რელიგია

რატომ არის სიმშვიდე ქრისტიანის უპირველესი იარაღი

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.02

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩემი დაკვირვებით, ქრისტიანები, ანუ ჩვენი საზოგადოება, რომელიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევს, მუდმივად შფოთავს და განიცდის, რომ მართლმადიდებლობას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ და უმეტესწილად მოითხოვენ აგრესიულ პასუხებს: აკრძალვებს, ჩარევებს სახელმწიფოსა თუ საპატრიარქოს მხრიდან, ვიღაცის დასჯას, თუმცა ის ვიღაც ნამდვილად უკეთურად იქცევა ხოლმე. არის თუ არა ძალისმიერი, ფიზიკური თუ კანონისმიერი, პასუხი ქრისტიანული? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რაც მე თქვენთან მაქვს ურთიერთობა, ყოველთვის მშვიდად ხვდებით ნებისმიერ დაძაბულობას, ნებისმიერის გამოხდომას. როგორ ახერხებთ ამას და, საერთოდაც, როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და რატომ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე ქრისტიანმა?

– სიმშვიდის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ვენდობით უფალს და არა – სხვას. ჩვენ ვენდობით მას, ვის ხელშიცაა მთელი სამყარო. თუ ჩვენ ამ სიმშვიდიდან გავალთ და ძალას უფალში კი არ დავინახავთ, არამედ გარეთ, ფიზიკურში, მუდამ ვიშფოთებთ და არეულობა გვექნება. გავიხსენოთ, როგორ გავრცელდა ქრისტიანობა პირველ-მეორე-მესამე საუკუნეებში?! მეოთხიდან გახდა სახელმწიფო რელიგია. წარმოიდგინე, ქრისტიანებს პირველ-მეორე საუკუნეებში რომ მოეთხოვათ, დალეწეთ კერპები, ორგიები შეწყვიტეთ, თქვენ ურჯულოებოო, რა მოხდებოდა?! ქრისტიანებს მოაქვთ ნათელი; სწორედ ეს ნათელი ანათებს ბნელს და ქრისტიანების ყველაზე დიდი ძალა არის ჯვარცმული სიცოცხლე, რომლითაც მათ დაამხვეს რომის იმპერია, არადა რომის იმპერიაში სახელმწიფო დონეზე იყო კერპთაყვანისმცემლობა, მამათმავლობა; მეტიც, თუ წარჩინებულ მამაკაცს არ ჰყავდა ბიჭები, ის ელიტად არ ითვლებოდა. დაახლოებით, იგივე მდგომარეობა იყო, რაც დღესაა და რაც ჩვენი საზოგადოების აღშფოთებასა და აგრესიას იწვევს. ჩვენ არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხვალ ამან უფრო დიდი მასშტაბი მიიღოს და რა უნდა იყოს ჩვენი იარაღი?! ქუჩის გადაკეტვა, პროტესტი და ამკრძალავი კანონების მიღება?! ეს ვერც დაგვიცავს, ვინაიდან, როდესაც სისტემა მოდის, სისტემას სისტემა უნდა დაუპირისპირო. ქრისტე სისტემას ჯვარცმულ სიცოცხლეს უპირისპირებს და ჯვარცმული სიცოცხლე, სულაც, არ ნიშნავს, პასიურობას, რომ მე არ მინდა და ეს საკმარისია. ჯვარცმული სიცოცხლე არის ნათელი, რომელიც წვავს ცოდვას და არა ცოდვილს და თვალს უხელს მას. ამდენად, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, გამოწვევაა ის, რაც ბოლო დროს ხდება. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: მე არას ვეუბნები ძალადობას, რაც უნდა გამართლება ჰქონდეს მოძალადეს. უვადო პატიმრებთან შევდიოდი წლების განმავლობაში და ისინი, როგორც წესი, თავს იმართლებენ; მეტიც, დარწმუნებულები არიან თავიანთ სიმართლეში. უმრავლესობა ამბობს, მოსაკლავი იყო და მოვკალიო. ერთმა ისიც კი მითხრა, მთელი ქალაქი მადლობას მეუბნება, რომ მოვკალი და გავათავისუფლე ისინი მისგანო. ჰიტლერიც იმავეს არ ამბობდა?! ჭუჭყისგან ვათავისუფლებ სამყაროსო. ზოგადად, ყველა ბოროტება სიმართლის სახელით მართლდება. დიდგორზე რომ ხმლით მოვიდა მტერი, ხმალი დავახვედრეთ, მაგრამ ხმლით გაიმარჯვა დავით აღმაშენებელმა?! რა თქმა უნდა, არა, დავითმა გაიმარჯვა რწმენით.

– საოცარია მისი მიმართვა ჯარისადმი: არსად არაა ნალანძღი მტერი, არც კი ახსენებს.

– დიახ, დავითი ამბობს, თუ ქრისტესთან ვიქნებით, თვით ეშმაკსაც კი დავამარცხებთო. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, ქრისტე ჩვენთან არისო, მაგრამ, მოდი, გულახდილად ვთქვათ: ვამბობთ, რომ ქართველების 80 პროცენტი მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ იმ 80 პროცენტიდან რამდენია ეკლესიური? და იმ ეკლესიურებიდან რამდენია, ვინც ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს?! შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის ჩამონათვალი რით იწყება?! ამპარტავნებით, სიზარმაცით, რითაც სავსე ვართ... სიძვა მეხუთეა. და, როდესაც ამპარტავნებისგან არ ვართ გაწმენდილები და ვამბობთ, რომ რაღაც არ გვინდა, რით უნდა დავუპირისპირდეთ იმას, რაც არ გვინდა?! ეს გამოწვევა გვაქვს ჩვენ დღეს. იუდეველები ყოველთვის მაშინ აგებდნენ ომს, როდესაც მცნებებს გადავიდოდნენ და არა იმიტომ, რომ მტერი მათზე ძლიერი იყო. ამიტომ ყოველ ჯერზე თავზე ნაცარს იყრიდნენ, გაასწორებდნენ თავიანთ ხედვას, მრუშობას შეწყვეტდნენ, განიწმინდებოდნენ და მტერი თავად შორდებოდა მათ. ასე იმარჯვებდნენ ქართველებიც. მარცხდებოდნენ მაშინ, როდესაც ერთობა არ ჰქონდათ. 1992-1993 წლებში რატომ დავმარცხდით? შიგნით არ გვქონდა ერთობა: ერთმანეთს ვებრძოდით, ნაწილი დუბაიში დაფრინავდა, აქეთ კი, აფხაზეთში ახალგაზრდები იხოცებოდნენ. ასე ვერანაირ ომს ვერ მოიგებ და ვერც მტერს მოიგერიებ. ჩვენი ძალა ქრისტეს ერთგულებაა და ქრისტეს ერთგულება არ არის ქრისტეს სახელის ძახილი. ქრისტეს ერთგულება ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაა. როდესაც მტერი ფიზიკურად ილაშქრებს შენ წინააღმდეგ, შენც ფიზიკურად უნდა იბრძოლო, მაგრამ, როდესაც იდეური მტერი მოდის, პავლე მოციქული გეუბნება, ჩვენ ხორციელად რომ ვცხოვრობთ, ხორციელად არ ვიბრძვით; ჩვენი ბრძოლის იარაღები ხორციელი კი არ არის, არამედ არის სულიერი სიმაგრეების დასანგრევად და მით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას ქრისტეს წინააღმდეგ აღმდგარსო. ანუ ამ ულტრალიბერალური საზოგადოების იდეოლოგიას, რაც სულიერია, ვამხობთ ქადაგებით, მოწოდებით, მიდგომით, რწმენით. პატრიოტიზმი მეორეულია, პირველადია ქრისტეს ერთგულება და ამ ერთგულებით იმარჯვებ შენ, იმიტომ რომ მხოლოდ პატრიოტიზმით ვერ გაიმარჯვებ. ქრისტიანის ძალა ფიზიკური ძალა არ არის (რომელიც მხოლოდ იქ უნდა გამოავლინო, სადაც გამოსავლენია, ანუ როდესაც მტერი მტრულად მოდის), არამედ, როდესაც იდეოლოგიას ებრძვი აჩვენებ უკეთესს: მოთმინებას, სიყვარულს, რწმენას. „ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე“ რას ნიშნავს? ჯვარი ჩავარტყათო?! ჯვარი ჯვარცმული ცხოვრებაა, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ, თუ გავჩერდებით, გადაგვივლიან. როდესაც მე ქრისტიანი ვარ, მაშინ მე ქრისტე ვარ. მაცხოვარი კი ამბობს, მოვედი არა დასაღუპად, არამედ გადასარჩენადო. ანუ წუთისოფელი მალე დამთავრდება და ვინც ვერ მოინანიებს, ვერც გადარჩება, ამიტომ მე, სანამ ბოლო ჟამი დამდგარა, მინდა, რომ ყველაზე ცოდვილს სიყვარული ვუჩვენო. თუ სიყვარული ვერ გადაარჩენს, მისი გადარჩენისთვის სხვა იარაღი არ არსებობს, მაშინ უმჯობესია, მან მდევნოს მე და მაწამოს, ვიდრე მე ვაწამო. პირადად მე სხვა ქრისტიანობა არ ვიცი. მე არც იმის მომხრე ვარ, რომ, მაინცდამაინც, მთავრობამ დაალაგოს ყველაფერი. მთავრობა ან დაუშვებს რამეს, ან აკრძალავს; მეტიც, ჩვენი მთავრობა, საერთოდაც, შეიძლება, ულტრალიბერალიზმისკენ გადაიხაროს. თუ სახელმწიფოს ვაკისრებ პრობლემების მოგვარებას, გამოდის, რომ მე ძალას ვანიჭებ იმას, რაც გარეთაა, ფიზიკურშია და ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ არ ვენდობი მას, ვისაც ნამდვილი ძალაუფლება აქვს. ჩვენ ნამდვილ ქრისტიანულ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ და თუ პრობლემები გვაქვს და ვაგებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ავცდით ქრისტიანობის არსს, იმას, რაც არის ქრისტიანული ძალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული