რელიგია

რატომ არის ცათა სასუფეველი ხილული, ის, რასაც შეეხები და იგრძნობ, თვალით დაინახავ და ყურით მოისმენ

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.07

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანები ცათა სასუფეველში დამკვიდრებას, როგორც წესი, ველით იქ, სადაც გარდაცვალების შემდეგ მოვხვდებით, თუმცა ცათა სასუფეველი, ანუ ღმერთთან მყოფობა მიიღწევა აქ, წუთისოფელში, თუ ჩემს გულში შემოვა მაცხოვარი. მაგრამ როგორ გავხსნა, დავინახო და ვიგრძნო ის სამოთხე, რომელსაც თან დავატარებ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თქვენც გითქვამთ, რომ ცათა სასუფეველი აქაა, თქვენც გიჯერებთ და, ზოგადადაც, მჯერა ამის, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოხდეს ეს.

– დიახ, ცათა სასუფეველი ხილულია; ისაა, რაც შეგვიძლია, თვალით დავინახოთ, ყურით მოვისმინოთ, რასაც შეგვიძლია, შევეხოთ, შევიგრძნოთ და არ არის ისეთი საიდუმლო, რომელსაც ვერ მივწვდებით. თუ მხოლოდ რწმენაზეა ლაპარაკი და იტყვი, რომ მე მჯერა, მაშინ ყველა რწმენა მართალია. შენ თუ გჯერა, რომ ქრისტე აღდგა, მეორეს სხვა რამის სჯერა და რით სჯობია შენი რწმენა სხვის რწმენას, თუ რწმენა მხოლოდ იმის თქმაა, რომ მჯერა?! საქმეც ისაა, რომ რწმენა თქმა არ არის, რწმენაა დაჯერება, ანუ გაჯერება! მე თუ მთელ ჩემს სხეულში, თითოეულ უჯრედში არ მომეცა ღმერთი, მაშინ „მჯერას“ თქმა ფანატიკური რწმენაა. დიახ, მე ამის მჯერა, შენ – იმის და მერე ვდაობთ, მამაჩემი ჯობია თუ მამაშენი. სამოთხე არის ღმერთის სახლი, სადაც ღმერთს უნდა ეცხოვრა; რით იწყება „ბიბლია“?! სამოთხით, სადაც ღმერთის თანდასწრებაა, ადამსა და ევას ესმით მამის ხმა, იმიტომ რომ მამა აქ არის, აქვე ზრდის და შეცნობის უსასრულო პერსპექტივა აქვთ, ანუ შეცნობის ხე და „გამოცხადებაც“ როგორ მთავრდება?! აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის. ესე იგი, ღმერთი ცაში არ უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ ცა მიწაზე იყო. ჩვენ დავაკარგვინეთ ღმერთს სახლი და ეს სახლი ჩვენ ვართ. პირდაპირ წერია „სახარებაში“: ჩვენ ვართ ღვთის სახლი, თუკი ჩვენ რწმენითა და სიყვარულით ვცხოვრობთ. შესაბამისად, სანამ ჩვენი გულები არ მომზადდება, ღმერთი ჩვენში ვერ იცხოვრებს, იმიტომ რომ ჩვენ გველოდება. ამდენად, უნდა განვიწმინდოთ ის გულები, რამაც სამოთხე დაგვაკარგვინა და შიშითა და ეჭვით შეგვაქმნევინა ეს წუთისოფელი. ჩვენი ეს მდგომარეობა სხვა სიხშირეა, თორემ სამოთხე აქვეა, ოღონდ გადაფარული ჩვენი შიშით შექმნილი წარმოსახვითი სამყაროთი. ის ჩვენს შიშზე დგას და, სანამ ეს ჩვენი შიში არ დაცხრება, არ მოვუკვდებით მას, წუთისოფელი, წარმოსახვითი სამყარო, არ გადავა, მაგრამ, როგორც კი მოვუკვდებით, წუთისოფელი იმწამსვე სამოთხედ გადაიქცევა. წუთისოფელი იგივე სამოთხეა, მაგრამ ჩემი დაცემული ბუნებითა და ამღვრეული ცნობიერებით გადაფარული ბოროტად ჩანს, რაზედაც შესაბამისად ვრეაგირებ. წუთისოფელი ხელოვნური წარმონაქმნია, ამას უნდა მივხვდეთ და მაშინ გადაიქცევა ცათა სასუფევლად. როდესაც ვამბობთ „ცას“, სულაც, არ იგულისხმება ფიზიკური ცა. რატომ ვლოცულობთ: იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, თუკი ცაში მივდივართ?! „მამაო ჩვენო“ სამეუფეო ლოცვაა და დღე და ღამ ვლოცულობთ, როგორც ზეცაშია შენი ნება, უფალო, ისე ქვეყანაზე იყოს შენი ნებაო და მაშინ რა და სად არის ეს „ქვეყანა“?! ერთი მხრივ, ეს ჩვენი ურთიერთობებია, რომლებიც ჩვენი უგუნურებითა და უმეცრებით შევქმენით, თორემ ობიექტურად მხოლოდ სამოთხე არსებობს, იმიტომ რომ ღმერთია ყველგან. მაგრამ ღმერთის შუქი არ ჩანს ჩვენთვის, ისევე, როგორც მზე არ ჩანს, ფარდას რომ ჩამოაფარებ ფანჯრებს. ასე ფარდასავით ჩამოვაფარეთ ჩვენი დაცემული ბუნება ღმერთს და თუ ეს ფარდა არ გაიხა, ღმერთს ვერ დავინახავთ.

– მე თუ განვიწმინდე ჩემი ეგოსგან, შემდეგ ამ წუთისოფელში ცხოვრებას შევძლებ?

– წუთისოფელი გაქრება და უკვე სამოთხეში იქნები. წუთისოფელი შენს აღქმაში იყო. თუ გაიღვიძებ, ისევ სიზმარში როგორ დაბრუნდები?! ის სიზმარი, ხომ, უკვე გაქრა?! წუთისოფელი სიზმარია, უგუნური მდგომარეობაა, დამახინჯებული აღქმაა. გველმა რომ დააჯერა, თქვენ იქნებით, როგორც ღმერთიო, ადამს ეგონა, მართლაც, ასე მოხდებოდა. დიახ, ეგონა! და ღმერთმაც დაუშვა, რომ წარმოსახულ სამყაროში გვეცხოვრა. რატომ? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დავბრუნდებოდით ღმერთთან. წუთისოფელი არის დაბინდულობა. გავიხსენოთ, რას ვამბობთ ჩვენ, ქართველები, გონებაარეულ ადამიანზე? გონება დაებინდაო და მერე რას ვამბობთ? გონება გაუნათდაო! დაბინდულობის გამოა, რომ საკუთარ თავს რაღაცებს აძალებ, თავი ვიღაცაზე უკეთესი გგონია, იბრძვი, ამიტომ ვიღაც შენი მტერია, ის რუსია, ეს უკრაინელია, სხვა კაპიტალისტია ან მარქსისტია. მაშინ, როდესაც ეს დაყოფები ადამის სიზმარია და ქრისტე სწორედ ამ ადამის სიზმრიდან აღდგა ერთიანი. ქრისტეში არანაირი დაყოფა არ არის, ამიტომაა ნათქვამი, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა, არც იუდეველია, არც ელინი, არც ბარბაროსი, არც სკვითი, არც ქალი, არც მამაკაცი, არც მდიდარი, არც ღარიბიო... ანუ მენტალური, რელიგიური, რასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური დაყოფები არ არსებობდა. ქალი და მამაკაციც კი არ იყო: ევა, ხომ, ადამში იყო, შიგნით?! ანუ ის, რაც ადამში დაცალკევდა და დანაწევრდა, ქრისტემ ყველა ის საბურველი ჯვარზე დატოვა; ჯვარზე დატოვა შიშითა და ეჭვებით შექმნილი ძველი კაცი! ქრისტემ პირველი ნათელი შემოიტანა და ამიტომ ამბობს, თუ ხელახლა არ დაიბადებით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველშიო. ადამისგან შობილებს გადმოგვყვა ეს მრავალგვარობა, ჩვენში ისე ჩაიკირა იდენტობები, რომ თვისებებად გვექცა, შევისისხლხორცეთ. ღმერთმა თავისი ძე გამოაგზავნა, იმიტომ რომ მოწოდებებს, მხოლოდ რჯულს არ შეეძლო ჩვენი განკურნება. მთლიანად მოუკვდა ღმერთს ადამიანი, თავისი გამოგონილი სამყარო გახდა ადამის შთამომავლების გარსი და აი, ეს გარსი გააუქმა ქრისტემ: ეს ტყავი გააკრა ჯვარს! ქრისტე უკვე ნამდვილი ადამია, ახალი ადამი და ჩვენც უკვე ახალი ადამისგან ვიბადებით. და როცა ქრისტე მივიღე, რაც შემოვიჩვიე, რაც მოვირგე, ჩემს ხასიათად და ჩვევებად ვაქციე, რაც უფრო ვუახლოვდები ნათელს, მით მეცვითება; მით ვთავისუფლდები იმ საფენებისგან, რომელსაც ჭრელი წუთისოფელი ჰქვია, სადაც ვიღაც ვიღაცას ებრძვის, ვიღაცას ვიღაც სძულს, არადა, ეს სიზმარია. განგებამ იმიტომ დაუშვა ეს მრავალგვარობა, რომ ჩვენ თავად გამოგვემუშავებინა ნათელი, რათა ღმერთის წინაშე თავდახრილები კი არ ვყოფილიყავით, როგორც მისი ნათლის პასიური მიმღებები, არამედ ნამუშაკევი ჩაგვებარებინა და გვეთქვა: შენც ხარ, უფალო და მეც ვარ! ვიცი, რომ შენ მაჩუქე ეს, მაგრამ მე მოვიტანე შენამდე და დავიმსახურე, რომ „შენ“ გითხრა და მიყვარდე. როგორც მარცვალი ამოდის და თავის თავს იხსენებს თავდაპირველ ნაყოფად, ასევე ვიხსენებთ ჩვენს თავს ღმერთად და შევდგებით კიდეც ღმერთად. ადამს რომ უყურებდა ღმერთი, თავის თავს ხედავდა სარკეში, მერე სარკე დაუვარდა, ათას ნატეხად დაიმსხვრა, მაგრამ ქრისტეში ისევ შეკოწიწდა და ღმერთმა ქრისტეში თავის თავს რომ შეხედა სარკეში, ისევ თავისი თავი დაინახაო. ახლა ნინოში რომ ჩაიხედავს, თავისი თავი უნდა დაინახოს ღმერთმა, მაგრამ დაინახავს?! შენში თუ არ მოხდა, რაც ქრისტემ გააკეთა, მაშინ, ვაი, შენ! რას გიშველის, რომ ქრისტეში მოხდა?! გააკეთე იგივე და შენც გამთლიანდები. აი, ესაა ცათა სასუფეველი, იმის აღდგენა, რისგანაც გამოვცვივდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო