რელიგია

რატომ არის უფრო ძლიერი და მყისიერი ღმერთის წიაღში დაბრუნების ძალა, რაც მეტად შორდება მას ადამიანი

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანები, როგორც წესი, განსხვავებულად აღიქვამენ ღმერთის სიტყვას: ათეისტებს მიაჩნიათ, რომ ის საერთოდაც არ არსებობს, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მორწმუნეებიც სხვადასხვანაირად ხედავენ რწმენას. რა იწვევს ამ განსხვავებებს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ყველა ფიქრობს, რომ ისაა მართალი, რასაც თავად ფიქრობს. მეორე მხრივ, ადამიანს შეუძლია კი, რომ გაუგოს ჭეშმარიტებას?

– ადამიანს ყველაფერი, რაც მის თავს, გარშემო ხდება, ისე ესმის და ამ ყველაფერს ისე იღებს, რა დონეზეც არის. ამდენად, აქ არავის აქვს უპირატესობა, არც ერთ მოსაზრებას და სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველანი ერთად რაღაცას ვუახლოვდებით. დაახლოებით, იმას ჰგავს, მონადირეები ალყას რომ შემოარტყამენ დათვს. ერთი მონადირე ვერაფერს გახდება, ამიტომ ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს, თავისი გზით მიდის, რითიც ერთმანეთს ვეხმარებით, რომ ჭეშმარიტება მოვიხელთოთ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ თავი ურთიერთგამომრიცხავ სისტემებად ან მეტოქეებად. რა შუაშია რელიგია მეცნიერებასთან, რელიგია – კულტურასთან?! ასეთი მიდგომით წავაგებთ, იმიტომ რომ გამოცდილება ყველა მიმართულებითაა დაგროვილი და იქნებ დადგა ჟამი ამ გამოცდილებების თავმოყრის?! უსასრულოდ ხომ ვერ დარჩება ადამიანი გზაში?! ფიზიკის კანონიცაა და „სახარებაც“ გვეუბნება, მუდამ სწავლობენ და ვერ აგნებენ ჭეშმარიტებასო. რა არის ამის მიზეზი?! ის, რომ ხანდახან ადამიანს თვითტკბობად ექცევა პროცესი და აღარც აინტერესებს, ამას რა მოჰყვება. ეს ნარკოტიკივითაც დამბანგველია და ერთგვარად ნარცისიზმით ტკბობაცაა, არადა, შენ უნდა იწვოდე, სანამ გზაში ხარ. რადგან, რაღაცას რომ უახლოვდები, კი არ ტკბები ამ წვით, არამედ მისი ხილვის სურვილით იწვი. ეს წვა გაიძულებს, რომ ცოტათი მაინც მიუახლოვდე შენი წვის საგანს. რა არის შენი წვის საგანი?! მაგალითად, პილატე, იცით, რომ მას ქრისტეს მოკვდინება არ უნდოდა, იუდეველებს, ჯვარს აცვითო, რომ მოითხოვდნენ, ეუბნება, ვასწავლი და გავუშვებო. ვასწავლი, ანუ გავროზგავო. შესაბამისად, როდესაც რუსთაველი ამბობს, მით ვისწავლებითო, გულისხმობს ამ წუთისოფელში წვას და რატომ ვწვალობთ, თუ ამას მიზანი არ აქვს?! სად არის გარღვევა, რა გვინდა, რისთვის ვიბრძვით?! თუ თავშივე არ ავიღე მიზნად, მეტა, ანუ ამ სამყაროს მიღმა გასვლა, თუ არ მაწვალებს რაღაც და ჩემში დაბადებულმა კითხვამ არ დამშაშრა, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას?! რუსთაველი ასე აგრძელებს: მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა. ესე იგი, შერთვა მიღმურთან, საიდანაც მოვდივართ. ადამიანი ათასობით წელია, მოდის სამყაროს შესაცნობად და ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ტექნიკურად სამყარო არასდროს ყოფილა ასე გამთლიანებული და იქნებ ამ ტექნიკურ გამთლიანებას მოჰყვეს ცნობიერების გამთლიანება?! ამ მრავალგვარობის მიღმა იმ ერთი ადამის გამთლიანება, რომელიც არ იყო რეალიზებული?! პირველად მოსვლით ქრისტემ დაგვანახვა პირველი კაცი – ახლა თქვენში უნდა შევდგე მეო, ამისთვის მოგვცა სულიწმიდა და მეორედ მოსვლაც ეს არის, მოხდება ის, რომ ქრისტე შედგება, მომწიფდება ჩვენში სრულ კაცად.

უსასრულო არაფერია: შეუძლებელია, უსასრულოდ რაღაცას ვაკეთებდე, უსასრულოდ დავდიოდე, უსასრულოდ ველოდო იმის მოწევას, რაც დავთესე, უსასრულოდ ველოდო ბავშვს: ის 9 თვეში იბადება. რაც ქრისტეში ხდება, დროში დაიწყო და დროშივე დასრულდება. შევიცნოთ ჟამიო, ნათქვამია, ხოლო, თუ გვჯერა, რომ ეს ევოლუციაა, უსასრულოდ რომ უნდა გაგრძელდეს, მაშინ სულ ასე იქნება, არაფერი შეიცვლება. მაგრამ ქრისტე ამბობს, ეს ჟამი დადგება და რომ არ ელოდებით, მაშინ მოვალო. რატომ ამბობს ამას?! რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვუშვებთ, რომ ყველანი ვართ იმ ერთი ადამის ნამსხვრევები. ნაწილი კი რისკენ მიიწრაფვის? გამთლიანებისკენ. პეტრიწიც ამას ამბობს და ყველა წმიდა მამა, რომ ადამის ნამსხვრევი მიისწრაფვის, გაუმთლიანდეს მას, ვისგანაც გამოზიდულია. ანუ გამოვარდნილი კი არ არის თავისი პირველსაწყისიდან, გამოზიდულია. ხსოვნა გაწყვეტილი არ არის, თუმცა მოშორებულია, ამიტომ ისევ უკუმიიქცევა მისკენ, საიდანაც გამოიზიდა. როდესაც დაშორება ზღვარს მიაღწევს, უკან დაბრუნდება. ყველაშია დარჩენილი ეს ძალა და, სხვათა შორის, რაც მეტადაა ადამიანი პირველწყაროდან გამოზიდული, მით ძლიერად უკუმიიზიდება და წამში შეიძლება, დაუბრუნდეს პირველსაწყისს. მე ჩემში ვატარებ ყველა ადამიანს. 8 მილიარდამდე ადამიანია დედამიწაზე, აღმოსავლურ ენებში ადამი ჰქვია ადამიანს და და ქართულშიც ასე დარჩა – ადამიანი. მაგალითად, წყლიანი ნიშნავს, რომ წყალია მასში, ესე იგი ადამიანია, ვისშიც ადამია. ეს რვა მილიარდამდე ადამიანი ადამია, რომელიც თავისი ხედვიდან ჩამოვარდა და თითოეულს ჰგონია, რომ თავადაა ცენტრი. განგებამაც დაუშვა, ესეც ვიცით ჩვენ, რომ ადამიანს თავი ღმერთი ჰგონებოდა, რადგან, თუ ეს ილუზია არ იქნებოდა, ის შიგნით ვერ გამოთავისუფლდებოდა დიდი სიცხადისგან. ადამიანი პიროვნებად რომ შედგეს, მას ილუზია უნდა გაუჩნდეს, რომ ღმერთიც არ არსებობს და თავადაა ღმერთი. უნდა დათვრეს, გაჯერდეს ამ ილუზიით. ღმერთობა კი რა არის?! როდესაც არჩევ სიკეთესა და ბოროტებას. სამოთხეში, სულიერს რომ ვერ სწვდებოდნენ, ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა, ეს არის სიცოცხლის ხე, ის – ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის. ღმერთი მათ უხსნის, როგორც პატარა ბავშვებს: სიცოცხლის ხის ნაყოფს თუ ჭამთ, აქ დარჩებით, თუ მეორე ხეს შეეხებით, მოკვდებით. ანუ ადამმა და ევამ იციან, რა არის სიკეთე და ბოროტება, მაგრამ იციან გარედან და ასე უფრო ადვილია. როგორც პატარა ბავშვს ვეუბნებით, ამას არ მოჰკიდო ხელი, იმას მოჰკიდე, ეს შავია, ის – თეთრი. მაგრამ ეს პირველი დონეა, ამიტომაა, რომ დიდი მამებიც ამბობდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ გაუბრაზდა ღმერთი ადამსა და ევას, ეს რა ჩაიდინეთ, როგორ გაბედეთო?! ადამმა და ევამ, რაკი ჭამეს აკრძალული ხილი, ანუ „ჭამეს“, რაც ეშმაკმა უთხრა, მძიმე გზით წავიდნენ, ვინაიდან ღმერთის ტვირთი აიღეს, მისი, ვინც იცის, რა არის კარგი და რა – ცუდი. მაგრამ ეს ახლა მე უნდა დავადგინო, იმიტომ რომ არ ვიცი. შესაბამისად, ცოდვა აკრძალული ხის ნაყოფის ჭამა კი არ იყო, არამედ უდროოდ და უმწიფრად ჭამა. ბავშვს რომ ისეთი რამ უთხრა, რაც მას დაამძიმებს, ჯობია, არ უთხრა, აცადო, როდის გაიზრდება, რომ მზად იყოს ამის მისაღებად. ამიტომ ბავშვს რაღაცებს არ ეუბნებიან, სანამ საამისო დრო არ მოვა. ადამმა და ევამ კი ისეთი ტვირთი აიღეს, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო მათთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოცდილების მიღებისა და მართლაც ღმერთად ქცევის დიდი შანსი გაჩნდა. ეს არის სწორედ ის, რაც ამის შემდეგ დაიწყო: ადამიანმა უკვე თავად უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი და მასზე ორი უკიდურესი ძალა მოქმედებს: ერთია სურვილი, წყალობა გასცე და მთელ სამყაროს მოჰფინო, მეორე ძალა კი გეუბნება, ეს არ ვარგა, უნდა შეზღუდო, აი, მესამე გზაა ჭეშმარიტების გზა, რომელიც ადამიანმა უნდა დახვეწოს. ამას სჭირდება გამოცდილება, რომელიც მოდის წვალებით, ტანჯვით, სწავლებით, ოღონდ ის ღირს მიზნად: პირველწყაროსთან დაბრუნებად, როდესაც შეიკრიბება ადამის ყველა ნამსხვრევი და ნამდვილ კაცად წარდგება თავისი შემოქმედის წინაშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა