რელიგია

რატომ არის ომი განსაწმენდელი, ხოლო სიძულვილი - იძულებითი სიყვარული

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.11, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი და რატომ უმტკიცებენ საკუთარ ეთნიკურ, გვაროვნულ, სახელმწიფოებრივ, კულტურულსა და რელიგიურ სიმართლეს? და რატომ ვერ ახერხებენ ქრისტიანებიც კი, თუმცა მათი რელიგიის საძირკველი სიყვარულია, არათუ მათგან განსხვავებულის, ერთმანეთის მიღებასაც კი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რას ვერ იყოფენ არათუ სხვადასხვა, ერთი რწმენის ადამიანებიც კი?

– სანამ კაცობრიობა არ მიხვდება, რომ ყველანი ერთნი ვართ, მანამდე ეს დაპირისპირებები კიდევ უფრო გაღრმავდება. ამის კლასიკური ნიმუშია ის, რაც დღეს ხდება: ორი ერი, უკრაინა და რუსეთი, უპირისპირდებიან ერთმანეთს, არადა თითქმის ერთი ერია, საუკუნეების განმავლობაში ერთნი იყვნენ; ვინ დაყო და დაადგინა, სად მთავრდება უკრაინა და სად იწყება რუსეთი?! არადა ვერც ვერასდროს გაარკვევ, ვინ სად ცხოვრობდა და ვინ იყო, რუსი თუ უკრაინელი. ერთი და იმავე სარწმუნოების ხალხი მოსისხლე მტრებადაა გადაკიდებული და ხოცავენ ერთმანეთს. რის გამო?! ერთი ამბობს, მე უკრაინელი ვარ; მეორე ამბობს, მე რუსი ვარ და რა იდენტობაა ეს?! უკრაინელისა და რუსის მიღმა ისედაც ერთნი არიან სარწმუნოებით და ამას გარდა, ყველანი, ისედაც ერთი ადამის მოდგმა, ერთი ღვთის შვილები ვართ. სწორედ ამ ვექტორს გვაძლევს ქრისტე და კაცობრიობა ნელ-ნელა აქეთკენ უნდა გადაეწყოს. დარწმუნებული ვარ, ამ ომის შემდეგ მშვიდობა დამყარდება, ადამიანები გაიხსენებენ, ვინ არიან და დაივიწყებენ სიძულვილს, ვინაიდან ეს ომიც ჩამორეცხავს დაგროვილ სიძულვილს და, სხვათა შორის, ომები შემთხვევით არ იწყება. ომს ღმერთი არ უშვებს. ომი ჯერ ადამიანების შიგნით იწყება, როდესაც იზრდება ერთმანეთის მიუღებლობა, ერთმანეთისადმი სიძულვილი და აგრესია, იგივე ხდება ოჯახის წევრებს, ცოლსა და ქმარს შორისაც და ერთ დღეს ის, რაც შიგნითაა, ამოხეთქავს. მეტიც, ომი რომ არ მოხდეს, უარესიცაა, იმიტომ რომ შიგნით დაგროვილიც ომი და სიკვდილია. ქრისტე ამბობს, კაცი თუ გძულს, კაცისმკვლელი ხარო. ამიტომ ეს ომი, რომელიც გარეთ გადმოიფრქვა, გაწმენდს ადამიანებს შორის დაგროვილ ნაგავს, ისევე, როგორც ქირურგიული ჩარევით სუფთავდება ორგანიზმი და ამას დიდი მონანიება, დიდი განსაწმენდელი მიჰყვება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთი მხრივ, ებრაელებმა სახელმწიფო შექმნეს და, მეორე მხრივ, გერმანელები დღესაც კი კომპენსაციას უხდიან ებრაელებს, იმიტომ რომ იმდროინდელ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას დღესაც გრძნობენ და ინანიებენ. მეტიც, სრულიად შეიცვალნენ: თუკი დაუნდობლები იყვნენ ჰიტლერის დროს და გამო, დღეს ყველა ერს, ყველა იდენტობას უღებენ კარს უღებენ და უანგაროდ ემსახურებიან.

შესაბამისად, თუ ჩვენ იმ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რაც ქრისტემ გვითხრა, შენი მოყვასი ის არის, ვინც დახმარებას გთხოვს და მას არც ეროვნება აქვს, არც რელიგია, არც სოციალური სტატუსი, მაშინ აი, ეს სიმკვრივეები: რელიგიური, ეროვნული, სოციალური გაიცრიცება და მოიშლება. მაგალითად, ინტერნეტმა უკვე მოშალა სივრცის საზღვრები – უსაზღვრებოა დედამიწა და, ამდენად, ჩვენი გულიც უნდა გამთლიანდეს. გონს უნდა მოვიდეთ გულითაც, ბოლოს და ბოლოს, რა გაგვაჩნია?! ერთადერთი დედამიწა, რომელიც თავზე გვენგრევა და ყველანი გავქრებით, თუ არ მივხვდებით, რომ სიყვარულის ხელი უნდა გავუწოდოთ ერთმანეთს, სიყვარულით გავამთლიანოთ სამყარო და დავეხმაროთ ერთმანეთს. რადგან ქრისტემ ეს თქვა, დარწმუნებული ვარ, მისი სიტყვა თავის ნაყოფს გამოიღებს. და არ იფიქროთ, რომ განსხვავებები გაქრება: ყველაფერი დარჩება, როგორც არის, მაგრამ გვეცოდინება, რომ ერთის შვილები ვართ ყველანი და ერთმანეთს მივიღებთ ისეთებად, როგორებიც ვართ. მრავალგვარობა ერთმანეთს კი არ გადაგვკიდებს, არამედ გაგვამდიდრებს.

– ეს სიძულვილი სად წავა ან საიდან მოვიდა? რაც უნდა განსხვავებული იყოს სხვა, როგორ უნდა აზვირთებულიყო ამხელა სიძულვილი?

– ვიმეორებ, სიძულვილი ნაწილობრივი ხედვის შედეგია, ნათლობისას ვამბობთ: ნათელს იღებს მონა ღვთისა... აი, იმ ნათელში ქრება სიძულვილი; როდესაც ნათელია, ერთი ვარ ყველასთან, მაგრამ, როდესაც ჩემში ნაკლები ნათელია, როდესაც ვერ აღვიქვამ თავს, როგორც ღვთის ძეს და ჩემი თავი მხოლოდ ბიოლოგიურ, კულტურულ არსებად, ამ ეპოქის, ამ სივრცის, ამ ერის, ამ რელიგიის წარმომადგენელი მგონია, მაშინ ის მეორე სხვაა, რაც ტყუილია. იმიტომ რომ, როდესაც სინათლე არ მყოფნის, მაშინ ვაიგივებ თავს ტომთან, გვართან, ერთან, რელიგიასთან, მაგრამ ეს გასავლელი ეტაპებია. გაიხსენე: ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა, არ არის არც იუდეველი, არც ელინი, არც სკვითი, არც ბარბაროსი, არც ღარიბი, არც მდიდარი... ეს ის მიმართულებაა, რაც ჩვენში უნდა განხორციელდეს, რასთანაც უნდა მივიდეთ. ის ყველაფერი, რაც ჩამოთვლილია, გადასალახია, უხეშად რომ ვთქვა, ეს ყველაფერი სამუშაო კოსტიუმებია, ვიდრე მოვმწიფდებით და იმ შეგნებამდე მივალთ, რომ ერთნი ვართ. მაშინ ეს ყველაფერი ჩამოიშლება და სიძულვილიც ჩამოიშლება, ვინაიდან სიძულვილი გაუცნობიერებელი სიყვარულის ენერგიაა, ვიდრე ის სრული სინათლე არ მოვა. სიძულვილი იძულებითი სიყვარულია, ანუ სანამ სრულ მიმღებლობამდე მივალთ, ვაიძულებთ ერთმანეთს, მივხვდეთ, რომ ერთნი ვართ.

– ანუ ვცდილობ, დავიმსგავსო, იმიტომ რომ ერთნი ვიყოთ.

– დიახ, იძულებითი სიყვარულია სიძულვილი. დიახ, ესეც სიყვარულია, ოღონდ მიზანს აცდენილი! სიყვარულის ენერგიაა სიძულვილიც, უბრალოდ მწარე ფორმით ვლინდება. სიძულვილი და აგრესია, ეს არის დაჟინებული სიყვარულის მოთხოვნა ადამიანისგან, როდესაც ის ნებაყოფლობით არ გაღიარებს და არ გიღებს, როგორც მოყვასს, ამიტომ ტკივილს გაყენებს, რომ გონს მოგიყვანოს, ვინაიდან სხვა გზა არ აქვს. მაგრამ, როცა გავიზრდებით, მოვმწიფდებით, იძულება აღარ იქნება საჭირო, სრულ სიცხადეში სიყვარული თავის თავდაპირველ ფორმას დაუბრუნდება და ყოველგვარი ტკივილის მიყენების გარეშე იქნება გამამთლიანებელი ძალა, მაგრამ ამ მდგომარეობამდე, გულითა და გონებით ერთიანობის შეგრძნებამდე, იძულებით მივყავართ. და აი, სწორედ ეს არის კაცობრიობის სრული სიმწიფე! სწორედ ეს დავინახეთ ქრისტეში! ვინ არის ქრისტე?! ერთი კაცი ყველაფრის მიღმა და ჩვენ მისკემ მივდივართ. რა ჯიშის მარცვალიც დაითესა თავში, იგივე უნდა მივიღოთ ბოლოშიც! ქრისტეა პირველი კაცი და ბოლო კაციც სამყაროში ქრისტე იქნება და აი, ეს არის ქრისტეს მოსვლა ჩემში, ვინც შევძლებ ჩემს თავზე ამაღლებას. სამყარო უკვე გაერთიანებულია ციფრული ტექნოლოგიებით, ახლა გულის დრო უნდა დადგეს! გულიც, რომელიც ამ ცნობიერ, ინფორმაციულ ერთობას შეგნებულ, სიყვარულის ერთობად აქცევს, როდესაც გამთლიანდება გარეგანი ტექნიკური და შინაგანი გულისა და გონების ერთობა, სამყარო მიაღწევს იმას, რისთვისაც ის შექმნა ღმერთმა, ადამს რომ უთხრა, სამოთხედ აქციეთ დედამიწა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი