რატომ არის ყველა ტკივილი, რომლებსაც ადამიანი განიცდის ცხოვრებაში, დაზღვეული ღმერთის მიერ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.01
ადამმა და ევამ არა მხოლოდ სამოთხე დაკარგეს, თავიანთი თვითნებობით, არამედ ღმერთმა ისინი დასწყევლა კიდეც. უფრო ზუსტად, წუთისოფელში ცხოვრების ერთგვარი ინსტრუქციაც გამოაყოლა. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ღმერთს ადამი და ევა არ დაუწყევლია, მათ თავად დაიწყევლეს თავი, რადგან ღმერთის სიტყვას არ დაუჯერეს, მას შემდეგ ადამიანი უკან, სამოთხისკენ მიილტვის და არა და არ გამოსდის, თუმცა მის დასახმარებლად ღმერთიც კი ჩამოვიდა წუთისოფელში და ჯვარს ეცვა, რომ კაცობრიობის ცოდვები ეტვირთა. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რას ნიშნავს ის სიტყვები, რაც ღმერთმა უთხრა ადამს, სამოთხიდან გამოძევების შემდეგ?
– რას ეუბნება ადამს ღმერთი მას შემდეგ, რაც ადამმა აკრძალული ხის ნაყოფი იგემა?! ოფლითა შენითა მოიპოვებ პურსო. რას ამბობს ქრისტე? მე ვარ პური სიცოცხლისა, ანუ პური სიცოცხლეა. როგორ ფიქრობ, სულ რომ ვზრუნავთ, რის ბრალია?! ეს არის ჩვენი არასწორი ურთიერთობების შედეგი ყველა დონეზე. რაღაც დაგვერღვა და ის, რასაც ოფლის დაღვრა არ სჭირდებოდა და მოსურვებითა და სიმშვიდით მიიღებდი, უკვე ტანჯვითა და ტკივილებით მიიღწევა. ნარ-ეკლებსა და კუროსთავებს აღმოგიცენებს მიწაო. შეხედე, მიწას არც სასუქი უნდა, არც მორწყვა, რომ სარეველები გაიზარდოს, მაგრამ ნაყოფი აქვს სარეველას?! აბა, გაახარე ერთი კულტურული მცენარე, რამდენი შრომა დაგჭირდება?! აი, რას ნიშნავს კუროსთავები. ეს რას გვასწავლის?! პური, ანუ სიცოცხლე, სიმშვიდე, სიხარული საბრძოლო რომ არ იყო სამოთხეში და ენერგიის მინიმუმით მაქსიმალურ სიკეთეს იღებდი, აი, ეს შეიცვალა: ახლა უკვე ძალა აქვს დასატანებელი ადამიანს, ის სათნოებები რომ მოიპოვოს. ოფლის დაღვრა უწევს მარხვით, ლოცვით, შრომით... რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ძალას რომ ვატანთ საკუთარ თავს, ეს გადასალახავია, მაგრამ აქ არ უნდა დავრჩეთ. ჯერჯერობითაა ასე. ცათა სასუფევლის მიწაზე დაბრუნებას ბევრი საზოგადოება და სახელმწიფო ცდილობდა. ყველა რევოლუციის მიზანი, რომელიც კი მომხდარა, საყოველთაო სიკეთე იყო, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. რატომ? იმიტომ რომ პრობლემა შიგნით აქვს ადამიანს და გარედან როგორ გამოასწორებ?! ქრისტე აკეთებს ამას: ჩვენი დაცემული ბუნება ჯვარზე აჰყავს და ფესვს ასუფთავებს. როდესაც ფესვი გასუფთავებულია, სუფთავდება ნაყოფიც. მიწა ჩვენი მიწიერი ბუნებაა, კუროსთავები და ნარ-ეკლები ვნებები, ჩვევები, ხასიათები, რომლებიც ჩვენში სარეველებივით იზრდებიან. მამაპაპურად რომ გაბრაზდე, რამდენი მარხვა დაგჭირდება ან ლოცვა?! არც ერთი, მაგრამ, რომ მოითმინო, რამდენი ღვაწლის გაღება გჭირდება?! არადა გაბრაზებაც და მოთმინებაც, ორივე ხასიათია, მაგრამ, ნახე, როგორი განსხვავებაა?! ადამიანმა უკვე დაკარგა სიმშვიდე და ოფლის დაღვრაც ეგაა: სათნოებები რომ ჩემში დავაკავო, ამას ღვაწლი და ძალისხმევა სჭირდება. უნდა ვებრძოლო ვნებებს. მაგრამ სურვილი და ხსოვნა აქვს ადამიანს, ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით, რა სჯობია. ყველამ ვიცით, რომ სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, მოთმინება, მიტევება სჯობია, მაგრამ, თუ თავში ეს ადამს ჰქონდა, როგორც მოცემულობა, სამოთხის დაკარგვის შემდეგ დაკარგა; კუროსთავები და ნარეკლები აღმოუცენდა, რომლებიც კლავენ მას. ისეთ რაღაცას ჩაგადენინებს ხასიათი და ჩვევები, რომ მთელი ცხოვრება სანანებელი გაქვს. ხშირად დავდივარ პატიმრებთან, რომლებიც ამის კლასიკური ნიმუშია. ყველა ხვდება, რომ სჯობდა, არ ჩაედინა, რაც ჩაიდინა, მაგრამ უკვე გვიანია. ნახე, უკვე რით იხდის ადამიანი?! როგორ გართულდა და დამძიმდა ყველაფერი?! მაგრამ, როგორ ფიქრობ, განა განგებამ არ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ ყოველივეს?! რა თქმა უნდა, იცოდა და, ვიმეორებ, ეს სწორედ იმისთვის მოხდა, რომ ადამიანის თავისუფალი ნება შენარჩუნებულიყო. თუ ადამიანის ნება შეიზღუდება, ადამიანი კვდება. თანაც, ადამიანი ღმერთია და როგორ შეზღუდავ მას?! ამიტომ სასწორზე იდგა ორი რეალობა: ერთი მხრივ, ის, რომ თავისუფალ ნებას მისცემდა, მაგრამ ადამიანი მოიმკიდა იმის გამო, რომ მთლიანს ვერ ხედავდა: სამოთხიდან დაშორებამ ადამიანი დროსა და სივრცეში მოაქცია, სადაც მან მთლიანის ხედვა დაკარგა, ამიტომ მისი განმრჩევლობა მას ატყუებს და ცხოვრებას უმძიმებს, მაგრამ ეს სიმძიმე, ბოროტება ის საშუალებებია, რომლებიც ადამიანს უკან დაბრუნებაში ეხმარება, ოღონდ ტკივილით. სამოთხეში ეს ტკივილის გარეშე მოხდებოდა. სამაგიეროდ, გამოცდილებით ადამიანი უფრო ამაღლებული ბრუნდება სამოთხეში.
დააკვირდი საკუთარ თავს, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვცოდავთ, შეცდომებს ვუშვებთ, ბოროტებას ჩავდივართ ან ჩვენ მიმართ სჩადიან ბოროტებას, ეს ღმერთის დაშვებაა და ღმერთისვე კანონია, რომ ტკივილი, რომელიც მოგვადგება, დაზღვეულია. მას ისეთი სიკეთე შემოაქვს, როდესაც შეიძლება, ისიც კი თქვა, კარგია, რომ დავისაჯეო, როგორც ეს „ბიბლიაში“ ბევრ ადგილას წერია. სასჯელი – სჯა – გონს მომყვანია.
მოკლედ, განდევნა ღმერთმა ადამი და ევა და გარეგნულად, მართლაც, ასე ჩანს, რომ ღმერთი მათ გაუბრაზდა, შემდეგ დაიკეტა სამოთხის კარი და ღმერთმა ქერუბიმი დააყენა მბრუნავი მახვილით. რას გვეუბნება ეს ყველაფერი?! ისააკ ასური, ჩვენი დიდი მამა, პირდაპირ წერს: ძალიან ბავშვური გაგებაა, ვიფიქროთ, რომ ღმერთი გაბრაზდა და გამოყარა ადამი და ევა. ჯერ ერთი, ღმერთი არ ბრაზდება და ღმერთმა ნუ ქმნას, ღმერთი გაგვიბრაზდეს, მაშინ დამთავრდება ყველაფერი. თანამედროვე ირანელი პოეტის ლექსია: ღმერთო, ჩვენ შენ მეტი პატრონი არ გვყავს და თავს გაუფრთხილდიო. კეთილად გაგეღიმა, ხომ?! და ღმერთი რომ იყო, გაბრაზდებოდი, ეს რა მაკადრესო?! ასეთი შეთამამება ღმერთთან ყველას არ შეუძლია, პოეტსა და სულიერ ადამიანს კი ახასიათებს მსგავსი კადნიერება. ჩვენს აღქმაშია მოცემული, რომ ღმერთი გაბრაზდა, ღმერთს ეწყინა, გაუხარდა და ასე შემდეგ. ის ერთი, უსახელო, უნივერსალური კონცენტრატი ჩვენში ტყდება, რომ ამ მრავალგვარობაში ჩავარდნილებმა ის ერთი ამოვხსნათ; რომ ღმერთი იყოს ჩვენი ამონახსნი, ჩვენი გულის პასუხი. აი, მაშინ ვიქნებით თავისუფლები, ოღონდ ამ გზაზე უნდა გავიაროთ მრავალგვარობა, ჭიდილი და ტკივილი. სამოთხიდან განდევნა – ეს იყო არა სასჯელი, არამედ სიკეთე; საშუალების მიცემა ადამიანისთვის, რომ სხვა გზით, უფრო რთულითა და ხანგრძლივით, მიეყვანა დიდ სიკეთემდე. ამიტომ არანაირი გაბრაზება და განდევნა არ არის, პირიქით, უდიდესი სიკეთე, რაც ადამისთვის შეეძლო, გაეკეთებინა ღმერთს და არავითარ შემთხვევაში შურისძიება. ისააკ ასურს ნამდვილად დაეჯერება. ეს არის ღმერთის პედაგოგიური ენა. ამ სასჯელით ღმერთი ადამს აძლევს საშუალებას, რომ სამოთხეში გაცნობიერებულად დაბრუნდეს და, თან, შეწევნასაც აძლევს. არ ტოვებს და ვერც დატოვებს. ეს ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ღმერთმა დაგვტოვა, ისევე, როგორც პატარა ბავშვს ჰგონია, რომ მზე ჩაქრა, თუკი დაღამდა ან დედამ მიატოვა, თუ დედას საქმე გამოუჩნდა და დააგვიანდა. ყველას განგვიცდია სამყაროში დაკარგვის შიში. და თუმცა შიში და სირცხვილის გრძნობა გამოგვყვა, იმავდროულად, ისინი გვიცავენ, ცხობის პროცესს უწყობენ ხელს. დრო გვჭირდება, რომ საბოლოოდ გამოვცხვეთ და, როდესაც, საბოლოოდ, სრული სიყვარული დაისადგურებს ჩვენში, მათთვის ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან