რელიგია

რატომ არის ილუზია წუთისოფელში ადამიანის მიერ ჩადენილი სიკეთეც და სიბოროტეც

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 05.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და მას მიმსგავსების შესაძლებლობაც დააყოლა, რაც უკვე ადამიანის პასუხია და საბოლოოდ, განღმრთობით უნდა დაგვირგვინდეს. ამასთანავე, შემოქმედმა თავის ქმნილებას თავისუფალი ნებაც უბოძა, რომ ის შებოჭილი არ იყოს და თავისი ოფლითა და განსაცდელების გადალახვით მოიწიოს ჭირნახული – მიემსგავსოს შემოქმედს. მეორე მხრივ, ჩემი თავისუფალი ნება, თუ კარგად გავიაზრებთ, სხვა არაფერია, თუ არა ის, რასაც ჯვარზე გაკრული იესო – განკაცებული ღმერთი – ამბობს. შენს ხელთ გადავცემ ჩემს თავს, – ეუბნება ღმერთი ღმერთს. იმ ერთადერთ ლოცვაშიც, რომელიც „სახარებაში“ გვხვდება და რომელსაც იესო წარმოთქვამს, სწორედ ეს სიტყვებია – „იყავ ნება შენი“. როგორ უნდა გავიგოთ ადამიანის თავისუფალი ნება და უფლის ნების ყოვლისმომცველობა (ღერი თმა არ დავარდება ჩემი ნების გარეშე)? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გევსაუბრება.

– პირადად მე ასე გავიაზრე ჩემი, როგორც ადამიანის, თავისუფალი ნება, მივენდო უფალს, რათა აღსრულდეს მისი ნება.

– ადამიანები ცოდვებს ინანიებენ, მაგრამ ცოდვები კი არა, ცოდვის ნება უნდა მოინანიო. ნებაა ფესვი – იმიტომ რომ ნებით ვცოდე. შესაბამისად, ამ ნების სიკერპემ შექმნა ჩვენი ცოდვილი ბუნება, რომელიც მხოლოდ ამ ნებაზე დგას. იმდენად ჩავცვივდით ამ წარმოსახვით სამყაროში, რომ ბუნებად გვექცა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და, უკვე ნებისყოფა არ გვაქვს, თავი დავაღწიოთ. ნება ხედავს, რომ ცუდია, რასაც ვაკეთებ, არასწორია, სიკვდილისკენ მივყავარ, პრობლემებს მიქმნის, მაგრამ სუსტია. ქრისტე სწორედ იმისთვის მოდის, რომ ისე გააწონასწოროს ეს ნება, როგორც სამოთხეში იყო – 50/50-ზე. რომელიმე მხარეს სიჭარბე რომ იყოს, არ შედგებოდა ადამიანი. ერთი მხრივ, ჭარბად რომ იყოს წარმოდგენილი ზეცა თავის თავდაპირველ მდგომარეობაში, ადვილად დაძლევდა სხეულს და მაშინ არჩევანი სად არის?! ან პირიქით – მიწიერი ბუნება რომ ყოფილიყო ჭარბად, მაშინ ის უპირობოდ სძლევდა ზეციურს და არჩევანი დაიკარგებოდა. არჩევანი იქ არის, სადაც 50/50-ზეა ორივე. ამიტომაცაა ნების უარყოფა ყველაზე ძნელი და ქრისტემაც რა თქვა ბოლოს?! დიახ – იყავ ნება შენი, ანუ ადამიანურ ბუნებას სძლია. რომ დაიძლიოს ბუნება, რომელმაც სძლია ნებას, ეს ისევ ნებამ უნდა ინებოს. ნებისყოფა უნდა გამოიჩინო, ხოლო ნებისყოფას აძლიერებს ის, რაც ქრისტემ გააკეთა. ანუ აქაც ქრისტეს სული გარედან კი არ შეგვეწევა ავტომატურად, არამედ შენი ნებით: იმას, რაც ნების გამრუდებით ბუნებამ დაგვიმძიმა და არჩევანი დაგვიკარგა, ისევ ამოწევ 50/50-ზე, აწონასწორებ და უკვე შეგვიძლია, ნება გვქონდეს. ქრისტემდე ნება არ გვქონდა. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, უბედური კაცი ვარ: იმდენად ძლიერია ეს ცოდვის კაცი, რომ მჭამს და სიკვდილისკენ მივყავარო. ადამიანი ხშირად თავს იმართლებს, ცოდვამ დამიმონაო, სინამდვილეში კი ის ცოდვა ჩვენი ნების ნაყოფია – ნება მივეცით. იმდენად ჩავიფალით ცოდვაში, იმდენად გვექცა ჩვენს ბუნებად, რომ უკვე ნებისყოფა არ გვაქვს და სწორედ ესაა დამონება. აი, ამ ნებას აღაგზნებს ქრისტე და ეს არის ჯვარცმა! ანუ ორი ტოლი ძალაა ჯვარზე: ერთი დაცემული ბუნება, რომელსაც ძალა აქვს და მეორე, ის, რაც ქრისტემ გააკეთა: ღმერთის ნება იყოს და არა ჩემი! ის ტკივილი და ტანჯვა, რასაც წუთისოფელი გვანიჭებს და რაც ჩვენ ნებით ავაგეთ, გვამძიმებს და გვაფიქრებს, რომ ასე არ შეიძლება. ტანჯვა ხომ შეუძლებელია, ბუნებრივი მდგომარეობა იყოს?! ამიტომ უნდა შეჩერდე და ნებით ამაღლდე: გულით უნდა თქვა: ღმერთო, იყოს ნება შენი და არა ჩემი და აი, მაშინ აღდგები ჯვარცმიდან. ასე რომ, ჩვენი ძიებებით, საქმეებით ღმერთს კი არ ვუახლოვდებით, არამედ მივდივართ იმ სიმძიმემდე, რომ დავინახოთ, ასე ცხოვრება არ შეიძლება, აზრი არ აქვს.

სიკვდილისკენ მივყავართ ჩვენს ნებას. მთელი ჩვენი მოქმედებები საპირწონე იყო იმის გასანულებლად, რა მდგომარეობაშიც ვიყავით და სწორედ ნულიდან ჩანს ის ახალი სამყარო. ადამიანი ჩემს სახეს ვერ იხილავსო, ამბობს ღმერთი, მაგრამ სასოწარკვეთილებასაც უნდა სძლიო. აქ ორი მტერი გვყავს: ერთია საკუთარი თავის მინდობით შექმნილი წარმოსახული სიკეთის, ღმერთობის ილუზია, რომ რაღაცას წარმოადგენ, მაგრამ არანაკლებ მტერია უღირსობის შეგრძნება, რომ ცოდვები, რაც გაწევს, უღირსად გხდის და არ გაძლევს საშუალებას, მიუახლოვდე ღმერთს. მაგრამ გაიხსენე, ვინც ქრისტესგან კურნება მიიღო, იყო ის, ვინც დაძლია საკუთარი უღირსობა. ერთადერთი გზაა, გაიაზრო, რომ ყველაფერი ტყუილი იყო: ჩვენი სიკეთეებიც და ჩვენი სიბოროტეებიც ჩვენმა ტვინმა შექმნა. ამ გააზრებაში გვეხმარება ხსოვნა, რომ ეს ჩვენ შევიცვალეთ, ხოლო ღმერთი უცვლელია. ესაა მონანიება, ანუ დაბრუნება იქ, საიდანაც გზას ავცდით. მონანიებით წამში ბრუნდები იმ მდგომარეობაში, საიდანაც ნებით გადაცდი. ამიტომ ეუბნება მაცხოვარი ავაზაკს, დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. ის ავაზაკი ადამი იყო და ჩვენც, ყველა, ადამი ვართ. რაც ავაზაკს დაემართა ჯვარზე, გასხივოსნებაა: რომ ილუზია იყო ჩვენი ბრძოლები სიკეთისთვის და ვითომ ამაღლებული რაღაცებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი დაცემებიც აბსურდია. ეს არაა ადვილი. ადამიანი იმდენადაა გაბრუებული საკუთარი სიდიადით, ცოდნით, შესაძლებლობებით, რომ ქრისტეს – ღმერთს – ზემოდან უყურებს, მითად მიიჩნევს და გამოგონებად. მეორე მხრივ კი, იმდენად განიცდის საკუთარ უღირსობას, რომ გაცოდვილებული და დაძიმებულია და გაურბის. ამის შუაში უნდა დადგე, იმიტომ რომ ორივე ილუზიაა. შენს ხელთ გადავცემ ჩემს თავს, – ამბობს ქრისტე და ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამძიმებდა მთელი კაცობრიობის ცოდვები, როდესაც მამის წინაშე იდგა, მაგრამ მამა უცვლელია. ჩვენს ტვინში ხდება ყველაფერი. ჩვენ ვაძლევთ არსებობას წუთისოფელს და სანამ ჩვენ ვაძლევთ არსებობის უფლებას, სულ მის ტყვეობაში – განცდებში, ტანჯვაში – ვიქნებით. ტვინის იქით სიცოცხლეა, მაგრამ სიკვდილის ფასად შევდივართ იქ, ოღონდ, თუ გავაცნობიერებთ, აქვე და მაშინვე გაუქმდება სიკვდილი. აქ უნდა შევძლოთ ეს, თორემ, თუ ჯოჯოხეთი გავიარეთ და დავიტანჯეთ, როგორც პავლე ამბობს, თვითონ კი გადარჩება, მაგრამ, როგორც ცეცხლიდან მუგუზალიო და ვაი, ასეთ გადარჩენას. ახლაც გაჩახჩახებულია ყველაფერი, მაგრამ შენ რამდენადაც ხარ დამძიმებული და ადამიანური წარმოსახვების ტყვეობაში, იმდენად გრძნობ ან ვერ გრძნობ ამ ნათელს. ეს ერთგვარი ტესტია: ამქვეყნად რომ ცხოვრობ და ბევრ უსამართლობას ხედავ, უპირველესად, იმას უნდა ეცადო, დაინახო, რამდენად დაცემული ხარ, რომ ასე არეულად ხედავ სამყაროს. ეს თუ დაიჭირე, მაშინვე უარყოფ საკუთარ თავს და ნახავ სამოთხეს იქ, სადაც პუტინები და ჰიტლერებია. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. მიხვდები, რომ ეს შენი ტვინის პროდუქტებია, შენი ტვინი ხედავდა ასე. არ არის ადვილი, მაგრამ სხვა გზაც არ არის. გამოსცადეს სხვა გზები. ქრისტეს მერე 2000 წელია და აგერ, შუაგულ ევროპაში, რომელიც პროგრესის ბურჯად ითვლება, ნახე, რა ხდება?! მესამე წელია, ომია და რის გამო?! ამდენად, აქ ვერაფერს შეცვლი. უნდა გეყოს გაბედულება, რომ შენს თავში შეცვალო, იმიტომ რომ შენში წყდება ეს პრობლემა. ქრისტემ ეს გააკეთა და არა იმიტომ, რომ ის ქრისტეა. შენში ქრისტეს სულს უნდა მისცე იმავეს გაკეთების საშუალება. ქრისტე მოდელია და როგორც კი ადამიანურ ბუნებაში მოხდება ის, რაც ქრისტეში მოხდა ჯვარზე, ახალი სამყარო დაიწყება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა