რატომ არის დაშვებული ტყუილი, როდესაც არ გეძლევა ის, რაც გეკუთვნის
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ ურწმუნო, ადამიანები ძალიან ხშირად ყველანაირ ქმედებას სამართლიანობით ამართლებენ და მორწმუნეებიც დარწმუნებულები არიან, რომ ღმერთის სამართლის აღსრულებაა ვინმეს დასჯა, მათ შორის, მოკვდინებაც. ქრისტეც სამართლიანობის სახელით აცვეს ჯვარს ადამიანებმა, ოღონდ, ბუნებრივია, ადამიანურად გაგებული სამართლიანობით. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).
მამა გურამი: დიახ, ქრისტეც ღმერთის სახელით მოკლეს ადამიანებმა, როგორც ღვთისმოსავებმა: ქრისტე კი არა, ჩვენ ვართ იმ ერთი დიდი ღმერთის შვილები, მემკვიდრეები და შენ ხარ სექტანტი და მწვალებელიო. ისევ იაკობის ისტორიას დავუბრუნდეთ, როგორც ქრისტეს წინასახეს: აი, ამისგან თავის დახსნა უნდა ესწავლა იაკობს ლავანთან, თავის ბიძასთან, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეერწყმებოდა ერთმანეთს ღვთაებრივი კურთხევა და მიწიერი ცოდნა, რისი ბოლოცაა სრული კაცი. შესაბამისად, იაკობის ეს გაორება გამოიხატა მის სიყვარულში ლავანის შვილებისადმი. ლავანსაც ორი შვილი ჰყავს და ისინიც ტყუპები არიან: რაქელი და ლეა. იაკობიც ორია, რადგან ამბობს, მე ესავი ვარ, თუმცა ესავობა შიგნით აქვს და ჯერ არ მიუღწევია ამ მდგომარეობისთვის, მაგრამ უნდა გამოსტაცოს, უნდა მიიღოს მიწის კურთხევა და თავის თავთან შეაერთოს. ამდენად, იაკობს რაკი ჯერ ამისთვის არ მიუღწევია და მხოლოდ იაკობია, იზიდავს რაქელი. რატომ იზიდავს რაქელი და არა ლეა? რაქელზე წერია, ლამაზი იყო სახით და ტანით. რას ნიშნავს ეს სიტყვები? სილამაზე არის ესთეტიკა. რა არის ესთეტიკა? მიწიერი, მატერიალური სამყაროს აღქმა. სილამაზეა, რაც გარედან ჩანს: ევამ თვალით შეხედა ვაშლს, მოეწონა, დაინახა, რომ ლამაზია. ლეა რაქელზე უფროსია, იმ თვალსაზრისით, რომ პირველი დაიბადა ტყუპებს შორის, როგორც ესავი დაიბადა იაკობზე ადრე. ამდენად, ლეა უფრო ესავს შეეფერება. იაკობი კი ჯერ ისრაელი არ არის – არ გამთლიანებულა ესავობასთან, ამიტომ ლეას ვერ ხედავს. უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ ვერ ადის ლეამდე, იმიტომ რომ ჯერჯერობით ესავობა არ აქვს მიღებული. ასე რომ, მისთვის რაქელი, მისი სილამაზეა უფრო მოსახერხებელი. ლეაზე წერია, რომ მას სუსტი თვალები ჰქონდა. რა არის თვალი?! ხედვა, ჭვრეტა... თვალებით სუსტიაო, ესე იგი, ლეა ამ წუთისოფელს ვერ ხედავს, ბრმაა; მას მიწიერი, წარმავალი არ აინტერესებს. მას აინტერესებს მომავალი. ლეა საზრისის, იდეის, მომავლის სიმბოლოა და ამიტომაცაა, რომ ლეას ოთხი შვილიდან ერთ-ერთი, იუდა მესიის წინაპარია. რაქელის შვილი იოსებიც მეორე მესიის წინაპარია. ეს ორი ბუნებრივია, იმიტომ რომ ებრაელებს ორი მესია ჰყავთ: ბენ იოსები და ბენ დავითი. იოსების ძე არის პირველი მესიის მდგომარეობა, რომელიც ამზადებს ნიადაგს მეორე, ნამდვილი მესიისთვის. მართლაც, ასეა: იოსები რაქელის შვილია, ის განასახიერებს სილამაზეს, პრაქტიკას. ანუ პრაქტიკასა და მიწიერებაში ალაგებს სიტუაციას, რის შემდეგაც მოდის უკვე ნამდვილი მესია.
იქაც ბრძოლაა: იაკობს რაქელი უნდოდა ცოლად, მაგრამ ლავანმა მოატყუა. იაკობი შვიდ წელს მუშაობდა ლავანთან, რომ რაქელი შეერთო ცოლად, მაგრამ ლავანმა მოატყუა და ლეა დაუწვინა. რაქელი და ლეა, ხომ, ერთმანეთს, ჰგავდნენ?! იაკობს სულ ატყუებენ, მაგრამ თვითონაც ატყუებს და ჩვენ ვთქვით, რომ იაკობი, უბრალოდ, იძულებულია, რომ მოიტყუოს. რადგან, როდესაც არ გეძლევა ის, რაც გეკუთვნის, უნდა მოიხვეჭო და მოიპოვო. მიწაზე მიწიერი ენა უნდა ისწავლო, შორიდან მაყურებელი არ უნდა იყო. ამიტომაც იაკობსაც ატყუებენ და იაკობიც ატყუებს. ლეასა და რაქელის შვილებზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ვიცით, წმიდა წერილში მოცემულია გენეალოგია და ეს არის შვილთასხმით, ანუ გაგებიდან გაგებამდე, წვდომიდან წვდომამდე ისეთ პასუხამდე მისვლა, როდესაც უკვე სიცხადე მოდის და კითხვის მდგომარეობიდან, რომელშიც ვიმყოფებით, პასუხში ჩავდივართ: ისევ სამოთხეში ვბრუნდებით. მესია, ფაქტობრივად, არის ბოლო პასუხი, სადაც ძეებით მივდივართ. ამიტომ ებრაელ ქალებს წყევლად მიაჩნდათ, თუ შვილი არ ჰყავდათ, იმიტომ, რომ ყველა შვილი, ძე იყო მათი გაგრძელება. ახალი ცნობიერება უნდა დაბადო, რომელიც გამოგვიყვანს წუთისოფლის ტყვეობიდან და დაგვაბრუნებს სამოთხეში. სამოთხიდან მოდის ეს ხსოვნა და სადაც ხსოვნა ძლიერია, სწორედ ის ქალები შემოდიან მაცხოვრის გენეალოგიაში. თუ დააკვირდები, ყველგან იმ ძლიერი პიროვნების, რომელიც გენეალოგიაში შედის, უკან დგას სასწაული. მაგალითად, გავიხსენოთ, როგორ შეეძინა ანას სამუელი, აბრაამს – ისააკი და ასე შემდეგ ან ღრმა მოხუცებულობაში, ან ისეთ დროს, როდესაც არავინ ელოდება და ესეც სიმბოლურია. გადახედე შენს ცხოვრებას, ყველაფერი მნიშვნელოვანი უცნაურად ხდება. მესიის დაბადება ჩვენში, ეს არის ისეთი ცნობიერების დაბადება, რომელიც მთლიანად მოჰფენს აზრს ყველაფერს. აი, რა არის ჩვენი მესია. მანამდე კი პატარა შვილები, პატარა ძეები გვყავს, ანუ ცნობიერებიდან ცნობიერებამდე რაღაც გავიგეთ. მაგალითად, ლეას ოთხი ვაჟი შეეძინა და თითოეულის სახელს აქვს მნიშვნელობა. ეს სახელები გამოხატავდა ლეას სხვადასხვა მდგომარეობას, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ამის თქმას დავჯერდეთ. ლეას, ხომ, კომპლექსი ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ იაკობს რაქელი უყვარდა, რაქელს კი შვილები არ ჰყავდა და ლეას უხაროდა, შვილები რომ უჩნდებოდა და თავისი მდგომარეობების შესაბამის სახელებს არქმევდა რაქელთან ჯიბრით.
რაქელი და ლეა არის ორი სიმბოლო. რაქელი არის მიწიერი სილამაზე, სანამ იაკობი ისრაელი გახდება, მაგრამ, საბოლოოდ მაინც ლეა ხდება ისრაელის ნამდვილი, კანონიერი ცოლი. ამიტომ რაქელი ცალკე იმარხება, ხოლო იმ სამარხში, სადაც ადამი და ევა, აბრაამი და სარა, რებეკა და ისააკი არიან დამარხული, ლეა და იაკობი იმარხებიან. ლეა, როგორც ჭვრეტის სიმბოლო და იაკობი, როგორც კი ისრაელი ხდება, ლეასთან რჩება. რაქელი არის ძალიან ძლიერი ადამიანური სიყვარულის სიმბოლო, რომელსაც იღბალი არ აქვს. იაკობი ბოლოს ლეას რჩება, იმიტომ რომ მისიაა შესასრულებელი. „რომაულ არდადეგებს“ გავიხსენებ, ეს ფილმი ყველას გვინახავს. პრინცესა ძალიან შეზღუდულია, წამალს ვერ სვამს, საჭმელს ვერ ჭამს თავის გემოზე და იჩუქებს რამდენიმე დღეს. აი, ეს არის რაქელი და ეს არის იაკობობა: ძალიან ლამაზია ეს ქვეყანა, იესოსაც უყვარს; ძალიან კარგია სიყვარული, ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. ნუ გგონიათ, რომ ეს ცუდია. ცუდია, როდესაც მომწყდარია იმას, რასაც უჭირავს, რადგან, როგორც კი წყდება, ლპება, იმიტომ რომ ვარდება. შესაბამისად, იაკობი გაგლეჯილია. მას თავისი თავი ჯერ არ აქვს გამთლიანებული: იცის, რომ ლეა პერსპექტივაა, დიდია, ღმერთია, სულიერებაა, მაგრამ ჯერ იმ დონეზე არ არის და ამიტომ სიყვარული სწყურია, ეს სილამაზე სწყურია, მისი გული აქეთკენაა. ის ლეასთან, როგორც ადამიანი, არ წვებოდა და ამიტომ ლეა იძულებულია, შვილთასხმით მოიგოს მისი გული. საბოლოოდ, რაქელი გზაში კვდება, იოსების შემდეგ ბენიამინზე რომ ორსულობს. ესეც სიმბოლურია. იცი, როდის კვდება?! როდესაც იაკობი ისრაელი ხდება. ანუ როგორც კი ამოიზარდა იაკობი და ისრაელი გახდა, რაქელი კვდება და რჩება ისრაელი, თუმცა ისრაელს რჩება მეორე სახელი იაკობიც. მისი სახელი იაკობი უარყოფილი არ არის და აი, რატომ: მართალია, მოწოდებითა და რწმენით ჩვენ ვართ ისრაელი, მაგრამ სხეული იაკობობას მაინც ავლენს, გვასუსტებს. ხომ გახსოვს პეტრეს ორი სახელი?! მაგრამ ამის შესახებ მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


