რელიგია

რატომ არის ქართულში პარასკევის გარდა ყველა დღე შაბათი

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.11, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველამ ვიცით, რომ, თუ ჩვენ თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ერად და ქვეყნად მივიჩნევთ, ებრაელები თავიანთ თავს ღვთის რჩეულ ხალხად მიიჩნევენ და დარწმუნებულები არიან, რომ კაცობრიობის ხსნა სწორედ ებრაელებზეა დამოკიდებული. რატომ ჰგონიათ ზოგიერთ ხალხს თავი რჩეული, მართლაც ჰყავს თუ არა რჩეულები ღმერთს, ეს ბონუსია თუ პასუხისმგებლობა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– წინა საუბრისას ძალიან საინტერესო ფრაზა თქვით, ებრაელები არც არის ერიო...

– დიახ, აბრაამისგან შეიქნა ერი, მაგრამ ეს იმისთვის მოხდა, რომ აბრაამის შტოს შეექმნა ის ერი, რომელიც დაიცავდა მონოთეიზმს, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი ღმერთია, ის ერთია და მის იქით არაფერსა და არავის აქვს არსებობა, ეს ხედვა რომ შეენარჩუნებინათ, აბრაამს მოწაფეები ჰყავდა, შემდეგ იაკობი და ისააკი შეეძინა, შემდეგ – 12 მამამთავარი, შემდეგ ეგვიპტეში მიდიან მონებად, რომ გამრავლდნენ და ბოლოს, ქანაანის მიწაზე ამკვიდრებს მათ ღმერთი. და სწორედ იქ ტრიალებს დღეს ომი. სეკულარული აზროვნების მქონენი პალესტინელების მომხრენი არიან, რადგან, თუკი 2000 წლის წინათ აქ ცხოვრობდი და სახელმწიფოც კი არ გქონია, არ გეკუთვნის, უცებ რომ მოინდომე, მაინცდამაინც აქ გქონდეს სახელმწიფო. მართლაც, ჩვენც რომ მოვინდომოთ, დავით აღმაშენებლის დროს რომ გვქონდა ის ტერიტორიები, ვინმე დაგვიბრუნებს?! მაგალითად, დიდი სომხეთის სახელმწიფო ჰქონდათ სომხებს მეფე ტიგრანის დროს, მაგრამ ვინ დაუბრუნებს?! ასევე, ქურთებს ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო. ყველამ რომ მოინდომოს, სადაც ოდესღაც სახლობდა, იქ დამკვიდრება, აირევა ყველაფერი, მაგრამ ებრაელებს ყველასავით არ უნდა მოვექცეთ. ხოლო, თუ ისე მოვექცევით, როგორც ყველას, მაშინ „ბიბლია“ უნდა უარვყოთ და ვინც „ბიბლიას“ უარყოფს, მისი ხედვით, ალბათ, ებრაელები მოსულები არიან იმ მიწაზე, ოღონდ, თუ მესიანიზმია სამყაროს საფუძველი; თუ სამყარო მიზეზშედეგობრივი კავშირით კი არ ვითარდება, არამედ მისიით, მიზნითა და საზრისით, მაშინ ებრაელი ერი არის ის, ვინც ამ მიზანსა და საზრისს ატარებს. და რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ, თუ ეს დაიკარებოდა, სამყარო დაკარგავდა აზრს. ამიტომაა, რომ ებრაელობა ერი არ არის, ეს არის აბრაამის შთამომავლობა, რომელიც ეგვიპტეში გამრავლების შემდეგ ქანაანში დაასახლა ღმერთმა. მათ მთელ მსოფლიოს აუწყეს, რომ აქ უნდა დაიბადოს მესია, მთელი სამყაროს მხსნელი; ის, ვინც ადამიანს სამოთხეში დააბრუნებს. ამიტომ ჰქონდათ და აქვთ ებრაელებს შაბათი. აქვე გავიხსენებ, რომ ებრაელები არიან სამი რელიგიის ფუძემდებლები: იუდაიზმის, ქრისტიანობისა და მუსლიმობის. საიდანაა კვირის შვიდი დღე მთელ მსოფლიოში გავრცელებული?! სად წერია ქმნადობის შვიდი დღის შესახებ? დიახ, „ბიბლიაში“. რომ შვიდიდან ერთ დღეს, შაბათს, შემოქმედმა დაისვენა – თუმცა ჩვენ კვირას ვისვენებთ. ესეც ებრაელებისგან მოდის და უკავშირდება მესიანიზმს, მისიის ადამიანს. რაც ნიშნავს, რომ სამყაროს აქვს პროექტი – პირველი პროექტია სამოთხე, შემდეგია სამოთხიდან გამოსვლა, რის შემდეგაც ისევ რაღაც ხდება, რომ სამოთხის ხსოვნა შენარჩუნდეს და სამოთხის ხსოვნა ნარჩუნდება შაბათის მეშვეობით. შაბათს ებრაელები იმიტომ კი არ იცავენ, რომ ფიზიკურად დაისვენონ, არამედ შაბათს ხელახლა აღაგზნებენ ხსოვნის კანდელს. ანუ ისე ცხოვრობენ შაბათ დღეს, იგულისხმება ქმედებები, სასმელი, საკვები, გააზრება, რომ სამოთხე გაიხსენონ. მეტიც, მათ უბით მოაქვთ სამოთხის ხსოვნა კი არა, თვითონ სამოთხე და ძალიან დიდი განსხვავებაა სამოთხის ხსოვნის შენარჩუნებასა და თვითონ სამოთხის შენარჩუნებას შორის. შაბათი სამოთხეა – ექვსი დღის მუშაობის შემდეგ ისინი პარასკევის საღამოდან ისვენებენ. შეიძლება, ყველამ არ იცის, მაგრამ ქართულად ყველა დღე შაბათია – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, მანამდე კი ერთშაბათია, კვირა, ანუ კვირაც შაბათია. იბადება კითხვა: პარასკევი რატომ გამოერია?! იმიტომ რომ ქრისტეს შემდეგ უკვე სამოთხეში ვართ – ყველა დღე შაბათია! ყველა დღე თავისუფლებაა, გაუქმებულია. პარასკევი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოსამზადებელ დღეს. ეს არის წინა დღე, რომ მოემზადო შაბათისთვის. შესაბამისად, ებრაელები ისე აწყობენ თავიანთ ცხოვრებას, რომ შაბათს იუქმონ. არც კი უნდა გადაადგილდე, ცხოველებიც კი უნდა დაასვენო, საუკეთესო მიირთვა, ისეთი საკითხავები იკითხო, ბავშვებსაც ასწავლიან, რომ მუდმივად განაახლო სამოთხის მიბჟუტული ნაკვერჩხალი, რომ ხსოვნაში არ გადავიდეს. სამოთხეში რომ ვიყავით, ამის გახსენება ხსოვნაა, მაგრამ ხსოვნა რას გიშველის?! ებრაელი კი ასე არ ამბობს, იმ მინავლულ ნაკვერჩხალს, რომელიც ექვსი დღის მუშაობამ, ამ წუთისოფლის შიშებმა და შფოთმა მიანავლა, ხელახლა აღაგზნებს და შედის სამოთხის განცდაში, რამდენადაც შესაძლებელია, ვიდრე მოვა ცოცხალი შაბათი – ანუ მესია, ქრისტე. ეს კიდევ სხვა საკითხია და ებრაელები ამას ჯერ არ იღებენ, თუმცა დღეს ისინი უკვე აღიარებენ, ჩვენ მივეცით ქრისტე სამყაროს ადაპტირებულად, ანუ „თორა“ ქრისტეში შევფუთეთო. აქედან უნდა დავინახოთ ჩვენ ებრაელების მისია. სოლომონის მეფობის დროს მთელი სამყარო მიდიოდა სოლომონის მოსასმენად: ღმერთის, სამოთხის ხსოვნა სახელმწიფო დონეზე იყო სტრუქტურულად შენარჩუნებული, რომ არ დაკარგულიყო. მაგრამ რჩეულობა ის კი არ არის, რომ ისინი ზემოდან უნდა იყურებოდნენ; რჩეულობა ის კი არ არის, რომ ისინი ცალკე, მაღლა დგანან და სხვები მათ ქვემოთ?! არა, ეს არის ნათელი მთელი კაცობრიობისთვის და ებრაელობის მისიაა, რომ ეს ნათელი უწილადონ მთელ სამყაროს და როგორც კი ამ ნათელს აქრობენ, ანუ გადადიან მატერიალიზმში და ავიწყდებათ „თორა“, ყველაზე მეტი და დიდი სასჯელი ებარელებს ატყდებათ თავს: „ძველ აღთქმაში“ აღწერილით დაწყებული და ჰიტლერით დამთავრებული. რისთვის ხდება ეს?! იმისთვის, რომ ის ნათელი არ ჩააქრონ და მარტო თავიანთთვის კი არ გაინათონ, ჩვენ რჩეულები ვართო, არამედ სამოთხის ხსოვნა მთელ სამყაროს უნდა გაუნათონ. ეს ნათელი კი მაშინვე ქრება, როდესაც ებრაელი წყვეტს ცეცხლფარეშობას და გადადის კერპებისკენ. აი, მაშინ ისინი ყველაზე მეტად ისჯებიან. სწორედ ესაა რჩეულობა. ჩვენ, ყველანი, ერთი ადამი ვართ, ერთი სხეული, ხოლო უფალმა ადამის მოდგმაში აბრაამის მოდგმა გაამრავლა, ანუ იმ რწმენის ხალხი, რომლებსაც ებრაელები ჰქვია, თორემ, როგორც სხეულისთვისაა ყველა ორგანო მნიშვნელოვანი, ისეა ერებიც; სწორი იქნება, თვალმა თქვას, რაკი ვხედავ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვარო?! რას იზამს თვალი ხელის ან გულის გარეშე?! უბრალოდ, ებრაელები, მთლიან კაცობრიობაში, განწირული არიან, რომ ატარონ სამოთხის ხსოვნა: მათია მოსეს რჯული, მათგან არიან წმინდა მამები, მათგან არის ჩვენი უფალი, ღვთისმშობელი... სოლოვიოვი ამბობდა, ჩვენ ბოლომდე ქრისტიანები იმიტომ არ ვართ, რომ ცოტათი ებრაელები არ ვართ და ებრაელებიც ბოლომდე არ არიან ებრაელები, იმიტომ რომ ცოტათი ქრისტიანები არ არიანო. იმიტომ რომ ეს ერთი მთლიანია. მეორედ მოსვლის წინაც ებრაელების მოქცევაა პირველი ნიშანი იმისა, რომ იესო გამეფდება და შეერთდებიან ებრაელობა და ქრისტიანობა, რომელიც ისედაც იმთავითვე ერთია, უბრალოდ, დროებით დაუშვა განგებამ დაყოფა, რომ ეს დაპირისპირება მომხდარიყო. თორემ, როგორ შეიძლება, რომ ღმერთს უარეყო თავისი ხალხი?! ამიტომაც სწორედ ბოლო ჟამს გაცხადდება ეს საიდუმლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული