რელიგია

რატომ ავლენს ღმერთი თავის ძალას უმწეობაში

№51

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.01

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

დაურწმუნებლობა ადამიანის ყველაზე ბოლო მტერიაო და სწორედ ამ დაურწმუნებლობის გამოხატულებაა იაკობის ჭიდილი ანგელოზთან. ვის დაეჭიდა იაკობი, რის შემდეგაც ის იქცა ისრაელად და რას გვასწავლის ეს ისტორია ჩვენ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: დიახ, ჩვენი ყველაზე ბოლო მტერი არის დაურწმუნებლობა და სწორედ ეს არის იაკობის ჭიდილი ანგელოზთან. უკვე ვთქვით, რომ, სანამ სიბნელე იყო, ანგელოზი ეჭიდებოდა იაკობს, ხოლო, როდესაც განთიადი დადგა, ანუ იაკობი მიხვდა – ეს ყველაფერი ხომ სულში ხდება – თავის თავში გადახარშა ყველაფერი, უკვე იაკობი აღარ უშვებს და ეუბნება, მაკურთხეო. ვის ეუბნება, მაკურთხეო?! ვინ არის ის, ვისაც იაკობი ეჭიდებოდა?! უამრავი თეოლოგისა და წმიდა მამის განმარტება მაქვს წაკითხული. ზოგი ამბობს, ღმერთის ანგელოზიო, ზოგან წერია, კაციო. მაშინ ხდებოდა გამოცხადებები, როდესაც ვერ არჩევდი კაცს ანგელოზისგან. არის ვერსია, რომ ეს არის ესავის ანგელოზი. რას ნიშნავს ეს?! რაც ესავს აძლევდა ძალას თავის არეალში, რომელშიც მას ძალაუფლება ჰქონდა მატერიაზე, ის აწვალებდა იაკობს: იაკობს უნდოდა, რომ თვითონ მას ჰქონოდა ეს ძალა. ამიტომ, როდესაც იაკობმა თავის თავში დასძლია ის, რაც აწვალებდა; როდესაც მიხვდა, რომ მას ეკუთვნის კურთხევა, რომ ღმერთი მასთანაა, აღარ უშვებდა და უთხრა კიდეც ანგელოზმა, ნუ გეშინია, გაკურთხებ, შენ უკვე ისრაელი ხარ. ისრაელს ორი მნიშვნელობა აქვს: ერთია ის, ვინც გაიმარჯვა და მეორე ის, ვინც პირისპირ ხედავს. ანუ, თუ აქამდე იაკობს ესმოდა, ანუ რწმენის კაცი იყო, რწმენაში კი ყოველთვის არის ეჭვი, შიში, ბრძოლა, გაურკვევლობა, ჭიდილი, ამის შემდეგ იაკობი უკვე ხედავს. როგორც იობის შემთხვევაში, ბოლოს რომ ამბობს იობი ღმერთზე, აქამდე შენზე შორიდან მესმოდა, ახლა პირისპირ გიხილე და ვჩუმდები. რამ გააჩუმა იობი?! შიშმა?! არა! გააჩუმა გაგებამ. ხომ განგიცდია მსგავსი მდგომარეობა?! როდესაც რაღაცას მიხვდები და ჩერდები. იქ სიტყვები ზედმეტია, იმიტომ რომ მიხვდი. აი, ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის გაღვიძება, ეს არის გონს მოსვლა, მონანიება – რაც გინდა, დაარქვი. ვიცით, რომ მონანიება პასუხში დაბრუნებაა. ანუ ჩვენ კითხვაში ვართ. რა არის კითხვა?! რაშიც დევს პასუხი, ანუ ამონახსნი.

ქრისტე გაგვეცხადა, როგორც პასუხი. ქრისტე არის პასუხი. რატომ? იმიტომ რომ თვითონ შემოვიდა კითხვაში, ამ სხეულში; თვითონ გაიტანჯა ეჭვებისგან, შიშებისგან, ყველაფრისგან და მიიღო პასუხი – თავისი თავი აღდგინდა. და ახლა ჩვენ ვიღებთ ამ სულს, ქრისტეს სულს, რწმენით და ქრისტე ჩემში ახორციელებს ამ გზას; ჩემში გადის თავის შიშებს, ეჭვებს, ტკივილებს. ტანჯვა ტანი და ჯვარია და სწორედ აქედან, ანუ ჩემგან აღდგება. აი, ეს არის გადმოცემული იაკობისა და ანგელოზის ჭიდილით.

იაკობი ეჭვებშია, არ არის დარწმუნებული, თან უნდა, მაგრამ თან არ არის დარწმუნებული. ზურგი არ აქვს, ღვთისგან დასტური არ აქვს, ჭამს მიწიერი შიშებიც და გაურკვევლობაც. სხვათა შორის, ჩვენც სწორედ ეს გვიკარგავს ძალას. მართალია, ვამბობთ, რომ მწამს, მაგრამ მწამს არ არის აჩემება. კი, რაღაც დონეზე მუშაობს აფირმაციასავით, მაგრამ ღმერთს არ უნდა ასეთი ჩაგონებით რწმენა. გაცნობიერებით რწმენა უნდა, გაგება. გავიგე ნიშნავს, რომ უკვე გავიღვიძე. ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს არ არის მისაღწევი; ეს არის ჩამოსაღწევი: ძილიდან ღვიძილში უნდა გადმოხვიდე, რადგან ახლა შენ გძინავს. იაკობმა გაიმარჯვა ამ ჭიდილში, თუმცა კოჭი სტკივა, ანუ რის ფასად მიაღწია ამას?! მისი ეგო ღმერთსაც კი არ გაუჩერდა და შეებრძოლა და სწორედ ეს უნდა ღმერთს და არა ის, რომ მუხლებზე დაეცე და, ვაიმე, ვაიმე, ღმერთო, ბოდიშს გიხდი. „ვეფხისტყაოსნის“ გმირები გაიხსენე: ვერც ერთ გმირს ვერ ნახავთ მიწაზე გართხმულს. დგებიან და ღმერთს ედავებიან. „ჰე, ღმერთო, ერთო...“ – ასე მიმართავს შოთა ღმერთს და ვის მიმართავენ ასე?! დიახ, ტოლს. ჰე ნიშნავს გაბედულებას, ფეხზე დგას ამის მთქმელი. სხვათა შორის, არც ინანიებენ; თუ შეცდომას უშვებენ ან რაღაც ხდება, საყვედურობენ ხან წუთისოფელს, ხან – ღმერთს. ღმერთის თვითმიზანი რომ დამორჩილება იყოს, ერთი დაიგრუხუნებს და მიწის ქვეშ შეძვრები, თუმცა განგება ხანდახან იყენებს კიდეც ამ ხერხს. აი, მაგილითად, ფარაონი რომ არ ტყდებოდა, ნელ-ნელა ეხებოდა მას ღმერთი, იქნებ გონს მოვიდესო. ღმერთის მიზანი ადამიანის დაშინება და მისი მარიონეტად გადაქცევა კი არ არის, არამედ მისი პიროვნებად ქცევაა. ამიტომ არ შეიძლება ღმერთთან ძალიან ახლოს მისვლა.

სხვათა შორის, ისიც საკითხავია, ვინ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში: იაკობმა?! ღმერთმა?! ან როგორ გაიმარჯვა იაკობმა, როდესაც მეორე მხარეს ღმერთია, მაგრამ ღმერთის ის ასპექტი, რომელიც მხოლოდ ამ დონეზე გაცხადდა?! მაგალითად, ავიღოთ ცოლი და ქმარი, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ. ქმარი ძლიერია ფიზიკურად, ცოლი სუსტია, ამიტომ, როდესაც რაღაც კონფლიქტია და ქმარმა ხელი ჰკრა ცოლს, ცოლი გაოგნებულია. ვერ ხვდება, როგორ შეიძლებოდა, ქმარს მისთვის ხელი ეკრა და ტირის, ქმარი ამ დროს შეწუხებულია. იაკობმა ღმერთს სძლია თავისი ცრემლებით, თავისი თავგანწირვით, არ წახვიდე, არ გაგიშვებ, მაკურთხეო. გადასძლია, მისი გული მოიგო და ფიზიკურად ძლიერი ღმერთი ფიზიკურ ძალას აღარ ავლენს. ღმერთი უმწეობაში ავლენს ძალას, როდესაც ჯვარზეა დაკიდებული და ამბობს, მამაო, აპატიე, მათ არ იციან, რას აკეთებენ. ამით ადამიანს აძლევს საშუალებას, გადაყაროს ყველა ის ნაგავი, რაც დააგროვა. იმიტომ რომ, თუ ვიღაც არ იქნა იმ ნეგატივის მიმღები, რაც დავაგროვეთ, ამ ნეგატივის ქვეშ მოვიწამლებით და დავიხოცებით. იესო ყველას აძლევს საშუალებას, რომ ღმერთის მიმართ დაგროვილი ნეგატივი მასზე გადმოანთხიოს. ამით ღმერთს ამართლებს იესო. საუკუნეების განმავლობაში ადამიანს ხომ უგროვდება ღმერთის მიმართ პროტესტი, ღმერთის გმობა, როგორც პირველ ავაზაკს, ღმერთს რომ აგინებს ჯვარზე გაკრული. ვთქვათ გულახდილად, ჩვენც ხომ გვიჩნდება მსგავსი აზრები?! იმიტომ რომ ადამიანურად გვიჭირს ღმერთის გაგება. ხუთი ბავშვი დაიწვა ცეცხლში. კარგი, ბებიას შეეშალა, მაგრამ შენ სად იყავი, ღმერთო?! მიდი, აბა და გაიგე, რა მოხდა სინამდვილეში?! ჩვენ კი ვლაპარაკობთ ხოლმე ვაჟასავით, სადაც პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა, მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავისაო, მაგრამ როგორ ამთავრებს ვაჟა?! ძალა არა მაქვს დავისაო... დიახ, შეუძლებელია ღმერთის გაგება, იმიტომ რომ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ ლოგიკის იქით არის რაღაც, როდესაც ირკვევა ყველაფერი. აი, ეს სინათლე მიიღო იაკობმა და გაუხარდა. ესავი მისკენ მიდიოდა 400 ჯარისკაცით და იაკობმა შიშით იმდენი იჩალიჩა, რომ ესავის ანგელოზს მოუგო, ანუ თავისი შიში და ეჭვი დაამარცხა. იაკობს ხომ ეგონა, რომ ესავთან ბოლომდე მართალი არ იყო, შესაბამისად, არც ღმერთან, არც საკუთარ თავთან?! არადა მართალი იყო, მაგრამ, როგორც ადამიანმა, არ იცოდა და ეს აწუხებდა, ამიტომ, როგორც კი გადაწყვიტა და მიიღო კურთხევა, ანუ სიცხადე მიიღო: მართალი ხარო, მაშინვე იცვლება ესავი. მისკენ მიდის, როგორც ძმა, უვარდება მუხლებში და ტირილით ეხუტება. იგივე ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და ამის შესახებ უკვე მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი