რელიგია

რატომ არის ინტერნეტი წინა ტექნიკური საფეხური ადმიანების გულების გასამთლიანებლად

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ლოცვებში ცალკეა გამოყოფილი ლოცვა პატიმრებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა გულისხმობს, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ანუ სხვას ავნო, ეკლესია გულმოწყალეა მის მიმართ, ზუსტად ისევეა მიჩნეული უმწეოდ, როგორც დავრდომილი თუ განსაცდელში მყოფი. თუ რატომ, ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– სანამ პატიმრების თემაზე ვისაუბრებთ, მინდა, რომ ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ამოვწუროთ: თქვით, რომ ადამიანი ვერ ხედავს მთლიან სურათს და იმიტომაც ვიტანჯებით. რა გვეხმარება, რომ ოდესმე დავინახოთ ეს მთლიანი სურათი და აღარ ვიშფოთოთ იმის შესახებ, რაც ჩვენი მოგონილია და არ აქვს კავშირი სინამდვილესთან?

– დიახ, ადამიანი ვერ ხედავს მთლიან სურათს და ამის ნათელი დადასტურებაა იაკობის ისტორია: მას იოსები, თავისი შვილი, მკვდარი ჰგონია და გლოვობს, მაგრამ, სინამდვილეში, იოსები ცოცხალია და ფარაონმა მეორე კაცად დაიყენა. ამ დროს კი იაკობი ღმერთს საყვედურობს, განა არ მეუბნებოდი, იოსები იქნება შენი მემკვიდრე და ისრაელს გადაიყვანს ეგვიპტეშიო. სწორედ ასე იყო ნაწინასწარმეტყველები და იაკობი დაბნეულია. შემდეგ ის არ იჯერებს, რომ იოსები ცოცხალია, მაგრამ მასთან მოდის ფარაონის ეტლები, იოსები უგზავნის მამამისს. იაკობი ფარაონის ეტლებმა დაარწმუნა. რატომ? იმიტომ რომ ფარაონის ეტლებია სულიწმინდის შეხება, რასაც თვითონ ამოწმებს. ეს იმდენად დიდი შეხებაა, რომ იაკობი ჩუმდება. ჩუმდება, ვინაიდან ამ გამოცხადებით ყველაფერი წალეკილია. აღარ რჩება კითხვის ნიშნები და წერია, მაშინ გაცოცხლდა იაკობის გული და თქვა ისრაელმა, წავალ ჩემს შვილთან. ესე იგი, უკვე ისრაელი გახდა, მაგრამ ეს ცალკე თემაა, რაზეც ადრეც გვისაუბრია სხვა კუთხით.

იმის თქმა მინდა, რომ მიხარია, თუ ადამიანი მიიღებს იმას, რასაც ეკლესიაში მოსვლითა და მოძღვართან ურთიერთობით ეძებდა და შინაგანად გაჰყვება ამ სინათლეს. ერთი პატარა ნაბიჯია დარჩენილი, რომ აღდგეს კავშირები ჩვენ შორის, რაც ტექნიკურად უკვე მომხდარია – ამის დასტურია ინტერნეტი და ასეც უნდა მომხდარიყო: სანამ მეფე გამოვა, ჯერ ხომ ტექნიკურად ამზადებენ მის გამოსვლას?! თუ ცეცხლი აინთო ადამიანის გულში, მას ვეღარაფერი ჩააქრობს. ამდენად, მე მიხარია, როდესაც მრევლის წევრი მიდის, იმიტომ რომ მას მიაქვს ცეცხლი. მაგრამ შეიძლება, პრობლემები აქვს, ვერ მოერია, ამას გულიც გიგრძნობს უკვე, თუ ადამიანი გიყვარს. ამიტომ მოვიკითხავ კიდეც, მივწერ კიდეც, ვუგზავნი რაღაცებს. ოღონდ ამას ძალით კი არ აკეთებ, არამედ ეს ცხოვრებაა, სიხარულია; შენ უფრო მეტს იღებ აქიდან, ვიდრე გასცემ და ვერც ხელოვნურად გააკეთებ. ვინც მოდის, მირეკავს, მომწერს ჩემს გვერდზე, თუმცა ჩემი მეუღლე ათვალიერებს ხოლმე იმ გვერდს, ალბათ, შეუძლებელია, არ ვუპასუხო. მეშინია კიდეც: მე ხომ არ ვიცი, ვინ არის ის ადამიანი?! რა უჭირს?! ადამიანებს უამრავ დროს ვუთმობ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არ არის დროის დაკარგვა – ერთი ადამიანი მთელი სამყაროა.

დიახ, მე ხშირად დავდიოდი ციხეებში და პატიმრებს ვხვდებოდი, სამუდამო პატიმრობამისჯილებსაც და უვადოებსაც. მიფიქრია, რატომ ვაკეთებ ამას?! ალბათ, ეს შენც გჭირდება, როგორც ადამიანს. 2014 წელს მაკურთხეს მღვდლად, თუმცა ამას აქვს პრეისტორია, პირველად 1994 წელს მაკურთხა პატრიარქმა და 1997 წელს უნდა ვყოფილიყავი მღვდელი, უბრალოდ, ჩემი ისტორია სხვაგვარად წარიმართა და ეს იცის ჩვენმა მკითხველმა, ამიტომ თავს არ შევაწყენ. 2014 წელს ისევ ეკლესიას დავუბრუნდი და როდესაც ახალი ხარ, სავსე ხარ მსახურების წყურვილით, მით უმეტეს, რომ ასპარეზი გაქვს: ციხეები, რეანიმაციები, განსაცდელში მყოფები და შენც გინდა, რომ დაიხარჯო. ქრისტე ამას გასწავლის და პირველად, ბუნებრივია, საპყრობილეში მივედი. ყველა მღვდელმა იცის, რომ პატიმრების მსახურება არის ერთ–ერთი გამორჩეული სათნოება და თითქმის ყველა მოძღვარს რაღაც დოზით აქვს ეს გამოცდილება. თუმცა ჩემი გამოცდილება მაინც არანორნალური იყო: 10 ციხესა და ზონაში კვირაში ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში, სანამ დირექტორი არ იტყოდა, უკვე ექვსი საათია და უნდა წახვიდეო, ასობით კი არა, ალბათ, ათასობით პატიმარს ვხვდებოდი. მეტიც, უვადო პატიმრებთან ვიყავი მიმაგრებული; მათ ფლიგელში შევდიოდი. მაშინ 76 უვადო პატიმარი იხდიდა სასჯელს გლდანის ციხეში. 76-დან 15-20 პატიმარი გამოდიოდა თითო მისვლაზე, ისხდნენ და ვსაუბრობდით. ორჯერ გამოვედი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უვადო პატიმრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაც უნდა შეიცვალოს ამ სისტემაში. ხშირად ერევათ, მაგრამ უვადო პატიმრობა არ არის სამუდამო პატიმრობა: უვადო იმიტომ არის უვადო, რომ გარკვეული წლების შემდეგ, 15-დან 20 წელიწადში უნდა გადაიხედოს სასჯელის ზომა და შემდეგ უკვე ვადიანზე უნდა გადავიდეს. გაგახსენებთ, როგორ იყო საბჭოთა დროს: სასჯელის მაქსიმალური ვადა იყო 15 წელი, უმაღლესი ზომა კი - დახვრეტა, მაგრამ სად 15 წელი და სად დახვრეტა?! ნებისმიერი არ ისურვებდა, არ დამხვრიტო და 30 წელს დავჯდებიო?! უცბად რატომ გადახტა 15 წლიდან დახვრეტაზე?! სხვათა შორის, ამერიკაშიც არის შემთხვევები, როდესაც სამუდამო პატიმრები - ეს არ არის უვადო პატიმრობა, სამუდამო პატიმრობა არ გადაისინჯება – ითხოვენ ელექტროსკამს. ანუ, როდესაც ადამიანს პერსპექტივას უკლავ, ის ამას ვერ უძლებს და ეს არაადამიანური მოპყრობაა. შესაბამისად, უვადო პატიმრის მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნა არის არაადამიანური მოპყრობა. მე არ ვგულისხმობ პათოლოგებს, რომლებიც, რომ გამოუშვა, იმავეს ან უარესს ჩაიდენენ, მაგრამ ამის შემოწმებაც ხომ შეიძლება?! თან, 20-25 წელი შენი მეთვალყურეობის ქვეშაა. მეორე მხრივ, ზოგს ჰგონია, რადგან უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, განსაკუთრებული პატიმარია. არადა ეს ტყუილია! ჩვეულებრივი პატიმარია. გაგახსენებთ, საქართველოში 1997 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა. დაახლოებით, 53 სიკვდილმისჯილი გამოუშვეს. მხოლოდ რამდენიმემ ჩაიდინა შემდეგ ნაკლებად მძიმე დანაშაული, დანარჩენებს არაფერი ჩაუდენიათ.

რატომ? იმიტომ რომ, როდესაც სიკვდილს ჩახედე თვალებში, განგებაც უშვებს ამას, ეს შოკური თერაპიაა, შენი ეგო ბოლომდე ჩამოიშლება, იმ ეგოს მიღმა კი ცოცხალი ადამიანია, ღვთის ხატება. ამდენად, ვინც უვადო პატიმარია და ფანჯრიდან იყურება, არც იცის, გამოვა თუ არა, სხვანაირად უყურებს სამყაროს. ერთი უვადო პატიმარია გიორგი ნაცვლიშვილი, ლამის მთელმა საქართველომ იცის მის შესახებ. 18 წლის იყო, როდესაც ციხეში მოხვდა, 21-ე წელია, სასჯელს იხდის. შეიწყალეს ვითომ – ვითომ, იმიტომ რომ ასეთ შეწყალებას აზრი არ აქვს – 39 წელი დაუტოვეს, ესე იგი, 18 წლის ახალგაზრდა 57 წლის უნდა გამოვიდეს ციხიდან. ეს ხომ წამებაა?! ადამიანი, რომელიც 21 წელია, ზის და იცის უკვე, რას ნიშნავს, იყო უვადო პატიმარი, როგორ შეიძლება, გამოვიდეს და ისევ იგივე ჩაიდინოს?! მით უმეტეს, ყველა ხომ არ არის პათოლოგი, რეციდივისტი?! კი ბატონო, ჩაიდინა მძიმე დანაშაული, მაგრამ მიუსაჯე 15 წელი, 20 წელი?! სხვათა შორის, პატიმრების უმეტესობას აწუხებს სიყვარულის ნაკლებობა, თავადაც მსხვერპლები იყვნენ და დანაშაულის ჩადენით თავიანთ ტკივილს გამოხატავენ, თითქოს შურს იძიებენ. მაგრამ შემდეგ ხვდებიან სიტუაციაში, რომელშიც მორჩილებაა საპირწონე. ეს ვრცელი და მტკივნეული თემაა და აუცილებლად განვაგრძოთ შემდეგ ნომერში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი