რელიგია

რატომ არის ჭარბი „რელიგიურობა“ ყველა რელიგიური ომისა და სიძულვილის სათავე

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რატომ უნდა გაიაროს ადამიანმა ღმერთის სამი მდგომარეობა: აბრაამობა, ისააკობა და იაკობობა. რა ფუნქცია აქვს თითოეულს, რატომ მოუწია იაკობს ღმერთთან შებრძოლება და რატომ არ წყდება არც ერთი პრობლემა ადამიანური პარადიგმიდან – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ისევ იაკობის გარშემო უნდა ვიტრიალოთ, ვინაიდან ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვიცით, რომ, ერთი მხრივ, არსებობს ისტორიული პიროვნება იაკობი, ის ნამდვილად იყო და, მეორე მხრივ, წერია – ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა, ღმერთი იაკობისა. ეს ის სამი მდგომარეობაა, რომლებიც ადამიანმა უნდა გაიაროს. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი აბრაამობა, ისააკობა და იაკობობა?! იმაზეც ვისაუბრეთ, რომ აბრაამს სიმართლედ ეთვლება რწმენა. ის დაუფიქრებლად, კითხვასაც არ სვამს, ისე ემორჩილება მოწოდებას, რომ უნდა წავიდეს. სხვათა შორის, არც აქვს მნიშვნელობა, რა ფორმა აქვს მოწოდებას, ის საოცარი სიცხადით მოდის და ამას არქმევს აბრაამი ღმერთს. ეს ჩვენ გვგონია, რომ ღმერთი გამაძლიერებლებით უნდა გველაპარაკოს, რაც იმის ბრალია, რომ ფიზიკურ სხეულში ფიზიკურად ვაზროვნებთ. მაგრამ მძლავრ ფიზიკურ ხმაზე გაცილებით დიდი და ძლიერია შინაგანი ხმა; ის ბევრად დამაჯერებელია, ბევრად უტყუარი. მერწმუნეთ, ვისაც გამოუცდია წამიერი, წუთიერი განათებები, იცის, რომ იქ ყველაფერია, უბრალოდ ვერ ვიჭერთ იმ წამს. ანუ აბრაამი არის ის, ვინც ამ ხმის გაგონებაზე გამოდის თავისი მამის სახლიდან და არც კითხულობს, სად მიდის; უთხრა ღმერთმა და აკეთებს, მიდის და ფართოვდება. ესე იგი, აბრაამი ღმერთის ის თვისებაა, რომელიც სწვდება მთელ სამყაროს, ეს ადამიანშიც დევს, მაგრამ, რადგან ადამიანი სხეულშია, ამას უნდა მიაღწიოს განვითარებით, ზრდით, ოფლითა და ღვაწლით. მეორეა ისააკობა. ისააკი ანელებს მამის – აბრაამის – წინსვლას, ანუ ჩარჩოებში აქცევს. შესაბამისად, შემოდის შეზღუდვები, რაც აუცილებელია, არა იმიტომ, რომ ვიჩაგრებით, არამედ იმიტომ, რომ განვითარებას სწორი მიმართულება მიეცეს. შესაბამისად, ისააკობა ეს არის ტრადიციონალიზმი, რომელსაც ვინარჩუნებთ, რომ არ დაგვეკარგოს, არ მოვწყდეთ მას; ვიცავთ და ჩაფრენილი ვართ, ამიტომაა ისააკი სულ ადგილზე – მხოლოდ მამამისის ჭებს ასუფთავებს. ახლებს არ ამატებს. მესამეა იაკობობა და, ამ გაგებით, იაკობი ქრისტეს წინასახეა. აქედან გამომდინარე, ჰქვიათ ებრაელებს ისრაელი, რჩეული ერი. ოღონდ იმ თვალსაზრისით რჩეული კი არა, რომ ზემოდან გვიყურონ, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ და ჩვენც, მართლმადიდებლებიც, ვცოდავთ ხოლმე სხვებისთვის ზემოდან ყურებით, არამედ პირიქით. იმიტომ არიან რჩეულები, რომ ისინი ღმერთმა გაწირა მესიის დასაბადებლად, რჯულის ქვეშ მოაქცია, დაიცვა. ამდენად, ყველაზე მეტად ებრაელებს სჯიდა ზუსტად იმის გამო, რომ მათ არ დაჰკარგვოდათ ეს ხსოვნა – მესია მათგან უნდა დაიბადოს. აი, ამას ეწირებოდა ეს ხალხი და, კლასიკური გაგებით, არც არის ერი, ეს არის აბრაამის მოდგმა, რომლებსაც ღმერთი აბრაამის ერთგულების გამო შეჰპირდა, შენგან იკურთხება ყველა ტომიო, რათა გაეტანათ ერთი ღმერთის რწმენა მთელ სამყაროში.

რატომ არის მნიშვნელოვანი იაკობი? იაკობი არის ქრისტეს წინასახე. იაკობს არ აქვს არც აბრაამის მსგავსი რწმენა და მორჩილება, პირდაპირ და უსიტყვოდ რომ უსმინოს ღმერთს და არც ისააკის სიმკაცრე და შეზღუდულობა, ტრადიციულობას ვგულისხმობ. იაკობი ვერ იტევა ამ ორში, ანუ იაკობამდე ამ ორი, უხეშად რომ ვთქვა, ერთგვარი ინგრედიენტით იმართება სამყარო: ერთი ცოტა წინ წავა, მეორე, ისააკობა, მოქაჩავს უკან, არ მოვწყდეთ რეალობას, რაც წინაპრებისგან გადმოგვეცა, დავიცვათო, მაგრამ ღმერთი უსასრულო შეცნობაა და წინ მიისწრაფვის. იაკობი ამ ორისგან აკეთებს ერთგვარ მიქსს. ის თავად ქმნის ახალ რეალობას. იაკობი რასაც აკეთებს, ამას ჰქვია შუა: ის თავად ქმნის თავის პიროვნებას: მასში ერთდროულადაა აბრაამის რწმენის ფაქტორი და ესავის ველის კაცობა. ესავი მისი უფროსი ძმაა. ის მონადირეა, როგორც კაენი, ანუ მატერიალური საფუძველი აქვს. ისააკს იმიტომ უნდოდა, ეკურთხებინა ესავი, რომ მასში ხედავდა იმას, რის რეალიზაციაც თავად ვერ მოახერხა საკუთარ თავში. ისააკი სულ სახლში იყო ჩაკეტილი, ესავში კი ხედავდა მოქმედებას, გაფართოებას, პრაქტიკას, ხოლო იაკობი ისააკივით კარვის კაცი იყო. ოღონდ ისააკმა ვერ გათვალა, რომ იაკობი არის ის, ვინც არ სჯერდება კარვის კაცობას და ამ ორს აერთიანებს, ეს არის სულიერისა და მატერიალურის სინთეზი, რაც ადამში იყო მიცემული, როგორც ხატება, როგორც შესაძლებლობა, რომელიც უნდა განახორციელოს. ამიტომ არის იაკობი მაცხოვრის წინასახე, როგორც ღვთის მგმობელი კი არა, არამედ ღმერთთან მებრძოლი, რადგან თვითონ ღმერთს უნდა ეს. იაკობი ახერხებს, თავის თავში გაამთლიანოს ეს ორი უკიდურესობა, ეს გარეგნულად თითქოს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებები, ხასიათი და ჩვევები და თავის თავში ქმნის ჰარმონიას. ჰარმონია იმიტომ ჰქვია, რომ თავის თავში მუდმივად ამ ორის ბალანსს იცავს, ვინაიდან სულ ეჭვებშია იაკობი; დარწმუნებული არაფერშია. სულ გარბის, სულ ვიღაცას მისდევს. უხეშად რომ ვთქვათ, დე-იურე მას ეკუთვნის პირველობა, მაგრამ პრაქტიკაში არ აძლევენ და იმიტომაცაა იაკობი ძლიერი, რომ ის გადალახავს ყველაფერს, რაც მას ბუნებით ეწინააღმდეგება. იმის იქით მიდის. ხოლო ღმერთი ის არის, ვინც ბუნებით საზღვრებს მუდმივად გადასწევს. აი, ეს თვისება არის იაკობში.

სანამ იაკობის ღმერთთან ბრძოლაზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვა ვთქვათ იაკობის თავის ბიძასთან, ლავანთან, ჩასვლის ისტორიის შესახებ. ბევრი დეტალი და უამრავი ნიუანსია, როგორ შეხვდა და გაიცნო რაქელი, რაზეც ახლა არ ვისაუბრებთ. ლავანი ნიშნავს თეთრს: ეს არის თავდაპირველი ფორმა, კოსმოპოლიტიზმი, ზოგადი, რომელსაც კონკრეტიკა არ აქვს, ესე იგი, ყველაფერი ღიაა, საზღვრები მოშლილია, ტყუილი-მართალი აზელილია ერთმანეთში. სწორედ ეს თვისება გამოიყენა რებეკამ, რომ იაკობს მიეღო ისააკის კურთხევა. ისააკი ხომ ზედმეტად პატიოსანი იყო და რებეკამ შეაზავა მოხერხებულობა, გაქნილობა ვერაგობა, ტყუილები, რაც გაბატონებული იყო ლავანის ოჯახში და შეუერთა ისააკის პატიოსნებას. რებეკას ეს იზიდავდა, იმიტომ რომ იქ, საიდანაც თავად იყო, არ ყოფილა ის, რაც ისააკს ჰქონდა – გულწრფელობა, სიყვარული. ქრისტეს წინასახეც იმიტომ არის, რომ ქრისტეც შეწირულია მსხვერპლად, ის აქაური არც არის და სიკეთეს აკეთებს, შედეგად კი ვიღებთ სიბრძნეს. რებეკამ მოახერხა, რომ იაკობს ერგო კურთხევა ესავის ნაცვლად, თორემ წააგებდნენ. ასე რომ, იაკობი ჩადის ბიძასთან, რომ ეს ხერხები ისწავლოს. იაკობს ხომ ესავობაც უნდა, თუმცა კარვის კაცია და ჩადის იქ, რომ ისწავლოს ველის კაცობაც. ჩვენც ხომ ვამბობთ ხოლმე, აბა, რომელი სჯობია – სულიერება თუ ხორციელება?! და ვამბობთ, არა, რა მატერიალური, მე სულიერი ვარ, რელიგიური ვარ, ეკლესიური ვარ და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი. არც ერთი არ არის უპირატესობა, ორივე უკიდურესობაა, თუ მოსწყდებიან ერთმანეთს. ეს არის ერთი მთელის ორი მხარე. თუ ბალანსი დარღვეულია, ფანატიზმში გადადის. ყველა რელიგიური ომი, სიძულვილი და უბედურება მოდის ჭარბი „რელიგიურობისგან“. და თვითონ ქრისტე ამბობს, ზოგიერთ თქვენგანს ღმერთის სახელით მოკლავენო და ქრისტეც ღმერთის სახელით მოკლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა