რელიგია

რატომ არის ისააკი „ბიბლიის“ ყველაზე აუხსნელი პერსონაჟი

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.06

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

განვაგრძობთ „ბიბლიის“ ენის წვდომას, რაც გვეხმარება, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და ამოვიცნოთ „ბიბლიაში“ აღწერილ ისტორიებსა და სახელებში. რატომ შერთო აბრაამმა ისააკს ცოლად რებეკა და რატომ არის ისააკი „ბიბლიის“ ერთადერთი აუხსნელი პერსონაჟი – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ჩვენ მოვდივართ სამოთხიდან, თითოეული ჩვენგანი ღრმად უნდა ჩავიდეს საკუთარ თავში და გაიხსენოს. „ბიბლიურ“ ისტორიებსაც ამისთვის ვკითხულობთ და ვსწავლობთ. ჩვენი ეგოდან შექმნილი ცხოვრების წესი უნდა გავარღვიოთ. წერია, ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს ჩემი მომავლინებელი, საფლავებშიც რომ იყვნენ, აღდგებიან თვიანთი საფლავებიდანო. საფლავი არის ჩვენი მოკვდავი სხეული, ხოლო ღმერთის სიტყვა, რომელიც აღგვადგენს ჩვენ, გვაბრუნებს იმ სამოთხის მდგომარეობაში, რომელსაც მოწყვეტილები ვართ ჩვენი ტვინით. სწორედ ამ სიტყვის – საფლავის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ დღეს და ისევ აბრაამისა და სარას ისტორიას მოვიშველიებ: როდესაც სარა და აბრაამი ბოლო წლებში არიან, აბრაამი ეძებს საფლავს და პოულობს ადგილს, რომელიც ეკუთვნოდა ეფრონს, ცოხარის ძეს. ჩვენ ვიცით, რომ სახელები „ბიბლიაში“ შემთხვევით არ არის ნახსენები, ამიტომ განვმარტოთ. საფლავი ეს არის ადგილი, სადაც ინახება ყველაზე ძვირფასი – ხსოვნა. ის ხსოვნის ადგილია, ესე იგი, მე მახსოვს, ვინ ვარ, ვისგან მოვდივარ, აი, ეს მნიშვნელობა აქვს საფლავს. ჩვენ გვიხარია, წინაპრების საფლავები რომ გვაქვს, ვინაიდან გვახსოვს და ვიცით, ვინ ვართ. იქ, იმ ადგილას იყო დასაფლავებული ადამი და ევა, აბრაამი და სარა, ისააკი და რებეკა, იაკობი და ლეა და ასე შემდეგ. ყიდვა ნიშნავს, რომ ის ადგილი ვიღაცას ეკუთვნოდა. ეფრონი ნიშნავს ნაცარს, მტვერს, მაგრამ ვინ არის ეფრონი, ვისი შვილია? ცოხარის ძეო, წერია. აი, ცოხარი კი ნიშნავს ღადარს, ცეცხლს, ნათებას. ესე იგი, რა გამოდის?! ვინ არის პიროვნება, რომელსაც ეკუთვნის ადგილი, რომლისგანაც აბრაამმა უნდა იყიდოს თავისი და სარას დასამარხად?! ადამიანი, ვინც თავადაა უდიდესი საიდუმლოს მემკვიდრე, მისია ადამისა და ევას სასაფლაო, მაგრამ თვითონ, უბრალოდ, კაცია, მტვერია, ოღონდ ნათლის შვილია. მას ხსოვნა დაეშრიტა, თორემ რას გაყიდიდა იმ ადგილს?!

ჩვენშიც ასეა: ჩვენს სულს ახსოვს, ვინ ვართ ჩვენ, მაგრამ ჩვენს ყოფაში ეს ხსოვნა დანაცრულია, ამიტომაც წერია ბიბლიაში ბევრ ადგილას სიტყვა „ჩხრეკა“. ძიება ჩხრეკას უკავშირდება. ანუ უნდა გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი. ნაცარს რას უშვებიან?! ღამით მასპინძელი ნარს გადააფარებს ნაცარს, რომ დილით ხელახლა ანთება არ მოუწიოს, რასაც დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ გადაქექავს ნაცარს და იქ აუცილებლად იპოვის ღადარს. იგივე ხდება ჩვენშიც – ჩანაცრულია ჩვენი ყოფა, მაგრამ გულისგულში ვინახავთ ღადარს, რომელიც უნდა აღიგზნოს და ის არის ჩვენი ხსოვნა, მოგონება. როცა ის გახსოვს, იცი, საიდან მოდიხარ, როდესაც გავიწყდება, ამბობ, რომ მაიმუნისგან მოვდივარ, მტვერს მივეცემი და ყველაფერი დამთავრდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ისააკის რებეკაზე დაქორწინება: აბრაამი ელიაზარს უშვებს თავის ქვეყანაში, საიდანაც გამოვიდა, რომ იქიდან მოიყვანოს ცოლი ისააკისთვის. ეს იმის სიმბოლოა, რომ ებრაელი არ უნდა მოსწყდეს თავის ფესვებს, როდესაც ახალი ქვეყანა შეიქმნება. ელიაზარმა იცის, რომ აბრაამის ძმისშვილი უნდა შერთოს ისააკს, მაგრამ როგორ იცნოს, ვინ იქნება ისააკის საცოლე?! მიუყვება გზას ათი დატვირთული აქლემით, აბრაამმა გაატანა საჩუქრები და ლოცულობს. მიდის ჭასთან და ამბობს, ქალიშვილი, რომელიც მოვა და მეტყვის, შენც დაგარწყულებ, აქლემებსაც დავარწყულებ, ის იქნებაო ჩემი ისააკისთვის ნამდვილი საცოლე. რატომ, მაინცდამაინც, ეს თვისებები?! წყალობა არის აბრაამის თვისება, ამას ებრაულად ჰქვია „ხესეთ“ და გაცემაზე მეტია; ეს არის სრული თავგანწირვა, როდესაც შენთვის არაფერის იტოვებ. აბრაამი ასეთი იყო, მაგრამ ისააკი მისი საპირწონეა. ისააკი აბრაამის გაკეთებულს ინარჩუნებს; ჭები, რომლებიც აბრაამის დროსაა ამოთხრილი, ასუფთავებს. რა არის ჭა?! ყველა ენაზე ჭა ჭეშმარიტების სიმბოლოა. ადამიანის სულია ჭასავით, სადაც სამოთხის ხსოვნა დგას, ამდენად, აბრაამი ხალხში ჭებს თხრიდაო ნიშნავს, რომ იქ, სადაც არ იყო ჭეშმარიტება, სადაც მოწყვეტილი იყვნენ მისგან, ჭებს თხრიდა, ანუ სკოლებს, საგანმანათლებლო ცენტრებს აარსებდა, ყველგან სიკეთეს ღვრიდა, – აი, ესაა აბრაამობა. აბრაამის ცნობიერება ჩვენშია, მაგრამ მეორეა ისააკი – ამის შემაკავებელი. ისააკი რას აკეთებს? ისააკი იცავს იმას, რაც აბრაამმა გააკეთა. ისააკს არც ერთი ჭა კი არ ამოუთხრია, მან გაასუფთავა აბრაამის ჩაოხრებული ჭები. რას ნიშნავს ჭების გასუფთავება?! ტრადიციის ერთგულებას. საქართველოში დღესაც ასეა; ერთი ძალა წინ მიისწრაფვის, ვერ ეტევა და გაფართოება უნდა, მეორე ძალა უკან ექაჩება, შევინარჩუნოთ ტრადიცია, არ მოვწყდეთ ფესვებს. უკეთ გასაგებად ასეთ მაგალითს მოვიტან: ოთახს კარი და ფანჯრები არ გავუკეთოთ, რომ, ვისაც მოუნდება, არ შემოვიდეს და გავიდეს. იცხოვრებ ასეთ სახლში?! ვერა. მეორე უკიდურესობაა, ამოვქოლოთ კარისა და ფანჯრების ადგილი, მაგრამ აქაც ვერ იცხოვრებ, იმიტომ რომ ვერც ვერავინ შევა და ვერც ვერავინ გამოვა. ანუ აბრაამის სიჭარბეს, მის ზედმეტ გახსნილობას ისააკი, მისი შვილი, აწონასწორებს და ხომ გვახსოვს, რას ნიშნავს შვილი?! ახალ ცნობიერებას, ახლებურ ხედვას. ისააკი შემნარჩუნებელია, რაც მიღწეულია, იმას ამყარებს. აი, ამ ორის სინთეზია, როდესაც სახლს კარიც აქვს და ფანჯარაც. კარი ერთდროულად ღიაც არის და დახურულიც, ანუ ვისთვისაც საჭიროა, დაკეტილია და ვისთვისაც საჭიროა, ღიაა. ადამიანი უნდა იყოს ამ ორის სინთეზი. შესაბამისად, ელიაზარმა იმიტომ თქვა, რაც თქვა, რომ აბრაამი ღიაობაა, ყველგან ჭებს თხრის, ისააკი კი ინარჩუნებს. ისააკი არის თაობა, რომელიც მამების გადმოცემულს ახალს არაფერს უმატებს, ის მუშაობს იმისთვის, რომ მტრებისგან ჩაოხრებული ამოწმინდოს. ისააკი ყველგან პასიურია – თავშეწირვის დროსაც პასიურია; მორჩილად ეძლევა მამამისს; ცოლი მოჰყავთ მისთვის და არავინ არაფერს ეკითხება, მამამისი უშვებს ელიაზარს, არც ჭებს თხრის თვითონ. სხვათა შორის, ისააკი აუხსნელია. აბრაამისა და იაკობის ახსნა შესაძლებელია, მაგრამ ისააკის – არა. ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ ისააკი ბოლომდე იქ დარჩა, სადაც შესწირეს. ისააკმა სიკვდილს ჩახედა თვალებში, სიკვდილი მიიღო და უდიდესი სინათლე იხილა. ისააკი ქრისტეს სიმბოლოა. ის სიკვდილში გადავიდა, შემდეგ გაცოცხლდა და მან იცის, რა არის ნამდვილი სიცოცხლე, ამიტომ არ არის აქტიური, იმის შემნარჩუნებელია, რაც მიღწეულია, მაგრამ არც ის უნდა გაჩერდეს იქ და ამიტომაც მოდის რებეკა. ჭასთან ელიაზარს რებეკა ხვდება და ეუბნება, შენც დაგარწყულემ აქლემებსაც დავარწყულებ და უფრო მეტიც, სახლშიც წამოდით, კიდევაც დაგაპურებთო. და ელიაზარი ხვდება, რომ რებეკაა ისააკის საცოლე. რისთვის იყო საჭირო რებეკას ასეთი თვისებები?! იმიტომ რომ ისააკი ზედმეტად ინერტული იყო, სიცოცხლე კი მიედინება, მაგრამ ოჯახში უნდა შევიდეს ისეთი ქალი, რომელსაც ჭარბი სიკეთე აქვს, რომ გააწონასწოროს ისააკი, რომ მათგან დაიბადოს იაკობი. ეს ორი თვისება ჩვენც, ქართველებსაც ჭარბად გვაქვს: ჩვენთან გამოკვეთილადაა ტრადიციონალიზმი და გარეგნულს უფრო ვიცავთ, ვიდრე ღვთის ხატ ადამიანს. მეორე მხრივ, ყველაფერზე უარს ვამბობთ, არ გვინდა ტრადიცია, გვინდა, ვიყოთ თავისუფალი და ვეჯაჯგურებით ერთმანეთს, არადა ორივე მდგომარეობა საშიშია. იმის შესახებ კი, სად ხვდება ისააკი რებეკას და როგორ უნდა შვა მესამე ამ ორმაგობის მიღმა, შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა