რელიგია

რატომ არის სიკვდილის შიში არა თუ ბუნებრივი, არამედ კარგიც და რატომ შეეშინდა სიკვდილის თვით ძეს ღვთისას

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.10, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მაცხოვარმა ყველა განსაცდელი ადამიანის სხეულში ადამიანური შეგრძნებებითა და სისუსტეებით გაიარა (ასეთი მხოლოდ ჩვენი ღმერთია, განსხვავებით ყველა დანარჩენი რელიგიის ღმერთისგან), რითაც მოგვცა მაგალითი, რომ, თუ მან შეძლო, ჩვენც შევძლებთ იმავეს ადამიანის სხეულებში, მაგრამ შევძლებთ კი? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- ძალიან ხშირად მიფიქრია ქრისტეს ჯვარცმაზე, როდესაც ღმერთს, რომელიც სასწაულებს ახდენს, ანუ შეუძლია, წამში გააცამტვეროს ყველა, ვინც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, აწამა და ჯვარზე გააკრა, ერთ მომენტში ეჭვი შეეპარა ღმერთში, როდესაც აღმოხდა, მამავ, მიმატოვე. ვშიშობ, მე შევძლებ იმავეს გაკეთებას, ანუ ჯვარცმას და აღდგომას?

- მოციქულების დაეჭვებულ და შიშშეპარულ შეკითხვაზე, უფალო, ვინ შეიძლება, ცხონდესო, იესო პასუხობს: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღვთისთვისო და ადრეც ვთქვით, ერთ-ერთი წმიდა მამა ჯვარზე გაკრულ უფალზე ამბობს: ქრისტეს შეეშინდა სიკვდილის, მაგრამ არ შეძრწუნდაო. სიტყვა „შიში“ სხვადასხვანაირად შეიძლება, გავიგოთ. მაგალითად, დასჯის შიში ან როდესაც გეშინია, ბეღურები არ დააფრთხო. შენ ამბობ, მეშინია, რადგან ლამის ძე ღვთისას შეეშინდაო. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იესომ კაცის როლი კი არ შეასრულა, არამედ კაცი გახდა; ადამიანის ბუნებაში, ადამიდან მოყოლებულ შიშებში, ჩვენი ყოფის ჯოჯოხეთში შევიდა და ყველაფერი აღასრულა, როგორც ადამიანმა. მას რომ ეს გაეკეთებინა როგორც ღმერთს, მაშინ ჩვენსა და ქრისტეს შორის იქნებოდა უფსკრული და აზრს დაკარგავდა ჯვარცმაც, ვინაიდან გამოვიდოდა, რომ ის ჩემი ადამიანური ბუნებისთვის შეუძლებელია. ამდენად, არათუ ბუნებრივი, ძალიან კარგიცაა, რომ სიკვდილის გვეშინია. არის რელიგიები, რომლებიც ადამიანებს ჭყიპავენ შეგონებებით, რომ სული უკვდავია და იქ ვცხონდებით; ფუნდამენტალისტური რელიგიური იდეოლოგიით ბავშვობიდან შაჰიდებად ზრდიან და უქმნიან წარმოდგენებს, რომ, თუ მოკვდებიან აქ, იქ პირდაპირ სამოთხეში გადავლენ. ადამიანები ექვემდებარებიან ასეთ რწმუნებებს და ესეც ბუნებრივია. თუმცა ასეთი უშიშრობა არც მე მინდა და არც ჩვენი უფალი გვიბიძგებს ამისკენ. ჩვენ ბუნებით უშიშრები არ ვართ, ადამიანის სულის უკვდავების შესახებ კი ძველმა ბერძნებმაც იცოდნენ. სხვათა შორის, „სახარებაში“ ქრისტე არსად ლაპარაკობს სულის უკვდავებაზე. უბრალოდ წერია, რომ ხორცი უბრუნდება მიწას, სული კი - ღმერთს. ქრისტე მუდმივად ლაპარაკობს აღდგომაზე, სხეულით აღდგომაზე; ამ დროს კი მე ყოველდღე ვხედავ ჩემი ახლობლების სიკვდილს, რომელთა სხეულები იხრწნება... და სავსებით ბუნებრივია, რომ გვეშინია. არც ქრისტე ასულა ჯვარზე მატროსოვივით. დიახ, ადამიანს შეუძლია, თავისი იდეისთვის თავი გაწიროს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ქრისტე ამ გზით არ მიდის, რომ აი, ჩვენ ვაჟკაცები ვართ და სიკვდილის არ გვეშინია, იმიტომ რომ, ამგვარად არ მარცხდება სიკვდილი და, ამ გაგებით, სიკვდილი არც არის დასამარცხებელი. სიკვდილი, როგორც გაქრობა, ადამიანის შიშის ნაყოფია. თავად სიკვდილი კი არ არის ტრაგედია, არამედ ის, რაც დავიჯერეთ - რომ სიკვდილი ბოლოს უღებს ჩვენს არსებობას. რატომ დავიჯერეთ? იმიტომ რომ, ჩვენი არსებობა გავაიგივეთ ბიოქიმიასთან, სხეულთან, რომელიც ქრება და, რაკი თვალით არ ჩანს, რა ხდება იმის იქით, არ მჯერა, რომ ფიზიკური სიკვდილის იქით რამე არსებობს. აი, აქედან მოდის სიკვდილის შიში. ხოლო ქრისტე ადამიანის სხეულში გვაჩვენებს, რომ ეს სიკვდილის შიში შემოიტანა ცოდვამ, რომელშიც ვცხოვრობთ, ანუ ცოდვაა სიკვდილის ნესტარი. რა არის ცოდვა? აცდენა ოქროს კვეთისგან, ანუ ღმერთისგან, როდესაც იქმნება ყალბი სიცოცხლე; ადამიანი მთვრალია, სიზმარშია, ქმნის სისტემას, რომლის ცენტრიც თავადაა, მაგრამ ეს ყველაფერი უსიცოცხლოა, ილუზიაა. ადამიანი ბრუვდება და სწორედ ამის ბოლოა სიკვდილი. იმიტომ რომ, ეს მდგომარეობა არ იკვებება სიცოცხლით, მხოლოდ ადამიანის ტვინში ხდება. რით მოიწამლა ადამი, რამაც მოწყვიტა ის სიცოცხლისგან? თუ თავდაპირველად იყო ღმერთის სიტყვა, ამას შეეხე, იმას ნუ შეეხები, განვითარდები და სულ დარჩები სიცოცხლეში, ოღონდ ნებაყოფლობით და არა მექანიკურად, მერე შემოვიდა სხვა სიტყვა, გველის სიტყვა: შენ იქნები, როგორც ღმერთი. რას ნიშნავს „როგორც ღმერთი“? ეს არის მცდელობა, რომ ადამიანმა ღმერთის გარეშე შექმნას „ღმერთი“ თავისი თავისგან, ანუ მას დაეკარგა ღვთის შიში. და ცოდვით დაცემულმა ადამიანმა, „როგორც ღმერთმა“, შექმნა წარმოსახული სამყარო, რომელშიც თავადაა „ღმერთი“, ამის ბოლო კი სიკვდილია, იმიტომ რომ, ეს გამოგონილი სამყაროა, შთაგონებული გველის სიტყვით. დიახ, ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანს ეცხოვრა ამ ილუზიაში. რატომ? იმიტომ რომ, ადამიანი თავად მოსულიყო გონს. ადამიანს შეიძლება, შთაგონებით ან პრეპარატებით გაუქრო სიკვდილის შიში, მაგრამ ეს ხელოვნურია. ძროხა სასაკლაოზე დგას და იცოხნება, არადა 2 წუთში თავს მოკვეთენ, მაგრამ ეს ხომ უშიშრობა არ არის?! სიკვდილი დაიძლევა, როდესაც შედიხარ სიკვდილში. რა პროპორციითაც დაშორდა ადამიანი ღმერთს და შექმნა თავისი „სიცოცხლე“, ზუსტად იმ პროპორციით განიცდის სიკვდილს, როდესაც გამოდის ამ თავისი ილუზორული სამყაროდან. აი, ესაა სიკვდილი - შენ უკვდები იმას, რაც თავადვე შექმენი და სიკვდილს განიცდი სრულად! რით ერევა ამას იესო? იესომ იცის, რომ ამ ყალბი სიცოცხლის მიღმა არის დიდი სიცოცხლე და ეს რწმენა აძლევს ძალას, რომ მოუკვდეს ხელოვნურ სიცოცხლეს. სწორედ ისაა იესოს გმირობა, რომ არ გაურბის ამ სიკვდილს. ჯვარზე რომ გააკრეს, თქვა, მწყურიაო და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიაწოდა ჯოხით, მაგრამ იესომ პირი აარიდა, იმიტომ რომ ძმარი ტკივილგამაყუჩებელია. იესო არ უხუჭავს თვალს სიკვდილს, არ გაურბის, არ ბრუვდება, არ ცდილობს, რომ რაღაც აფირმაციებით გააქროს. იესომ სძლია სიკვდილის შიშს იმ დიდი ხსოვნით, რომ ამ სიკვდილით შექმნილი სამყაროს მიღმა არის დიდი სიცოცხლე, მაგრამ იქამდე შავეთის ველი უნდა გადავიარო, ვინაიდან ჩემი სხეული ამისგანაა შედედებული. იესოსაც სტკივა ეს სხეული, სრულად განიცდის სიკვდილის შიშს. იესო ამბობს, ჯვარს გამაკრავენ და აღვდგები, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ აღიქვამს ამას მისი სხეული. გეთსამანიის ბაღში ასახულია ჭიდილი ადამიანურსა და ღვთაებრივს, მამის ნებას შორის. ადამიანი ამბობს, ვნება მომერიაო. ტყუილია! ვნება იმიტომ მოერია, რომ ნებამ მიუშვა. თუ ინებებს, ადამიანი ერთ წამში გათავისუფლდება, მაგრამ ნებას აღარ უნდა, იმიტომ რომ, ვნება შეუყვარდა. აი, ესაა ადამიანის უბადრუკობა და ამიტომაა, რომ ვერანაირი შთაგონებით, მედიტაციით, ფილოსოფიური მსჯელობით, მორალითა თუ ზნეობით ვერ გავთავისუფლდებით აქედან - მხოლოდ ჯვარცმით. ქრისტემ აი, ეს სიკვდილის სხეული, რომელშიც იყო სიკვდილის შიში, აიტანა ჯვარზე და გააუქმა. ეს რომ გაუქმდა, ჩავარდა დიდ სიცოცხლეში, წერია: მოკვდა, როგორც ძველი ადამი და დარჩა ის, რაც იყო ნამდვილი, რასაც რწმენითა და ნებით ჭვრეტდა. რაკი სიკვდილი განიცადა, როგორც ადამიანმა, ჩემთვის ქრისტე მაგალითია, მე უკვე ვიცი, რომ ადამიანის ბუნებამ იესოში სიკვდილი დაამარცხა და ამიტომ იმავეს ვაკეთებ. აი, ესაა სწორედ ნათლისღება. ქრისტესთან ერთად ვიმარხები სიკვდილში ნათლისღებით და როგორც ქრისტე აღდგა, ისევე აღვდგები მე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა