რელიგია

რატომ არის ყველაზე მთავარი ყურით და არა კუჭით მარხვა

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.03, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

აღდგომის დიდმარხვა იწყება და ადრეც მომიკრავს ყური და ახლაც ხშირად მესმის ხოლმე ნაწყვეტები საუბრებიდან, როდის დამთავრდა ხორციელი, შემდეგ კვირას იწყება ყველიერი, იმის პარალელურად, რომ ყველა, მომარხულეც და არამომარხულეც, ერთმანეთს განვიკითხავთ და ვკრულავთ. განსაკუთრებით, მაოცებს, როდესაც ღმერთს შესთხოვენ, მაგალითად, მომასწარი პუტინის სიკვდილს, რით ვერ ჩააძაღლე ჟირინოვსკი, რატომ არ ანადგურებ რუსეთს... რატომ ვზრუნავთ ადამიანები უმეტესწილად იმის შესახებ, თუ რა შედის ჩვენს პირში და, შესაბამისად, ჩადის კუჭში, ნაცვლად იმისა, ოდნავ მაინც გავაკონტროლოთ, მარხვისას მაინც, რა იფრქვევა ჩვენგან და როგორ იმპულსებს გამოვცემთ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ისეთი უცნაური რამეც კი მოხდა, რომ საქართველოში თვით „მაკდონალდსის“ მენიუშიც კი შეიტანეს სამარხვო პროდუქტები.

– სამწუხარო ის არის, რომ მარხვა გაიგივებულია გასტრონომიასთან, რაც მარხვის სრულიად არასწორი გაგებაა, მაგრამ იმავდროულად ერთგვარი შედეგი და პირდაპირი გამოვლინებაა იმისა, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ სულიერებისგან. ამის გამო ექცევა ამდენი ყურადღება იმას, თუ რა ვჭამო და რა არ ვჭამო. სამარხვო შაურმამდე და ნაყინამდეც კი მივედით. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ისიც კი უთქვამთ ჩემთვის სუფრაზე, ნუ გეშინია, მამაო, სამარხვო ნამცხვარიაო. გემოთი მე ვერც კი გავარჩევ სამარხვო ნამცხვარს არსამარხვოსგან. ნამცხვარი გემოთმოყვარეობის სიმბოლოა და ამასთან კავშირი არ აქვს არც რძეს, არც კვერცხს და არც კარაქს. მაშინ რა დააშავეს რძემ, კვერცხმა და კარაქმა, თუ ნამცხვარს მაინც მიირთმევ მარხვაში?! ეს იმის დასტურია, რომ მაინც ვერ გამოვედით მატერიალიზმისგან, თუმცა ბოლო 30 წელია, ქრისტიანობისკენ ვიბრუნეთ პირი და გარეგნულად ეს გამოიხატება ტაძრების, მრევლის, მღვდელმსახურების სიმრავლით, თუმცა ამან ძალიან დამახინჯებული ფორმა მიიღო იმ მიზეზით, რომ ცნობიერში, ჩვენ შიგნით, სულიერებაში არ მომხდარა რეფორმა, ვერ შევიცვალეთ. შესაბამისად, არსით მატერიალისტები დავრჩით. როგორც ქრისტე ამბობს, შიგნიდან დამპალი ძვლებით ხართ სავსე, გარედან შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართო. როგორც ქვა არ სველდება შიგნიდან, რაოდენ დიდხანსაც უნდა იყოს წყალში, ისევე არ შეეხო ჩვენს შინაგან სამყაროს ქრისტიანობა, ვერ გავიჟღინთეთ ქრისტესმიერი სიყვარულით, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები, ასე თუ ისე, ვცდილობთ, გავაგებინოთ მრევლს, რა არის ნამდვილი მარხვა.

ხორციელი თუ ყველიერი დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდია, ვინაიდან ეკლესია მარხვას არ განიხილავს, როგორც მხოლოდ ამა თუ იმ საკვების მიღების აკრძალვას. სხვათა შორის, მარხვა სამოთხეშივე დაიწყო, როდესაც ღმერთი ადამსა და ევას ეუბნება, ამ ხის ნაყოფი ჭამეთ, იმის – არაო; ამის მერე აძლევს მცნებას: დაიცავი და დაამუშავე. „დაიცავი“ ნიშნავს, „დაიმარხეო“. ხომ გაგვიგია გამონათქვამი, გულში დავიმარხეო?! ხოლო, იმავდროულად, მარხვა სიფხიზლეცაა: ჩვენ საკუთარი ბუნება მოგვეცა პირობით, რომ გავუფრთხილდეთ. სამოთხის ბაღი სწორედ ამას ნიშნავს: ღმერთში, სრულ სიცხადესა და ნეტარებაში მყოფ ჩვენს ადამიანურ ბუნებას, ოღონდ იმ პირობით, თუ ამას დაიცავ, თორემ დაკარგავ, ყველა დანარჩენი სულიერისა და უსულოსგან განსხვავებით, რომლებიც ინსტინქტებითა და კანონებით არიან დაჭერილი. ადამიანმა საკუთარი თავი თავად უნდა დაიცვას, ესაა მარხვის ნამდვილი არსი. ანუ სამოთხიდან მოდის მარხვა, მაშასადამე – სრული სიფხიზლე. რატომ ვამბობ, რომ დღეს მარხვისას გასტრონომიას უჭირავს დიდი ადგილი-მეთქი?! იმიტომ რომ ეს ეპოქის სულია. რა ცნობიერებითაც ვცხოვრობთ, იმას ვავლენთ მარხვისასაც. არადა მე ვმარხულობ, ჩემი კუჭი კი – არა! „მე“ გულისხმობს ბაგეს, თვალს, ყურს, ფეხს, ხელს, გულს, აზროვნებას. უხეშად რომ ვთქვათ, რას ნიშნავს ფეხებით მარხვა? ერთია, რომ დავდივარ და მეორე – რომ მეძლევა თავისუფლება, საით წავიყვანო ჩემი სხეული. ორ ფეხზე სიარულის უნარი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხარ, ორანგუტანგიც დადის ორ ფეხზე, ძაღლიც შეიძლება, გავწვრთნათ და დათვიც. ადამიანობა, ესე იგი, მარხვა, კი ნიშნავს იმას, თუ რა მიმართულებით მივდივარ: ანუ უნდა დავიცვა ფეხები. ასევე, მხოლოდ ლაპარაკის უნარი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხარ, ადამიანი ხარ იმის გამო, თუ ლაპარაკობ იმას, რაც შენ გეკადრება. მაცხოვარი პირდაპირ ამბობს, რაც პირში შედის, ის კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ, რაც პირიდან ამოდის. ესე იგი, მარხვა ის კი არ ყოფილა, რა ჩავიდეს ჩემში, არამედ იმის დაცვა და სიფხიზლე, რა არ ამოვიდეს ჩემგან. ხშირად ვიმეორებ: აბა, ერთი საათით მაინც თუ შეძლებ სამარხვო სიტყვებით ლაპარაკს?! ხომ ვხედავთ, რამდენი სიძულვილი იფრქვევა ჩვენი პირიდან?! პირიდან კი ის ამოდის, რაც გულშია; გულში საიდან მოხვდა? ყურიდან. სხვათა შორის, ყურით მარხვაა ყველაზე მთავარი: თვალი შეიძლება, დახუჭო, მაგრამ საწყალი ყური მუდმივად ღიაა და როდესაც ადამიანი ყურს არ ამარხულებს – გამოდის, რომ ყველაფერს „აჭმევს“. ყურის მარხვა ნიშნავს, რომ ყველაფერს არ ვასმენინებ, ხოლო, როდესაც ყველაფერს ვასმენინებ ყურს, ის გულში ითესება და ამოდის პირიდან. პატრიარქმაც თქვა, რომ კორონას შემდეგ ადამიანები დასუსტდნენ და, როდესაც სხეული დაუძლურებულია, მაშინ ხორციც კი წამალია, თუ ექიმმა გამოგიწერა და არ გაქვს უფლება, არ ჭამო, ვინაიდან ამით სხეულს ანგრევ და მეორე უკიდურესობაში ვარდები. სხეულს ვინც ანგრევს, ის ღმერთს გმობსო, იმიტომ რომ ამით ღმერთის ტაძარს ანგრევს. მაგრამ, სამწუხაროდ, ძლიერად ჩაებეჭდათ ადამიანებს ეს ბავშვური გაგება, რომ მთავარი კუჭის მარხულობაა.

– ეს ბავშვური მიდგომა ჩვენი თავდაცვის მექანიზმი ხომ არ არის? ყურის მარხვა არ შემიძლია და კუჭს მაინც ვამარხულებ?

– მესმის, ნინო. სამწუხაროდ, ვერ გავიზარდეთ. ჩემს მრევლსაც მუდმივად ამას ველაპარაკები, მაგრამ მოდის მოხუცი ქალი, ავადმყოფი და თითქოს ჯალათი ვიყო, მეხვეწება, წამალი დავლიე, წყალი მივაყოლე და მაზიარებო?! გასაგებია, ეს პირველი დონეა, მაგრამ აქ ხომ ვერ დავრჩებით?! პირველ კლასში თუ ვიცით, რომ ერთს პლუს ერთი ორია, შეგვაქებენ, მაგრამ უფრო მაღალ კლასში ეს ცოდნა აღარაა საკმარისი. ბავშვობა კარგია, მაგრამ, თუ დიდხანს რჩები ბავშვად, ეს უკვე ავადმყოფობაა. ერთ ადგილას რომ დავრჩით, ეს ჩვენი სულიერი ჯანმრთელობის პრობლემაზე მიანიშნებს და ძალიან საგანგაშოა. ადამიანის მიერ მარხვა სრულიადაც არაა გამონაკლისი. ცხოველებიც მარხულობენ და ყველაფერს არ ჭამენ. ეს ნორმალურია. მეტიც, ყველა ტომში, კულტურასა და რელიგიაშია მიღებული მარხვა და ეს აუცილებელია. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ მარხვა არ მოიცავს მხოლოდ კუჭს და ამდენს რომ ზრუნავ კუჭზე, მარხვის დღეებში რატომ არ ზრუნავ ბაგეზე, ყურზე, გულზე?! ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, თორემ, როდესაც მთელი არსით მარხულობს ადამიანი, აქ მისი კუჭიცაა ჩართული, ოღონდ ისევ გავიმეორებ ათონის მთაზე ბერების საყვარელ გამონათქვამს, ფაქტობრივად, უნივერსალურ ფორმულას: თევზი ჭამე და მეთევზეს ნუ შეჭამო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი