტრადიციამ, რელიგიამ, დაიჯერე, რომ არავინ ხარ და როდესაც ღმერთი მოდის, როგორც გახსენება, ვერ იღებ მას და ამბობ, მე ვინ ვარ, არავინ... საული, მეფედ რომ უნდა აერჩიათ, ბუჩქებში იმალებოდა და ძალით გამოიყვანეს იქიდან. მაგრამ ქანაანელი დედაკაცი, იესოს რომ მისდევს, ასული გადამირჩინეო, გადალახავს უღირსობის ბარიერებს, რაც მას თავისმა კულტურამ მოუტანა და იღებს განკურნებას. ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ ღმერთი გვეუბნება, იყავით სრულ, როგორც მამათქვენი. პრობლემა ჩვენი დავიწყებაა, იმიტომ რომ სისრულე ბუნებრივი მდგომარეობაა. ჩვენ რომ გვახსოვდეს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, არათუ გავბედავდით, დავსრულდებოდით. და აბრაამია ამის სიმბოლი, მან გაიარა სამმაგი გამოცდა, ყველა იმ დანალექისგან რაც მანვე და მისმა კულტურამ წარმოშვა მასში, გამოდის. ღმერთი ეუბნება, გამოდი იმ განპირობებულობებიდან, რომელშიც დაიბადე, გარემოდან, ეპოქიდან, ავტორიტეტებიდან. გამოეყავი მათ და მე გაჩვენებ გზას, საით წახვიდეო.
აბრაამი გამოვიდა და არ იცოდა, სად მიდიოდა: აი, ეს არის გამოსვლა საკუთარი თავიდან და შენ, ერთხელაც იქნება, იგივე უნდა გააკეთო. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არ არის ისტორული ფაქტები, რომელიც ოდესღაც ვიღაცას გადახდა თავს. თუ შენ აბრაამს განიხილავ მხოლოდ, როგორც ისტორიულ პიროვნებას, მაშინ წარსულში ვერაფერს გაიგებ. ერთი ისტორია არსებობს სამყაროში. ეს არის ადამის ისტორია და ეს ისტორია ხდება თითოეულში. აბრაამობა იწყება მაშინ, როდესაც დაგიდგება მომენტი და გაიხედავ-გამოიხედავ: რომელიღაც სქესის დაიბადე, რომელიღაც ეპოქაში, რომელიღაც სოციუმში, შვილი ხარ, და ან ძმა ხარ, ვიღაცის ქმარი ხდები ან ცოლი, ვიღაცის – დედა, ვიღაცის – მამა, პროფესიას ეუფლები და ასე შემდეგ. მაგრამ ნელ-ნელა ვერ ეტევი ამაში და გულში გიჩნდება წერტილი, კითხვა: ვინ ვარ მე?! ამის მიღმა ვინ არის, ეს არის სინამდვილე თუ ამას აქვს თავდაპირველი წყარო, რომელიც სადღაც მიუწვდომელში კი არ არის, არამედ ყოველდღიურ ურთიერთობაშია, ამ დაშლილი სამყაროს უკან, რომელშიც ჩავიკარგე ან სადღაც ვარ მიყუჟული და რაღაცით განპირობებული. ამ სამმაგიდან თუ გამოვედი, მე ვუერთდები ღმერთს, რომელიც აქ იმყოფება. იმ საწყისთან აღვადგენ დიალოგს და სამოთხის მდგომარეობაში ვბრუნდები. ამიტომაა აბრაამი იესოს წინასახე. იესო რატომ იწოდება არსობრივად აბრაამის ძედ?! იმიტომ რომ ის, რაც აბრაამმა დაიწყო, გამოვიდა სამმაგობიდან და პირდაპირი დიალოგი გააბა ღმერთთან, იესომ დაასრულა, დააგვირგვინა, განახორციელა. თქვა: მე და მამა ერთი ვართ და ჩვენ იესოში აბრაამზე იქით მივდივართ, ღვთის ძეები ვხდებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აბრაამის მდგომარეობა ჩვენს სულში უნდა ვეძიოთ, ის წერტილი უნდა მოვძებნოთ ჩვენს გულში, რომელსაც გამოვყავართ ჩვენი ყოფისგან და გვაყენებს იმ კიბესთან, სადაც იწყება დიალოგი მასთან, ვინც აბრაამამდე ტრანსცენდენტური იყო, თითქოს არ იყო, ვისთანაც კავშირი გაწყვეტილი გვქონდა. იმიტომ რომ იქმნებოდა ისეთი კულტურები და ცივილიზაციები, რომლებიც ღმერთისთვის ადგილს არ ტოვებდნენ და, მეტიც, ებრძოდნენ კიდეც მას.
ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ აბრაამის გამოცხადებებზე, მაგრამ მთავარია, გავიაზროთ აბრაამის, ისააკისა და იაკობის მდგომარეობები. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როდესაც ლაპარაკია ღმერთი აბრაამისა, იაკობისა, ისააკისა... ასე წერია?! თუ წერია: ღმერთი აბრაამისა, ღმერთი იაკობისა, ღმერთი ისააკისა. სამჯერ მეორდება, იმიტომ რომ ეს სამივე არის ცალ-ცალკე მდგომარეობა, რომლებიც ჩვენ უნდა გავიაროთ და გავიაზროთ, რას ნიშნავს აბრაამის მდგომარეობა, რას ნიშნავს ისააკის მდგომარეობა, რას ნიშნავს იაკობის მდგომარეობა; რა ფუნქცია აქვს თითოეულს. სხვათა შორის, არის სერიოზული კვლევები, რომ ჩვენ, ქართველები, ვართ ქალდეიდან. ძველქართულ ტექსტებში ებრაელებს ჰქვიათ „ჰურია“, დღეს ებრაელებს ჩვენ ვუწოდებთ ურიას. ზოგადად, ჩვენს ენას ახასიათებს ეს დაბოლოება – სადა-ური, აქა-ური, იქა-ური. ხევსური – ხევის ური. ური არის მდგომარეობა, საიდანაც ხდება თანდათან გამოსვლა და რაფინირება. ეს ცოტა რთული თემაა და შორს წაგვიყვანს, მაგრამ არის კვლევები, რომ ჩვენი, ქართველებისა და ებრაელების, ფესვები ძალიაან ახლოს არიან და თვალშისაცემია, რომ ებრაელები, სხვა ერებისგან განსხვავებით, ძალიან ქართველები არიან. ვერც გაარჩევ, იმდენად შეესისხლხორცნენ ქართველობას. რის „ბრალია“ ეს?! ებრაელებს ჰქვიათ ებერები, ჩვენ გვყავს იბერიელები, ებერი და იბერი – სახელებიც ჰგავს.
მაგრამ, ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: რას ნიშნავს აბრაამობა? იმას, რომ გინდა, გაუგო სამყაროს და დიალოგი გამართო პირველსაწყისთან – აშემთან, რომელიც არის ამ განპირობებული სამყაროს მიღმა. და ეს განპირობებული სამყარო სულაც არ აკნინებს ღმერთს. ჭუჭრუტანიდან რომ მზის შუქი შემოდის, ჭუჭრუტანა აკნინებს მზეს?! რა თქმა უნდა, არა. მზე სრულად შემოდის, მაგრამ აქ არ არის მეტი დამტევლობის საშუალება. თუ გაადიდებ ჭუჭრუტანას, მზის შუქი აავსებს ყველაფერს. ასე რომ, ღმერთი არ არის დაკნინებული, თუკი ის ჩვენთან ვერ ვლინდება. ის იმ დოზით ვლინდება, რა ხარისხის დამტევლობაც გვაქვს. ამდენად, აბრაამის დონე ჩვენში არის მდგომარეობა, როდესაც ცოცხლდება პატარა წერტილი ამ უხეში მატერიის შუალობის მიღმა, რომლითაც გადაფარული იყო სამოთხე და სიშვიდე არ გვქონდა, იმიტომ რომ ადამიანი მშვიდდება და წყნარდება მაშინ, როდესაც დაუბრუნდება მას, ვისთანაც ჰქონდა დედობრივი და მამობრივი სიყვარული – დაუბრუნდება სამოთხეს. ადამიანს ახსოვს ეს ურთიერთობა, ეს კომფორტი. ეს ხსოვნა მასში არის, მაგრამ პრობლემაა, რომ როდესაც მატერიალურ სამყაროში აღმოჩნდება, ამ ხსოვნას იკმაყოფილებს წარმავალით, რასაც ვერ იჭერს, მაგრამ დროებით იყუჩებს ტკივილს, თუმცა უშუალოდ პირველწყაროსთან ვერ გადის. და სწორედ ესაა ბოლო: გამოხვიდე აქედან, უკან მოიტოვო ეს შენი სამმაგი განპირობებულობა: გარსი გონების, რითიც შენ ცხოვრობდი; გულის, ანუ შენი ემოციები, დამოკიდებულებები და სხეულის – მუცელი და ვნებები. შენ ამ სამის მიღმა ხარ, უბრალოდ, აქ ამ სამის ტყვეობაში ხარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან