რელიგია

რატომ არის ამაო ადამიანის ყოველგვარი ადამიანური მცდელობა, დაუბრუნდეს ღმერთს

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 12.01, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ლამის ტრადიციად იქცა, რომ ყოველ წელს ვდაობთ ქრისტეშობის თარიღზე და ერთმანეთს ვეჯიბრებით ნამდვილ ქრისტიანობაში იმით, თუ როდის აღვნიშნავთ შობას და აზრადაც არ მოგვდის, ერთმანეთს გავეჯიბროთ ქრისტეს მიმსგავსებაში (თუმცა სიტყვა „შეჯიბრების“ ხსენებაც კი ამ კონტექსტში უხერხულია). რატომ მოდის წინა პლანზე მეორეხარისხოვანი საკითხები და მაცხოვრის შობის მოლოდინშიც კი გვავიწყდება ის, რაც მთავარია - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- რითაა მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის არა თარიღი, არამედ მაცხოვრის შობა, როგორც მოვლენა?

- უამრავი ახსნა მომისმენია, ვიკლებთ თუ არა ქრისტეშობის მადლს, თუ შობის აღნიშვნის თარიღს ზუსტად არ დავიცავთ. მე ეს არ ვიცი, მით უფრო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია არსი. ცნობილი გამონათქვამია, რამდენჯერაც უნდა იშვას ქრისტე ბეთლემში, თუ ერთხელ მაინც არ იშვება შენს გულში, აზრი არ აქვსო. იმას კი არ ვდღესასწაულობ, რაც ერთხელ, ოდესღაც სადღაც მოხდა ვიღაცასთან, არამედ ეს არის დროისა და სივრცის მიღმა სულიერ სამყაროში მომხდარი მოვლენა, რომელიც დროისა და სივრცის კანონზომიერებებს არ ემორჩილება. ადამიანი ხომ ორმაგობაშია?! როგორც სოციალურ-კულტურული არსება დაღდასმულია იმ კულტურითა და ტრადიციით, რომელ ეპოქასა და ადგილასაც ცხოვრობს და, მეორე მხრივ, როგორც ღვთის ხატება, ადამიანი დიდი ნიშნით - ადამი, დროისა და სივრცის მიღმა არსებული არსით - მე ვარ! სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ დღემდე ის გამოივლის უთვალავ სახვევებს - რელიგიურს, კულტურულს, ტრადიციულს, სოციალურს, სქესობრივს და შესაბამის ფორმებსაც ქმნის, მაგრამ რისკენ მიდის? მთავარი ისაა, რომ ბოლოს ის უბრუნდება თავის არსს, ანუ სამოთხის შემეცნებას. ღმერთსა და ადამს შორის გამყოფი არ იყო, ერთი ერთზე, შუამავლის გარეშე ჭვრეტდა ღმერთს ადამი. სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ კი დროსა და სივრცეში მოვექეცით და ბოლოს ისევ დროისა და სივრცის მიღმა უნდა გავიდეთ, ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ - სრულ გაცნობიერებაში. ამდენად, აქედან უნდა დავინახოთ ქრისტეშობა. მთავარია, გავიგოთ ქრისტეშობის არსი, რისთვის იშვა მაცხოვარი. უმთავრესი სულაც არ არის, როდის და სად დაიბადა ქრისტე, არამედ უმთავრესია მისი არსი - რომ იშვა ქრისტე და ის უნდა ვიკითხოთ უპირველესად, როდის იშვა ქრისტე ჩემი გულის ბეთლემში და ჩემი გულის ბაგაში?! დღესასწაული ნიშნავს სასწავლ დღეს, რომელიც მიმანიშნებს, რომ ჩემშიც უნდა აღსრულდეს ის, რაც იმ დღეს მოხდა.

რა არის ქრისტეშობა ჩემთვის, რატომ მიხარია? რატომაა მთელი სამყაროსთვის სიხარული, როდესაც მარიამისგან იშვა ჩვილი იესო?! მე მიხარია ქრისტეშობა, რადგან იშვა მაცხოვარი, მხსნელი, რომელიც ღმერთმა ადამს აღუთქვა. პირველი შეცოდების შემდეგ, როდესაც ადამი სამოთხეს მოწყდა, ღმერთმა კი არ დასაჯა ის და უკუაგდო, არამედ დაიწყო სამოთხეში დაბრუნების ახალი გზა და პირველი ცოდვით დაცემის შემდეგ უფრო ამაღლებულისა და სრულყოფილის, იმიტომ რომ, დიდი გამოცდილებით დაბრუნდება ადამი, ანუ ჩვენ სამოთხეში. ღმერთმა იქვე მისცა ადამს ცოდნა, რომ ერთხელაც ადამის შთამომავლობაში იშვებოდა მესია, რომელიც, თავისი მადლით, დაგვაბრუნებდა სახლში - შინ. ამის მიმანიშნებელი იყო ის, რომ, როდესაც ადამმა და ევამ ცოდვით დაცემის შემდეგ იხილეს საკუთარი სიშიშვლე, ლეღვის ფოთლებით შეეცადნენ მის გადაფარვას. ეს კი სიმბოლურად აღნიშნავს, რომ ადამიანის მცდელობა, ღმერთან აღიდგინოს კავშირი თავისი მონდომებით, შეუძლებელია. ვერ გადაფარავს ჩვენს სიშიშვლეს, ანუ ეჭვებს, შიშებს, რაც ცოდვის დაცემის შემდეგ გაჩნდა, ვერანაირი ადამიანური მცდელობა, ესე იგი, ლეღვის ფოთოლი. წერია, რომ ღმერთმა შეუკერა მათ ტყავის ტანსაცმელი და ეს ტყავი, მას გველის ტყავს უწოდებენ, ჩვენი მიწიერი სხეულია, როგორც გამყოფი ღმერთსა და ადამიანს შორის. ის, ერთი მხრივ, გამოგვყოფს ღმერთისგან და, მეორე მხრივ, გვიფარავს მისი თანდასწრების მწველი სინათლისგან. ცოდვის დაცემის შემდეგ ადამიანი გრძნობს სირცხვილს - თავის სიმცირესა და უბადრუკობას და ამიტომ ვერ უსწორებს თვალს ღმერთის სიდიადეს, ეს მისთვის სატანჯველია. სწორედ ამიტომ გადაიფარა ადამიანის სიშიშვლე, თიხის ჭურჭელი, ჩვენი დაცემული ადამიანური ბუნება ტყავით. საიდან გაჩნდა ტყავი? ესე იგი, დაიკლა ცხოველი, ანუ კრავი. ჩვენი ცოდვები ღმერთს გვაშორებს და ღმერთთან რომ ურთიერთობა აღვიდგინოთ, გაჩნდა ტყავი - ქრისტე, თავისი სიმართლით ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი. ანუ სამოთხიდან განდევნისთანავე მისცა ღმერთმა ადამს გზა, უწყება, მინიშნება, რას უნდა ელოდოს სამოთხის დაკარგვის შემდეგ. მხოლოდ ადამის წარმოსახვაა, რომ მას ღმერთი გაუბრაზდა, თორემ ღმერთი როგორ შეიძლება, გაბრაზდეს? ის, ხომ, სრული სისრულეა?! ადამს ეგონა, ღმერთი არ მიიღებდა და იმიტომაც არ ინანიებს. მას გაუჩნდა განცდა, რომ ღმერთი არ აპატიებს, ღმერთი უსამართლოა. ყველაფერი, დღეს რაც ხდება, ადამიანის წყენისა და მოუნანიებელი გულის შედეგია. ქრისტეს შობით კი გვეძლევა ახალი შესაძლებლობა - იშვა ის, ვინც თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვებს, ვინც თავისი ჯვარცმით ჩვენს ცოდვებს აუქმებს! ხომ უნდა აღსრულდეს სამართალი?! და ქრისტეს სიკვდილით ჩვენ ვურიგდებით ღმერთს. ქრისტე ახალი ადამია, რომელშიც კვდება ძველი ადამი, ჩვენ კი შუაში ვართ არჩევნის წინაშე: პირველი ადამისგან გადმოგვეცა სიკვდილი და ხრწნილება, ხოლო მეორე ადამისგან - ქრისტესგან - თავიდან ვიშვებით. როგორც ძველი ადამისგან ვიშვით სიკდილისა და ხრწნილებისთვის, ისე უკვე ახალი ადამისგან ვიშობით დიდი სიცოცხლისა და სიწმიდისთვის. ანუ ახალ ადამში - ქრისტეში - ყველაფერი კვდება, რისკენაც ძველ ადამს მივყავდით. ქრისტე ამბობს, გარედან შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ და შიგნიდან დამპალი ძვლებით ხართ სავსეო. გვამის ერთგვარი გარეგნული გალამაზებაა ყველანაირი ფილოსოფია, ხელოვნება, ზნეობა თუ შეგონება, რომლებითაც ადამიანი ცდილობს, მივიდეს ღმერთამდე. ღმერთთან მხოლოდ მონანიებით მივალთ; მონანიება ნიშნავს შეგნებას, რომ ღმერთს გარეთ ჩემი ყველა საქმის ბოლო სიკვდილია. შესაბამისად, მე უნდა გავაცნობიერო, რომ შეუძლებელია, ცოცხალი ვიყო ღმერთს გარეთ. დიახ, ერთადერთი ცოდვა არსებობს, რომ მე ღმერთის, სიცოცხლის გარეთ ვარ და ამიტომ ჩემი ყველა საქმის ბოლო სიკვდილია. სიკეთეც კარგია, თავგანწირვაც, ზნეობაც, მაგრამ აქ ლაპარაკია განღმრთობაზე! აი, ესაა ქრისტეშობის სიხარული - მაუწყებელი იმისა, რომ იშვა ახალი სიცოცხლე, ახალი ფესვი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ღმერთს მივუახლოვდეთ და დავბრუნდეთ სამოთხეში. ძველი კაცით ეს შეუძლებელია და ძველი ადამის ყოველი მცდელობა, თუ ის არ იშვა ხელახლა, ამაოა. ძველი კაცი უნდა მოკვდეს, რომ დაიბადოს ახალი, ვინც დაბრუნდება ღმერთთან. აი, ამის გამო გვიხარია ჩვენ შობა! რომ, რწმენით, ჩემშიც იშვება ქრისტე; ჩემი გულის ბეთლემში პატარა იმედი იბადება და იზრდება, თუმცა ჩემს გულში მყოფი ჰეროდე, ძველი კაცი ცდილობს, რომ მოაშთოს და ჯვარს აკრავს. მაგრამ მაცხოვარი აღდგება, გველის ტყავს, რომლითაც მე მოსილი ვიყავი, მოიცილებს და დარჩება ახალი კაცი, რომელიც დაბრუნდება სამოთხეში, იმიტომ რომ, ღმერთსა და ადამიანს შორის უკვე არაფერი არაა და ერთი ერთზე შეიცნობს თავის შემოქმედს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი