რატომ აუნაზღაურდება ადამიანს ყველა ბოროტება ასმაგი სიკეთით
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.07

რატომ არის ბოროტებაზე პასუხისმგებელი ქრისტიანი და რა განასხვავებს ქრისტიანობას სხვა რელიგიებისგან, რომლებიც, ასევე, ზნეობრივ ნორმებს ქადაგებენ? უნდა შეაწუხოს თუ არა ადამიანმა ღმერთი თხოვნებით, თუ ღმერთმა ისედაც იცის, რა სჭირდება ადამიანს? – ამ თემებზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: ბოროტებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქრისტიანებმა. სანამ ჩვენ, ქრისტიანები, არ ვიტყვით, რომ, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი პასუხისმგებლობაა, არაფერი გამოსწორდება. აბა, ვისგან უნდა წამოვიდეს სინათლე?! მაშინ ნუ ვიტყვით, რომ ქრისტიანები ვართ და არც მოგვეთხოვება პასუხი. სხვა ქრისტიანობა მე არ ვიცი. თორემ ზნეობრივი ნორმები კომუნისტებსაც ჰქონდათ და ყველა რელიგიას აქვს. ქრისტიანი ამაზე მეტია – ქრისტიანი შეტევაზე გადადის, ქრისტიანი ანათებს და ეწირება; თავის სიცოცხლეს სხვას ჩუქნის; ისე უყვარს ღმერთი, რომელიც ჩემშია, როგორც ქრისტემ შემიყვარა ამ ცოდვილ სხეულში, იმდენად ძლიერად შემიყვარა, რომ ჩემს სხეულში შემოვიდა, ჯვარზე გაეკრა და აღმადგინა, ახლა იგივე უნდა გავაკეთო მე. აი, ეს არის რისთვისაც ჩვენ ამ მასალებს ვწერთ. ბოროტება ნათლის ნაკლებობაა და თუ გავიხსენებთ, მეტი ნათელი გვექნება და მხოლოდ ასე გაბრწყინდება საქართველო. ისააკის მაგალითს მოვიყვან: ისააკი არ ლოცულობს, მას ახალი არ უნდა, იმას დაჰფოფინებს, რაც არის: აბრაამის ჭებს ასუფთავებს, გარეთ არ გადის, ცოლიც კი მოჰყავთ მისთვის. რებეკა სხვანაირია – ის ღიაა, გახსნილია და ერთ ადგილას წერია: ისააკმა თავისი ცოლის გულისთვის დაიწყო ლოცვაო, მაგრამ აქ არ იგულისხმება, რომ ცოლისთვის დაიწყო ლოცვა, არამედ ცოლის ჩაგონებით. რებეკას კოსმოპოლიტური აზროვნება აქვს, ის ღიაა, გადის თავისი თავიდან, სივრცე სჭირდება, ამიტომ ისააკის გაფართოება უნდა, რომელიც ჩაფრენილია შენარჩუნებაზე და შვილი რომ არ ჰყავთ, დააწყებინა ლოცვა, ანუ გააბედინა ისააკს, გასულიყო თავისი თავიდან. ლოცვა კი, როცა თხოვნაა, გისრულდება, იმიტომ რომ აფართოებ, პროგრესული ხდები და როგორც კი ისააკი ლოცვას იწყებს, რებეკა ორსულდება.
ლოცვით ჩვენ უხილავ სამყაროს, ჩვენთვის აუთვისებელ ტერიტორიებს, ჩვენთვის უცხო ღმერთს, ქაოსს, სიბნელეს, რასაც ბოროტებად აღვიქვამთ, ფორმას ვაძლევთ, შეტევაზე გადავდივართ – ვბედავთ. ითხოვეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ამბობს მაცხოვარი. კაკუნი რა არის? კართან რომ დადგე, არ გაგიღებს უფალი, ამიტომ გეუბნება, დამიკაკუნე: არც შემოამტვრიე და არც ხელებჩამოყრილი დადექი, უბრალოდ, არ შეგრცხვეს, რომ დააკაკუნო. რადგან ღმერთზე ადამიანური წარმოდგენები აქვთ, მრევლმა იცის თქმა, როგორ შევაწუხო ასეთ პატარა რამეზე, რამდენი საქმე აქვსო. ქრისტეზეც ასე ამბობდნენ მისი თანამედროვენი: ბავშვები რომ მოვიდნენ დასალოცად, მოციქულებმა უთხრეს, არ სცალია ქრისტეს, ბევრი საქმე აქვსო. იქით ბრმა რომ ყვიროდა, გააჩუმეს, არ სცალია შენთვისო. ანუ ადამიანური წარმოდგენით, ქრისტე მეფობისთვის ემზადებოდა და ბავშვებსა და ბრმას არ უნდა შეეწუხებინათ. დღესაც იმავეს ვამბობთ, პატარა ლოცვებით როგორ შევაწუხო?! ჩვენმა ტვინმა შექმნა ასეთი ღმერთი და, თავის მხრივ, ღმერთმაც გვათამაშა გველის სიტყვით: შენ იქნები, როგორც ღმერთი. ხომ გვახსოვს, ბავშვობაში სერიოზული სახით რომ ვთამაშობდით ექიმობანას. აი, ასეთივე სერიოზული ქრისტიანები ვართ დღეს უმეტესწილად. არადა ჩვენ ისედაც ვართ, უბრალოდ, უნდა გავიზარდოთ ამ ცნობიერებაში და უნდა გავბედოთ, რომ ვილოცოთ. შევთხოვოთ. ჩვენ მოგვეცა ღმერთი, როგორც შესაძლებლობა და ხორცი ჩვენ უნდა შევასხათ მას. ქრისტე ამბობს: წადით! რას ნიშნავს ეს?! მე ავიღე ეს ქალაქი, ამ ქალაქის, წუთისოფლის მეფემ – ეშმაკმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას. შედი, არ შეგეშინდეს! შენ უკვე გაქვს ძალაუფლება, მაგრამ პრობლემა რა არის?! რწმენა რომ გვაკლია და გვეშინია, დავითისგან განსხვავებით. დავითმა იცის, რომ არანაირი გოლიათი არ არსებობს, გოლიათი არის მაშინ, როდესაც შენ ხარ ადამიანი; როდესაც მხოლოდ შენს სხეულთან აიგივებ შენს თავს. გარედან რომ შეხედავ საკუთარ თავს და სხვებს შეადარებ, იკუნტები, ეს იმიტომ, რომ ხორცის მასა გგონია შენი თავი. გოლიათი კი არ არის დიდი, შენ გაქვს პატარა რწმენა. ისრაელი შეაშინა გოლიათმა, იმიტომ რომ ღმერთის რწმენა დაკარგეს. დავითს კი შენარჩუნებული აქვს რწმენა. დავითი ამბობს, ძალაუფლება მარტო ერთ ღმერთს აქვს და არა გოლიათს. გოლიათის სიდიდე შიშმა წარმოშვა. ეს ფიზიკურიდან სულიერში უნდა გადავიტანოთ: როგორც კი დიდ პრობლემას დავინახავთ, გვეშინია, მაგრამ ქრისტე რას გვეუბნება?! თუ მთას, ანუ გოლიათს, ეტყვი, გადაადგილდი, გადაადგილდება. ანუ თუ რწმენით შეხედავ და არა ეჭვითო. ეჭვი ჩემი ადამიანური ბუნებაა, რწმენაა, რომ ღვთის ხატება ვარ და ვისშიც უფრო მეტია ეს ღვთის ხატება, მას უფრო მეტად ეყვარება და უფრო მეტად დაძლევს ყველაფერს. ამიტომ გითხარი, მოყვასს რომ ღმერთი დაანახვო, ჯერ შენი თავი უნდა გაიხსენო რწმენით, რომ შენ ხარ ის, ვინც სამოთხიდან მოდის და ყველა ადამიანში იმავე ღვთის ხატებას დაინახავ. მაგალითად, როდესაც ავად ვართ, ვამბობთ, დიდება უფალს, ეს ღვთის ნებაა, მაგრამ მეორე მიდგომაა, რომ უნდა განვიკურნო. წამალს რომ ნება მისცა, განვიკურნო, ესეც ღვთის ნებაა. იქნებ იმიტომ მოვიდა ავადმყოფობა, რომ მე ამ ავადმყოფობამ მაიძულოს, წამალი ვიპოვო: განვვითარდე, სამყარო შევიცნო, კვალიფიკაცია ავამაღლო, სამყარო ავითვისო. იქნებ ეს უნდა ღმერთს და იმიტომ გამხადა ავად?! დედამიწა უარსაყოფად კი არ არის, არამედ იმისთვის, რომ განვითარდე, შეიცნო და იმიტომ გავიწროებს, რომ იმის იქით გახვიდე: ამ წინააღმდეგობას ფორმა მისცე და გააფართოვო ეს სამყარო.
ღმერთს სახელი არ აქვს და „ბიბლიაში“ სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენიება, იმიტომ რომ ერთ სახელში არ ეტევა, ამიტომ დაშვებებით მივდივართ, შეუცნობელს ხომ ვერ შეიცნობ, ისევე, როგორც კიბეზე ერთბაშად ვერ ახვალ?! კიბეზე ახვალ საფეხურებით, ანუ ეს სახელები არის ღმერთის საფეხურები, მის წვდომამდე ასავლელი და ღმერთის ერთ-ერთი სახელია ბორე, სიტყვასიტყვით ნიშნავს შემდეგს: „ბო“ – მოდი და „რე“ – ხილვა. ესე იგი, რაც უცხოა, შეუცნობელია, ბნელია, შიშისმომგვერილია, ნუ გაექცევი და ნუ ააშენებ სიმაგრეებს, არამედ ახლოს მიდი, არ შეგეშინდეს. ღმერთი გეუბნება, მოდი, ჩამხედე, დადგი ფეხი და დაინახავ, რომ სინათლე ვარ, ფორმა მომეცი, იმიტომ რომ ურჩხულები ადამიანის უმწიფარი წარმოდგენებით შექმნილი სურათხატებია. ნუ ებრძვი მათ, პირიქით, ახლოს მიდი. არ გაიქცე, არც შეებრძოლო, ვინაიდან ბრძოლაც შიშის შედეგია, თუ გგონია, ვინც იბრძვის, ის ყოველთვის ვაჟკაცია, ცდები; სრული ხედვა რომ გქონდეს, ვერც ვერავის შეებრძოლები. ბრძოლაც ნაკლები ხედვის შედეგია. არც შეებრძოლო და არც თვალი დაუხუჭოო, ამ გაურკვევლობას მოსპობს დანახვა – დაინახავ და ძალა გეკარგება, შემდეგ უკვე მოხერხებულობით გააუვნებელყოფ. მას, რაც ბოროტად და საშიშად მიგაჩნია, ნუ ებრძვი, ნუ მიაკრავ იარლიყს, რომ ეშმა და სატანაა, არამედ ახლოს მიდი და გამოჩნდება, რომ, რაც სატანა იყო შორიდან, გულში ჩასახუტებელია. ბოროტება დროებითი გაურკვევლობაა, რომელსაც აუცილებლად სიკეთე მოაქვს. ყველა ბოროტება დაზღვეული აქვს ღმერთს და ასმაგი სიკეთით აგვინაზღაურდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან