რელიგია

რატომ არის ღმერთი მშვიდად ამდენი უსამართლობისა და ცოდვილის შემყურე

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.01

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენ თვალებით ვხედავთ, როგორ იქცევა ადამიანი; ვისმენთ, რას ამბობს, საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ მისი მოქმედების, უმეტესწილად, არც თუ სასიამოვნო შედეგს და ვასკვნით, რომ ის ცოდვილია, ეშმაკის ნაშიერია, ბოროტია, თავად ეშმაკია და დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი ასეთს აუცილებლად დასჯის, ანუ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის და რა ჩაუდენია, ღმერთის შვილია და ღმერთს ზუსტად ისევე უყვარს, როგორც, ჩვენი წარმოდგენით, ყველაზე კეთილი და სათნო. რა განსხვავებაა ადამიანისა და ღმერთის მიერ დანახულს შორის? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- ხშირად თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ღმერთი ყველა უკეთურს დასჯის და, თუმცა, შეიძლება, ჩვენ ამას ვერ მოვესწროთ, სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. რატომ ხედავენ და აფასებენ ერთსა იმავე ადამიანს ადამიანი და ღმერთი განსხვავებულად?

– ყველაზე დიდი ცოდვილისთვის სისხლი უკვე გადახდილია: ქრისტემ გამოგვისყიდა ყველა, მაგრამ ჩვენ მაინც გარეგნულად ვაფასებთ, არადა, თვალით როგორ უნდა შეაფასო ადამიანი, როდესაც თითოეულში სულიერი პროცესები მიმდინარეობს?! ლეღვს რომ უცხოპლანეტელმა შეხედოს ზამთარში და გასინჯოს, მეორედ აღარც მიეკარება, იმიტომ რომ მან არ იცის, როგორია მწიფე ლეღვი და როგორიც ნახა დასაწყისში, ისეთი ჰგონია. უფალი ყველასა და ყველაფერს უყურებს თავსა და ბოლოში და ეს მას ხდის მშვიდს. ამიტომაც ღმერთი არ შფოთავს, ადამიანს კი შფოთი მუდმივად თან სდევს წუთისოფელში. ადამს რომ ქმნიდა, არ იცოდა, რა გამოუვიდოდა ბოლოში?! ყველას გვინახავს, თუნდაც, უბრალო საკეტს რომ უშვებს ქარხანა, რამდენჯერ ამოწმებენ სპეციალისტები: პლუს თუ მინუს ორმოცდაათ გრადუსზე სინჯავენ, წნეხებში ატარებენ. სანამ სერიულ წარმოებას დაიწყებენ, ამოწმებენ ყველანაირად, იქნება თუ არა გამძლე. უხეშად რომ ვთქვათ, ვიდრე გამოშვებას დაიწყებდა, ღმერთმა არ დაინახა თავიდან ბოლომდე, რა გზას გაივლიდა ადამი?! იცოდა და მაინც „გამოუშვა“! შეეშალა?! რა თქმა უნდა, არა. თუმცა დაინახა მთელი პროცესი, წარმოებაში გაშვებას მაინც მოაწერა ხელი და ამ ფონზე, როგორ ფიქრობ, მხოლოდ მე და შენ თუ სხვები ხედავენ ტანჯვა-წამებას, ჰიტლერს, სტალინს, მეოთხე სტადიის სიმსივნის მქონე ბავშვებს, უსამართლობას და ღმერთმა ვერ დაინახა, რომ ასე იქნებოდა?! გამოეპარა, ადამი და ევა აკრძალული ხის ნაყოფს რომ იგემებდნენ და გაბრაზდა?! ინანა, რატომ შევქმენი ადამიო?! პირდაპირი მნიშვნელობით რომ გავიგოთ, რაც წერია, ესე იგი, ისევ ბავშვები ვართ და ბავშვურად აღვიქვამთ სამყაროს. მაქსიმე აღმსარებელი, ეფრემ ასური პირდაპირ წერენ, სიგიჟე და სისულელეა ასე ფიქრიო. თუმცა, ასევე, უფალმა დაუშვა ასეთი აღქმაც. არიან ადამიანები, რომლებიც ასე აღიქვამენ და სწორიცაა, ასეა საჭირო. იმიტომ რომ არის სიღრმეები, რომელთა მეშვეობითაც იზრდები. ნახე, როგორ თავისუფლებას გაძლევს უფალი?! გავიმეორებ, პავლე მოციქული წერს, ზოგი ხორცს ჭამს, ზოგი – მწვანილეულს; ვინც ძლიერია, ნუ დასცინი მას, ვინც სუსტია; ვინც სუსტია, ნუ განიკითხავ მას, ვინც ძლიერია. ყველა თავის რწმენაში იყოს ერთგული. ანუ არ არსებობს შაბლონი და არც მოთხოვნა, რომ ყველა ერთნაირი იყოს. მარხვას რომ ვიცავთ, არის უნიკალური წესები, რომლებსაც მივსდევთ, მაგრამ ეს არ არის მონობა. პავლე მოციქული ამბობს, მე შემიძლია, ხორციც ვჭამო და საკერპეშიც დავჯდე, მაგრამ, თუ იქ სუსტი იჯდება, უკუნისამდე არ შევჭამ, რომ ხორცის გამო ძმა არ დავღუპოო. ნახე, რა ხდება?! სიყვარული ყოველთვის მსხვერპლზე მიდის. სიყვარული ყოველთვის ჯვარცმულია. რუსულსა და ბერძნულ თარგმანში სიყვარულის ცალ-ცალკე მახასიათებლებია ჩამოთვლილი, მთაწმინდელმა კი თარგმნა: სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილიო. ანუ ტკბილად სულგრძელებსო და რატომ? იმიტომ რომ სულგრძელებაში ბოლოს ხედავს. გავიმეორებ, ესაია წინასწარმეტყველი წერს: ვინ არის ისე ბრმა, როგორც ჩემი მორჩილი, ვინ არის ისე ყრუ, როგორც ჩემი წარგზავნილი. რას ნიშნავს ეს? ვინც უფალშია, ის უკვე უფლის თვალებით, ერთი ნაბიჯით წინ უყურებს, ხოლო ჩვენ ხორციელი თვალით ვიმზირებით. შესაბამისად, ვიხიბლებით, ვიშტამპებით; ნახე, რა გააკეთა?! სიგარეტი მოსწია, მოკლე კაბა ჩაიცვა, ითამაშა! მაგალითად, პროტესტანტებში ყველაფერი გარედანაა შეკრული, თუ წესს დაარღვევ, გამოგაგდებენ. ჩვენ კი თითქოს ზედმეტ სირბილეს ვიჩენთ, მაგრამ მიზეზი ის არის, რომ მართლმადიდებელმა იცის, ეს გადაცდომები დროში ექვემდებარება მკურნალობას. ერთ დღეში რომ მოსთხოვო ადამიანს შეცვლა, გადაიქცევა ფუნდამენტალისტად, მგმობელად, უსიყვარულო არსებად. რატომ? იმიტომ, რომ, როდესაც თავის თავს დაიჭერს, ვერაფრით მოითმენს, რომ შენც იგივე არ გააკეთო და თავისუფლება მისცე თავს. მან ხომ შეიზღუდა თავი?! ასეთ მორწმუნეს არავინ ეყვარება. მართლმადიდებლობაში თითქოს მიშვებულია ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში საოცარი პროცესები მიდის: შიგნიდან იგლიჯება, რადგან გარედან მინიმუმზეა დაყვანილი ძალადობა. ჩვენ გარედან კი არ განვისწავლებით, როგორც ძველი აღთქმის ხალხი და დღევანდელი მუსლიმები, რომლებსაც მოცემული აქვთ კანონები და მათ ყველა უნდა დაემორჩილოს. არამედ შიგნიდან – სულიწმიდით. სულიწმიდა მკურნალია, მისი მიზანია შენი დაცემული მდგომარეობიდან გამოყვანა და არა ის, რომ ერთ დღეში მოწესრიგებულ ურჩხულად გაქციოს. გარედან განსწავლულობით მიიღებ პროდუქტს, რომელიც არ შეიგინება, არ მოიპარავს, არ იმრუშებს, მაგრამ იქნება ურჩხული, მაშინვე რომ ჯვარზე გაგაკრავს ოდნავ სხვანაირი აზროვნებისთვის. სხვათა შორის, ჩვენ, მართლმადიდებლებსაც, გვაქვს ეს პრობლემა, ბოლო დროს უფრო შესუსტდა, მადლობა ღმერთს, თვალი გვეხილება. მართლმადიდებლობა აერთებს ფუნდამენტალიზმსა და ლიბერალიზმს. რუსთაველი ამბობს გენიალურად, საოცრადაა აღწერილი ნესტანის რიდეს თვისებები: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა. აი, სწორედ ესაა მართლმადიდებლობა: მკაცრია არა ფიზიკურში, არამედ თავის თვისებებში, შიგნით. გარედან რბილია, დამყოლია, ჯოჯოხეთში ჩამოგყვება, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო, გული, უცვლელია, იმიტომ რომ იქ სულიწმიდაა. ქრისტეზე რბილი შეიძლება, ვინმე იყოს?! ლოცავს ყველას, ვინც მას აგინებს და აწამებს, იმიტომ რომ ეს მისი გულია, მაგრამ იმავდროულად, უმკაცრესია, როცა საჭიროა. მაგრამ ეს მისი თვისებაა, ხოლო, როდესაც შენ ამის მიმდევარი ხარ, ანუ გარედან მისდევ წესებს, კანონითა და ზნეობით მანიპულირებ, ეს სხვა რამაა. ჯერჯერობით ასეთები რომ ვართ, იმიტომაც განვიკითხავთ, ეს ასეთია, ის ისეთია; იმიტომაც ვერ ვეგუებით მრავალფეროვნებას, განსხვავებულობას, მაგრამ შეუძლებელია სხვანაირად. სხვანაირად რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ერთ წამში დაიგრგვინებდა ღმერთი და შიშით ყველანი უწესიერესები გავხდებოდით. ამიტომ ვამბობ, ქრისტემ აღასრულა ჩვენი გადარჩენა იურიდიულად, მაგრამ, ჩვენ რომ ფაქტობრივადაც გადავრჩეთ, ამას დრო სჭირდება. ძალიან დიდი თავისუფლებაა ქრისტიანობაში, თუმცა რისკიც დიდია, მაგრამ მინიმუმამდე დავა რისკი, თუკი გულში სიყვარული გვექნება. ღმერთი სიყვარულია და არ შფოთავს, რადგან იცის, გვხედავს თითოეულ ჩვენგანს გზის ბოლოს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული