რელიგია

რატომ არის მხოლოდ კეთილდღეობისა და თანასწორობისკენ სწრაფვა გზა არსაით, რაც სიკვდილით მთავრდება

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 20.04, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რატომ დაცარიელდა ადამიანის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურმა პროგრესმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია? რატომ დაიცალა საზრისისგან სამყაროს ის ნაწილიც კი, რომელმაც კეთილდღეობა ყოველდღიურობად აქცია და რატომ ვერ ახერხებს ადამიანი, იყოს ბედნიერი წარმოუდგენლად კომფორტულ გარემოშიც კი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: რა არის დღევანდელი კაცობრიობის პრობლემა? მარტო მიწიერი კეთილდღეობაა თითქოს იდეალი და, მართლაც, ამის გარდა რამე იდეალი არსებობს?! ავიღოთ, თუნდაც საქართველოს მაგალითი. გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და რისთვის გვინდა? იმისთვის, რომ იქ ურთიერთობათა ისეთი ფორმაა, რომ კეთილდღეობით ვიცხოვრებთ. მაგრამ კეთილდღეობა არ არის მიზანი, ადამიანის მიზანია განღმრთობა: ამაღლება ცხოველურზე, წარმავალზე, ვიტალურზე, იმაზე, რასაც სიკვდილი წაართმევს. თუმცა კეთილდღეობა განღმრთობისკენ მიმავალ გზას შლეიფივით მიჰყვება. როდესაც მე, როგორც ღვთის ქმნილება, ვიღვიძებ, მივემსგავსები ღმერთს, ჩემი ქმედებები კეთილშობილურია, მეფურია. მე არ ვარ მიჯაჭვული წარმავალს, არ ვარ დახარბებული მიწიერს, არ ვარ სავსე შურითა და ბოღმით. კეთილდღეობა, ბედნიერება თუ რამე სხვა იქნება ჩემი ამ გზაზე სვლის შედეგი, მაგრამ, როდესაც არსად მივდივარ და მარტო კეთილდღეობაა მიზანი, ნამდვილი მიზანი არ ჩანს. რა თქმა უნდა, კარგია, ყველა რომ ერთმანეთს პატივს სცემს, არავინ არავის ჩაგრავს, მაგალითად, როგორიცაა ევროპული მოდელი და, დიახ, ვცეთ პატივი ერთმანეთს, კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ მერე რა გავაკეთოთ?! ეს ყველაფერი რისთვის გვჭირდება?! ესე იგი, უკვე სახლში ვართ, თუკი ყველას სამსახური გვექნება, ერთმანეთს არ დავჩაგრავთ, ვჭამთ, ვსვამთ, გავერთობით და ბოლოს, მოვკვდებით. იდეალი ასეთი კეთილდღეობაა?! ეს არის გზა არსაით, რომელიც წრეზე ტრიალებს. იდეალი არის ღმერთს მიმსგავსება, განღმრთობა და სამოთხეში შესვლა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს სამოთხე ჩვენ აქ გვინდა. ადამიანს უნდა, რომ აქ, მიწაზე, ღმერთის გარეშე დაამყაროს სამოთხე. კომუნისტებსაც ეს უნდოდათ და იდეალური სისტემა იყო კომუნიზმი, რომელშიც საზოგადოებრივი სიმდიდრე უშრეტ ნაკადად იდენდა და განხორციელდებოდა დიადი პრინციპი: თითოეულისგან უნარის მიხედვით და თითოეულს – მოთხოვნილების მიხედვით. იგივე უნდოდა საფრანგეთის რევოლუციასაც, იგივე გვინდა დღეს ჩვენც. ანუ კეთილდღეობა და ჰუმანიზმი – სადაც მეტრი ადამიანია და ღმერთი არ არის. მაგრამ ამ მდგომარეობას აკლია ერთადერთი რამ, რასაც მივყავართ მთავარ კითხვამდე: ვინ არის ადამიანი?! როდესაც იდეალი არის სწრაფვა განღმრთობისკენ, რომელიც სიკვდილის, წარმავლობის მიღმა გადის, ეს გადასწევს საზღვარს და განუსაზღვრლობისკენ მიდის, ამ დროს ადამიანი სამყაროსაც აკეთილშობილებს. სწორედ ეს ამაღლებულისკენ სწრაფვა შემოიტანს ისეთ ნათელს, რომელიც იმ ურთიერთობებში გადავა, რისკენაც მივისწრაფვით, ანუ ჩვენ უკვე ისეთი ორგანიზმი ვიქნებით, რომლებიც თანავცხოვრობთ იმიტომ კი არა, რომ თვითმიზანია კარგად ცხოვრება და ერთმანეთის უფლებების დაცვა, არამედ, უბრალოდ, ვცხოვრობთ, როგორც ერთი ორგანიზმი, ერთი სხეული, რომელიც იბადება, ანუ ისევ უბრუნდება იმ თავის თავდაპირველ მდგომარეობას, იმ ერთიანს, რომელსაც, თავის დროზე, მოსწყდა და დაიშალა. ახლა კი ეს დაშლილი სხეული ისევ იკრიბება და უკვე ამის შედეგი იქნება ნამდვილი ოქროს ხანა. და რა არის ნამდვილი ოქროს ხანა? ადამიანი რომ თავის შემოქმედს მიემსგავსება, სამყაროს გადააწყობს ამ მოდელით. შესაბამისად, კეთილდღეობა, რომელიც ამას მოჰყვება, იქნება იმ ერთიანის ნათელითა და სიყვარულით შექმნილი ერთობა, მაგრამ, როდესაც მიზანი ღმერთს მიმსგავსება არ არის და თვითმიზანი ხდება კეთილდღეობა და თანასწორობა, მაშინ ადამიანი კვდება, იმიტომ რომ არსად მიდის. ჯერ ერთი, ბედნიერიც ვერ იქნება, თუნდაც, მუდმივად ჭამოს, სვას და გაერთოს, იმიტომ რომ, როცა იქნება, ადამიანი აუცილებლად დასვამს კითხვას – რატომ?! დავუშვათ, ცხოვრობ ამ იდეალურ სისტემაში: ყველას ერთმანეთი გვიყვარს, არაფერი გვაკლია, ძალით არ მამუშავებენ, როცა მინდა, მაშინ ვმუშაობ, რის მოთხოვნილებაც მაქვს, ვიკმაყოფილებ. მერე რა ხდება?! ვბერდები, ვჭკნები, ვკვდები და ეს ყველაფერი ვის რჩება?! შვილებს? და ის შვილებიც რომ იხოცებიან, როცა დრო მოვა და, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ერთი კომეტა ჩამოვარდეს და მთელი შენი კეთილდღეობა ერთ წამში გაქრება. ანუ მე, როგორც სულს, ეს უკვე არ მაკმაყოფილებს და არ მაძლევს სრული დამშვიდების საშუალებას. სანამ ადამიანი არ არის ამაღლებული თავის თავზე, არ აქვს ვექტორი და არ იღებს ენერგიას, სასიცოცხლო რესურსებს ამაღლებულისგან, ყველაფერი მიწიერი ლპება. როგორც მაცხოვარი ამბობს, ეს არის ხისგან მომწყდარი ტოტი.

ძალიან საინტერესო ფსიქოლოგია ფრანკლი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა და ის ამბობს, გადარჩა ყველა, ვისაც კი მიზანი ჰქონდა. მეტიც, თვითმკვლელობები ძალიან ხშირია იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ყველაფერი აქვთ და გამოკითხვები მოწმობს, რომ მათ თვითმკვლელობა სცადეს იმიტომ, რომ ცხოვრების აზრი დაკარგეს. ისე არ გამიგოთ, კეთილდღეობის წინააღმდეგი ვიყო, პირიქით, მაგრამ მე ვლაპარაკობ მიზანზე. რა არის ჩვენი მიზანი?! ძღომამდე ჭამა?! გამძღარი სიკვდილი?! სწორედ ისაა დღეს კაცობრიობის პრობლემა, რომ დაკარგა ვექტორი, მიმსგავსების ობიექტი; საერთოდ თქვა უარი ღმერთზე და დაადგინა, რომ ადამიანი არის ნახშირწყლებისა და ცილების გროვა. შესაბამისად, არსად მიდის და თუ არსად მიდის, წესრიგი და თანასწორობა იმისთვის გვინდა, რომ კმაყოფილები მოვკვდეთ და ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ ჩვენს წარმავალ არსებობაში?! ამის იქით სამყარო არ არის?! ეს კრიზისი ჩვენთანაცაა, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები გვქვია, რასაც ვერბალურ დონეზე გამოვხატავთ და რიტუალურადაც ვასრულებთ, მაგრამ ცხოვრების წესით ისევ მატერიალისტები ვართ. სამწუხაროდ, სხვა პრობლემა გვაქვს და ეს არ არის არც მხოლოდ ევროპის პრობლემა, არც მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არც მხოლოდ რუსეთის პრობლემა, ეს დღევანდელი ადამიანის პრობლემაა. ამ ცივილიზაციას, რომელიც ჩვენ შევქმენით, ბზარები გაუჩნდა, მაგრამ მის ნანგრევებზე აღმოცენდება ახალი სამყარო და ესაა სწორედ მეორედ მისვლა; აღმოცენდება ახალი ადამიანი – ცისა და მიწის გამამთლიანებელი და ამით გამოვლინდება ჩვენი ნამდვილი არსი, რომ ჩვენ მარტო ფიზიკური, წარმავალი არსებები არ ვართ, რომელთა მიზანი არის, უბრალოდ, კეთილდღეობა და მშვიდად ცხოვრება. ადამიანი, ვინც უნდა იყოს და რასაც უნდა მიაღწიოს მან, ვერ იქნება სრულიად ბედნიერი და თავისუფალი მხოლოდ თავისი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. ის არის ცნობიერი არსება, უპირველესად, სული და როდესაც სულში ნათელი შემოვა, ნათელი კი არის ის, როდესაც იხსენებს და მიემსგავსება თავის პირველწყაროს, აი, მაშინ გამთლიანდება სამყარო. და ეს, სულაც, არ ნიშნავს, რომ მატერიალური არაფერი გვინდა, მე ვამბობ, რომ დღეს კრიზისი პიკამდეა ასული და აი, ახლა უნდა დაბალანსდეს. სრული ადამიანის აღდგომა იმას ნიშნავს, რომ მიწა და ზეცა გამთლიანდება და ამით დამშვიდდება სამყარო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა