რელიგია

რატომ არის ჭეშმარიტება დამალული და როგორ შექმნა ადამიანმა ქერქი ჭეშმარიტებასა და საკუთარ თავს შორის

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანს, მიუხედავად იმისა, ურწმუნოა თუ მორწმუნე, უჭირს, გაიზიაროს სხვისი მოსაზრება და მხოლოდ საკუთარი ჰგონია ერთადერთი ჭეშმარიტება. საერთოდაც, შეუძლია კი ადამიანს, ამ წუთისოფელში დაადგინოს, რა არის ჭეშმარიტება და რომელია მისკენ სავალი გზა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რით უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა, ვისაც ატყუებს ყველაფერი – თვალი, ყური, კანი, ტვინი, რომ მიხვდეს, რა არის ჭეშმარიტი?

– უპირველესად, თუ გინდა, რომ ჭეშმარიტებას მისწვდე, ისეთი ჟინითა და წყურვილით უნდა გინდოდეს, რომ ყველაფერში, ვინც კი რამეს გეტყვის, ჩახვიდე. რატომ?! რას კარგავ?! ვისაც რამე ძვირფასი აქვს დაკარგული, ის არ დაიწყებს გარჩევას – ეს არ მინდა, ეს მინდა, აქ არ მინდა, იქ მინდა. ის ყველასა და ყველაფერში ჩაიხედავს, მიუხედავად იმისა, მისაზიდია თუ არა ეს მისი ყურის, თვალისა და გონებისთვის. მაგრამ ჩვენ ხშირად ვჯიუტობთ, ვრჩებით ჩვენს ხედვასა და აზრზე. ეს ამპარტავნებაა. მაგალითად, იუნგზე ამბობენ, გადმოცემაც არის და წიგნებშიც წერია, რომ ვატიკანში მისვლის ეშინოდა. ყოველთვის ფეხს ითრევდა და იმიტომ, რომ თავისი კონცეფცია ჰქონდა, თავისი მოდელი; ის აღიარებდა ღმერთს, ქვეცნობიერს, ზეცნობიერს, მაგრამ მას ეშინოდა, რომ ვატიკანში ისეთი წყაროები არ ენახა, რაც მას დაუნგრევდა თავის სისტემას. ჩვენ ქვეცნობიერად ჩვენი ამპარტავნებით შექმნილი წარმოდგენათა სისტემის ტყვეები ვართ. გვეშინია, ისეთ რამეს არ შევეხოთ, რაც ამას გაგვინადგურებს, ამიტომ ის, რაც არ ემთხვევა ჩვენს მოლოდინებსა და წარმოდგენებს, ცუდია და არც კი გვიჩნდება სურვილი, ახლოს მივიდეთ. გვირჩევნია, არც შევამოწმოთ, იმიტომ რომ გვეშინია, იქ ისეთი რამ არ დაგვხვდეს, რაც ჩვენს წარმოდგენებსა და მოლოდინებს დაამსხვრევს.

სხვათა შორის, ქართულ სიტყვას თუ დაკვირვებიხართ: ზარმაცი? საიდანაც იწარმოება მეზარება?! ზარ-მაცი, მე-ზარ-ება, ანუ ზარი გეცემა. და, ნახე, როგორ ოსტატურად ვფუთავთ?! გეუბნებიან, სადღაც წავიდეთ ან ესა და ეს გააკეთე, მაგრამ შენ რას ამბობ? მეზარება. ერთი შეხედვით, თითქოს უვნებელი სიტყვაა, მაგრამ, სინამდვილეში მე-ზარება, ანუ შიშის ზარს მცემს, აი, რა იყო ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა. ჩვენ კი ჩვენი შიში ლამაზად შევფუთეთ: მეზარება, თორემ სხვა კი არაფერი, რომ არა სიზარმაცე, წავიდოდი, ამ დროს კი – უბრალოდ, მეშინია, ზარი მეცემა. ქვეცნობიერს ეშინია და ვატარებთ ამ შიშს. ეს შიში უნდა გადაილახოს. ვინც ჭეშმარიტების მაძიებელია, ყველგან უნდა წავიდეს. ერთ დღეში უნდა დაყაროს ყველაფერი. ასეთი მზაობა თუ არ გაქვს, ვერასდროს წახვალ წინ. და განა ასეთი მზაობა არ აქვს ყველას?! ავიღოთ ჯარისკაცი, როდესაც გამოიძახებენ, ოჯახსაც ტოვებს, შვილებს, ცოლს, მშობლებს და უკან არც კი იყურება. არადა, სად მიდის? სიკვდილზე! ვის აქვს გარანტია, რომ ცოცხალი დაბრუნდება? ან სპორტსმენი ავიღოთ: ისეთი შეზღუდვები აქვს დაწესებული, ცოლიც რომ ახალი მოყვანილი ჰყავდეს, მასთან თანაცხოვრება არ შეუძლია, თუ წინ შეჯიბრება ელოდება. ენერგია რომ არ დახარჯოს უარს ამბობს ყველაფერზე და აღწევს მიზანს. და თუ მიწიერ საქმებში ასე ვიქცევით, როგორ შეიძლება, ჭეშმარიტება ზედაპირზე იდოს, შენ ფეხიც კი არ დაისველო და გეზარებოდეს, ადგე, ახლოს მაინც მიხვიდე და ჩაიხედო?! რას კარგავ?! ამას თუ არ აკეთებ, გამორიცხვის მეთოდით მაინც, ვერასდროს წახვალ წინ!

წინა ნომერში ვისაუბრეთ ნათანაელზე და ისაა ამის სიმბოლო: ნათანაელმა გადააბიჯა თავის სიზარმაცეს, ანუ შიშებს. ადგა და წავიდა. ამიტომ უთხრა მას უფალმა, შენ ხარ ალალი ისრაელიტიანი, ალალი და უბოროტო. მიუხედავად იმისა, რომ შენი ცოდნით, გაგებით, არაფერს ელოდი, დაუშვი, რომ შენი ხედვის მიღმა შეიძლება, ყოფილიყო ჭეშმარიტება, ადვილად არ ენდობი საკუთარ წარმოდგენას. აი, ამ თვისებას ატარებს ნადვილი ისრაელიტიანი. როდესაც გვაქვს შინაგანი ხსოვნა, ყოველთვის გავდივართ ჩვენი ხედვების, ჩვენი ჩვევების, ჩვენი ხასიათის მიღმა, არ ვენდობით ჩვენს თავს და მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ წააწყდები ჭეშმარიტებას, მიხვალ იესოსთან და მიიღებ მისგან შექებას. აი, ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ „სახარების“ სიუჟეტი, რომელიც აღწერს ისტორიულ ფაქტს, ვის რა გადახდა. ეს არის ცხოვრების პრინციპი: არის ჩვენი სიმართლე და არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების გააზრებასა და გადმოცემას ტომები დასჭირდება, მაგრამ თვითონ სიტყვა „ჭეშმარიტი“ ირანულია და ნიშნავს წყაროს თვალს. ანუ სათავეს. ეს ის პირველწყაროა, ჩვენი კონსტიტუციური მდგომარეობა, სადაც ჩვენ ვიდექით და საიდანაც გადმოვვარდით და ჩვენი სიმართლეები დავაშენეთ ზედ. ახლა, თუ გინდა, წყაროსთან დაბრუნდე, შენი სიმართლე გვერდით უნდა გასწიო. არ არსებობს სუფთა სახით ჭეშმარიტება და არცაა გასაკვირი. ის ყოველთვის გადაფარულია ჩვენ მიერ შექმნილი რაღაცებით. საერთოდაც, სამყაროში რამე არსებობს სუფთა სახით?! მაგალითად, ოქრო ან სიმინდი ფუჩეჩის გარეშე არსებობს?! ან ლობიო – პარკის გარეშე?! წაბლი – თავისი ნაჭუჭის გარეშე?! არსებობს ისეთი რამ, რომელსაც გარჩევა და გასუფთავება არ სჭირდებოდეს?! ან ვაფასებთ კი ისეთ რამეს, რაც სუფთა სახითაა მოცემული?! რომელი ფასდება უფრო მეტად: რაშიც რაღაც გვეგულება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩავიდეთ და ვნახოთ, რა არის, თუ ის, რაც მაშინვე თვალში გვეცემა?! და, მაინცდამაინც, ჭეშმარიტება გვინდა, რომ ზედაპირზე იდოს?! კენჭებითაა სავსე გზა, მაგრამ ძვირფასი ქვები გზაზე არ ყრია. სხვაგან, უფრო ღრმად მიდიხარ მათ საძებნელად.

რაც მთავარია, ჭეშმარიტებამ კი არ დაიმალა თავი, არამედ ისევ და ისევ ჩვენ გადავმალეთ ჩვენი სიმართლეებით. ის გაუმჭვირვალე გახდა. მატერიით, ჩვენი ტვინით შექმნილი მოდელების მიღმა დარჩა. ქერქი შევქმენით ჩვენსა და ჭეშმარიტებას შორის, ხოლო სამოთხეში იყო მდგომარეობა, როდესაც ქერქი არ არსებობდა, რაკი ტვინი არ მუშაობდა. სიცხადე იყო და ერთი ერთზე ვჭვრეტდით ჭეშმარიტებას. ამ ხსოვნას ყველანი ვატარებთ, მაგრამ მინავლულს და როდესაც ატარებ ამ ხსოვნას, თუმცა ის ზემოდან გადაფარულია, ყველაფერს გააკეთებ, რომ მოაშორო ზედმეტი და სიღრმეში ჩახვიდე. იმიტომაცაა ღმერთი ღრმა – ერთი! ამ სიღრმეს ბოლომდე ვერ ვწვდებით სიზარმაცის გამო. ჩვენს ტვინში შეიქმნა გარსი და როდესაც იმ გარსს მოვაშორებთ, იმ ღრმა ერთს ვიხილავთ ჩვენს სიღრმეში და არა გალაქტიკებსა და ცაში. მე ვარ ჭეშმარიტების პერიფერია, გარსი. ამ პერიფერიიდან, გარსიდან ჩავდივარ სიღრმეში და ვპოულობ თავისუფლებას! თუ მაძიებელი ხარ, არ დაიწუნო არაფერი, არ დაუჯერო შენს წარმოდგენათა სისტემას, ის გატყუებს. ყოველთვის ერთი ნაბიჯის მიღმაა ჭეშმარიტება, შემდეგ – იმის მიღმა. სანამ არ გაგიცხადდება და სული არ გაგინათდება, არ უნდა მოეშვა. ეს არის ის პრინციპი, რომელიც ჩვენ ამ გზაზე წაგვიყვანს. ვისურვებ და გისურვებ, ნათანაელივით უზაკველი ვიყოთ. არ შეგვეშინდეს, რომ გაცხადებული არ არის ჭეშმარიტება, წუთისოფელი არის გარსი და იმისთვისაა, რომ, ვისაც აქვს ჭეშმარიტების წყურვილი, მას შეუძლია, ეს გარსი გაარღვიოს და გულის გულში შევიდეს, სადაც გამთლიანდება თავის ნამდვილ მესთან. იქ გველოდება ჩვენ ჩვენი ნამდვილი „მე ვარ“ – იესო, როგორც ჩვენი სულის ნამდვილი მდგომარეობა, ჩემი სისრულე, რითიც მე დავსრულდები ამ გზაზე და გავთავისუფდები იმისგან, რისიც ახლა მეშინია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული