რატომ არის ცალკე მხოლოდ ხორციელი და ცალკე მხოლოდ სულიერი ცხოვრება ბოროტება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 14.09

იცი, რომ სიცოცხლე სინამდვილეში სიკვდილია, რაც გარს გარტყამს, ილუზიაა, მკვდარი; ბრჭყვიალაა, მაგრამ მოკვდება, დაჭკნება, გახუნდება, დალპება, ადამიანიც კი მიწას შეერევა. მიუხედავად ამისა, ადამიანს უყვარს და უნდა სიცოცხლე, ეჭიდება მას, თავს უვლის, მკურნალობს, სიამოვნებას ანიჭებს თავის სხეულს. რატომ ვეჭიდებით ადამიანები იმას, რაც მხოლოდ ჩვენი წარმოსახვაა და აუცილებლად დამთავრდება, თან, ისე, რომ მისგან არაფერი დარჩება? მორწმუნეც და ურწმუნოც ცდილობს, გაილამაზოს ყოფა, რომელიც ისე გაქრება, როდესაც თვალი დაეხუჭება, თითქოს არც ყოფილა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რა აიძულებს ადამიანს, მაინც უნდოდეს სიცოცხლე და ამ სიცოცხლის უკეთ მოწყობა, თუმცა იცის, რომ ვერც უკეთ მოაწყობს და სიცოცხლეც დამთავრდება?
– მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიური აზრი, რაც ადამიანის ცივილიზაცია არსებობს, მუდმივად ამბობს, რომ ეს წუთისოფელი წარმავალია, რელიგიები, ტრადიციები აგებულია ცოდნაზე, რწმენაზე, რომ ადამიანი აქ არ რჩება, სულია და მიდის მიღმიერ სამყაროში, ზოგიერთ ფუნდამენტალისტურ კულტურებში ეს მოსაზრება სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზეც კი არის აყვანილი, ანუ ყველამ იცის, რომ ადამიანის სხეული წარმავალია, სულია უკვდავი, მაინც არ განსხვავდება მათი ცხოვრება წარმართული საზოგადოების ცხოვრებისგან.
ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში გადის სხვადასხვა ეტაპს. სხვათა შორის, ეს მოხდა ქრისტეშიც: იესო შობიდან 30 წლამდე თავის თავშია ჩაბრუნებული, გარეთ არ ჩნდება, მხოლოდ ის ვიცით „სახარებიდან“, რომ 12 წლის მიდის ტაძარში, მამის სახლში. მისი ცხოვრების მეორე მონაკვეთია ის სამ-ნახევარი წელიწადი, როდესაც გარეთაა და თავის ყველანაირ ღვთაებრივ შესაძლებლობას ავლენს. ყველას სწვდება მისი ხმა, ყველამ იცის მისი სახელი – ბრმებს თვალს უხელს, მკვდრებს აღადგენს, კეთროვნებს კურნავს, ხალხს აპურებს. და ამას რომ არანაირი შედეგი არ მოაქვს, იწყება ქრისტეს ცხოვრების მესამე პერიოდი. მართალია, წინასწარ ეუბნება მოწაფეებს ამის შესახებ, მაგრამ მათ არაფერი ესმით. მესამე პერიოდში იესო უარს ამბობს გარეთ მოქმედებაზე და ისევ თავის თავში ჩაბრუნების პროცესს იწყებს: მიდის ჯვარზე, რასაც მოჰყვება აღდგომა და სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იწყება ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის, ფორსირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვინაიდან ხალხი არ იყო მზად, სამყარო სულიწმიდის მადლით უნდა გარდაქმნილიყო. ეს ადამიანის განვითარების ფაზებია. ქრისტემაც, როგორც ადამიანის სხეულში განსხეულებულმა ღმერთმა, ეს ფაზები გაიარა. და აი, ახლა მივადექით პრობლემას, რომელზეც ვსაუბრობთ: რატომ ეჭიდება ადამიანი თავის წარმავალ სიცოცხლეს?!
ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი მიეცა ცოდვას და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ადამიანშია გონება, გული და ვნებები; ვნებები სულაც არაა ცუდი, როდესაც ამ სამს შორის ბალანსი დაცულია და ეს სამი გამთლიანებულია, მაგრამ, როცა ეს იერარქია ამოყირავდა, ანუ ევა – გული მოსწყდა ადამს, გონებას, უკვე გველი – ვნებები, რაც საწვავი იყო, საშიში გახდა. დიახ, მდინარე ყანებს გირწყავს, როდესაც კალაპოტში მიედინება, მაგრამ, როგორც კი ადიდდება და კალაპოტს გაარღვევს, წამლეკავი სტიქია ხდება; სანამ ცეცხლს იმორჩილებ, საუკეთესო საშუალებაა, გაგათბობს, საჭმელს მოგიმზადებს, მაგრამ, როგორც კი გაგექცევა, იქცევა სტიქიად, ხანძრად. როდესაც სამოთხე დაკარგა ადამმა, ის მოსწყდა ღმერთს და მასში ვნებებმა იმძლავრა, რის ბოლოც სიკვდილია, მაგრამ ეს ყოველივე ხდება დროში და ამიტომ სამოთხის გარეთ ვქმნით ცივილიზაციას, რომელიც აგებულია სტიქიებზე, ვნებებზე, თუმცა ისევ არის რელიგიები, ღვთის რწმენა – გავიხსენოთ, კაენმაც ღმერთს მიართვა ძღვენი. კაენი არ ამბობდა, ღმერთი არ არისო. ჩვენც გვიხარია ხოლმე, პოლიტიკოსს, ცნობილ ადამიანს რომ ეკლესიაში სანთლებით ხელში დავინახავთ, ღმერთს აღიარებსო. არადა ეს აბსურდია. ადამიანი ასე თავის სინდისს, თავის დაცემულ ბუნებას ატყუებს, ხედავ, ღმერთის მწამსო. მაშინ, როდესაც სწორედ ეს არის ღვთის გმობა. მთელი იუდაური იერარქია იყო ამის მაგალითი: ქრისტე მათ ცოცხალი ღმერთის სახელით გააკრეს ჯვარს!
სამოთხის დაკარგვის შემდეგ ადამიანის მთელი ძალისხმევა მიიმართება სხეულის დასაკმაყოფილებლად: იმდენად ძლიერია ეს სტიქია, რომ ბალანსი დაირღვა. სამოთხე არის ბალანსი. ეს არ არის იძულებით სულიერება. ეს იყო და არის მიწისა და ცის ერთობა. როდესაც ეს წონასწორობა დაირღვა და ძლიერად წავიდა მიწისკენ ადამიანის ბუნება, შეგონება, რწმენა, რელიგია სუსტია, ძლიერია სტიქია, ვნებები, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს ნგრევისკენ. რადგან ჰარმონია დაირღვა, გარდაუვალად სიკვდილისკენ უნდა წავიდეს ადამიანი და ამიტომ ეჭიდება მიწას, წარმავალს, იმას, რაც გრძნობის ხუთი ორგანოთი აღიქმება. ეს იწვევს შურს, მითვისებას, ომებს... ამას ვერ ერევა ვერც ერთი რელიგია, ვერც ერთი კულტურა თუ შეგონება, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ ისევ აღადგინა წონასწორობა: ადამიანური სხეული სიკვდილით გააუქმა. ის სიკვდილი, რაც ადამში იყო, უკვე აღსრულდა ქრისტეში და აღგვიდგინა სამოთხის წონასწორობა. ისევ მოგვცა შესაძლებლობა, მაგრამ ქრისტიანობასაც იგივე სენი შეეყარა, რაც ყველასა და ყველაფერს: ჯვარი გვიყვარს, ვქადაგებთ, რომ ჯვარზე ეცვა ქრისტე, მაგრამ ამის გამკეთებელი არავინ ვართ. ქრისტე გეუბნება: შენშია ბოროტება, შენშია სიკვდილი და თუ არ უარყოფ შენ მიერ შექმნილ სისტემას, ეს სულ გაგრძელდება, ამას არაფერი შეცვლის, მაგრამ კეთების ნაცვლად ჩვენ ვლაპარაკობთ და ვყვებით ისტორიულ ქრისტეზე, რა გააკეთა მან, რა გააკეთეს წმიდანებმა, ველოდებით ქრისტეს მეორედ მოსვლას და არაფერი იცვლება. დღეს ისევ მივედით იმ კრიზისამდე, რაც თქვი და აქ სცოდავს რელიგიაც, რომელიც გეუბნება, რომ ეს მიწიერი სამყარო ბოროტებაა, მას უნდა გავექცეთ, იმიტომ რომ მთავარი იწყება სიკვდილის შემდეგ. არადა, ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ არასწორი მიდგომაა, ქრისტე ამისთვის არ მოსულა და როდესაც არასწორად აწოდებს რელიგია, შიში ეუფლება ადამიანს. ის ფიქრობს: დღევანდელი კვერცხი ავირჩიო თუ ხვალინდელი ქათამი?! იქნებ ის წიწილა არც გამოიჩეკოს, თან, მის გაზრდას უნდა ველოდო... არ უჯერებს, ვინაიდან ისინი, ვინც ამას ქადაგებს, ასევე, სანთლებიანი პოლიტიკოსები, ჯვრებიანი მრევლი თავიანთი ცხოვრებით გვაჩვენებენ, რომ მიწა უყვართ. დიახ, არ გიჯერებს ახალგაზრდა, როდესაც ამას უყურებს. ქრისტე არ ქადაგებს, რომ აქ ჯოჯოხეთია და მხოლოდ იქ ვცხონდებით. ქრისტე რომ ხორცში მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ მატერია კი არ არის ბოროტება და არც სულიერი ცხოვრებაა ბოროტება, არამედ ერთმანეთის გარეშეა ერთიც და მეორეც ბოროტება. სამოთხეში ბალანსი დაირღვა, თორემ სამოთხე მიწაზე იყო. აქ კი ერთმანეთს თითქოს დაუპირისპირდა ეს ორი: სული თუ მატერია? გონი თუ სხეული? ღმერთი თუ წარმავალი ყოფა?! ეს შეცდომაა, იმიტომ რომ, როდესაც ასე დგას საკითხი, ადამიანი, უდიდესი ალბათობით, აირჩევს იმას, რასაც თვალით ხედავს. პრობლემის ფესვია ბალანსის დარღვევა: ეს ორი ერთმანეთის მტერი არ არის; სული და ხორცი ერთმანეთით უნდა გაიჟღინთოს, რომ ბალანსი აღდგეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან