რელიგია

რატომ არის აუცილებელი ბოროტება აბსოლუტური სიკეთის მისაღწევად

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.05, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრების გზაზე შეგვხვდა, ჩვენი მასწავლებელია – ისინიც, რომლებმაც, ჩვენი აზრით, ცუდი გაგვიკეთეს და ისინიც, რომლებიც კეთილად გვახსენდება. ღმერთი თავისი პირით ვერ გველაპარაკება. ამიტომ, როდესაც რბილსა და ირიბ მინიშნებებს ვერ ვიგებთ, საქმეში ტკივილი ერთვება, რომელსაც სწორედ ადამიანები გვაყენებენ. ისინი არც კარგები არიან და არც ცუდები, უბრალოდ, მათი მეშვეობით შემოქმედი ჩვენს გამოფხიზლებას ცდილობს. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– „ოსკარით“ აჯილდოებენ უარყოფითი გმირის როლის კარგად შემსრულებელსაც და ბევრი მიფიქრია, იქნებ სიბოროტის ჩამდენი ადამიანიც, უბრალოდ, იძულებულია, ეს როლი შეასრულოს, ანუ ბოროტის შთაბეჭდილება დატოვოს?

– ურთიერთობათა მთელი ბადეა გადაწნული წუთისოფელში, ამიტომ კარგი და ცუდი, სიკეთე და ბოროტება, მტერი და მოყვარე ერთმანეთშია აზელილი, სანამ სამოთხისეული მდგომარეობა არ გაცხადდება, როდესაც ნამდვილ სიკეთეში ხარ და არა ილუზიაში, რაც დაიწყო მას შემდეგ, რაც გველმა ადამს აჭამა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ანტისიტყვა, შენ იქნები ღმერთიო. სამყაროს შექმნისას ღმერთს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: თავისი სიკეთე მიეცა თავისი ქმნილებისთვის. ნამდვილი სიკეთე კი ის არის, რომლის შექმნის თანამონაწილეც ხარ. ასეთი რამ მხოლოდ თავისუფალ არსებას შეუძლია, მაგრამ იმავდროულად იყო საშიშროება, რომ ასეთად შექმნილი ქმნილება თავის წარმოსახვით სამყაროს შექმნიდა, ესე იგი, ბოროტების ასპარეზი გაჩნდებოდა. მეორე მხრივ, თუ ამ თავისუფალ ნებას მოაშორებდა, მაშინ ადამიანი ცხოველს, ფრინველს ან უსულო საგანს დაემსგავსებოდა, რომელიც გარედან კანონებითა და ინსტინქტებით იმართება. ღმერთმა თავისუფალი არსების შექმნა არჩია: ჯობია, ადამიანი დაიტანჯოს, შეეშალოს, ეგონოს, რომ კეთილია და ბოროტება ჩაიდინოს, მაგრამ იყოს თავისუფალი. რაც ამ წუთისოფელში ხდებოდა და დღესაც ხდება, იშვა ადამის თავისუფალ არსებად შექმნის გამო, მაგრამ ღმერთი, ხომ, ბოლოს ხედავს?! მან იცის, რისკენ მიდის და სრულდება ეს ყველაფერი – მარადიული გონსმოსვლითა და ნეტარებით, ანუ ღირს ამად წუთისოფლის ტკივილები და იმედგაცრუებები, ამიტომ წერს პავლე მოციქული: ჩვენი ხანმოკლე, მცირე ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რაც გაგვეცხადება. ღმერთი მსჯელობს იმით, რაც ბოლოს იქნება, ჩვენ კი ვმსჯელობთ იმით, რაც ახლა ხდება, რაც დღესაა, ხვალ არ იქნება, ხოლო ის, რითაც ეს დამთავრდება, მარადიულია. ამ ტანჯვებით თავისუფალი ადამიანი შეიქმნება, რომელიც, თავისი ნებით, მარადიულ ნეტარებაში იქნება და ეს უსასრულოდ დიდია, ვიდრე ის ტანჯვა, რაც ამ წუთისოფელშია. თუ ეს ქარგა არ ავიღეთ ამოსავლად, დავიბნევით წუთისოფელში, მაგრამ ვიმეორებ – ეს ყველაფერი დაზღვეულია ღმერთში! და რა არის დაზღვევა? ყველაზე დიდი ბოროტება, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს და დაბადებს ყველაზე დიდ სიკეთეს. ცხადია, ბოროტების ჩამდენს ტაშს არ დაუკრავენ; ის აგებს პასუხს, მაგრამ მასაც მიეცემა გონება, მიხვდება, რაც გააკეთა. იუდამაც კი ინანა, იმიტომ რომ მიხვდა. წესით, მას, ვინც ტკივილს გვაყენებს, მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს, ვეწამოთ ჩვენი მაცხოვარივით, მაგრამ ჩვენ როგორ ვიქცევით?! მზად ვართ, თვალები ამოვუღოთ! ყველა ბოროტებას ბოროტებად აღვიქვამთ, ვინაიდან იმ წუთს არ გვაქვს ამის გაგებისა და დატევის უნარი. ებრაელები ამბობენ, ყველაზე დიდ ბოროტებად რაც ჩანს, ისაა ყველაზე დიდი სიკეთე, იმ დღის შუქივით, რომელიც გვაბრმავებს, იმიტომ რომ ჩვენი მხედველობის ორგანოს აღქმის შესაძლებლობები შეზღუდულია. ერთი კომენტატორი იმასაც კი წერს, როდესაც ამას მივხვდებით, გველს ძეგლს დავუდგამთო, ოღონდ ეს ახლა არ უნდა გავაკეთოთ. ეს უნდა ვიცოდეთ, როგორც შესაძლებლობა, მის მისაღწევად კი სამუშაო გვაქვს: სადაც საჭიროა, ხმაც უნდა ამოვიღოთ და უნდა ვიბრძოლოთ კიდეც. ბოროტებით გადაფარული სიკეთის კლასიკური ნიმუშია იოსების გაყიდვა ძმების მიერ. იცით, რომ იოსები იაკობის საყვარელი ცოლის შვილია, მისი ათი ძმა კი პირველი ცოლისგან ჰყავს იაკობს და იმას გარდა, რომ იაკობს გამორჩეულად უყვარს, იოსებს ხილვებიც ჰქონდა და ძმებს მისი შეშურდათ. იოსების ხილვები სიმართლე იყო, მაგრამ იოსებმა დროზე ადრე გააცხადა, ძმებმა ვერ დაიტიეს და გადაწყვიტეს იოსების მოკვლა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და გაყიდეს, ეგვიპტელი ვაჭრების ქარავანს გაატანეს. მამაც ცოცხლად მოკლეს: 20 წლის განმავლობაში ატირეს, მოატყუეს, შენი შვილი მგელმა შეჭამაო. ამაზე დიდი ბოროტება წარმოგიდგენია?! მაგრამ, საბოლოოდ, რა გამოვიდა?! წინასწარმეტყველების თანახმად, აბრაამის მოდგმა ეგვიპტეში დასახლდებოდა და იოსებია ამის აღმსრულებელი. მისმა ძმებმა იოსების გაყიდვით, ფაქტობრივად, წინასწარმეტყველება აღასრულეს. იოსები მოხვდა ეგვიპტეში, თუმცა, თავდაპირველად, იქაც უარესი ბოროტება გაუკეთეს, რის გამოც 10 წელი ციხეში გაატარა. მოკლედ რომ ვთქვათ, იოსები მაინც გახდა ფარაონის შემდეგ მეორე კაცი, მთელი ეგვიპტის მმართველი. ძმები ვერ ცნობენ იოსებს და არც იოსები გარბის მათკენ მადლიერი, დიდება უფალს, რომ გამყიდეთო, იმიტომ რომ ძმები უნდა დაისაჯონ იმის გამო, რაც გააკეთეს. რით? იმავე მდგომარეობაში უნდა ჩაცვივდნენ, რა მდგომარეობაშიც იოსები ჩააგდეს. სწორედ განცდილ ტკივილს მოჰყავს ისინი გონს და ხვდებიან, რომ იოსების მიმართ ჩადენილისთვის ისჯებიან, თუმცა მას ვერ ცნობენ. მხოლოდ მას შემდეგ ეცხადება მათ იოსები, როდესაც გონს მოიყვანს. ანუ, ერთი მხრივ, ყველაზე დიდმა ბოროტებამ ყველაზე დიდი სიკეთე გამოიღო შედეგად, მაგრამ, მეორე მხრივ, მისმა ძმებმა ზღეს იმის გამო, რაც ჩაიდინეს. შეშინებული ძმები იოსებს არ უჯერებენ, მაგრამ იოსები აწყნარებს მათ, თქვენ კი არა, უფალმა გააკეთა თქვენი მეშვეობით, რაც დამემართა, რომ აქამდე მოვსულიყავიო. რატომ არ უთხრა მაშინვე, რომ ცოცხალი იყო?! იმიტომ რომ ბოლომდე გამოცადა, ისევ ვერაგები იყვნენ, თუ შეიცვალნენ და, როდესაც დარწმუნდა, რომ მოინანიეს, ამის შემდეგ უთხრა სიმართლე. აი, ასე გადაიჭრება ის საკითხი, რაც გაინტერესებს: შენ მიერ ადამიანის მიმართ ჩადენილ ბოროტებას ღმერთი სიკეთედ გადააქცევს, ხოლო შენ ჩაგიყვანს იქამდე, მიხვდე, რომ ბოროტება გააკეთე, რითაც ზღავ შენს საქციელს და შენ მიერ ჩადენილი ბოროტება აბსოლუტურ სიკეთედ იქცევა. განგებამ იცის, რომ ადამიანს შეუძლია, გამოავლინოს ბოროტებაც, ამიტომ დაუტოვა სივრცე, რომ გააკეთოს ის, რაც სიკეთე ჰგონია, მაშინ, როდესაც დანარჩენი ყველა და ყველაფერი შეზღუდულია: მდინარე ვერ გადაუხვევს კალაპოტს, ფუტკარი ვერ გასცდება ინსტინქტს. ხოლო ადამიანი ყველაფერს, საბოლოოდ, ისევ ღმერთთან მიჰყავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღმერთისგან მოდის ისიც, რაც სიკეთე გვგონია და ისიც, რაც ბოროტებად გეჩვენება, მაგრამ გააზრების ამ დონეს ტანჯვით, ტკივილებითა და ძიებით უნდა მივაღწიოთ. ეს უფრო რთული გზაა, მაგრამ სიკეთე ის არის, რომ ადამიანი ძალიან განვითარებული ბრუნდება სამოთხეში. ტანჯვით სავალი გზა გაილევა, გადაიხსნება ორმაგობის ფარდა და გამოჩნდება ერთი ღმერთი, რომელიც განათდება იმ შეგნებით, რომელიც ვერ დააფასეს თავიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი