რელიგია

რატომ არის ქრისტე მიჩნეული „ახალი აღთქმის ღმერთზე“ ლმობიერად, მაშინ, როდესაც „ახალი აღთქმით“ ადამიანის ფიქრებიც კი განისჯება

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 11.05, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ხშირად, რატომღაც, ძველი და ახალი აღთქმის ღმერთს სხვადასხვა ღმერთად აღიქვამენ, მათ შორის, ლამის მორწმუნეებიც. და, მართლაც, რატომ გამოვლინდება ერთი ღმერთი „ძველ აღთქმაში“ ერთგვარად, ხოლო „ახალ აღთქმაში“ – სხვაგვარად? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: „ძველ აღთქმაში“ ღმერთმა შიშით დაიჭირა ადამიანების მონური სული, შიშით მისცა მცნებები, ფაქტობრივად, აიძულა. ყველაფერი გაცამტვერებული იყო და ამიტომ ერთი ღმერთის რწმენა იძულებით ჩაუნერგა, რომ შემდეგ ნელ-ნელა გაზრდილიყვნენ: ძალით მიცემული რჯული, გარედან რომ მართავდა და რომელსაც მუდმივად ებრძოდნენ, ჩაუნაცვლა ახალი რჯულით, გულში ჩაწერილით. სამოთხეც ესაა, როდესაც გულში მაქვს რჯული და არ მჭირდება გარედან მართვა, თუ რა უნდა გავაკეთოდა რა – არა. ანუ ხელით სატარებელი არ ვარ. ზუსტად ეს მოხდა ქრისტეში: შემოვიდა ახალი რჯული და სულიწმიდის მადლი, რომელიც უკვე შენშია, გატარებს და გიცავს ხორცის სტიქიებისგან. შეიძლება, შენმა ხორცმა, სტიქიებმა, რომლებიც ჭარბადაა ჩვენში, დაგვაგდოს, მაგრამ სწორედ ესაა ჯვარცმა. ყოველ ჯერზე, როდესაც ტკივილს მივიღებთ, ჩვენ უკვე ის მადლი, რომელიც ჩვენშია – ქრისტეს სული – იმ წუთასვე მაძლევს ძალას, რომ ავმაღლდე ამაზე. „ძველ აღთქმაში“ დასჯის გარეგნული ფორმები ჩანს და მიჩნეულია, რომ ქრისტე სასტიკი არ არის, ამ დროს კი ქრისტეში არანაკლები სისასტიკეა, უბრალოდ, შიგნითაა გადატანილი. დაუნდობელია ქრისტე: მოიძულე დედა, მამა, და, ძმა, ცოლი, შვილიო, გეუბნება, ყველა, ვინც ჩემს შეცნობაში გიშლის ხელს, ესე იგი, დასჯა გადაიზარდა შინაგან ბრძოლაში, თორემ არანაკლებ დაუნდობელია ქრისტეს რჯული, ვიდრე „ძველი აღთქმისა“. თუ მადლს დაემორჩილება ადამიანი, უკვე მისი ფიქრებიც კი განისჯება და არა მარტო ქცევები, მაშინ, როდესაც მანამდე, „ახალი აღთქმით“, ადამიანთა საქმეები განისჯებოდნენ, რასაც ძალიან მძიმედ განიცდის ადამიანი. წმიდა მამებიც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთიც ისაა, რომ ამ დიად ნათელს ვერ გაუძლებ და სიხარულის ნაცვლად ტანჯვას მოგიტანს. იმიტომ რომ შენ არ გაქვს მისი დატევის უნარი, მაგალითად, როგორც თვალმტკივანს არ შეუძლია, თვალი გაუსწოროს შუქს ან მზეს, ვინაიდან წვავს, იმიტომ რომ ჯანსაღი თვალი არ აქვს.

ღმერთი უცვლელია: ეს ჩვენი ხედვები იცვლება, იმისდა მიხედვით, თუ რა დარტყმებს დაუშვებს განგება ჩვენზე, რომლებიც ჩვენი დამცავი, გონს მომყვანი საშუალებებია, რომ სწორი გზა ვეძებოთ. მაგრამ ზრდის კვალობაზე, რაც უფრო ვაცნობიერებთ საგნებსა და მოვლენებს, ჩვენ ამოვდივართ ამ „სასტიკი“ ღმერთის ზემოქმედებიდან ერთი ღმერთის შეგნებამდე. ბიბლიაში ღმერთის ორი სახელია: ელოხიმ და აშემ. ელოხიმ ეს არის ღმერთი, რომელიც ბუნების ძალებით მართავს ადამიანებს. სხეულითა და ცოდვით დაცემული ბუნებით რაც გაიგება, იმ ღმერთს ჰქვია ელოხიმი. და ის მრავალგვარად ვლინდება, ბუნების ძალების მეშვეობით, მორალური კანონებით: ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება და ვლინდება სასჯელის სახით, რაღაცას დაარღვევ – გარედან დაისჯები, ანუ, თუ ქრისტეში სინდისი სჯის ადამიანს, იქ ისჯებოდა პირდაპირი მნიშვნელობით, ან მსხვერპლი უნდა შეეწირა, ან რაღაც მსგავსი უნდა მოემოქმედებინა. ელოხიმი იმ ერთ ღმერთს დაარქვეს ჩვენი ბავშვური გაგების გამო და ის ადამიანში გადატყდება, როგორც დამსჯელი, როგორც მორალური იმპერატივი, როგორც სტიქიური, მატერიალური ძალა, ჩვენი ადამიანური ბუნება ხომ უმართავია? შესაბამისად, ის ღმერთიც ჩანს, როგორც სტიქია და უმართაობა, როგორც რეაქცია ჩვენს დამოკიდებულებაზე ღმერთის გამოვლენისადმი. მაგრამ არის ღმერთის მეორე სახელი აშემ – ღმერთი, რომელიც ვლინდება სასწაულებით: ის მცნების ღმერთია, ბუნების სტიქიების მიღმაა; შიგადაშიგ ერევა სასწაულებრივად და მას ადამიანის შინაგან მდგომარეობასთან აქვს კავშირი. ამიტომ წერია ბიბლიაში, მოვა დრო, როდესაც ღმერთი და ღმერთის სახელი იქნება ერთი და სწორედ ეს მოხდა მესიის, იესოს დროს. ანუ რას ნიშნავს, როდესაც ღმერთი და ღმერთის სახელი იქნება ერთი?! ღმერთი ამ სახელების მიღმაა, დაუნაწევრებელია, უსახელოა, არც ერთ სახელში არ ეტევა, თავის თავში სრულია – ფორმებისა და მრავალგვარობის გარეშე, მაგრამ აი, ის ერთი ღმერთი, როგორც ფერად შუშაში რომ გადატყდება სხივი, ჩემს აღქმაში მრავალგვარად ვლინდება, იმიტომ რომ მე არ ვარ ჯერ მწიფე, რათა ის ერთი ღმერთი შევიცნო. ცოდვით დაცემის შემდეგ შიშებითა და წარმოსახვებითაა სავსე ადამიანი და სწორედ ამიტომ ის ერთი ნათელი, ერთი ღმერთი კი – თავის თავში დასრულებული და კეთილი – გარეგნულად ვლინდება ძალიან ცუდად, ურჩხულად, მრავალგვარად, მაგრამ იქნება დრო, რომ ღმერთი და ღმერთის სახელი ერთი იქნება, იმიტომ რომ ადამიანი გაიზრდება ამ მრავალგვარობის ტყვეობიდან, რომელშიც თავისი უმწიფრობის გამო იმყოფება. რაც ამ წუთისოფელში ხდება, ადამიანის წარმოდგენებია ღმერთზე, წუთისოფელს თავის თავში არსებობა არ აქვს; რაც აქ ხდება ადამიანის წარმოსახვა და მისი ქმედებების შედეგია. აბა, ღმერთი არავის სჯის, რაც მემართება, მემართება ჩემი დაცემული ბუნების, ჩემი არასწორი წარმოდგენებისა და ამ არასწორ წარმოდგენებზე აგებული ურთიერთობათა ბადის გამო. ეს ყველაფერი ჩემთვის ვლინდება, როგორც რეალობა, მაგრამ გადაილახება, როდესაც მე მოვუკვდები ამ სტიქიებს. ჩვენ მოვუკვდით რჯულს ქრისტეს სხეულით და ქრისტე აღდგა, როდესაც ეს სხეული ქრისტეში გაუქმდა. ანუ ამ ორმაგობიდან და მრავალგვარობიდან, რომელიც შენი უმწიფრობისგანაა შექმნილი, რომელსაც კვებავს ჩვენი უგუნურება; შენს დაცემულ სხეულში აღდგა ქრისტე, რაც ნიშნავს, რომ ერთი ერთზე აღდგა ღმერთთან კავშირი! და ის ელოხიმი, იეღოვა თუ იახვე, „ძველი აღთქმის“ ღმერთი, რომელიც მე სასტიკი, უხეში მეგონა, ღმერთის ჩემი შიშებით შექმნილი სახელები იყო და აი, ეს გადაილახა. ქრისტეს მიწიერ სხეულშიც იყო ეს ბრძოლა. ქრისტე ხედავდა ღმერთის ამ უხეშ გამოვლინებებს და, რაც მთავარია, ამის მიღმა – იმ ერთ ღმერთს. ღმერთს არ უნდა, რომ ჩვენ მის წინაშე შიშით ვიკანკალოთ. ყოველი მისი შეხების, „ძველ აღთქმაში“ რომ გვხვდება, მიზანი ის კი არ იყო, რომ ადამიანებს შიშით ეკანკალათ, არამედ ღმერთს უნდა, რომ ადამიანმა მას გაუგოს, რაშიც ადამიანს ხელს უშლის ეგო, იმიტომ რომ თავისი თავი ჰგონია ღმერთი და ღმერთს არ უშვებს თავის ცხოვრებაში. ადამიანმა ღმერთი უნდა იწამოს არა შიშით, არამედ მიხვდეს, რომ აზრი არ აქვს წინააღმდეგობას; მიხვდეს ჯვარზე გაკრული ავაზაკივით, რომ მისი ტანჯვის მიზეზი ღმერთი კი არ არის, არამედ მისი უგუნური დამოკიდებულება, მისი ამპარტავნება, ამბიცია. ამას თვითონ უნდა მიხვდეს ადამიანი. ყველაფერი იმის მიღმა, რაც მე უსამართლო მგონია, არსებობს რეალობა, მილიარდჯერ აღმატებული, რომელშიც მთელი ჩემი ეს მიწიერი, ადამიანური ტანჯვა აბსურდია. გაგებას მოაქვს თავისუფლება და რა არის თავისუფლება? როცა მე უკვე აღარ მეშინია, ორი აზრი არ მაქვს ერთ საგანსა და მოვლენაზე, მაგრამ აქამდე რომ მივიდე, უნდა გადავლახო მრავალგვარობა. ამდენად, ამ მრავალგვარობაში ტანჯვები ბუნებრივია. განგებამ დაუშვა, როგორც გარედან დამცავი საშუალებები, რომ ადამიანი ამ ტკივილებით თავის ტყავზე ნელ-ნელა მოვიდეს გონს და მიხვდეს, ვინ აყენებს მას ამ მდგომარეობაში: გარეშე ძალა თუ თავად?! ჯერ ეს არ ვიცი, მერე კი თანდათან ვხვდები, რომ მთელი ის ტანჯვა, რომელიც მაწვება და საშინელ დღეში მაგდებს, ჩემი ამპარტავნებისა და ამბიციის შედეგია. როგორც კი ამას მივხვდებით, წუთისოფელი ერთ წამში სამოთხედ გადაიქცევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი