რატომ არ უყვარს ღმერთს ზედმეტად „პატიოსანი“ ადამიანები და რატომ უნდა შევიძინოთ მეგობრები უსამართლობის მამონით
ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:04 02.10

ღმერთი ადამიანსაც უტოვებს გასაკეთებელს და არ სთხოვს ბრმა მორჩილებას, პირიქით, წაახალისებს ქმედებისკენ უსამართლო წუთისოფელში. იაკობსა და რებეკას მოუწიათ, მიემართათ ხრიკებისთვის, რომ ღვთის ნება აღსრულებულიყო. რატომ უნდა გამოიჩინოს ადამიანმა ფხა და მოხერხებულობა და რატომ უყვარს ღმერთს სწორედ ასეთები? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– წინა ნომერში შევჩერდით საკითხზე, თუ რა ხერხს მიმართეს რებეკამ და იაკობმა, რომ ღვთის ნება ასრულებულიყო. როგორ მივხვდეთ, რომ აუცილებელია ღმერთისთვის სათნო ეშმაკობაც?
– გაგახსენებთ, ქრისტეს ყველა მიმდევარმა, რომლებმაც ქრისტესგან მადლი მიიღეს, რაღაცები დაარღვიეს. ადამიანური გაგებით, პატიოსანი რომ ყოფილიყო სისხლმდინარე დედაკაცი, რაკი ტრადიციამ უთხრა, სახლში იყავი, გარეთ არ გახვიდე, ხალხი არ შებილწო და იქ ცხონდებიო, სახლში დარჩებოდა სისხლმდინარე, მაგრამ მან გაარღვია ეს აკრძალვები, მივიდა ქრისტესთან და განიკურნა. იგივე გააკეთა სამარიტელმა დედაკაცმაც. ვინც ვერ შეძლებს, გადალახოს ის განპირობებულება, რომელშიც იმყოფება, იქ ჩალპება, სადაც არის და ვერ განვითარდება, წინ ვერ წავა. ზუსტად ამან იმუშავა რებეკასა და იაკობის შემთხვევაში. ისააკი ესავს იბარებს და ეუბნება, მომიტანე შენი ნანადირევი, საჭმელი გამიკეთე და გაკურთხებო. ეს ესმის რებეკას, იბარებს იაკობს და ეუბნება, შვილო, მამაშენმა შენი ძმა უნდა აკურთხოს, მან კი ეს კურთხევა არ უნდა მიიღოს; ამიტომ დაკალი ეს ორი თიკანი, კარგი შეჭამანდი მოამზადე, გეტყვი, როგორი უყვარს მამაშენს და კურთხევა შენ უნდა მიიღო. იაკობი პატიოსანია და ამიტომ ეუბნება დედამისს, რას ამბობ, მამა როგორ მოვატყუო; ჩემს ძმას ბალნიანი ხელი აქვს, სხვანაირი ტანსაცმელი აცვია, მამამ რომ ხელი შემახოს, მიხვდებაო; უამრავ მიზეზს ასახელებს და იმასაც კი ამბობს, მერე წყევლა რომ დავიტეხო თავს, რა ვქნაო. მაგრამ რას ეუბნება არამეველი რებეკა, ვისთვისაც უცხო არ არის გაქნილობა?! ნუ გეშინია, მე ავიღებ ჩემს თავზე ამ წყევლასო. სინამდვილეში კი, იცი, რა არის?! წყევლის ქვეშ დარჩებოდნენ, თუ იაკობი ზედმეტ პატიოსნებას აირჩევდა და წყევლა სწორედ ის იყო, რომ ესავს პირველობა არ ეკუთვნოდა, იმიტომ რომ არაფრით იმსახურებდა. ასეთებს გასაქანი არ უნდა ჰქონდეთ და, თუ ადამიანმა არ გადაფარა ის, რაც სხვებმა გააფუჭეს და ზედმეტად დარჩა გარეთ, მაყურებლის როლში, მაშინ ღმერთს ასეთი ადამიანი არ უნდა. ამდენად, იაკობის ეს გაქნილობა და ხერხი, სულაც, არ არის ვერაგობა. ეს არის სიბრძნე, გონიერება, რომელიც აუცილებლად უნდა შეუერთდეს პატიოსნების ელემენტს: როგორც ქრისტე ამბობს, იყავით მტრედივით უმანკო და გველივით ბრძენი. ეს ხრიკი აუცილებელია, იმიტომ რომ ისააკს არ ესმის, ვერ ხედავს თვალებით, არასწორად სვამს აქცენტს ესავზე, ესავი, მიუხედავად იმისა, რომ უფროსია და თითქოს ეკუთვნის კურთხევა. მაგრამ ვერ განახორციელებს ამას და არც უნდა. დიახ, არც უნდა, ვინაიდან, როდესაც ესავი დაღლილი მოდის და იაკობს ეუბნება, მაჭამე რამე, აი, ეს წითელი, შიმშილით ვკვდებიო; იაკობი ეუბნება, მაშინ მომყიდე შენი პირველობა, ანუ ეს კურთხევაო და ესავი პასუხობს, რად მინდა ეს მემკვიდრეობა, თუკი შიმშილით მოვკვდიო. თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ უნდა გავშალოთ და გავიაზროთ; წითელი არის მიწისფერი, ანუ მატერიალიზმი. როდესაც ადამიანი მატერიალისტია, ის ვერაფერს ხედავს, ვერც სულიერებას, ვერც მომავლის სიკეთეს, ვერც ღმერთს, არც სამოთხის ხსოვნა აქვს და გრძნობის ხუთ ორგანოში რჩება, მას მარტო მიწა უნდა, საჭმელი უნდა და უნდა, რომ თავისი სულიერება მატერიალური სიკეთეებით გაიქარვოს. წითელი შეჭამანდი მომეციო, – ესე იგი, ესავი მატერიაში რჩება. ასეთია ნიცშეანობა, თანამედროვე ლიბერალიზმი; ასეთია კაენი, რომელმაც ქალაქი ააშენა, როდესაც თავისი სული მოკლა – აბელი ხომ მისი სული იყო?! და როდესაც თავისი სულიერება მოკლა, აშენებულ ქალაქში განვითარდა მუსიკალური ინსტრუმენტები. რატომ? რათა გაიქარვოს სამოთხის ხსოვნა. იმიტომ რომ, უნდა თუ არა, ახსოვთ ადამიანებს სამოთხე და, რადგან მას მოსწყდნენ, მატერიაში შემოაქვთ მისი შემცვლელი. ამის შემდეგ ეს ქალაქი უნდა დაიცვან, ამიტომ ქმნიან საომარ იარაღებს, სიმყარეებს და სხვა მატერიალურ სიკეთეებს.
ასე რომ, წყევლა ის იქნებოდა, იაკობს რომ ესავისთვის დაეთმო კურთხევა და ეყურებინა, როგორ აკურთხებდა ისააკი ესავს. ვერ განვითარდებოდნენ და ვერც მესია დაიბადებოდა, იაკობს რომ არ ეიაკობა და ყველაფერზე არ წასულიყო. ნახე, როგორია ქრისტიანის გზა, როგორია ჯვარცმა? რატომ ვიტანჯებით ამ წუთისოფელში?! იმიტომ რომ, ვისაც დიდი სიყვარული და დიდი ცნობიერება აქვს, მან სხვების ტვირთი უნდა ზიდოს, მან უნდა გაასწოროს გზები, რომელიც სხვებმა დაამახიჯეს. დაამახინჯა ესავმა, დაამახინჯა ისააკმა: ვერ ეყო ისააკს თვალი, დაებინდა, ჭვრეტის უნარი არ ჰქონდა და სწორედ მაშინ ჩაერთო რებეკას მოხერხებულობა. სხვათა შორის, რუსულ თარგმანში გველის შესახებ ასე წერია: „ონ ბილ ხიტრეე ვსეხ ზვერეი“. ძველქართულად კი ასეა: გველი იყო უგონიერესი ყოველთა ცხოველთაო. ანუ ეს ეშმაკობა, ამ გაგებით, ცუდი არ არის. ჩვენ ვერ განვვითარდებით ამ მატერიაში მხოლოდ პატიოსნებით: არაფერს შევეხო, პატიოსანი ვარ, ვდგავარ ეკლესიაში, სანთლებს ვანთებ ხატებთან, ვეზიარე და იქ ვცხონდები. აი, ეს არის, ადამიანური გაგებით, პატიოსნება. მაგრამ რას გეუბნება ღმერთი?! რას ნიშნავს მისი ორბუნებოვნება?! ამ წუთისოფელში უნდა განახორციელო და ამისთვის სხვების შეცდომები შენ უნდა დააზღვიო. დილით, ძალიან ადრე რომ დგები, ვის ხედავ პირველს, ფანჯარაში რომ გაიხედავ?! მეეზოვეს. რას აკეთებს?! ასუფთავებს შენ მიერ დაყრილ ნაგავს და, რატომღაც, მეეზოვე ითვლება ისეთ პროფესიად, რასაც შეიძლება, ამრეზით შეხედო. არადა რას აკეთებს ის? მუდმივად ასწორებს, ასუფთავებს იმას, რაც შენ დაარღვიე. რას აკეთებთ, დიასახლისებო, სახლში?! რასაც ქმარი და შვილები გირევენ, იმას აღადგენთ მუდმივად. მათ რომ არ აგირიონ, მშვენივრად დასხდებოდით და რამით გაერთობოდით, ამდენი დრო არ დაგეკარგებოდათ. აი, ეს არის იაკობობა. ეს არ არის ჩალიჩი და სხვისი კუთვნილის მიტაცება. ამიტომ ერევა უკვე დედა და ეუბნება, ნუ გეშინია, შვილო, მე ავიღებ ამ წყევლას ჩემს თავზე. სინამდვილეში კი, წყევლა იქნებოდა ესავის კურთხევა. თუკი რებეკაც იქნებოდა „პატიოსანი“ და არც იაკობი მიმართავდა ხრიკებს, მაშინ დამთავრდებოდა ყველაფერი, ისტორია არ გაგრძელდებოდა. გახსოვთ, რას ამბობს ქრისტე?! ამ წუთისოფლის ძეები თქვენზე გონიერები არიან. რომელი მნე შეაქო ღმერთმა?! გაგახსენებ: იბარებს მნეს პატრონი ანგარიშის ჩასაბარებლად და ათავისუფლებს. არ იცის მნემ, სად წავიდეს, უმუშევრად დარჩა. მაგრამ დავალიანებები ხომ ეწერა, ვის რამდენი ემართა ბატონის და ყველას, ხომ, რაღაც ჩამოუქვითა?! რატომ გააკეთა ეს? ამათ რომ პატივი სცა, პატრონს ნაკლები დავალიანება აჩვენა, მეგობრები შეიძინა. და უფალი ამას იწონებს: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონით. რადგან ამ წუთისოფელში ასეთი ხრიკებია, მიზანს რომ მივაღწიოთ და ქრისტეს ნათელი შემოვიტანოთ, გვჭირდება, რომ აი, ეს მეთოდი ვისწავლოთ, ოღონდ სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან