რატომ არის განღმრთობისთვის აუცილებელი წუთისოფლის ხრიკების სწავლაც
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ისააკისგან კურთხევა მიიღო როგორც იაკობმა, ასევე, ესავმა, თუმცა ურთიერთსაპირისპირო. რატომ იყო აუცილებელი ორი კურთხევა და რა კავშირი აქვს ამ რიტუალს, სიმბოლოებს ღმერთის ორბუნებოვნების შესაცნობად და ამ ორბუნებოვნების თითოეულ ადამიანში განსახორციელებლად; როგორ უნდა შეერთდეს ადამიანში ცა და მიწა, რის სიმბოლოც იაკობია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი (ოთხოზორია): იაკობმა მოტყუებით მიიღო კურთხევა ისააკისგან, თუმცა ესავმაც მიიღო, მაგრამ, როგორც ვთქვი, არსობრივად საწინააღმდეგო: ესავის ისტორია უფრო ძალადობით უნდა განვითარებულიყო. ესავი ძალიან თავქარიანი იყო, მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, იაკობს დაემუქრა, რომ მოკლავდა. ეს რომ რებეკამ, მათმა დედამ, გაიგო, იაკობს უთხრა, წადი ჩემს სახლში, არამში, საიდანაც აბრაამი და რებეკა იყვნენ წამოსულები. იაკობი მიდის, გაურბის ესავს, მაგრამ მარტო ესავს კი არ გაურბის, არამედ მირბის არამის ქვეყანაში, რომ იქ, თავის ბიძასთან, ისწავლოს ესავობა, ანუ წუთისოფლის ხრიკები. ხომ გითხარით, კარვის კაცი იყო იაკობი, ასე ვთქვათ, დედიკოს ბიჭი, რჩეული, მაგრამ მან აუცილებლად უნდა ისწავლოს ცხოვრება, ვინაიდან წუთისოფელს თავისი კანონები აქვს. სწორედ ეს არის ორბუნებოვნება, როდესაც ღმერთი მატერიაში შემოდის: მთელი ის მიღწევები, რაც მატერიაშია, ესეც ღმერთისგანაა. ჩვენ ხშირად არასწორად ვამბობთ, რომ ღვთიურობა მხოლოდ სულიერებაა და მიწაზე უარი უნდა ვთქვათ. სინამდვილეში, პირიქითაა: წუთისოფელი ის კი არ არის, რაც ურთიერთობებით გვეძლევა, არამედ წუთისოფელი არის ადამიანის არჩევანი, რომ მისი ცხოვრების მიზანია ამა ქვეყნის თვალთა გულისთქმა, ხორცის გულისთმა და ამაო დიდება წუთისოფლისა და არა მეცნიერება, ტექნიკა, ის, რაც შექმნილია. ზოგი ქრისტიანი იმითაც სცოდავს, რომ ექიმთანაც კი არ მიდის: იყო ასეთი ფანატიზმი, განსაკუთრებით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ახალი მართლმადიდებლები ვიყავით და გვჯეროდა, რომ, რაც მიწიერია, ეშმაკისგან არის, ლამის საერთოდაც ტყეში გვინდოდა წასვლა. ეს ზედმეტი ქრისტიანობაა, რაც დამღუპველია და არაფერს მოგვიტანს.
ამიტომ იაკობმა უნდა ისწავლოს ეს წუთისოფელი. აი, ის, რაც იქ, არამის ქვეყანაშია, რასაც აკლია პატიოსნება, ის მადლი, რომელიც იაკობს აქვს და როდესაც მადლი და წუთისოფლის ხრიკები თუ დაგროვილი გამოცდილება უერთდება ერთმანეთს, ამის შემდეგ ხდება იაკობი ისრაელი. ამიტომაა აუცილებელი, რომ ისწავლოს წუთისოფლის ხერხები, რომლებიც ცალკე, მადლის გარეშე, დამღუპელია, ვერაგობაა. ასეთი ვერაგი იყო არამი: სულ ცდილობდა, იაკობიც კი მოეტყუებინა, მაგრამ, როგორც კი, იაკობი თავის კურთხევას, მადლს, თავის რწმენას, ღვთის მოშიშებას უერთებს ამ მიწიერ ხრიკებს, მიწიერ ამ გამოცდილებას, უკვე ვიღებთ მესამე მდგომარეობას და აი, სწორედ ეს არის ისრაელი. ამის შემდეგ მას აღარ სჭირდება გაქნილობა და გაიძვერობა.
ვისაუბრეთ იაკობის კიბეზე და ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს. ერთ ღამესაც იაკობი ქვას დაიდებს სასთუმლად და ხედავს ხილვას, რომ ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე. სიტყვა „კიბე“ ებრაულად ნიშნავს „მასში“. ესე იგი, ეს კიბე თვითონ იაკობია. ეს არ არის გარეთ, ცაში გამოკიდული კიბე, არამედ თვითონ იაკობია კიბე. რა არის კიბე? რასაც აქვს საფეხურები და თავად ადამიანია კიბე, დამაკავშირებელი. შენ ცასა და მიწას აერთებ, იმიტომ რომ ადამიანი არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი, ანუ სული და მატერია. ამ ორის სინთეზი ხარ და ეს უნდა განახორციელო შენში. ამიტომ დააკვირდი: არ წერია, რომ ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ადიოდნენო; წერია, რომ ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. არის თეოლოგიური წიაღსვლები სერიოზული მკვლევრებისა და კრიტიკოსების, რომ ანგელოზებს, ბოროტებსაც და კეთილებსაც, ჩვენ ვქმნით, ისინი ჩვენი სულიდან იბადებიან. ესე იგი, ამის მიხედვით, რას ნიშნავს ანგელოზი?! ანგელოზი მართლა ფრთებიანი არსება ხომ არ არის?! ბერძნული სიტყვაა და წარმოგზავნილს ნიშნავს. შესაბამისად, ეს არის ჩვევები, თვისებები და წმიდა მამებიც ამბობენ: ჩვენ დემონები კი არ გვტანჯავენ, არამედ დემონები ეს ჩვენში არსებული ხასიათი და ჩვევებია, რომლებიც გვჭამენ და ვინ კვებავს მათ?! გაიხსენე, რამდენი ჩვევა და ხასიათი გვაქვს, რომელიც ჩვენში ცხოვრობს, როგორც სული და რასაც უნდა იმას გვიკეთებს, მიდი, აბა, მოერიე?!
გახსოვს, ქრისტესთან რომ მოდის შემპყრობილი ადამიანი, ქრისტე ეკითხება, რა არის შენი სახელიო და ის პასუხობს, ლეგიონიო. გგონია, მასში ათასობით შემპყრობილი კუდიანი იყო, რქებითა და კუდებით და ჭყაოდნენ?! ეს ხომ სიმბოლური ენაა. ესენი არის ჩვევები, ხასიათი. კლიმენტი ალექსანდრიელი პირდაპირ ამბობს, დემონები კი არ გვტანჯავენ ჩვენ, არამედ ჩვენივე ჩვევები და ხასიათი გვტანჯავს, რომლებიც ჩვენ გამოვზარდეთ და გამოვკვებეთ ჩვენი უგუნურებით, უმეცრებით, ჩვენი მცონარობით, ურწმუნოებით და ახლა ისინი უკვე ჩვენ გვმართავენ. ჩვენ არც გვჭირდება რამის გაკეთება, ავტომატურად ერთვებიან. როდესაც წერია: ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ანგელოზებიო, რას ნიშნავს ეს?! რომ აი, ეს ადამიანური თვისებები, ჩვევები ქვევიდან ზევით ადიოდნენ. ზეცა არ არის გეოგრაფიული ადგილი. ზეცა არის ის, რაც უნდა ავითვისოთ, სადაც ჯერ ფეხი არ დაგვიდგამს. ადამიანი ხომ ღვთის ხატად შეიქმნა?! შესაბამისად, ადამიანი არის თავისივე თავის შესაძლებლობა, ღმერთობის შესაძლებლობა. ეს უნდა ამოავსოს და სწორედ ის არის ცა, სადაც ფეხი უნდა შედგა. ეს პროექტია, რომელიც უნდა განახორციელო. ამიტომ ისინი, რომელიც აქედან ადიან, უნდა ჩამოვიდნენ დაბლა; იქ, ზეცაში, არ უნდა დარჩნენ. ეს ანგელოზები ისევ უკან უნდა დაბრუნდნენ და დედამიწაზე განახორციელონ ცა, ანუ განღმრთობის პროცესი უნდა დავასრულოთ.
კიბე არის ადგილი, მდგომარეობა, რომელიც გახევებს. ცხოვრებაშიც გვქონია მსგავსი შემთხვევები და მითოსებშიცაა აღწერილი. მეგრულ მითოსში არის „ცაშკიბული“, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ საკრალურ ადგილებს, თანამედროვე ენაში პორტალებს რომ ვუწოდებთ, როდესაც ხდება გარინდება, გახევება. ეს არის კვეთის ადგილი. დასერილია ჩვენი სამყარო ასეთი კვეთის ადგილებით, რასაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვიჭერთ, მაგრამ, საბოლოოდ, დედამიწაზე ჩვენი მისიაა, რომ ჯერ გაახშიროს მიწისა და ცის კავშირები, რომ შემდეგ თქეში წამოვიდეს და ცა და მიწა გამთლიანდეს. იმიტომ რომ ადამიანი, თავისი ბუნებით, ერთი მხრივ, მიწაა, აქ ფეხით დგას; მეორე მხრივ კი, ცაა, ანუ მადლია, სულიერება, ზეციურობა, მარადისობა და ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით ხდება. სწორედ ამისკენ მივდივართ ჩვენ და ეს ხორციელდება დროში, ტკივილებითა და ჯახებით. იაკობის გზა მუდმივად ეკლიანი გზაა. იაკობი საერთოდ არ არის დარწმუნებული თავის თავში, უბრალოდ, მან იცის, რომ აქ არ უნდა გაჩერდეს. მან იცის, რომ ეს ორივე უნდა: მიწაც და ცაც. არამში ესავის შიშით გარბის. თავის ბიძასთანაც ატყუებენ. ესე იგი, ვიდრე ისრაელი გახდება, იაკობი გადის ჭიდილის, დაურწმუნებლობის, ეჭვის, შიშის დაუსრულებელ პროცესს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან