რელიგია

რატომ არის შესაძლებელი შეურიგებლების შერიგება მხოლოდ ჯვარზე

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.06

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ბიბლიური ისტორიები ჩვენი სულის ისტორიებია და, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რაც დღეს საქართველოში ხდება, როგორ არის აღწერილი წმიდა წერილში და რა შეიძლება, იყოს გამოსავალი გახლეჩილი საზოგადოების გასამთლიანებლად? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ქრისტეს ჯვარი არის ტკივილი, როდესაც მას უნდა შეურიგებლის შერიგება. პავლე მოციქული წერს, ქრისტემ გააუქმა მცნებათა რჯული, მტრობა მოკლა ჯვარზე და ჩვენ, ყველანი, დაპირისპირებულები, იქ მოგვათავსა. რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ არის ერთი ქართული სული, რომელშიც შემოდის ქრისტე პირველივე საუკუნიდან; ხორცს ისხამს, გამთლიანებისკენ მიჰყავს და ის, რაც ზედაპირზე ხდება, ეს არის არარეალიზებულობის გამოძახილი, იმიტომ რომ ორი არც არსებობს. არსებობს ერთი ქართული ცნობიერება, რომელშიც ქრისტეს სული ხორცს ისხამს, რომ გამთლიანდეს და აღდგეს ჩვენგან. მე ასე ვხედავ იმ დიდი საქართველოს დაბადებას, რომელიც ვერ ეტევა კანში ამ ორმაგობის, ამ დაპირისპირების გამო, რომ ერთი ნათლისვეტის, ქრისტეს სიყვარულისა და სიბრძნის ქვეშ დამშვიდდეს და გამთლიანდეს. მაშინ კავკასიაც დამშვიდდება და სამყაროც დამშვიდდება. ჩვენი საუბრების მიზანიც ეს არის, რატომ განვიხილავთ წმიდა წერილებს?! რომ ის ერთიანი აღმოვაჩინოთ ჩვენში, რომელიც გვამთლიანებს, მიუხედავად დაპირისპირებულობისა და შეურიგებლობისა, რაც გარედან ჩანს. ამის მიღმა იმალება ის, რაც ამ ფრაზაში იგულისხმება: არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ. გავიხსენოთ, რას წერდა ილია ჭავჭავაძე და ამას წერდა ერთიან ქართულ სულზე: „მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული, შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.“ ეს ერთი სული მოდის, რომ ხორცი შეისხას და ერთ სხეულად აღდგეს. აღდგეს ქართველ კაცად, რომლის ნიმუში გვაქვს ქრისტეთი დაწყებული და „ვეფხისტყაოსნით“ გაგრძელებული და რასაც ვუახლოვდებით ამ ჭიდილებით, რომ, საბოლოოდ, ჩამოშალოს ის, რაც გვყოფს. ორივე მხარე ერთნი ვართ. ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ის თემები, რომლებსაც განვიხილავთ. იმიტომ რომ, რასაც ვაკეთებთ, იმ მიზნით ვაკეთებთ, რომ ხედვა გავიღრმაოთ და უფრო ღრმად შევიდეთ ქრისტიანობაში, რასაც ვერც ერთი პოლიტიკური მხარე ვერ შეცვლის.

მუდმივად ვიმეორებ, რომ „ბიბლიაში“ აღწერილი ამბები ჩვენი სულის ისტორიებია და, რაც ახლა ხდება, ესეცაა იქ აღწერილი. ერთ მაგალითს მოვიყვან და თავადაც მიხვდები: როდესაც ებრაელები ეგვიპტიდან გამოდიან, მონური ცნობიერება აქვთ. ფაქტობრივად, ძალით გამოიყვანა ისინი ღმერთმა, სასწაულებით იმოქმედა. არადა, მართალია, სხეულით გამოვიდნენ ეგვიპტიდან, მაგრამ მათგან ეგვიპტის გამოსვლას 40 წელი დასჭირდა. ანუ ერთია მონობიდან ფიზიკურად გამოსვლა და მეორე – მონური სულის გასვლა მათგან, რასაც 40 წელი დასჭირდა. წერია, რომ მათი ძვლები, ვისაც ეგვიპტე ახსოვდა, უდაბნოში დაიყარა. ეს იმის სიმბოლოა, რომ ჩვენი ყველა ნაფლეთი, რასაც კი მონური ცნობიერება ახსოვს: ჩვენი ხასიათები, ჩვევები, თვისებები, ყველაფერი, რაც ეგოთია შექმნილი, უნდა გადავყაროთ და დავცარიელდეთ. უდაბნო სიცარიელეა, სადაც მხოლოდ ხმა ისმის და ამის შემდეგ იწყება ქანაანი – სამყაროს ახლებურად აღქმა. როდესაც ეგვიპტიდან გამოდიან, წყალს ითხოვენ და მოსეს ეწუწუნებიან, წყალი არ არის, ტყუილად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, იქ ყველაფერი გვქონდა, ხორცი, ხახვი, საჭმელი. ისევ უკან დაგვაბრუნეთ. აბა, გაიხსენე შენი შინაგანი ხმა როგორ გეწუწუნება ხოლმე?! და ღმერთმა მოსეს უთხრა, დაარტყი კლდეს ორჯერ კვერთხი და წყალი გადმოვა. მართლაც, დაარტყა მოსემ კლდეს კვერთხი და გადმოვიდა წყალი. დალიეს. გადის 30 წელი, იბადება ახალი თაობა, რომელმაც ეგვიპტე არ იცის და წყალი ისევ არ არის, არადა ქანაანი უკვე ახლოსაა. მოსეს ეუბნებიან, რომ მოსწყურდათ. ღმერთმა უთხრა მოსეს, გაიშვირე კვერთხი კლდისკენ და გადმოვა წყალი. პირველ ჯერზე რა უთხრა? დაარტყი კვერთხიო. მეორედ კი, ერთ-ერთ ებრაულ თარგმანში წერია, დაელაპარაკე კლდესო. მოსე გაბრაზდა, მე უნდა დავალევინო ამათ წყალიო და ორჯერ დაარტყა კვერთხი კლდეს. წყალი გადმოვიდა, მაგრამ, პირდაპირ თუ გავიგებთ დაწერილს, თითქოს მოსე გაბრაზების გამო ვერ გადავიდა ქანაანში, სინამდვილეში კი სულ სხვა რამაა და ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.

რატომ ეუბნება ღმერთი ერთი და იმავე შედეგის მისაღწევად ორი განსხვავებული ქმედების ჩადენას?! კვერთხი დაარტყიო, რადგან მონებთან ლაპარაკი არ შეიძლება, მონებს უნდა ელაპარაკო იმპერატიულად, აკრძალვებით, სასჯელებით. ბავშვებს როგორ ველაპარაკებით? იმპერატიულად, იმიტომ რომ მივუთითებთ, როგორ უნდა მოიქცნენ, ვინაიდან ბავშვმა არ იცის. სხვათა შორის, მითითებას ჩვენ მივანიჭეთ სასჯელის მნიშვნელობა, თორემ მითითება, სინამდვილეში, გვეხმარება. ხომ გახსოვს, პირველი თაობა ამბობდა, რატომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდანო. ახლაც ხომ მოგვისმენია, რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი, რა იაფი ღირდა ყველაფერი?! უკან – საბჭოთა კავშირისკენ ეგვიპტის ცნობიერებაა და, თუმცა ჩემი თაობის ხალხს ახსოვს რაღაც-რაღაც სიკეთეები, მაგრამ უკან დაბრუნება არ შეიძლება, წინ უნდა წახვიდე – ქანაანში. ახალმა თაობამ არ იცის ეგვიპტე და როგორ მოისაკლისონ?! 40 წლის განმავლობაში რით იკვებებოდნენ?! რა ესმოდათ მუდმივად პატარებს? რატომ გამოვიდნენ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დაიხოცონ?! რატომ შევეწირეთ ქართველები ქრისტიანობას? ამდენი წამებული, ამდენი წმიდა მამა რომ გვყავს, ილია ჭავჭავაძე თუ შოთა რუსთაველი, ამაო იყო? რისკენ მივდივართ?! მარტო ეგვიპტიდან გამოსვლაა საქმე?! სადაა ქანაანი?! ტყუილად ვეწამეთ?! ქანაანის მოთხოვნილება აქვს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა კითხულობს, სად არის შეპირებული ქანაანი?! მას ეგვიპტე აღარ უნდა. ის უნდა, სადაც ფინიკებია, ლეღვია, ბროწეულია, ყურძენია. ყურძნისგან ღვინო იწურება და ეს უკვე ახალი მდგომარეობაა. წინა თაობა რას ითხოვდა? ხორცს, ხახვს, დღედაღამ მუშაობას, მაგრამ საჭმელი გვქონდაო. ამიტომ ეუბნება ღმერთი მოსეს პირველ ჯერზე, დაარტყი კვერთხიო, მეორედ კი – დაელაპარაკეო. ჩვენ კი ისევ იმპერატიული ტონით ვლაპარაკობთ. ეს ენა არ ესმის ახალ თაობას. ახალგაზრდა სტიქიაა, მას საზღვრები არ აქვს და სწორედ ეს არის სიცოცხლე. თორემ მკვდარი წესრიგი რად გვინდა ან მკვდარი რელიგია?! ქრისტე ხომ ამბობს, შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ, გარედან ლამაზები ხართ, შიგნიდან დალპითო. ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ უბრალოდ, პატიოსნები ვიყოთ გარედან?! ქრისტე სიცოცხლეა და ეს სიცოცხლე მოღელავს. ნორმალურ მდგომარეობაში არასდროსაა, ხან გაყუჩდება, ხან რაღაცას მოგლეჯს. ამ ახალ თაობას უნდა დავეხმაროთ, რომ კალაპოტი მივცეთ. უნდა დაელაპარაკო, ზემოდან არ უნდა უყურო, ქრისტე უნდა დავინახოთ ჩვენს ახალგაზრდებში, როგორებიც უნდა იყვნენ ისინი ახლა. ქართულ სულს, რომელიც მოდის, მტვერი დაუგროვდა და გადაფარა. ესაა, რომ გვაცოდვილებს. ეს უნდა ჩამოიშალოს და ამას მხოლოდ დიდი სიყვარული ჩამოშლის. შეიძლება, ისინი ძალიან თავაშვებულები არიან, მაგრამ დაეხმარე შენი გამოცდილებით, რომ მართონ ეს ენერგია და იგივე არ დაგვემართოს, რაც 90-ანებსა და შემდგომ წლებში. მამების გამოცდილება და შვილების სიცოცხლისუნარიანობა უნდა შეერწყას ერთმანეთს. ამით შევუწყოთ ხელი ქანაანში ჩვენს გადასვლას, ჭეშმარიტად სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები ვშვათ ტკივილითა და ჯვარცმით, იქნებ სწორედ ის საქართველო იბადება ამ ჯვარცმით, რომელსაც მოველით?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა