რელიგია

რატომ არის საქართველო დაღდასმული მესიანიზმით

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

და თუმცა ღმერთს ვერც ვერავინ მოერევა და ვერც მის ნებას გადავა, რაოდენ დიდი მიწიერი ძალაუფლებითაც უნდა იყოს აღჭურვილი ესა თუ ის ადამიანი, ფაქტია, პრობლემაა ურწმუნოებაც და მოჩვენებითი მორწმუნეობაც. განსაკუთრებული პრობლემა, ალბათ, მაინც ახალგაზრდების გაუცხოებაა ეკლესიისგან. რა შეიძლება, იყოს გამოსავალი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ აღმოჩნდა თანამედროვეთათვის ავტორიტეტული ლიბერალური ფასეულობები, რითიც დაიჩრდილა რწმენა?

– ცოტა შორიდან დავიწყებ... ამ სიტყვებისთვის:

„აყვავებულა მდელო,

აყვავებულა მთები,

მამულო, საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები.“

ილია გააკრიტიკეს, მეცხრამეტე საუკუნეში ხომ ათეისტები იყვნენ და გაიკვირვეს: მდელო თუ აყვავდა, მთა თუ აყვავდა, ეს მამულო აყვავდები რაღა არისო. არადა, ილიას მამული ბევრად მეტი იყო, ვიდრე კონკრეტული მამულები. აი, ასეთი მამულიშვილები გვინდა, პირდაპირი გაგებით. რატომ იკლავდა თავს ეკლესია დიოფიზიტობაზე, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი?! სხვა რელიგიებიც არსებობს, მაგრამ მათში ჭარბადაა სულიერება და მიწა – ეს არის სატანის ადგილი, ამიტომ, იქ, სადღაც, ზეცაში წავალთ. სხვათა შორის, ჩვენც დადაღულები ვართ საიქიოთი: თუ მაზიარებელი ხარ, მოძღვარი გყავს და მარხულობ, უკვე საიქიოს კანდიდატი ხარ, არადა, აქ თუ არ დაიხარჯე, იქ არავინ მიგიშვებს. ქრისტე გეუბნება, მოყვასი გიყვარდეს და ღმერთის სიყვარული ამით გამოავლინეო. აი, რა არის მამულის სიყვარული? სწორედ ეს პრობლემა აქვთ დღეს ახალგაზრდებს: თანამედროვე ულტრალიბერალური აზროვნებით, ადამიანი გაიგივებულია სხეულის მასასთან და ამიტომ უნდა მიაღწიო პიროვნულ წარმატებებს: ფული დააგროვო, ყველაფერში პირველი იყო და საქართველო რად გვინდა?! საქართველოში არ იცხოვრება, აქ რა მაცხოვრებს?! შიმშილია, გაუტანლობაა. თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება გაუტანლობა, თუ ყველამ ასე ვილაპარაკეთ.

სხვა თემაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველო დაღდასმულია მესიანიზმით. ქართულ შემოქმედებას ეს ყველგან წითელ ხაზად გასდევს. მაგალითად, რა არის „ბაზალეთის ტბა“?! უბრალოდ ლექსია?!

„იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,

ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღედაღამ მოელის

ჩუმის ნატვრითა ქართველი“.

რას ნიშნავს ეს?! ელის კი დღეს იმ ყრმას ქართველი?! ის ყრმა ხომ ფიზიკური ყრმა არ არის?! ეს შენშია, რაც მეტია, ვიდრე ფიზიკური გადარჩენა. აი, ესაა იესო შენში! ის მარტო მიწის კაცი არ არის, ზეცის კაციც არის. ორივე უყვარს: მიწაც და ზეცაც და ჯვარზე იგლიჯება, იმიტომ რომ ეს სიცოცხლეც უყვარს და არ უნდა სიკვდილი, მაგრამ იცის, რომ იქიდან მიეცემა დიდი სიცოცხლე და აღდგება. იესოს აღდგომა ზუსტად ეს არის: შენ ამთლიანებ ცასა და მიწას. აი, ვინ არის კაცი: მატერია და სული. ცალკე სულიც მკვდარია, თუ ფეხი მიწაზე არ გიდგას, თუ არ განცხორციელდი და მხოლოდ ლაპარაკობ. მეორე მხრივ, თუ მიწიერი ხარ, მაგრამ პროექტი არ იცი, ანუ რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, სად მიგიყვანს და მარტო ჭამა-სმას ეძალები, ესეც ჭირია. მაგრამ, თუ შენს არსებაში ამ ორს, ამ მატერიას, მიწას და სულს გაამთლიანებ, ამაღლებულ გონით საწყისს დაუქვემდებარებ, სწორედ იმ საქართველოს მიიღებ, რომელიც ქრისტეს ნათლით იქნება გაბრწყინებული.

იქნებ ეს არის ჩვენი მისია, ეს არის საქართველოს მისია?! იქნებ ამიტომ იკლავდნენ თავს ჩვენი წინაპრები?! აბა, რას ეწირებოდნენ: საჭმელსა და სასმელს?! საჭმელს ყველგან შეჭამდნენ. თუ ეს ჩვენში ცოცხალია, მაშინ საქართველოც ცოცხალია. წარსული, აწმყო და მომავალი ტვინშია, არასრულყოფილებაშია. სინამდვილე არის აწმყო, სიცოცხლე აქ და ახლაა. სიცოცხლე არ შეიძლება, სადღაც იყოს – ღმერთი სიცოცხლეა. აი, სწორედ ეს სიცოცხლეა ჯვარცმული ქრისტე. რითაა ჯვარცმული?! ჩვენი ტვინებით, ჩვენი ეგოისტური ზრახვებით, რომლებიც ტანჯავენ სიცოცხლეს, რათა აღვადგინოთ სიცოცხლის მთლიანობა. ისევე, როგორც ცეცხლი არსებობს ორ სტიქიაში: ცეცხლს შეშა უნდა, თუ შეშა არ არის, ცეცხლი გაქრება, ასეა ესეც: ორი პარამეტრია, სული და მიწა. ის უნდა მოეკიდოს ამას და მაშინ შედგება კაცი. ამიტომ არ არის ქრისტე ისტორიული პიროვნება. იესომ სწორედ ეს პათოსი მოიტანა.

მეორედ მოსვლას რომ ველოდებით, ქრისტე ციდან კი არ მოვა?! იმ სიყვარულს, რაც იესომ დათესა ჩვენს გულებში, უნდა შეესხას ხორცი. ეს უნდა მოხდეს, თორემ სიტყვა სიტყვად დარჩება. იქნებ ეს მისია აქვს საქართველოს?! ქრისტეს მეორედ მოსვლაა, რომ მიწას განაგებდეს ქრისტესმიერი სიყვარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, აუცილებლად გვჭირდებოდა იდეოლოგია და ეს იყო მართლმადიდებლობა. ამიტომ დიდმა და პატარამ მართლმადიდებლობა ავიტაცეთ, როგორც დროშა, იდეოლოგია, მაგრამ ქრისტიანობა ხომ არ არის იმის დაფიქსირება, რომ ნაზიარები ხარ?! თან, ზიარება ხომ იმას ნიშნავს, რომ ეზიარე ქრისტეს, ანუ უკვე ქრისტე ხარ?! მაგრამ სად არის ქრისტე ჩემში?! სად არის ქრისტესმიერი ნათელი ჩემში?! მოკლედ, 90-იანებში ეს პათოსი იყო და ახლა უკვე ის დრო მოვიდა, რომ მონათლულთა და მაზიარებელთა რაოდენობებს კი არ უნდა ვითვლიდეთ, არამედ ცნობიერებით, სიცოცხლის სიჭარბით უნდა ვმოქმედებდეთ: დაე, ნათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა. აი, ესაა ჩვენი გადარჩენა და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ეს პროცესები იწყება. ამიტომ ვურჩევ ყველას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებიც ათეიზმში მირბიან, იმიტომ რომ შეიძლება, ვერ ნახა ეკლესიაში ის, მას რომ წარმოედგინა, ისეთი მღვდელი და სულიერება, არ გაებუტონ ღმერთს, არადა ერთგვარ ტრენდად იქცა, თქვან, ათეისტები ვართო. თითქოს დაიზეპირეს ეს ფრაზა. მე მესმის მათი, იმიტომ რომ, როდესაც სიმართლეს ეძებ და სიყალბეს დაინახავ, ამის ალტერნატივაა, რომ მაშინ არ გინდა რწმენა. ამიტომ მე ვურჩევ ახალგაზრდებს, რომ გული ასე ადვილად არ გაიტეხონ და გარეგნულს არ უყურონ, არამედ ეძებონ... ეკლესიაში ყოველთვის იყო ბრძოლა ზედაპირულ მსახურებასა და შინაგანში. ქრისტეს დროსაც ასე იყო და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ ამბობს ქრისტე, ეძებეთ და იპოვითო. ესე იგი, ადვილად ნუ დაბრკოლდებით, ეძებეთ და იპოვით ჯერ პატარ-პატარა ნატეხებს, შემდეგ ეს ნელ-ნელა გაიზრდება და, როგორც ახლა დაიხევს უკან ზამთრის ნარჩენები და გაზაფხული მოვა, ასევე, ახალი სიცოცხლე აღმოცენდება იმ ძველიდან.

ნუ წავალთ რევოლუციების გზით: აგრესიასა და სიძულვილზე აშენებულ სამყაროს მორიგი აგრესია ანგრევს, არ გვინდა ეს გზა, თუმცა ქრისტეც რევოლუციონერი იყო, ანუ მეამბოხე, ოღონდ შინაგანი რევოლუციონერი. ჯვარზე თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვებს; თავად მაღლდება განპირობებულობაზე, ცოდვებზე, როგორ სხეულშიც ის იყო და სჯერა დიდი სიცოცხლის. აი, ეს არის რწმენა და ჯვარცმა. ქრისტე მარტო რჩება, მოწაფეებმაც კი უღალატეს, ხალხი ყვირის, დასცინის, მწიგნობრებიც, ფარისევლებიც, პილატეს ინსტიტუტი, მაგრამ მაინც ერთგულია! რისი ერთგულია?! სჯერა ღვთაებრიობის და სიკეთის გამარჯვების, თუნდაც, თავის თავში. აი, ეს გადაარჩინა! ეს არის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე: საკუთარი ნათლით გაანათო ეს ბნელი და არა ის, რომ ბნელს გარედან ებრძოლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი