რატომ არის მტრის გასაქრობად აუცილებელი მისი შეყვარება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 08.01
რატომ დასრულდა იაკობისა და ესავის მტრობა, როგორც კი იაკობმა სძლია ანგელოზს თუ ღმერთს? რატომ უნდა ღმერთს, რომ ადამიანი შეებრძოლოს მას? რატომ მტრობენ ადამიანები ერთმანეთს და რატომ შეგვაგონებს ქრისტე, რომ უნდა გვიყვარდეს მტრები? შეუძლია კი ადამიანს მტრის შეყვარება და რას სძენს მას მტრის სიყვარული? რა უნდა ვისწავლოთ იაკობის, როგორც ქრისტეს წინასახის, ისტორიით? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ ჩაუვარდა ესავი იაკობს ტირილით მუხლებში, როდესაც იაკობმა სძლია ანგელოზს?
– მოდი, ეს ამბავი გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაზე: რატომ ამბობს ქრისტე, რომ მტერი უნდა გიყვარდეს?! თუ მშიერია შენი მტერი, დააპურე; თუ მარცხენა ლოყაში გაგარტყას, მარჯვენა შეუშვირე; ამდენი და ამდენი აპატიე. ანუ სულ იმის საწინააღმდეგოს გვეუბნება, რაც ჩვენ გვგონია და რასაც ჩვენ განვიცდით. რა ხდება?! დავაკვირდეთ, აბა, ჩვენს ცხოვრებას: ადამიანები ვართ და ვიღაცაზე ვბრაზდებით, ვიღაცისგან გვწყინს და ეს შეგრძნება რაღაცნაირად გვჭამს. ადამიანურად მართლებიც ვართ, მაგრამ, თუ საკუთარ თავში მოერევი ვინმესადმი წყენას, აი, აქ, ჩემში, ვიხსენებ მის ხატებას, მის სახეს წარმოვიდგენ და ეს არ არის აფირმაცია ან ჩაგონება, ეს არის გაცნობიერება, იმიტომ რომ ჩემი ბრაზი და წყენა ტყუილია, ჩემი ადამიანური ბუნებით დანახული ესავია, იმიტომ რომ ესავი შენ შექმენი ასეთად. შენ აიძულებ მას, ასეთი იყოს და ამიტომ შენვე უნდა გამოასწორო. შესაბამისად, როგორც კი იაკობი იმარჯვებს სულიერში, შიგნით, მაშინვე ცვლის გარემოსაც, ანუ პრაქტიკაში იცვლება ყველაფერი. რეალობაში შინაგან ცვლილებას ისეთი ძალა აქვს, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ.
ხშირად მოგვისმენია, რას ამბობ: მტერი როგორ შეიძლება, გიყვარდეს?! მაგრამ, თუ შენ შეძლებ, ამაღლდე შენს თავზე და მტერში დაინახავ მოყვარეს, რომელიც იმიტომ კი არ გემტერება, რომ მტერია, არამედ შენ გაქვს რაღაც, რაც იწვევს მის ამ დამოკიდებულებას შენდამი. როგორც კი ამას მოშლი, ის ავტომატურად შეიცვლება და აქეთ მოდის შენთან შესარიგებლად. პირადად მე უამრავჯერ დამმართნია ასე და დააკვირდი შენს ცხოვრებასაც: თუ მოერევი განკითხვის სურვილს, შიგნიდან რომ გჭამს ვიღაცის მიმართ და შიგნით შეურიგდები, მას სხვანაირად შეხედავ: იქნებ, არ იცოდა, რაც გააკეთა?! შენ რომ მას განიკითხავ, იქნებ, შენ რაც იცი, არასწორია და თუ მეტ ინფორმაციას გაიგებ, იქნებ სულ არ არის ის ადამიანი ისეთი?! იქნებ შენი წარმოდგენების პროდუქტია მისი მტრობა შენდამი?! თუ ამას მიხვდები შენში, გაასუფთავებ შიგნით შენს დამოკიდებულებას, ის ადამიანი სინამდვილეში შეიცვლება, იმიტომ რომ მანძილი ხომ არ არსებობს?! მანძილი არსებობს ჩემს ტვინში და გაუცნობიერებლობაში, თორემ ცნობიერებაში ყველანი ერთნი ვართ. უხეშად რომ ვთქვათ, დე-იურე ახლაც ყველანი ღმერთში ვართ. ახლაც სამოთხეში ვართ მოუკლებლად, უბრალოდ, ამ სამოთხის გაუცნობიერებლობისა და მას ბოლომდე მიუნდობლობის გამო მე სამოთხის ნაცვლად ის ყოფა მაქვს, რასაც ვეძახი წუთისოფელს. ანუ ის ცხოვრება, რომელიც მე ახლა მაქვს, რითიც ვსუნთქავ, რითიც აქ ვცხოვრობ, ჩემი შექმნილია, ტვინზე ჩემი მინდობითაა შექმნილი. ამიტომ, რას გეუბნება უფალი?! გინდა სამოთხე?! მაშინ ჩამოშალე, რაც შექმენი: საკუთარი თავი, შენ მიერ შექმნილი კონსტრუქციები, გაგებები, ხედვები – პოლიტიკურით დაწყებული ოჯახით დამთავრებული, ეს ყველაფერი ტყუილია, ეს შენი წარმოდგენებია, რეალობასთან და ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს.; ეს ნაჭუჭია, ნაგავია. პავლე მოციქული არქმევს ამას ნაგავს და ვინაა პავლე?! ვერც კი შევედრებით ჩვენ.
პავლე მოციქული ამბობს: ყველას გჯობივართო: თუ მიწიერი უპირატესობებით ვინმე დაიტრაბახებს, მე ვარ პირველიო და ჩამოთვლის ყველანაირ უპირატესობას, რაც აქვს: გვარის უპირატესობა, ეროვნული უპირატესობა, რელიგიური სიწმინდე, სიმართლე, განათლება, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩემთვის უპირატესობა იყო, ნაგვად მიმიჩნევია, რათა ქრისტე შევიძინოო. ვინ არის ქრისტე?! ქრისტე სიცხადეა, ვისაც არც კი სჭირდებოდა ჩვენი ჩხრეკა. ჩვენ კი ანალიზი დავუწყეთ იმას, რაც არ უნდა გაგვეანალიზებინა. ნდობა უნდა გვყოფნოდა, მაგრამ არ გვეყო და გავაფუჭეთ ყველაფერი. და რომ გავაფუჭეთ ჩვენი ტვინით, დაიმტვერა, გადაიფარა სინამდვილე, როგორც მტვრით გადაიფარება ხოლმე ოქროს მონეტა ან რაღაც ლამაზი ნაქარგობა და ახლა უფალი გეუბნება, გადაყარე ყველაფერი და იქ ისევ იპოვი სამოთხეს, იპოვი საკუთარ თავს. ამიტომ ამბობს, მიუტევე, გიყვარდეს მტერი. და რატომ უნდა გიყვარდეს მტერი?! იმიტომ რომ შენ შექმენი მტრად, თორემ ის მტერი არ არის: „ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს“... ამის შესახებ ბევრი შეგვიძლია, ვილაპარაკოთ და იაკობის გარდა უამრავი მაგალითია, როდესაც ზუსტად ასეთი მეტამორფოზა ხდება.
რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ: იაკობის ჭიდილი ღმერთთან ღმერთის მიერ მოსაწონია, იმდენად, რამდენადაც ეს თავად ღმერთს უნდა. რატომ უნდა ეს ღმერთს?! იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ვიწრო წარმოდგენებით ღმერთზე, სამყაროზე დავაგროვეთ ჩვენი შეხედულებები და სისტემები, რომლებსაც ჭეშმარიტებასთან საერთო არ აქვს და აქედან გამომდინარე, ღმერთი გეუბნება, ჩამოშალე ეს ხედვები, გაასუფთავე ეს ყველაფერი, რომ ამის შემდეგ მე დამინახო. ამიტომ უნდა ღმერთს, რომ შეებრძოლო, რომ არ დარჩე იმაში და იქ, რაშიც და სადაც იმყოფები.
ვისაც უნდა, ჩემთან მოვიდეს და არ უარყოფს დედას, მამას, ცოლს, შვილს, ყველასა და ყველაფერს, ვერ მოვა ჩემთანო, – ამბობს ქრისტე და ვინ არის ქრისტე?! ჩემი არსი, რომლის გასათავისუფლებად თვითონვე მოვიდა. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ, – გვეუბნება მაცხოვარი. გავიმეორებ: ამ ჭეშმარიტებასა და ჩვენ შორის, ჩვენს სიმართლეს შორის არის ჩვენი წარმოდგენებით შექმნილი ის სისტემა, რომელსაც წუთისოფელი ჰქვია, ამიტომ შენი ვაჟკაცობა, შენი გაბედულება, შენი თავგანწირვა, იაკობივით, ისაა, რომ, რაც ამ ჩემმა ტვინმა შექმნა ჩემსა და ღმერთს შორის, ჩემგან და სხვებისგან, ყველაფერი მოვიშორო, ყველაფერზე წავიდე, გავრისკო, რომ არაფერი დავტოვო, გავასუფთაო ადგილი, რომ ერთი ერთზე, პირისპირ ვიხილო ის, ვინც დაფარული მყავს ჩემი წარმოდგენებით. აი, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ აუცილებლად. აი, ეს არის იაკობის ბრძოლა, მისი გმირობა თუ რაც გინდა, ვუწოდოთ, რის შემდეგაც მას დაერქვა ისრაელი, როდესაც ის პირდაპირ ჭვრეტს ღმერთს და, თუ ჩვენც გვინდა, რომ პირისპირ ვჭვრიტოთ ღმერთი, უნდა გვეყოს იაკობის გაბედულება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



