რელიგია

რატომ არის ქრისტე ისეთივე შესაძლებლობა, როგორიც იყო ადამი

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მეორედ მოსვლას ხანდახან მორწმუნეებიც კი უარყოფით მოვლენად აღიქვამენ. მეორე მხრივ კი, იმასაც ჩივიან, რომ ქრისტე მეორედ მოსვლას აგვიანებს. რა გვიდასტურებს, რომ მეორედ მოსვლა გარდაუვალია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა გვაიმედებს, რომ ჩვენ, ადამის ნამსხვრევები, ერთ დღესაც აუცილებლად განვიღმრთობით, ანუ დავბრუნდებით სამოთხეში?

– თუნდაც, ის, რომ არაფერი გრძელდება უსასრულოდ და სწორედ ესაა გასაღები: რაც დროში დაიწყო, დროშივე დასრულდება. რაც იწყება, მისი ჩანაფიქრიც იქვეა, ანუ, რაც ბოლოში უნდა მივიღოთ, ის დაწყებისთანავე დევს. სხვანაირად არაფერი ხდება და არაფერი იქმნება. დავუშვათ, რაღაც მოდელი ან პროექტი შევადგინე, დასაწყისშივე ვწერ ყველაფერს, რაც ბოლოში უნდა მივიღო და ამის შემდეგ ვიწყებ მის განხორციელებას. თუ ავიღებთ სამოთხის ბიბლიურ მოცემულობას, დავარქვათ, მითოსი, ამბავი და აქედან ამოვალთ, გამოდის, რომ ეს იყო პროექტი და, შესაბამისად, ბოლოში უნდა მივიღოთ ის, რაც ჩაფიქრებული იყო. პირდაპირ არავინ აშენებს ცათამბჯენს ან თვითმფრინავს. რა მოდელსაც დაამტკიცებენ, ის თავიდან ბოლომდეა პროექტში განხილული, ჩატარებულია გათვლები, კომისიასაც აქვს ნანახი და მისი საბოლოო სახეც ცნობილია. ის იწყება, როგორც პროექტი, როგორც ჩანაფიქრი და დროში ხორციელდება, დროში შეისხამს ხორცს. სამოთხის ჩანაფიქრი განხორციელდა ქრისტეში და მივიღეთ ის ადამი – ღვთის ხატი ღმერთს მიმსგავსებული – როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა. პროექტში იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ ადამი წამოვიდოდა სამოთხიდან, დაიშლებოდა, რომ, ბოლოს, დროში თავის თავში გონს მოსულიყო. მე ხშირად ვიმეორებ და სხვადასხვა კუთხიდან განვმარტავ გონს მოსვლას, რომ სრულად გავიაზროთ. რას ნიშნავს გონს მოსვლა? თუ მე დანარჩენები სხვები მეგონა, ეს ტვინმა შექმნა, არადა არსობრივად ყველა ადამი იყო. ეს ხსოვნა დაიკარგა ან ძალიან მწირედ შემორჩა. შემორჩათ, მაგალითად, ებრაელებს და სწორედ იმ ერთ შემორჩენილ წერტილში იშვა და შედგა ის, ვინც თავის თავში გაამთლიანა ადამი. ყველა კულტურასა და რელიგიაში ეს სცენარია, სულ ოდნავ განსხვავებული და ზღაპრებშიც იგივე ქარგაა: იდილიაა ოჯახში, ანუ სამოთხე, შემდეგ ძმები იყრებიან და მიდიან სახლიდან, ებრძვიან დევებსა და ურჩხულებს – ეს ჩვენი ყოფაა – ბოლოს სახლში ბრუნდებიან, ვინც მკვდარი იყო, გააცოცხლებენ და ამის შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ საუკუნოდ. ეს ქარგა მოჰყვება კაცობრიობას, მაგრამ მეორეა, რომ ქრისტეში რეალურად, დროსა და სივრცეში და არა მითიურად, სადღაც პარალელურ სამყაროში, მოხდა ეს. ამიტომაც გვაქვს ჩვენ, ქრისტიანებს, „მრწამსი“, რომელშიც წერია: „და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა“. რატომ შეიტანეს „მრწამსში“ პონტოელი პილატე?! იმიტომ რომ იყვნენ გნოსტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, ეს ამბავი მიწაზე არ მომხდარა, ტვინის მიერ გამოგონილი, მისტიკური ჭვრეტით დაწერილი ამბავიაო. „მრწამსი“ კი ახსენებს პონტოელ პილატეს, ანუ დრო დაკონკრეტდა, რომ დროშიც მოხდა და ისტორიულადაც, ოღონდ იმავდროულად, აქედან დაიწყო სხვა პროცესიც.

ქრისტეში მივიღეთ პირველი სინჯი – ეს არის წინდი (საწინდარი), ისეთივე შესაძლებლობა, როგორც თავდაპირველად ადამი იყო შესაძლებლობა. მანამდე წერია: „რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.“ რატომ მოვიდა სულიწმიდით?! თვითონ ქრისტეა სულიწმიდა, მარიამის საშოში, უმამაკაცოდ, სასწაულებრივად ჩასახული. ქალწულის საშოში არაადამიანური ძალით ჩაისახა ძე ღვთისა და იშვა. იოანე მახარობელი წერს: ჩვენ მოგვცა ძალაუფლება, ძედ ღვთისად ვიწოდებოდეთ, რომლებიც არა სისხლისაგან ნდომისგან, არა მამაკაცური ნდომისგან, არამედ სულისგან ვიშვითო. ანუ იმავე რწმენით იშობა ჩემში ქრისტე, როგორც მარიამის საშოში იშვა. რას ნიშნავს არამამაკაცური ნდომით?! ესე იგი, არა ლოგიკითა და ჩაძიებით, არამედ სასწაულებრივად. რას ნიშნავს „სასწაულებრივად“? სხვაგვარად! ლექსი რომ იბადება, შეიძლება, ფიზიკოსმა დაადგინოს, რა ხდება ამ დროს ადამიანის ტვინში?! ამბობენ, რომ რუხი ნივთიერების აორთქლების შედეგად დაიბადა გოგენის ტილოები და გალაკტიონის ლექსები. კი ბატონო, სჯეროდეთ: ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ ასე რომ არ არის?! ლოგიკას ყველაფრის ახსნა არ შეუძლია. ლოგიკა, მეცნიერება პასუხს სცემს კითხვას: როგორ? მეცნიერება ამბობს, რატომ არის ცა ცისფერი ან ვარდი წითელი, მთელი მექანიზმებია აღწერილი, რომელიც ტვინში მიმდინარეობს, მაგრამ მე ვსვამ კითხვას: ვინ უნდა დამტკბარიყო ვარდით, თუ მე არ ვიქნებოდი?! აღმქმელი?! ვისთვის შეიქმნა ვარდი?! დაახლოებით, ასეა აქაც: რწმენით იშობიან ისინი, რომლებმაც, რწმენით, მარიამივით მიაღწიეს იქამდე, რომ მათ სამშვინველს შეუძლია იესოს დატევა და ამ დროს ხდება სასწაული. მაგალითად, ჩემს ცხოვრებაში მოხდა სასწაული: მე ვიყავი ათეისტი. რომ მითხრეს, ვიღაცები ბიბლიას კითხულობენო, მათ დასაცინად წავედი. უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ისტორიის ფაკულტეტზე, ლაზი აზნაური, როგორ ვიკადრებდი ბიბლიის წაკითხვას?! უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის იქით არფერი იყო – რაიკომის ბაზას წარმოადგენდა. ეკლესიაში არასდროს შევსულვარ, ბიბლიას აბუჩად ვიგდებდი. ერთხელ, როდესაც გერმანულის ლექტორმა გაიხსენა გერმანიაში მისი ყოფნა და ღმერთზე ქადაგება დაიწყო, სიცილი ამიტყდა და როგორ მოხდა, რომ მე თვითონ, ასეთი ათეისტი ადამიანი, ვეხები ბიბლიას. მოკლედ, მივდივარ მათ დასაცინად, „ბიბლიას“ რომ კითხულობენ და წუთში ხდება მეტამორფოზა, აფეთქება. მე იქ ვნახე ის, რასაც ცხოვრებაში ვეძებდი. მე, უბრალოდ, არ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ბიბლიაში ეწერა. ანუ ჩემი უმეცრების ბრალი იყო ჩემი ურწმუნოება, მე არასწორი ინფორმაცია მქონდა. სხვათა შორის, როგორც კი პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მეცამეტე თავი წავიკითხე, ამან მომიყვანა მართლმადიდებლობაში. მეც ჯერ ჩემი ცხოვრების საზრისს ვეძიებდი, რისთვის გავჩნდი, რა მიზნით და დასაცინად მისულმა, ბიბლიის ერთი ფურცელი რომ წავიკითხე, ჩემი სამყარო შეიცვალა. ამას არ აქვს ლოგიკა და არც ლოგიკით იხსნება. ეს, ადამიანური გაგებით, არ არის ნორმალური მდგომარეობა და ვერც ვერავის დავუმტკიცებ და ვერც ავუხსნი: ეს უბრალოდ მოხდა და არ მომხდარა ტვინში, არც ექსტაზი ყოფილა, რომ გახვიდე რელობიდან და ისევ უკან დაბრუნდე. ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გულში მოხდა სასწაული. როდესაც ცნობიერება ნათდება, ყველაფერი დანარჩენი, რაც მანამდე იცოდი და ნამდვილი გეგონა, უფერულდება. ისეთი დიდი სიცოცხლე მოდის, რაც გინდოდა და რისკენაც მიილტვოდი, გიქრება. ეს სინამდვილეა. ეს არ არის აღტაცება, რომელიც გაგივლის, ეს არის ძვლებამდე გამჯდარი, ხელს ჰკიდებ, ოღონდ ყველას თავისი ჟამი აქვს. ყველა აქეთკენ მიდის და ყველა სხვადასხვა დროს აღწევს ამ მდგომარეობას. მეორე მხრივ, დანამდვილებით ჩვენ მაინც არ ვიცით, რა არის ჭეშმარიტება, მხოლოდ გულის დონეზე ვგრძნობთ, მაგრამ ეს, სულაც, არ ნიშნავს, რომ, რაკი ჩვენ არ ვიცით, არ არსებობს. მთავარია, იცის მან, ვინც ეს პროექტი შექმნა. მე ასე მჯერა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავს ხორცთან და ატომების გროვასთან აიგივებენ და ამის შესახებ კიდევ ვისაუბრებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა