რელიგია

რატომ არის გაურკვევლობა ადამიანისთვის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 03.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთი ყველაფერში ვლინდება, თუმცა არ ჩანს – მას ვერც დაინახავ და ვერც დაელაპარაკები. როდესაც ადამიანს უჭირს, სწორედ მაშინ ახსენდება უხილავი ღმერთის არსებობა, ხოლო სიკეთეებს, რომლებიც აქვს, ძირითადად, საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს. როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა ღმერთის შეცნობა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ მოახერხა ადამიანმა, რომ მრავალღმერთიანობიდან მაინც მივიდა ერთ ღმერთამდე, რომელიც არც არასდროს უნახავს?

– ებრაელებს აქვთ სამი მიდგომა: ხოხმა, ბინა და დაატ. ეს არის შემეცნების სამი საფეხური. ხოხმა, მგონი, ყველას გაუგონია, ჟარგონადაც კი ვხმარობთ და მისი თავდაპირველი მნიშვნელობაა პირველი გაბრწყინება. ხოხმა ნიშნავს იმას, რაც მატყვევებს, მაჯადოებს. არ ვიცი, მაგრამ ისეთი რამაა, რაც მოსვენებას მიკარგავს და ჩემი ყოველდღიურობიდან და დასაზღვრულობიდან მხდის ველად გაჭრილ ბოგანოდ. მაგალითად, ასეთი იყო ტარიელისთვის ნესტანი; ასეთია მონადირისთვის ჯიხვი. ბინას ქართული შესატყვისი ზუსტად ასახავს ქართულად მის მნიშვნელობას – დაბინავებას. ბინა ნიშნავს აშენებას, აგებას. ანუ იწყება ანალიზი, დაშლა, დეტალების გაგება. ესე იგი, თუ ხოხმაა, რომ გავიცანი გოგონა და დამატყვევა, როგორც ტარიელი – ნესტანმა, ვცდილობ მის გაგებას, გავიცნო ვიღაც მისი ნაცნობი, ბიძაშვილი, მეგობარი, კურსელი. ანუ ერთია, რომ ჯიხვი ნახე, მაგრამ მეორეა, რომ ვიღაც გაბედავს, შეიარაღდება და ცდილობს, ჯიხვი მოიხელთოს. როგორ მივუახლოვდე და მოვიხელთო?! – აი, ეს არის ანალიზი, ანუ გონება ერთვება და როდესაც გაიგებ, ვინ არის, ცდილობ, დაისაკუთრო. მესამე საფეხურია, როდესაც უკვე ერწყმი მას, უკვე აღარ ხართ ორნი. აი, ესაა აბრაამის დონე. აბრაამი ქალდეაში ცხოვრობდა, სადაც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ.

ვიცი, რომ ერთია ღმერთი, მაგრამ ვერ შემომყავს, ამიტომ განგება უშვებს მრავალღმერთიანობას: იმ ერთი ღმერთის ასპექტებად დაშლას, რომ ადამიანისთვის ადვილად აღსაქმელი იყოს. სამაგიეროდ, ამგვარად იმ მთელს აანალიზებ. დეტალებს იგებ იმ პატარა გამოვლინებაში. დეტალშიც ღმერთია, ოღონდ ეს დაბალი დონეა, ბავშვური. ერთი მაგალითია მოსეზე, რომელიც ხსნის იმის არსს, რაც ახლა ვთქვი: მოსემ უდაბნოში ნახა ერთი ადამიანი, რომელსაც მიჰქონდა რძე. ჰკითხა, სად მიგაქვსო. კაცმა უპასუხა, ღმერთისთვის მიმაქვს, ვუტოვებ და დილით დალეული მხვდებაო. მოსეს გაეცინა, წარმოიდგინე, მას ეგვიპტური განათლება ჰქონდა მიღებული და ზემოდან უყურებდა ყველას. ღმერთს რად უნდა რძეო. როგორ არ უნდაო, არ დაეთანხმა ის კაცი და წაიღო რძე იმ ადგილას, სადაც უტოვებდა ხოლმე ღმერთს და მოსეს უთხრა, დაველოდოთ და ნახავ, რომ ღმერთმა მიიღო ჩემი რძეო. ელოდებიან. მოცუნცულდა მელია, რომელმაც დალია რძე. დაენგრა იმ კაცს თავისი წარმოდგენა ღმერთზე. მოსემ კი ნიშნი მოუგო, მაგრამ მოსეს გამოცხადება ჰქონდა: მოსე, მე მომიტანა ის რძე, მელიამ კი დალია, მაგრამ მე არ მქონდა უფლება, ჩემი მეგობარი მელიისთვის არ დამეთმო ჩემი რძეო. ესე იგი, იმ ადამიანის რწმენაც მიიღო ღმერთმა. შესაბამისად, თუ გულწრფელი ხარ, მაშინ შეიძლება, კერპს სცემდე თაყვანს, მაგრამ განვითარების იმ დონისთვის, რომელზეც ხარ, ეს, სულაც, არ არის დაცემა. მეორე მხრივ, არ უნდა გადაახტე საფეხურებს. ვინც ადამიანში, მცენარეში, ცხოველში ღმერთს ხედავს, შეიძლება, მან გამოკვეთილად გააღმერთოს რაღაც, მაგრამ რეალობაში მაინც ის ერთი ღმერთი შემოჰყავს, თუმცა დაშლილად. დასაწყისში რომ ვთქვი, აი, ის მესამე მდგომარეობაა აბრაამი, რომელიც ამთლიანებს დეტალებად დაშლილ ერთ ღმერთს. სწორედ ესაა ებრაული მონოთეიზმი. განსხვავებით სხვა რელიგიებისგან, ებრაული მონოთეიზმი ამბობს: ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი ერთი ღმერთია. ღმერთი არ გამოითქმება, მიუწვდომელია; ღმერთი ის ძალებია, რომლებიც აქ მოქმედებენ ბუნების კანონებით. ადამიანური გონებისთვის ის ერთი ღმერთი მიუწვდომელია და არც შემოვა მატერიაში. იმისთვის, რომ ჩვენში შემოვიდეს, ღმერთი მატერიაში ტრანსფორმირდება. ყველა მატერიალურ საგანში ღმერთია და ამას ამბობს მამების სწავლება. მატერიის მრავალგვარობა გამოწვეულია ერთი ღმერთის დამტევლობის ხარისხით, დაწყებული ქვის დონიდან და დამთავრებული ადამიანის დონით და ეს დონეები ჩვენშიც არის. ამაზე გვილაპარაკია და აღარ გავიმეორებ. ღმერთი გაძლევს საშუალებას, გაიზარდო ამ დონეების გავლით და აბრაამი არის ადამიანი, რომელსაც ამ მრავალღმერთიან სამყაროში უჩნდება კითხვა, ვინ დგას ამ ყველაფრის, ამ ფარდის მიღმა?! აბრაამი ამაღლდა პირველსაწყისამდე, რომ ამ ყოველივეს უკან არის ერთი ღმერთი, ოღონდ აბრაამისთვის ეს ერთი ღმერთი ცაში მყოფი კი არ არის, რომელსაც ვერასდროს მისწვდებოდა და რომლის წინაშეც უნდა იკანკალოს, არამედ არის ის, ვისთანაც მართავს დიალოგს. აი, რა დავკარგეთ სამოთხესთან ერთად. ჩვენ ვერ ვუძლებთ ღმერთს, რომელიც არის. ვიცით, რომ არის, მაგრამ ვაი ასეთ ყოფნას. რა გირჩევნია, საერთოდ არ იცნობდე ადამიანს, რომელიც არც კი იცი, რომ არსებობს თუ იცოდე, რომ არსებობს და არ გესმოდეს მისი ან დაუძინებელი მტერი იყოს შენი?! საქმეც ისაა, მე ვიცი, რომ ღმერთი არის, მაგრამ მისი ყოფნა, სულაც, არ არის ჩემთვის ნუგეში, თუკი ის მე არ მესმის ან ჩემთვის ის რაღაც იდეაა ან იმპერატივი, ან სინდისის ხმა, რომელიც მჭამს. ეს არ არის კომფორტული ღმერთი, ანუ ღმერთი უნდა ჩამოვიდეს იმ დონემდე, რომ მე მასთან საუბარი შევძლო. სწორედ ეს იყო სამოთხის მდგომარეობა და იესო აღადგენს ამ დიალოგს. თუ ოდნავ ზემოთაა ღმერთი, ვიჩაგრები, იმიტომ რომ ვერ ვუგებ. ეს იმას ჰგავს, თუ მათემატიკის მასწავლებელი ჩემთვის უცნობი ტერმინებით დამელაპარაკება, მე ვერაფერს გავიგებ, ამიტომ ჩემს დონეზე უნდა ჩამოვიდეს. ამდენად, აბრაამის ღმერთი – ეს არის ღმერთი, ვისთანად აბრაამს აქვს დიალოგი.

მოდი, გადავხედოთ, რა ეპოქაში ცხოვრობდა აბრაამი: ეს არის ეპოქა, როდესაც აიგო ბაბილონის გოდოლი. მაინც შევახსენებ მკითხველს მოკლედ ამ ამბავს: წარღვნის შემდეგ იაფეთის, სემისა და ქამის შთამომავლობა განივრცო დედამიწაზე და მათ განიზრახეს გოდოლის აშენება, რომელიც ცამდე მისწვდებოდა. აქ ძალიან ბევრი სიმბოლოა და სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ წმიდა წერილი იხსნება სიმბოლოებით. წერია, რომ ჰქონდათ ერთი ენა და შემდეგ ღმერთმა დაშალა სხვადასხვა ენად. როგორ უნდა გავიგოთ ეს საიდუმლო?! ებრაულად ენას აქვს ორი მნიშვნელობა, ქართულშიც ასეა. პირველი მნიშვნელობაა შინაგანი ენა. ეს არის მოდელირების ენა. ამ ენით სამყაროს იგებ და ეს აუცილებელია. სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში ადამიანები სამყაროს ერთნაირად არ აღიქვამდნენ. აღქმის ენა ყველას განსხვავებული ჰქონდა და ეს მნიშვნელოვანია, რადგან, თუ განსხვავებული არ იქნება ხედვა, ზრდა გამოირიცხება. ზრდა იქაა, სადაც აღქმის დონეებია განსხვავებული. თუ ამის საშუალება არ მოგვეცა და გარედან დიდ სიცხადეში ვიქნებით, ის დიდი სინათლე ჩვენ გვშთანთქავს. ჩვენ ვვითარდებით მაშინ, როდესაც რაღაც გაურკვეველია. როდესაც კითხვას, გაურკვევლობას გარკვეულობად ვაქცევ, ვიზრდები, ჩემში სამყარო შემოდის. აი, რა არის მიზანი და არა ის, რომ ადამიანები ღმერთმა წესრიგში მოაქციოს. ეს ღმერთს არ სჭირდება. ერთადერთი, რაც განგებას უნდა, არის ის, რომ გესმოდეს მისი. ეს არის ადამიანად ყოფნის უპირატესობა. ღვთის ხატობაა, რომ მას შეუძლია ღმერთან დიალოგი და ენის მეორე მნიშვნელობაა საფა, რაც ნიშნავს ერთმანეთთან საურთიერთო ენას. რა მიზნით გადაწყვიტეს ბაბილონის გოდლის აშენება ადამიანებმა და რატომ ჩაუშალა მათ ეს განზრახვა ღმერთმა?! ამ თემაზე შემდეგ ნომერში ვისაუბროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა