რატომ არის აუცილებელი შეცდომები და ტკივილი ღმერთთან მისასვლელად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.05

ადამიანი მიდრეკილია, თავად აკონტროლებდეს ყველაფერს, რაც მას თითქოს უნელებს შიშსა და შფოთს გაურკვეველი სამყაროსადმი, თუმცა, სინამდვილეში, ადამიანზე არაფერია დამოკიდებული. რატომ არ ესმის ადამიანს ღმერთის შეგონება და რატომ ურჩევნია, თავად იპოვოს გამოსავალი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– როგორ უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა ღმერთისადმი მინდობა და რატომ ურჩევნია, მიენდოს საკუთარ თავს?
– წინა ნომერში ჩვენ ვისაუბრეთ აბრაამზე, რომელიც ბოლომდე მაინც არ ენდობა ღმერთს, უჯერებს სარას და მოახლისგან უჩნდება ისმაილი, ვისგანაც ბევრი ზიანი მიადგება. თუმცა ყველა შეცდომა, რომლებსაც ადამიანი უშვებს და რაც უნდა ტკივილი მაიდგეს ამ შეცდომებისგან, ამაღლებს და აძლიერებს მას. აბა, გადახედოს თითოეულმა თავის ცხოვრებას, თუ ასე არ არის?! ასეთ მაგალითს მოვიტან: როდესაც საქონელი ეკარგებათ, მწევარს დაადევნებენ ხოლმე. სადღაც დახეტიალობს თხა ან ძროხა, მწევარი დაგეშილია და კბენს კანჭებში. სტკენს, მაგრამ სახლისკენ მიერეკება. ნებით თუ არ მიდიხარ, განსაცდელები გეხმარება. ყველა ტკივილი და ყველა ტანჯვა არის ის საშუალება, რომლებიც აუცილებლად მოგიყვანენ სახლში და მოგიყვანენ გონს. ღმერთი გეხმარება ტკივილით, მაგრამ ამას არა უშავს. რატომ? იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, ტანჯვა და ტკივილი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რაც ჩვენ გამოგვეცხადება. ამიტომ ძალიან ბავშვურ დონეზე უნდა იყო, ტანჯვის გამო რომ იბუზღუნო, ვინაიდან ტანჯვის მიღმა განუზომლად დიდი იმალება.
აუცილებლად უნდა შევეხო ერთ მომენტს, რომელიც ისევ აბრაამს უკავშირდება. როდესაც აბრაამს გამოცხადება აქვს და ღმერთი ეუბნება, გეყოლება ძე, მისგან აავსებ მთელ სამყაროს, შენ იქნები დიდი მამა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, წერია, აბრაამი ერწმუნა ღმერთს და ღმერთმა მას ჩაუთვალა სიმართლე. რას ნიშნავს „ერწმუნა“?! ჩვენ გვგონია, რომ ერწმუნა ნიშნავს, რომ ირწმუნა. ჩვენ ხომ რწმენა აღიარებასთან გავაიგივეთ?! ვამბობთ, მე მწამს და რა გწამს? ერთი ღმერთი და ჩამოაჭიკჭიკებ „მრწამსს“?! ესეც კარგია, მაგრამ რწმენა „მრწამსის“ ცოდნაა?! სამი მსოფლიო კრება მოუნდა იმას, რომ „მრწამსი“ ამ ფორმით ჩამოეყალიბებინათ, ჩვენ კი ლამის განვადიდოთ ადამიანი, თუ ზეპირად იცის „მრწამსი“, ვამბობთ, რა მაგარი ქრისტიანიაო. ოღონდ „მრწამსის“ ზეპირად ცოდნა კი არ არის რწმენა, არამედ არსის გაგება, თუ რა გწამს. ქართულში „მწამს“ სიტყვის სინონიმი დაჯერებაა. ებრაულში არის სიტყვა „ემუნა“. ეს არის არა დაჯერება, არამედ ვენდობი, ანუ ვმოქმედებ ისე, როგორც ღმერთი მეუბნება. ანგელოზი რომ მიდის მარიამთან და ეუბნება, გეყოლება ძე, მარიამი კითხვას სვამს და არ შთაინთქმება ავტორიტეტით. ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ებრაელებისთვის და ქრისტიანებისთვისაც ასეა. როდესაც კითხვას სვამ, იგებ, უკვე მოქმედებ. ანუ მორჩილება და გაგება ერთმანეთის აღმავსებელია. არ უნდა დავუპირისპიროთ ერთმანეთს მორჩილება და გაგება, თუ რომელი ჯობია და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუ რომელია პირველი. მაგალითად, ებრაელებმა დაადგინეს, ჯობია გაგება და „თორას“ შემეცნება, მაგრამ რატომ?! იმიტომ რომ, როდესაც გავიგებთ, უკეთესად დავემორჩილებით, ნახე, სად გადავიდა მსჯელობა?! მოდი ახლა და გაიგე, რომელი ჯობია?! საბოლოოდ, მაინც მორჩილება ჯობია, ვინაიდან გაგება რაღაც დონემდეა მიმყვანი. რაღაც ზღვარს იქით შეუძლებელია, გაგებამ გაუძლოს და იქ უკვე გენდობი, აღარ ვსვამ კითხვას. კითხვებს ვსვამ მანამ, სანამ არ გენდობი. საკმარისია, ორ ადამიანს შორის სრული ნდობა გაჩნდეს, რომ სამყარო შეიცვლება, იმიტომ რომ ადამიანის ნდობა ღმერთის ნდობაა. ღმერთი ცაში არაა, ღმერთი აქ არის. ადამიანის არ გჯერა, ადამიანს არ ენდობი და უხილავ ღმერთს ენდობი?! იოანე ამბობს, ტრაბახობ, ღმერთი მიყვარსო და როგორ გიყვარს ღმერთი, რომდესაც ადამიანი არ გიყვარს, ვინც თვალებში გიყურებს? შესაბამისად, ერწმუნა ნიშნავს, რომ დაუჯერა. დაჯერება რას ნიშნავს ქართულში? ბავშვს ეტყვიან, დაუჯერე დედას; მოსწავლეს ეუბნებიან, დაუჯერე მასწავლებელს. დაჯერება მორჩილებაა? არა, დაუჯერე, ესე იგი, გააკეთე, რასაც გეუბნება. და იესო ეს არ არის?! სხვათა შორის, კითხვის დასმის გარეშე თუ აკეთებ, რასაც გეუბნება, ეს არ არის დაჯერება და არც ღმერთს უნდა, რომ შენ მექანიკურად გაჰყვე. არც მოდის ღმერთი ადამიანთან ისე, რომ დათრგუნოს მისი ნება და ადამიანმა კანკალით მიიღოს ის, რასაც ღმერთი ეუბნება. ასე მიიღეს თორა ებრაელებმა 50-ე დღეს სინას მთაზე და სწორედ ამის გამო უწოდებენ ამას ებრაელები ძალადობას. როდესაც გარედან მაწვები, მე მინდა, გავიქცე, იმიტომ რომ მე მინდა, გავიგო და ისე მივიღო შენი სიტყვა. არის სიყვარული იქ, სადაც ძალადობაა?! რა თქმა უნდა, არა. იქ მხოლოდ შიშია ან ცხოველური, ან ავტორიტეტისადმი. იობიც კითხვებს სვამს არა იმიტომ, რომ ღმერთის სამართლიანობაში ეპარება ეჭვი, არამედ იობი ამით ამბობს, ღმერთს აქვს ისეთი რაღაც, რომ მეც მინდა, ვიცოდე. მარტივ მაგალითს მოვიყვან. ცოლ-ქმარი დგას და უცბად ქმარი ხელს ჰკრავს ცოლს. ცოლი გაოგნებულია. არა იმიტომ, რომ ეტკინა, იმიტომ რომ ვერ ხვდება, რატომ ჰკრა ხელი ქმარმა. იობსაც ეს აწუხებს, მან იცის, რომ ღმერთი მართალია, მაგრამ სთხოვს, მეც გამაგებინე, უფალოო. ბოლოს ხვდება იობი და ჩუმდება. ადამიანი ისაა, ვინც უგებს ღმერთს და ესაა ჯვარცმა: ქრისტეს ადამიანური ბუნებაც არ ემორჩლება ღმერთს მექანიკურად, ჯვარზეც კი კითხვას სვამს: ღმერთო, რატომ მიმატოვე?! მართლა მიატოვა?! რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ეს ადამიანური ბუნების აღმოხდომაა და შემდეგ მაცხოვარი ამბობს, შენს ხელთ გადავცემ ჩემს თავს.
ასე რომ, ესე იგი, აბრაამს დაუჯერა ღმერთმა. რას ნიშნავს „სიმართლედ ჩაუთვალა“? რა არის, იცი, სიმართლე?! რაც ჩემმა კულტურამ, აღზრდამ, ტრადიციამ მასწავლა, არ ეყოფა, რომ ღმერთს მივწვდე. მაშინ მე მოვდივარ, გეტყვი სიტყვას და დამიჯერე, იმოქმედე. ქრისტე პეტრეს ეუბნება, გადააგდე ბადე, მაგრამ პეტრე ედავება, როგორც ჭეშმარიტი ებრაელი, უფალო, აქ თევზი არ იქნება, მებადური ვარ, მთელი ღამე ვთევზაობდი, მაგრამ შენი სიტყვისამებრ გადავაგდებ ბადეს. რას ნიშნავს დაუჯერა?! იმოქმედა! სიგიჟე ჩაიდინა პეტრემ, რაც, თავისი გამოცდილებით, არ უნდა გაეკეთებინა. აბრაამმა როგორ მიიღო ისაკი? დაუჯერა ღმერთს: ამაღლდა თავის განპირობებულ ბუნებაზე, გამოცდილებაზე და აღიარა, რომ მისი აღქმის მიღმა უსასრულო შესაძლებლობებია, რომლებშიც ფეხი უნდა შედგას. თუკი მე ვიმოქმედებ არა ისე, როგორც ჩემი ბუნება მეუბნება, არამედ, როგორც მეუბნება სიტყვა, დავუჯერებ, ანუ ვიმოქმედებ ისე, როგორც მეუბნება, მივიღებ შედეგს. „სახარების“ დაჯერება იქ დაწერილი სიტყვების დაჯერება კი არ არის, რომ იძახო, ქრისტე აღსდგაო, არამედ დაჯერება ნიშნავს, რომ ვიმოქმედო არა ჩემი წარმოდგენებით, ჩემი გაგების დონიდან, არამედ, როგორც სიტყვა მეუბნება და შედეგს მივიღებ. ოღონდ შედეგი ის კი არ არის, რომ, თუ ახლა ვიმოქმედებ ისე, როგორც ქრისტე მეუბნება, სამოთხეში ვცხონდები, არამედ სამოთხედ აქ გადააქცევ შენს წილ წუთისოფელს. სამოთხე წუთისოფლად შენ აქციე, იმიტომ რომ შენს ტვინს დაუჯერე. საკუთარ განმრჩევლობას მიენდნენ ადამი და ევა. თუ გინდა, გაარღვიო წუთისოფელი და აქვე დაბრუნდე სამოთხეში, მაშინ კეთილი ინებე და, რადგან შენით ვერ გამოდიხარ აქედან, მოდის ახალი სიტყვა და დამიჯერე. მე მაქვს არჩევანი, თუ რომელს დავუჯერო: ჩემს განმრჩევლობას თუ იმ სიტყვას, რომელიც გარედან მეუბნება?! ამას გამოვყავარ ჩემივე შექმნილი ხლართებიდან, კვანძები იხსნება და მეშვება. აი, რისკენ მივდივართ ნელ-ნელა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან