რელიგია

რატომ არის მეტი სისხლისმიერ ნათესაობაზე, რაც ინსტინქტია, სულიერი ნათესაობა

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.11, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

სულიერად გულგატეხილი თუ სხვა რამით შეწუხებულ–შეჭირვებული, შენი მოყვასია! სახარება, ფაქტობრივად, აგებულია მოყვასისადმი სიყვარულის სქემაზე, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვინ არის ჩემი მოყვასი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ანუ ყველა ადამიანი არ არის ჩვენი მოყვასი? და როგორ უნდა მივხვდეთ, ვინ არის ან არ არის ჩვენი მოყვასი?

– როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან, როგორ უნდა ვცხონდეო, ორ მცნებას ეუბნება: გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, სულითა და გონებით და გიყვარდეს შენი მოყვასი, ვითარცა თავი შენი. მცნება რა არის? ის, რაც ადამიანმა უნდა დაიცვა, ანუ გააკეთო, თუ გინდა, ცხონდე. უფრო მეტსაც ეუბნება მაცხოვარი: იყავით სრულ და მოწყალე, ვითარცა მამათქვენი არის. ეს ხომ, საერთოდ, კულმინაციაა და რომ დაფიქრდე, შეგეშინდება კიდეც: როგორ უნდა ვიყო ისეთივე მოწყალე, როგორიც მამაჩემია?! მაგრამ, შენში რომ ამის შესაძლებლობა არ იდოს, როგორ მოგიწოდებდა ქრისტე ამისკენ?! კატას ხომ არ მოსთხოვ, ღორები ეზოდან განდევნოს და თუ არ განდევნის, ხომ, არ სცემ კატას?! ხშირად მითქვამს და გავიმეორებ, საზამთროს ერთგრამიან, შავ მარცვალში არაფერი ჩანს, მაგრამ ის უზარმაზარი, ხრაშუნა და ტკბილი საზამთრო ხდება. საზამთროს ის მარცვალი საზამთროში იყო და იმიტომაც გახდება საზამთრო. ამდენად, ჩვენც იმისკენ მივილტვით და ის ვხდებით, ვინც ვართ. შესაბამისად, უფალი ისეთ მცნებას არ მოგვცემდა, ჩვენში რომ მისი შესრულების შესაძლებლობა არ იდოს. მაშინ, რა არის პრობლემა და რატომ გვიჭირს იმის დატევა, რისკენაც მაცხოვარი მოგვიწოდებს? სხვათა შორის, სხვაგან კიდევ უფრო მძაფრად ამბობს ქრისტე: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, ვისაც ჩემი სწამს, იმაზე მეტსაც გააკეთებს, ვიდრე მე ვაკეთებო. ეს ხომ, ერთი შეხედვით, საერთოდ სიგიჟეა?! და, მართლაც, ადამიანებს რომ მოუწოდებ, გიყვარდეს მტერი, აპატიე – გპასუხობენ, ის ქრისტე იყო, მე კი ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ და ამას ვერ შევძლებო. და ეს, სულაც, არ არის სიმდაბლე. ეს ურწმუნოებაა, ქრისტეზე უარის თქმა, იმიტომ რომ დაგავიწყდა, ვინ ხარ შენ, ანუ ვის ეუბნება ამას ქრისტე! დაგავიწყდა, რომ ღვთის შვილი ხარ და ღმერთივით სრულად და მოწყალედ ყოფნა შენი ვალდებულებაა და არა ამბიცია და ამაო ძალისხმევა. თუ ჩემი ადამიანური ბუნება არ შემიცნია, ქრისტეს მცნებებს ვერ მივყვები. როდესაც თავს აიგივებ წარმავალ ბიოლოგიურ არსებასთან, ვიღაცის საკუთარი თავივით შეყვარება, მართლაც, ძალიან ძნელია. შეიძლება, მიყვარდეს საკუთარი თავი, დედაჩემი, მამაჩემი, ძმა, და, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნათესავები, მეზობლები, ჩემი ერი, ჩემი რელიგიის მიმდევრები, მაგრამ როგორ მიყვარდეს უცხო, მით უმეტეს მტერი?! მაგრამ, როდესაც გაიხსენებ, რომ ღმერთი ხარ, ყველა გიყვარს, იმიტომ რომ მოყვასიც შენ ხარ და მტერიც, ვინაიდან ერთ ადამში ვიყავით ყველანი. შესაბამისად, ის სხვაც მე ვარ, ოღონდ სხვა სხეულში; გადაფარული კულტურული, რელიგიური, ტრადიციული, ეპოქალური საფენებით, ანუ იდენტობებით, რომელთა მიღმაც ერთიანი არსია – ღმერთი, სადაც ერთად ვიყავით. იმიტომაც გეუბნება მაცხოვარი, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, რომ ღმერთში ერთნი ვიყავით. იოანე პეტრიწი ამბობს, ის არსთა გვარები, რომლებიც აქ მოწინააღმდეგეები, განსხვავებულები და ერთმანეთის მტრებიც კი არიან, იქ, გონიერ კოსმოსში, ძმები და მოყვრები არიანო. ჩვენ, ღმერთში ერთნი, ცხოვრებამ, სოციუმმა, ურთიერთობებმა დაგვშალეს, მაგრამ იმ ერთიანის ხსოვნა ყველაშია. ამდენად, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, არ არის შეუძლებელი.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მოყვასი: როდესაც ქრისტემ თქვა, რომ მთავარი მცნებაა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, ეკითხებიან, ვინ არის მოყვასიო, ანუ ამით უნდა, ზღვარი დაუდონ, გამოკვეთონ, ვინ არის და არ არის ჩემიანი. იესო ხვდება, რატომ უსვამენ კითხვას: ვინ არის ჩემი მოყვასი და ეს იესოსთვის ერთგვარი გამოწვევაა, იმიტომ რომ ელოდებიან, აბა, რას იტყვის! მათ ჰგონიათ, რომ მათი მოყვასი მხოლოდ მათიანია რწმენითა და ტომით. იესო კი არღვევს ამ ადამიანურ საზღვრებს, ჩვენს ვიწრო ჩარჩოებს და ადამიანს ახსენებს თავის თავდაპირველ არსს, სადაც ერთში ვართ. ამიტომაც სხვანაირად სვამს საკითხს. ამ კითხვის პასუხამდე იგავს ყვება, აი, იმ ცნობილ იგავს მოწყალე სამარიტელზე, რომელიც ყველამ იცის: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონში მიდიოდა და ავაზაკებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და დატოვეს ცოცხალმკვდარი. ერთმა მღვდელმა ჩამოიარა, მაგრამ გვერდი აუარა, ლევიტელმაც ჩამოიარა, მაგრამ მანაც აუარა გვერდი, ამ დროს სამარიტელმაც გამოიარა, ებრაელებსა და სამარიტელებს კავშირიც არ ჰქონდათ ერთმანეთთან, ანუ, ფაქტობრივი მდგომარეობით, სამარიტელს შეეძლო, გვერდი აევლო, კანონითაც კი არ იყო ვალდებული, მიეხედა, განსხვავებით წინა ორისგან, მაგრამ სამარიტელმა მოუარა კაცს, ჭრილობები შეუხვია, ვირზე გადააწვინა და სასტუმროში მიიყვანა, სადაც ფულიც კი დატოვა, ფეხზე დააყენეთო და უფრო მეტიც, თუ არ გეყოთ ფული, რომ მოვბრუნდები, კიდევ დაგიმატებთო. და ნახე, ქრისტე როგორ სვამს კითხვას: ამ სამიდან ვინ იყო ამ კაცის მოყვასიო; ის კი არ იკითხა, ის კაცი ვისი მოყვასი იყო, არამედ, ვინ იყო იმ კაცის მოყვასიო. ბუნებრივია, უპასუხეს, ვინც მოუარაო. ანუ ის, ვინც საქმით იყო მოყვასი და არა ტომობრივად და რელიგიურად. და ქრისტე მათ ბოლოს ეუბნება: წადით და თქვენც ასე გააკეთეთ. ესე იგი, ის კი არ ეძებოთ, ვინ არის შენი მოყვასი, არამედ ვისი მოყვასი ხარ შენ! და ვისი მოყვასი ხარ შენ? ვისაც შენგან იმ წუთას, იმ გარემოში, იმ მდგომარეობაში დახმარება სჭირდება. ასე რომ, სრულიად ახალ მდგომარეობაში გადაჰყავს მაცხოვარს მოყვასის სიყვარული: მოყვასი ის კი არ არის, ვინც სისხლითა და ხორცითაა შენი მოყვასი, თუნდაც, რწმენით, არამედ მოყვასი ისაა, ვისაც იმწუთას შენგან შეწევნა სჭირდება. კიდევ ერთ ადგილს გავიხსენებ „სახარებიდან“: იესო თავის მოწაფეებთანაა და ეუბნებიან, დედაშენი და შენი ძმები მოვიდნენ, შენი ნახვა უნდათო; იესო კი რას ეუბნება? გაიშვერს ხელს იმ ხალხისკენ, რომლებიც მას უსმენენ: ვინც უფლის ხმას ისმენს და იცავს ჩემს სიტყვებს, ის არის ჩემი დედაც, ძმაც და დაცო. აი, ახალი ურთიერთობა, ახალი სინამდვილე, რომელიც ქრისტემ დაგვანახვა. თურმე, ბიოლოგიურზე უკეთესი სულიერი დობა და ძმობა ყოფილა. ქრისტიანობაც ესაა – ეკლესია იყო ქრისტეს სიყვარულზე აგებული ერთობა, რომელიც უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ოჯახობრივი ურთიერთობა, იმიტომ რომ ოჯახური ურთიერთობა ინსტინქტიდან მოდის. რატომ იყვნენ ერთად? იმიტომ რომ ერთად უფრო გადარჩებოდნენ. ხოლო იესომ ახალ მდგომარეობაში გადაგვიყვანა: ყველა მოყვასია, ვისაც შენი დახმარება სჭირდება და შენ მისთვის თავი უნდა გაწირო, მოიქცე, როგორც სამარიტელი მოიქცა. ამიტომ, სადაც უნდა იყო, ვინც იქ საჭიროებს რაღაც ფორმით სიყვარულს, მშიერი იქნება, უსახლკარო, სულიერად გულგატეხილი თუ სხვა რამით შეწუხებულ–შეჭირვებული, შენი მოყვასია! აი, ეს არის სიყვარულზე აგებული ახალი ურთიერთობა, რასაც ქრისტე გვასწავლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი