რელიგია

რატომ არ უნდა დაახარისხოს ქრისტიანმა ადამიანები ცოდვების გამო და მათ ადგილები მიუჩინოს ჯოჯოხეთში

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.03, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ზოგადადაც, ჩვენი საზოგადოება მიდრეკილია, რომ უბედურება, რაც სხვას ემართება, ღვთის სამართლიან სასჯელად შეაფასოს. სამწუხაროდ, თურქეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგაც საზოგადოების ნაწილმა (საბედნიეროდ, არც თუ დიდმა) სტიქიის მიზეზი, მათ შორის, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას დაუკავშირა. თუმცა, ლოგიკურად, მაშინ აია სოფიას ქრისტიანული სამყაროსთვის წართმევაც ღვთის სამართლიანი სასჯელი ყოფილა ქრისტიანებისთვის. ქრისტიანობის ამ უცნაურ გააზრებაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– იოანე ოქროპირის გამონათქვამია: ყველას შეეშინდა მიწისძვრის, მე კი შემეშინდა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზისო. ადამიანებს გვახასიათებს, როდესაც მას, ვინც არ მოგვწონს, უსიამოვნება ეწვევა, ამისთვის ღმერთს მადლობა ვუთხრათ და მასზე ღვთის რისხვა სამართლიანად მივიჩნიოთ. ღმერთი მართლაც ასე მარტივად ბრაზდება?

– „ძველ აღთქმაში“ ღმერთის იმდენად სასტიკი და დაუნდობელი სახეა დახატული, რომ ადამიანები გულწრფელად ვერ აკავშირებენ „ძველი აღთქმის“ იეღოვას „ახალი აღთქმის“ ქრისტესთან და ლამის ამბობენ, შეიძლება, ეს ორი სხვადასხვა ღმერთიაო, იმდენად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ არანაკლები სიმკაცრეებია ქრისტეს მოძღვრებაში, კარგად თუ ჩაუკვირდები. როდესაც „ძველ აღთქმაში“ აღწერილია ხალხების გაჟლეტა და სხვა სასტიკი ქმედებები, წმიდა მამებიც გვასწავლიან, რომ ეს არ არის მხოლოდ ღმერთის სასტიკი სახის გამოვლინება, არამედ ეს არის იმ მოვლენების იმდროინდელი ბავშვური ცნობიერებით აღქმა, როდესაც ქრისტეს ნათელი ჯერ არ იყო შემოსული ადამიანების გულებში. ღმერთი გაბრაზდა, შურს იძიებს, ღმერთმა დასაჯა... – ეს ხომ ღმერთს არ უთქვამს?! ეს ხომ ადამიანმა დაწერა?! ადამიანი არ არის ბრმა ტიკინა: ღმერთი არ მოდის ისე ახლოს, რომ ადამიანი დაინგრეს; ამდენად, რა დონეზეც არის განვითარებული ადამიანი, ისე წარმოაჩენს ღმერთის ზემოქმედებას. ზრდასრული და ბავშვი ექიმის მკაცრ შეხებას, ხომ, განსხვავებულად აღიქვამს? ბავშვი – სისასტიკედ, ზრდასრული – სიკეთედ. შესაბამისად, სასჯელში ერთი ხედავს ღმერთის სიმკაცრეს, მეორე – გადარჩენის საშუალებას. სწორედ ამ ბავშვური ცნობიერების შლეიფი გადმოდის დღესაც მათზე, ვისაც ქრისტეს ცნობიერებით არ აქვს გული განათებული. ვინც ჯერ ვერ ამაღლდა იმ გაგებამდე, რომ ღმერთი უცვლელია. ღმერთი არ შეიძლება, გაბრაზდეს; ღმერთს არ შეიძლება, ეწყინოს. ყველა ეპითეტი, რითაც ღმერთი მოიხსენიება, გამოხატავს ღმერთის წვდომის ჩვენეულ საფეხურებს. ღმერთი სრული სინათლე და სრული სიყვარულია. ღმერთი არ იცვლება, მაშინ, როდესაც გარშემო ყველა და ყველაფერი იცვლება. ჯერ ერთი, ვის შეუძლია, დაბეჯითებით თქვას, რომ ღმერთი სჯის, მაგალითად, თურქეთს, რადგან აია სოფია გადააკეთა მეჩეთად?! ღმერთისგან მიიღო ეს ცნობა?! სხვათა შორის, იმავეს ამბობდნენ, როდესაც ცუნამი მოხდა იაპონიაში და ატომურ რეაქტორზე ტრაგედია დატრიალდა, წარმართები არიან და დაისაჯნენო. ქრისტიანობა არ არის ადამიანების დახარისხება. შენ ხარ ქრისტეს სხეული და, თუ ნამდვილად მადლისმიერი მართლმადიდებელი ხარ, მაშინ ყველა ტკივილი შენს თავზე უნდა აიღო: შენ მხსნელი ხარ და არა – განმსჯელი! თურქეთში მცხოვრებ ადამიანებს რით ვჯობივართ? ჯვარი რომ გვკიდია და ბავშვობაში მოვინათლეთ ისე, რომ არც კი გვახსოვს?! რადგან მართლმადიდებელი ხარ, უკვე ცხონებული ხარ?! მაშინ რუსეთმა რატომ წაგართვა ტერიტორია?! რატომ არის ნახევარი საქართველოს ტერიტორია თურქეთში?! თუ ჩვენ არაფერი შეგვიცოდავს და ამიტომაც გვინდობს უფალი, სხვებს კი სჯის?! ყველაზე ნათლად ამ ვითარებას ხსნის ქრისტეს სიტყვები: როდესაც მაცხოვარს ერთ ადგილას არ შეუშვებენ, მოციქულები ეუბნებიან, უბრძანე, რომ ცეცხლი დაეცეს ამ ხალხს, როგორც მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველი ილია არ მიიღეს და ამიტომ სასჯელად ციდან ცეცხლი მოუვლინესო. ანუ ქრისტეს მოწაფეებსაც კი ისევ „ძველი აღთქმის“ მაგალითი მოაქვთ, იმიტომ რომ იმ ცნობიერებით მოდიან. ხოლო ქრისტე მათ ეუბნება: არ იცით, რა სულის ხართ; ძე კაცისა დასაღუპად კი არ მოვიდა, არამედ გადასარჩენად. შესაბამისად, თუ ამას ამბობს ქრისტე, მეც უნდა ვკითხო ჩემს თავს: ვარ თუ არა ქრისტეს სულის, როდესაც განაჩენი გამომაქვს სხვა ქვეყნებისა და ადამიანებისთვის მათი ცოდვების გამო?! იქვეა მეორე მაგალითიც, როდესაც ქრისტე ამბობს, გგონიათ, ის გალილეველები თქვენზე მეტად ცოდვილები იყვნენ; თქვენ თუ არ მოინანიებთ, იგივე დაგემართებათო და მაცხოვარი ამ სიტყვებით მიმართავს იუდეველებს, რომლებსაც თითქოს რჯული ჰქონდათ. ქრისტემ მოიტანა გააზრება, რომ მოყვასი არის არა ქრისტიანი, არა იუდეველი, არა შენი ბიძაშვილი, დედა, ძმა, და, არამედ ადამიანი, ვისაც შენ სჭირდები და ვინც შენ გჭირდება. მოყვასის შესახებ ქრისტეს ამ განმარტებით ყველა საზღვარი გადალახულია. სანამ არ ავმაღლდებით იმ გაგებამდე, რომ ერთნი ვართ, რომ ერთია ადამის მოდგმა და სადაც კი რამ უბედურება ხდება, ჩვენს თავსაც ხდება, ქრისტემდე ვერ მივალთ. იმან, რაც სხვას ემართება, განკითხვისკენ კი არ უნდა გიბიძგოს, არამედ უნდა დაგვაფიქროს, ღმერთო, მე რით ვჯობივარ მას, მეც იგივე არ დამემართოს. როგორ ენდობი საკუთარ თავს?! როგორ გგონია ასეთი რიხით, რომ ის ისჯება და ბედავ, დაიჯერო, რომ შენ ცოდვები არ გაქვს?! შენ რატომ არ გეშინია, რომ შენც შეიძლება, იგივე მოგივიდეს?! მოციქულებს შეეშინდათ, როდესაც ქრისტემ უთხრა, ერთ-ერთი თქვენგანი გამცემსო და შეშინებულები ეკითხებიან, მე ხომ არა, უფალოო. იმიტომ რომ იციან, მეც ადამიანი ვარ, იუდაც ადამიანია, ჩვენთან ერთად იყო და თუ ადამიანის ბუნებაში ისეთი დეგრადაცია ხდება, რომ შეუძლია, გაწიროს მაცხოვარი, ესე იგი, ხომ შეიძლება, მეც იგივე დამემართოს?! ღმერთმა შეუნდოს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ უდანაშაულო ბავშვების, ქალების, მოხუცების, ახალგაზრდების დახოცვა ღმერთის სასჯელია, მაგრამ უმრავლესობას გვესმის, რომ ქრისტე დასასჯელად არ მოსულა. მეტიც, ქრისტე მხოლოდ ქრისტიანებისთვის არ მოსულა, ის არის მკვდრეთით აღმდგარი ადამი. ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა და ეს ისაა, რითაც უნდა დამთავრდეს ისტორია. ქრისტიანები სხვებმა უწოდეს ქრისტიანებს და ისინი თავისი თავისთვის კი არ ცხოვრობდნენ, არამედ სიცოცხლეს სწირავდნენ სხვებისთვის. თავიანთი მოწამეობრივი სიკვდილით ველურ ტომებში აღძრავდნენ სიყვარულს, მათში ღვთის ხატებას აღადგენდნენ. აი, ეს არის ქრისტეს მისია. ასე რომ, ქრისტე ყველას ერთნაირად ეკუთვნის და ჩვენ მის პრივატიზაციას ვერ მოვახდენთ. ხოლო, თუ მართლა გვჯერა, რომ მარტო ჩვენთან არის მადლი, მარტო ჩვენთანაა ქრისტე – მაშინ ვთქვათ, ვინაა ქრისტე?! ვინც საკუთარ თავზე მაღლდება და ყველას ეწირება და არა ის, ვისაც განაჩენი გამოაქვს ყველასთვის და ადგილებს ანაწილებს ჯოჯოხეთში. სანამ ერთ სხეულად არ შევიგრძნობთ თავს, ჩვენი ჯოჯოხეთი გაგრძელდება. ქრისტემ ჯვარზე მთელი კაცობრიობის ცოდვა აიტანა – მან გაიღვიძა, როგორც ადამმა, რომელიც ყველა კულტურაში, რასაში, ტომში, გვარსა თუ რელიგიაშია გაღვრილი და გადაფარული. ჩვენ კი, სანამ გვეგონება, რომ ის სხვაა, მე მასზე უკეთესი ვარ, სულ ასე ვიქნებით, ჩავრჩებით ბავშვურ აზროვნებაში. არანაირი დაყოფა არ არსებობს, არის ერთი სული ქრისტეში! სწორედ ეს არის ის, რითიც სამყარო უნდა დასრულდეს და რისკენაც უნდა წავიდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი