რელიგია

რატომ არის ერთი შეხედვით ადამიანი მართალი, ღმერთი კი - მტყუანი

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.11, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთს ადამიანი, უმეტესწილად, სთხოვს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მატერიალურ კეთილდღეობას, კარიერულ წინსვლასაც კი, კარგად ყოფნას, მაგრამ ღმერთს ამ სურვილების შესრულება არ შეუძლია, იმიტომ რომ ეს სურვილები ამ ცხოვრებიდან გამომდინარეობს, ამიტომ ადამიანი ნაწყენი რჩება ღმერთზე. რატომ სთხოვს ადამიანი ღმერთს შეუძლებელსა და უსაგნოს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– შეუძლია, ღმერთს ადამიანს შეუსრულოს სურვილი, მაგალითად, მისცეს ბევრი ფული ან რატომ სწყინს ხოლმე ადამიანს, რომ მიწიერი სურვილები არ უსრულდება? ანუ, რატომ სთხოვს ღმერთს იმას, რაც სცილდება ღმერთის კომპეტენციას და შემდეგ ადამიანი ბრაზობს ღმერთზე?

– ყველა ადამიანი გადის ამ მდგომარეობას, ამ დიქოტომიას, დაყოფას, დაცილებას. ერთი მხრივ, გვახასიათებს ღვთისმოსაობა, მცდელობები, რომ ღვთის სიყვარულით ვიცხოვროთ, თითქოს მშვიდობა მინდა, სიკეთე სხვა ადამიანებისთვის და, მეორე მხრივ, არათუ ვერ ვიღებ იმას, რასაც ვთხოვ ღმერთს, არამედ საწინააღმდეგოსაც კი ვიღებ. ეს ერთგვარი სატანჯველიცაა ადამიანისთვის და, მეორე მხრივ, დაბრკოლება ხდება სხვებისთვის: აბა, სად აქვს ღმერთს სამართალი, ასეთი კარგი ადამიანია, ეკლესიური, თუ ეკლესიური არ არის, პატიოსანი ოჯახი აქვს, არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ აი, რა ტრაგედია დაატყდათ თავს. ასე მსჯელობენ ადამიანები და ამის ყველაზე კლასიკური და გროტესკული მაგალითია, თუ სადამდე შეიძლება, მივიდეს ადამიანი ამ მიმართულებით სვლისას, არის ლუარსაბი. ის ღმერთს საყვედურობს, ამხელა სანთელი დაგინთე და ერთი შვილი რა გახდა ჩემთვისო. და ასეთ დროს, ერთი შეხედვით, ადამიანი თითქოს როგორი მართალია და ღმერთი – როგორი მტყუანი?! აქვე გამახსენდა, იობს რომ პასუხობს ღმერთი, ნუთუ, შენ გინდა, რომ მე გამამტყუნო და შენ მართალი დარჩე?! 50-ე ფსალმუნში დავითი ამბობს, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლია სჯასა შენსა. ანუ ადამიანი თითქოს უგებს ღმერთს იმ პაექრობაში, რაც წუთისოფელში ხდება; ღმერთი ერთგვარად განსჯილი და გასამართლებულია და დავითი სთხოვს, მე არ მინდა, რომ გავიმარჯვო, მე არ მინდა, შენ იყო დამარცხებული და ჩემს თვალში უსამართლო; მე მინდა, შენ გაიმარჯვო ამ სჯისას. დავითი გრძნობს, რომ ადამიანური მსჯელობით, ადამიანური სიმართლით, ღმერთი უსამართლოდაა გაგებული და ამის მიუხედავადაც, დავითი ამის მიღმა ხედავს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ადამიანურ დონეზეა გააზრებული და ღმერთს ბრალი არ მიუძღვის.

სხვაგან ვკითხულობთ, როგორც ცა მაღლაა დედამიწისგან, ისე ჩემი საქმეები და სიმართლე უფრო მაღლაა, ვიდრე თქვენი. ანუ ის, რომ ჩემს წარმოდგენაში ღმერთი უსამართლოდ და უგულოდ ჩანს წუთისოფელში, ეს ჩვენი გადასახედიდანაა დანახული. ადამიანი ასეთ ღმერთს ქმნის თავისი ვიწრო წარმოდგენებით, ჩარჩოებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამატებს და, საბოლოოდ, ჩამოიქნება სტერეოტიპებად, სიმკვრივეებად, წარმოდგენათა სისტემებად, ჩაბეტონდება, როგორც ორჯერ ორი ოთხი და ასე იქმნება მატერიალისტური, ათეისტური საზოგადოებები ან ტრადიციები, სადაც შეიძლება, ღმერთი არის, მაგრამ არის, როგორც დიქტატორი, როგორც დამსჯელი და ეს ყველაფერი, საბოლოოდ, 99.9 პროცენტით წარმოდგენებია ღმერთზე, ვიდრე ნამდვილი ღმერთი. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ადამიანს უნდა, თავის აზროვნებით, თავისი ადამიანური ბუნებით, როგორც ხედავს და ზომავს, იქ ჩატიოს ღმერთი და როდესაც ღმერთი არ ეტევა ამ ჩარჩოებში ან დამახინჯებულად ჩანს, ადამიანი თავის წარმოდგენებს კი არ უარყოფს და ცვლის, არამედ მათ ბავშვურ დონეზე, ავტომატურად მიაწერს ღმერთს და ნახე, როგორი ნონსენსია: ღმერთი იყოს მტყუანი და ამ დროს არსებობდეს?! ჩვენ ხომ ვამბობთ ხოლმე: მართალია, რომ ღმერთი არსებობს?! რაც სხვა არაფერია, თუ არა, მართალია, ნამდვილია ღმერთი?! აი, ამ კითხვას ვსვამთ და როდესაც ადამიანი ცდილობს, თავისი წარმოდგენათა სისტემით დაინახოს, რომ ღმერთი არ არის მართალი, რადგან ისეთნაირად ავლენს თავს, რომ არ ეტევა არცერთ ადამიანურ საზომსა და ნორმაში, აქედან გამოაქვს დასკვნა, რომ, დიახ, ღმერთი არ არსებობს, თორემ, რომ არსებობდეს, ასე როგორ მოგვექცეოდა?! ეს შეფასებები ნელ-ნელა გროვდება და, საბოლოოდ, ადამიანი თავისუფლდება ღმერთისგან...

ოცდამეერთე საუკუნეში ისე ჩანს, რომ ადამიანი ღმერთს თითქოს იმის გამო უარყოფს, რომ მეცნიერული არგუმენტები და ღმერთის მტკიცებულებები არ არის. სინამდვილეში ეს აბსოლუტურად არასწორია, ვინაიდან ადამიანი იმის გამო კი არ უარყოფს ღმერთს, რომ ღმერთი რეალურად არ არის და არ ქვემდებარება მეცნიერულ მტკიცებულებებსა თუ ადამიანურ ლოგიკას, არამედ ის არ ეტევა ადამიანის მიერ მოგონილ ზნეობაში: ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი უსამართლოა. ამიტომ ადამიანი თითქოს გაბრაზებულია ღმერთზე და, შესაბამისად, განა იმიტომ არ არსებობს ღმერთი, რომ მისი არსებობის დამადასტურებელი არგუმენტები არ არსებობს, არამედ იმიტომ არ არსებობს, რომ უსამართლოა; ხოლო, თუ უსამართლოა, ის ღმერთი არც არის – აი, ასეთი დასკვნა გამოაქვს ადამიანს. ამდენად, ყველაფრის საფუძველი ისაა, რომ ადამიანს უჭირს, შეელიოს თავისი წარმოდგენების სამყაროს. ამიტომაა, რომ ებრაელებს „თორა“ ყველაზე მეტად კერპების შექმნას უკრძალავდა. და კერპი არის ადამიანის წარმოდგენით შექმნილი არა მხოლოდ ფიზიკური წარმონაქმნი, ქვით ან ხით ფორმამიცემული, რომელსაც ეთაყვანება, არამედ აზრი-ფორმები, წარმოდგენათა სისტემები, შიშებისგან, ხილვებისგან. შფოთისგან, ადამიანური ძალისხმევით ჩამოქნილი ხედვათა სისტემები. ანუ არცერთ ადამიანურ ხედვასა და სისტემაში არ ეტევა ღმერთი და ამიტომ ეუბნება ადამიანს: ნუ შექმნი კერპს! თუმცა წარმოდგენათა სისტემები შეიძლება, დროებით გამოიყენო კონკრეტული ეტაპისთვის, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ხიდს ან მორს მდინარეზე გადასასვლელად; ან ჯოხს – ხიდან ნაყოფის ჩამოსაგდებად და როგორც კი მიზანს მიაღწევ, გადააგდებ და განაგრძობ გზას, იმიტომ რომ ის დროებითი საშუალებაა, ისევე, როგორც ინსტრუმენტებს იყენებს ექიმი და როდესაც მიაღწევს თავისას, ინსტრუმენტები აღარ სჭირდება; ან კალატოზი, სახლს რომ აშენებს, სხვადასხვა იარაღს იყენებს, იმიტომ რომ ეს საშუალებაა, მაგრამ, მიზანს რომ მიაღწევს, იარაღები აღარ სჭირდება. ასევე, ადამიანური მსჯელობებით დროებით შეიძლება, გაბრუვდე, მაგრამ ღმერთი, საბოლოოდ, ვერც ერთ მსჯელობაში ვერ ეტევა და აი, აქ უკვე ადამიანი გადის მსჯელობის იქით და ხვდება, რომ თითოეული მსჯელობა არათუ ღმერთზე წარმოდგენას გვიმატებს ან გვიქმნის, არამედ – პირიქით, ანაკუწებს და შლის იმ ბოლო ნაშთსაც კი, რაც ნამდვილად ვიცით ღმერთზე ჩვენი არსით – სულით. ანუ კერპი, რომელსაც ვქმნით, არ არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ღმერთს მივწვდებით. ეს იმიტომაა, რომ შენ ჩამოსკდე და მიხვდე, რომ ვერაფერი გშველის ღმერთამდე მისვლაში. აი, ამ დროს ჩამოიშლება შენი ყველა სიმკვრივე და გადადიხარ ჭვრეტაში. შენ ამას ვერ დაიტევდი, ამიტომ სხვა გზა არ იყო, უნდა მოეტყუებინე ღმერთს, რომ ხელი ჩაგექნია, იმედი გაგცრუებოდა და სრულად დაცარიელებულიყავი, იმიტომ რომ სწორედ იმ სიცარიელიდან შემოდის ჩვენში მაცხოვარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული