რელიგია

რატომ ჩაანაცვლა დასავლეთში რელიგია ფსიქოლოგიამ, ჩვენთან კი – მაგიზმამდე დახურდავებულმა ქრისტიანობამ

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.04, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანებს გვგონია, რომ, თუკი ეკლესიაში დავდივართ, ვამბობთ აღსარებას, ვეზიარებით, გულით ვცდილობთ მცნებების დაცვას, ცხოვრება დაგვილაგდება, მხოლოდ მოყვარული ადამიანებით ვიქნებით გარშემორტყმულნი სიმშვიდესა და კეთილდღეობაში. თუმცა ფაქტია, რომ ასე არ ხდება, თუ რატომ, ამის შესახებ დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- თქვენ მიერ ნათქვამი ერთ-ერთი ფრაზა დამამახსოვრდა ძალიან მკაფიოდ, შენი ღმერთი ჯვარცმულია, შენ კი გინდა, რომ წუთისოფელში სიკეთეს ეწიოო. მართებულია ჩვენი მოლოდინი ცხოვრების ბედნიერად გალევის თუ ქრისტიანულად ცხოვრება ყოფაში ვერ აისახება და მხოლოდ შენი სულის ცხონებისკენ მიმავალი გზაა?

- დღეს ქრისტიანობის, ჩვენი მართლმადიდებლობის ძირითადი პრობლემა, რაზედაც ადრეც ვისაუბრეთ, ერთგვარი ქრისტიანული მაგიზმია. როდესაც ადამიანს სამყარო შემეცნებული არ ჰქონდა, მისი ცნობიერება უმწიფარი იყო, შიში მძლავრობდა, რაც ბუნებრივია. როდესაც შენი ცნობიერების დონით ვერ ერევი, შიში გიჩნდება და დაცვის აუცილებლობაც, თავს კი იცავ კერპებით.

- ავგაროზებით.

- წმიდა ადგილებით... ეს განვითარების ბავშვური დონეა. ზუსტად იგივე მაგიზმია, როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად, ადამიანს აქვს ოჯახური პრობლემა და ვიღაც ეტყვის, თუ ეკლესიაში მიხვალ, მამაოს აიყვან, ყველაფერი მოგიგვარდება. და, მართლაც, ძალიან მისაღები რჩევაა: ადამიანს უნდა პრობლემების მოგვარება და ირჩევს ამ გზას. ამერიკასა და ევროპაში ეს პრობლემა სხვანაირადაა გადაწყვეტილი: ათობით წელია, ფსიქოლოგია ყვავის. როგორც კი ევროპასა და ამერიკაში რელიგია დასუსტდა, იქ, ფაქტობრივად, ათეიზმია გამეფებული, ის ჩაანაცვლა ფსიქოლოგიამ, დროებითმა ტკივილგამაყუჩებელმა. ადამიანი, უნდა თუ არა, გზაშია, თავისი თავის სრულყოფისკენ მიდის და, როდესაც ასცდება ამ გზას, მთლიანად ეფლობა მატერიალურ სამყაროში, მისთვის საშუალება (ჭამა-სმა-მუშაობა) იქცევა მიზნად, რაც სულისთვის არაბუნებრივია, ის იხუთება და ამ დროს ჩნდება ფსიქოლოგი, ვინც ტკივილებს დროებით გიყუჩებს. ეს ხელოვნური გზაა, ადამიანი ცუდადაა, რადგან დაკარგა საზრისი, ვიღაც კი ამით სარგებლობს და ვითომ კურნავს. ჩვენთან ფსიქოლოგია არ არის ამ დონეზე განვითარებული, ხოლო ადამიანს უნდა, რომ კარგად იყოს და ამის მიღწევის საშუალებად ირჩევს ეკლესიას. ხშირად მოგვისმენია: ეკლესიაში ვიყავი და კარგად გავხდი; ვეზიარე და კარგად გავხდი... არადა პავლე მოციქული წერს: თუ ჩვენ ქრისტე ამ წუთისოფლისთვის გვინდა, ყველაზე უბედურები ვართო. ქრისტე არ მოსულა იმისთვის, რაც ჩვენ მას მივაწერეთ. როდესაც კარგად ყოფნა, სიმშვიდე თვითმიზანი ხდება, მაშინ ყველაფერი იკარგება. ბედნიერება, სიხარული თანამდევია იმისა, რისკენაც მე მივდივარ ქრისტეში. როდესაც ამ გზას ვადგავარ, მადლის ქვეშ ვარ და ბედნიერებისა და სიხარულისთვის არ ვიბრძვი, იმიტომ რომ ეს თავად მოჰყვება ამ პროცესს. რწმენით ცხოვრების შედეგია ყველანაირი სიკეთე. ღმერთში თვითკმარი ხარ, იმიტომ რომ თავად ღმერთია თვითკმარი. როდესაც ამას მოსწყდება, ადამიანისთვის ბედნიერება, სიხარული თვითმიზანი ხდება და მათ ცალ-ცალკე ეძებს. ამდენად, თუ ეკლესიაში მისვლის მიზანია, რომ დამშვიდდე, შეიქმნა ოჯახური მყუდროება, ვიღაცას შეურიგდე, რჩევა მიიღო, ყოფითი და ფსიქიკური პრობლემები მოაგვარო, უბედური ხარ. ადამის სული შენში მაშინ იღვიძებს და ნამდვილი ადამიანი მაშინ ხარ, როდესაც გაწუხებს, რომ გზა აგებნა, სახლი დაკარგე, იპოვი ქრისტეს, რომელიც შენთვის მოკვდა და მადლი მოგეფინება, აი, ის მადლია თვითკმარი და შენ ამის იქით აღარაფერი გჭირდება. სარჩოს მოპოვება, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება მარტივდება. მეტიც, არც არაფერი გინდა, იმიტომ რომ ამ მადლშია სისავსე. ამიტომ ამბობს მაცხოვარი, ეძებეთ ცათა სასუფეველი, დანარჩენი შეგეძინებათო. თუ ადამიანი ეკლესიაში მოდის პირადი პრობლემების გადაჭრისთვის, ეს არ არის გზა. ქრისტე არ მოსულა ჩვენი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. მაცხოვარი მოვიდა, რომ შენს თავს დაუსვა კითხვა: სად ვარ მე?! ჩვენ, ყველანი, ვართ ადამი და, აბა, გავიხსენოთ, პირველი რა კითხვა დაუსვა ღმერთმა ადამს, როდესაც მან სამოთხე, ანუ თვითკმარობა, სისავსე დაკარგა?! ადამ, სად ხარ! როგორ ფიქრობ, ღმერთმა ვერ დაინახა ხის ქვეშ მიმალული ადამი და ევა?! ეს ფილოსოფიური კითხვა ყველას გვეხება: სად ხარ, რა მდგომარეობაში ხარ ახლა, მაშინ, როდესაც პატივში იყავი? ადამს უნდა ეპასუხა: ეს რომ დამემართა, ჩემი ბრალია, მაპატიე, მაგრამ ადამი თავს იმართლებს; პირიქით, თავადაა გაბრაზებული ღმერთზე, ქალმა, რომელიც შენ მომეცი, მაცდუნაო; ქალი ამბობს, გველმა, რომელიც შენ შექმენი, მაცდუნაო. დღესაც იმავე კითხვას გვისვამს ღმერთი: სად ხარ, ნინო; ის მდგომარეობა, რომელშიც შენ ახლა იმყოფები, ნორმალურია?! ვისი ბრალია ეს მდგომარეობა: ჩემზე ხარ გაბრაზებული?! ანუ სამყაროს ბრალია? მთავრობის ბრალია? შვილის ბრალია? დედამთილის ბრალია?! ჩვენი პასუხი კი, ჩვეულებისამებრ, ასეთია: შენი ბრალია, ღმერთო! იმიტომ რომ შენ შექმენი ის მაცდუნებელი ქალი, ეს მთავრობა, ჩემი შვილი, დედამთილი... არადა აქ მნიშვნელოვანი სწორედ შენი პასუხია: თავს იმართლებ, როგორც ადამი, თუ იღებ პასუხისმგებლობას და სახელს არქმევ შენს მდგომარეობს, რაც ადამმა მაშინ ვერ შეძლო?! ვერ თქვა ადამმა, ჩემი ბრალია, მაპატიეო. როგორც კი ეს პასუხი მომწიფდება ჩვენში, ვთავისუფლდებით. აი, ამიტომ უნდა მივიდეთ ეკლესიაში; უნდა გვესმოდეს, რომ დავიკარგე, ამ წუთისოფელმა ვერაფერი შეგვძინა, ვერც ოჯახმა, ვერც შვილმა, ვერც განათლებამ, პირიქით, გავღატაკდით. შეიძლება, ჯანმრთელიც ვიყო, შეძლებულიც და თავი მოვიკლა. დააკვირდი, ნინო, ყველაზე მეტი თვითმკვლელობა, დეპრესია, აპათია სად არის?

- კეთილდღეობის გარემოში.

- დიახ, სადაც მეტი ქონებაა, მეტი პრობლემაა. ადამიანი შეცდა, საკუთარ თავს მიენდო. ქრისტე ჩავანაცვლეთ იდეოლოგიით, რომ შენ, ადამიანს, შეგიძლია, გარდაქმნა სამყარო და ღმერთი საჭირო არ არის. ადამიანს სული გამოუშიგნეს და ბიოქიმიურ მასად აქციეს. არადა ზუსტად მაშინ, როდესაც ადამიანმა ტექნოლოგიური განვითარების პიკს მიაღწია, მეოცე საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო, ოცდამეერთეში კი მესამე მსოფლიო ომი მზადდება, თან, სად? ევროპაში, რომელიც მატერიალურად ყველაზე კარგადაა დაკმაყოფილებული. ეკლესიაში მისვლის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ უბედური ვარ, ვერაფერში ვპოვე შვება და ისიც ვიცი, რომ მატერიალურშიც ვერ ვიპოვი ბედნიერებას. თუ ადამიანი ამ კითხვით არ მოდის, მისამართი შეეშალა, ჯობია, ფსიქოლოგთან ჩაეწეროს სეანსზე. ეკლესიაში ვერ მიიღებ იმას, რასაც ეძებ, სანამ სწორ კითხვას არ დასვამ და სწორ პასუხს არ გასცემ. ერთადერთი ტრაგედია ჩვენთვის ადამის ტრაგედიაა, ანუ სამოთხის დაკარგვა. სანამ ამ უბედურების ფესვს არ მოძებნი, ბედნიერი ვერ იქნები, თუმცა შეიძლება, სახლ-კარიც შეიძინო და გარეგნულად ბედნიერსაც ჰგავდე. ქრისტიანობა იწყება იქ, სადაც ყველა გემტერება, შენ კი ლოცულობ მტერზე და საჩივლელად არ მირბიხარ ღმერთთან, აი, რა ცუდად მექცევა დედამთილი, შვილი, ხელმძღვანელი, მეზობელი... ამიტომაც ვამბობ, ჩვენ ქრისტიანები ვართ მანამ, სანამ შეგვეხებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი