რელიგია

რატომ არის დასწავლილი ცნებები მკვდარი და როგორ შექმნა ცოცხალი ადამისგან თავად ადამმა ინფორმაციული, მკვდარი ადამი

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.06, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

საკმარისია, ვთქვათ ან გავიფიქროთ, მით უმეტეს, სხვას რჩევა მივცეთ (სხვათა შორის, ძალიანაც მართებულიც და მისთვის სასარგებლოც), გამომდინარე რელიგიური სწავლებიდან, რომ მაშინვე თავად აღმოვჩნდებით იმ ვითარებაში, საიდანაც გამოსვლის რეცეპტი სულ ცოტა ხნის წინ სხვას მივაწოდეთ. რატომ ხდება ასე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ გვიწევს პრაქტიკუმის ჩაბარება მაშინვე, როგორც კი სულიერი ზრდისა და წვდომის გარკვეულ საფეხურს მივაღწევთ? მაგალითსაც მოვიყვან, იცი ზუსტად და სხვასაც არწმუნებ, რომ ძალადობით ძალადობა არ აღმოიფხვრება და მაშინვე შენს პირად ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც გერჩის და შენ შეიძლება, დაგავიწყდეს საკუთარი შეგონება სხვებისადმი.

– ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გაკვეთილია, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება, ვიყოთ ამ ხიბლის ტყვეობაში: მოგვწონდეს, რომ არ უნდა განიკითხო, რომ მტერი უნდა გიყვარდეს და აპატიო მას. მაგრამ, როგორც კი ამის პრაქტიკულად განხორციელება გვიწევს, თავზე გვენგრევა ყველაფერი და ვხვდებით, რა დიდი მანძილია თეორიულ ცოდნასა და შესაბამის ქცევას შორის. ერთია, რომ მოგწონს, ეთანხმები, სხვებსაც მოუწოდებ ამისკენ და მეორეა, როდესაც ეს ცოდნა მოქმედებით უნდა გამოავლინო: მიუტევო, არ განიკითხო, შეიყვარო და, როგორც წესი, ასე მოქმედება გიჭირს ადამიანს. ანუ ორმაგობაში ცხოვრობ: თითქოს თავი რაქიტიანივით დიდი გაქვს, ფეხები კი – სუსტი, პატარა და გიჭირს სიარული, გრიგოლ ნოსელს აქვს გამოთქმული მოსაზრება ამის შესახებ, როდესაც ადამიანს გარეგნული ნორმებით ვჭყიპავთ, რაც მას მოსწონს კიდეც, გაბრუებულია ამით, პოზირებს, სასულიერო პირებსაც გვეხება, მაგრამ რეალობაში, როდესაც საქმე საქმეზე მივა, როგორ სამარცხვინოდ ჩაგვიფლავდება ხოლმე ამ ჩვენი ცოდნის მთელი სისტემა. ასეთი მაგალითი მოჰყავს: მაიმუნს ჩააცმევენ, როგორც ადამიანს, დაასწავლიან კარგ მანერებს და ისიც თითქმის ადამიანივით იქცევა, მაგრამ საკმარისია, მაიმუნმა დაინახოს ბანანი, რომ ისევ მაიმუნად გადაიქცევა, ხტუნვა-ხტუნვით ეცემა ბანანს და ყველაფერი, რაც დაასწავლეს, ერთ წამში დაავიწყდება. აი, აქ მივადექით იმ საკითხს, რასაც ქრისტე შეეჯახა თავის დროზე. ფარისევლებსა და მწიგნობრებს იესო პირდაპირ ეუბნება, ვაი, თქვენ, რომლებიც სხვებს ასწავლით, ტვირთს ადებთ და თავად კი თითის განძრევა არ გინდათო. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს და ბევრი მორწმუნე ფიქრობს ასე: აი, ქრისტე უარყოფს მწიგნობრობასა და განათლებას, სინამდვილეში კი, მწიგნობრებში განათლებული ადამიანები კი არ იგულისხმებიან, არამედ მოძღვრების მცოდნენი, რითაც ასწავლიან სხვებს, როგორ მოიქცნენ. აი, ამას აკრიტიკებს იესო: თქვენ იცით, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და თავად არ იცით, როგორ მოიქცეთო. ადამიანს, თავის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნების, გაღვიძების ნაცვლად, რაც არის კიდეც ნამდვილი განათლების მიზანი, ვანაცვლებთ ხელოვნური ადამიანით, რომელსაც რაღაცას, რის შინაარსიც არ ესმის, ვაზეპირებინებთ. რას ნიშნავს „განათლება“? ნათლის მიღებას! და რა არის ნათელი? ის, რაც ნათელს მოჰფენს ჩვენს ნამდვილ ბუნებას. ანუ ეს არის მონანიება, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, რაც ქართულშია, არამედ ეს არის პასუხში დაბრუნება, გახსენება, რაც მოიცავს გათავისუფლებას: ამიტომ ამბობს იესო, ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენო. ჭეშმარიტება ჩვენს ნამდვილ, ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება, გაღვიძებაა, სისავსეა და იმიტომაც გვათავისუფლებს. სამოთხეში გვეღვიძა, მაგრამ, როდესაც მოვწყდით მას, ანუ ღმერთს, მაინც ვბაძავთ ღმერთს, ადამმა დაიჯერა გველის სიტყვები: შენ იქნები, როგორც ღმერთი და მას შემდეგ ქმნის ანტისამყაროს, რომელშიც სიცოცხლე არ არის, ვინაიდან სიცოცხლის ხეს სამოთხის დაკარგვისთანავე მოსწყდა. შესაბამისად, იქმნება ინფორმაციული ადამი – მკვდარი, რომელიც ჰგავს ცოცხალს. იმ მაიმუნივით, რომელიც ჰბაძავს ადამიანს, ადამიანიც ჰბაძავს ღმერთს, მაგრამ მისი არსი მკვდარია. იმიტომ რომ მონანიების ნაცვლად, რომ მოსწყდა სიცოცხლის ხეს და მას უნდა დაუბრუნდეს, პირიქით – თავისი ღმერთობის სურვილითაა გაბრუებული და იმიტაციას აკეთებს. თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მეც მინდა, ყოვლისშემძლე ვიყო, ამიტომ იხვეჭს ძალაუფლებას, ფულს, სიმდიდრეს; თუ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, მეც მინდა, ყოვლისმცოდნე ვიყო. ამიტომ იგროვებს ცოდნას; თუ ღმერთი მართალია, მეც მინდა, ვიყო მართალი და ამიტომ ამკვიდრებს, თავისი გაგებით, სამართლიანობას, მაგრამ, როგორც წმიდა წერილში წერია: ვერ იქნა ადამ ღმერთი, ვითარცა ეოცნა. შესაბამისად, იქმნება ყალბი სუროგატული წარმონაქმნი, რომელიც გარეგნულად, როგორც ფარისევლები, დახვეწილია ზნეობრივი ნორმებით, ეტიკეტით, მანერებით, სხვებისადმი მოწოდებით, მაგრამ ეს ყოველივე მკვდარია, იმიტომ რომ გარეგნულია, ცოცხალი არ არის, პრაქტიკასაა მოწყვეტილი. აქეთკენ რომ წავიდა ქრისტიანობაც, იმიტომაც მივიღეთ გარეგნული, ყალბი ქრისტიანობა, რომელშიც არ არის სიცოცხლის სული.

– პრაქტიკა რატომ ჭირს? თან, სიყალბეს არ გაპატიებს, რომც ითამაშო გულმოწყალისა და მიმტევებლის როლი.

– მიზეზი ის არის, რომ მადლისმიერი, ნათლისმიერი ცვლილება არ ხდება შენში, არ შემოდის ქრისტეს ნათელი, მადლი, რომელშიც თავისთავად პრაქტიკაა. ქრისტეს მადლში ყოფნა უკვე კეთებაა, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა ცვლის სინამდვილეს: მოაქვს სიყვარული, ის მდგომარეობაა, როდესაც შეგიძლია, მართლა მიუტევო, მართლა გიყვარდეს მტერი, არ განიკითხო, იმიტომ რომ ქრისტეს ნათლის ქვეშ ბუნებრივ მდგომარეობაში ხარ და იქ არ არის მტერი, ყველაფერსა და ყველაში ერთიანს ხედავ, ანუ ყოფნაში ხარ. მაგრამ, როდესაც ასეთი ნათლის მოფენის გარეშე ინსტრუქციასავით დაიზეპირებ ცნებებს, თუნდაც, საკუთარი ნებით, იმიტომ რომ მოგწონს, მას არ აქვს ძალა და რეალურად ვერც ახორციელებ, იმიტომ რომ გული არ არის გაწმენდილი. წესრიგს კი ვინარჩუნებთ, მაგრამ ადამიანი არ შექმნილა მხოლოდ იმისთვის, რომ სხვას არაფერი დაუშავოს; თუნდაც, აპატიოს და არ განიკითხოს, რადგან, როცა ეს დასწავლილია, მკვდარია. ვხედავთ, რომ დღეს ატარებენ უამრავ ტრენინგს, როგორ შეძლო, რომ წყენაზე წყენით არ უპასუხო, აპატიო და ადამიანმა შესაძლოა, ეს მართლაც მოახერხოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის, ხომ, ზომბს ემსგავსება?! იმიტომ რომ, აბა, სად არის სიყვარული?! თვითმიზანი ხომ ისევ შენ ხარ?! არ გძულს და არ განიკითხავ, იმიტომ რომ შენვე დაგანგრევს, თუკი გძულს და განიკითხავ?! ესე იგი, ასეთი ქცევა ანგარებიანია, ბიზნესივითაა: ასე თუ მოიქცევი, წინ წახვალო, გასწავლიან, მაგრამ ეს რომ უსიყვარულოდ კეთდება?! მაშინ, როდესაც სწორედ სიყვარულია მაცოცხლებელი. სიყვარული საშუალება კი არა მიზანია; როდესაც ადამიანი გიყვარს, ამ სიყვარულით ხარ ნეტარი და ამიტომ არ განმიკითხავ და არა იმიტომ, რომ შენთვისაა მოგებიანი. როცა გიყვარს, ვერც აწყენინებ მეორე ადამიანს და ვერც განიკითხავ. მაგრამ პრობლემაც ისაა, საიდან შევიძინოთ ასეთი სიყვარული?! რაც უფრო ვუახლოვდებით ზეციურ მამას, როგორც ძე შეცდომილები, ეს სიყვარული მით უფრო ბუნებრივი მდგომარეობა ხდება ჩვენთვის, ოღონდ ეს გზა შინისკენ ძალიან რთული და შორია, იმიტომ რომ ძალიან დავცილდით პირველწყაროს, ღვთის ნათელს, მადლისმიერ სისავსეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი