რელიგია

რატომ არ უყვარს ღმერთს დამჯერენი და ზედმეტად მართლები

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

აბრაამი იესოს წინასახე და სამი რელიგიის ფუძემდებელია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ აბრაამობა, რომ დავგვირგვინდეთ, როგორც სრული კაცი. რატომ ვერ მოახერხა ეს ადამიანმა რამდენიმე ათასი წელია და როგორ მოარგოს მან თავისი თავისუფალი ნება ღმერთის ნებას, რომელმაც ადამიანს თავისუფალი ნებაც მისცა და, იმავდროულად, იცის ბოლო, რომ მისივე ნება აღსრულდება. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ თავი დაიხსნას თავისი სხეულისგან, რომელიც ძალიან მყიფეა, სუსტი და უმეტესწილად სრულად იმორჩილებს ადამიანს?

– პეტრე მოციქული ამბობს, უნდა დავტოვოთ ჩვენი მიწიერი კარავიო. იმავეს ამბობს პავლე მოციქულიც: როდესაც დაირღვევა ჩემი მიწიერი კარავი, ზეცაში გვაქვს ხელთუქმნელი სასახლეო. ეს გამონათქვამები შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობითაც გავიგოთ, მაგრამ მთავარია არსობრივი მნიშვნელობა. მოციქული პავლე თავის სხეულს, რომელშიც ცხოვრობს, იმ ეპოქით, გენეტიკით დაღდასმულს ადარებს კარავს. ყველაფერი: ჩემი კონცეფციები, ქონება, სამყარო, არის პატარა კარავი იმ სასახლესთან შედარებით, სადაც მოვხვდები, როდესაც ამ სხეულიდან გავალ. რა ჩანს აქედან? რომ მე ეს სხეული არ ვყოფილვარ. უბრალოდ, მე იმდენად დაკნინდა და დეგრადირდა, რომ მოექცა ასეთ პატარა კაფსულაში, რომელიც მას ყველაფერი ჰგონია. და ასე ეგონა ადამიანს აბრაამამდე, რადგან სწორედ აქ იღვიძებს აბრაამი. იბადება კითხვა: რატომ უშვებს განგება ჩვენს დაკნინებას?! იმიტომ რომ ის სული, ხომ, თავისთავად ძალიან დიდია და როდესაც აღწევს იმ წერტილს, როდესაც მეტად შეკუმშვა შეუძლებელია, ფეთქდება და ანგრევს, ნაფოტებად აქცევს მთელ სისტემას, რომელმაც ის დააკნინა და წამში იხსენებ სამოთხეს. სხვათა შორის, ზუსტად ასე დამემართა პირადად მე, როდესაც ერთ მომენტში გავიღვიძე. მაგრამ სხვა დროს ვისაუბროთ ამის შესახებ, ისევ ჩვენს თემას მივუბრუნდეთ.

ერთია, რომ დაინახო, ვისაუბრეთ ჩვენ „ხოხმაზე“ და მეორეა, იარო ამ გზით. აბრაამმა გამოიღვიძა და ამის შემდეგ იწყება მისი მოძრაობები. აბრაამს უთხრა, გამოდიო, მაგრამ ღმერთი არ მოქმედებს ადამიანზე ბრძანებით, ანუ ისე, რომ ადამიანს სხვა გზა არ ჰქონდეს, გარდა დამორჩილებისა. ელაპარაკება, მაგრამ ადამიანს შეუძლია, გადაუხვიოს ამ გზას. მაგალითად, როდესაც ღმერთი შემდეგ გამოცხადებებში აბრაამს ეუბნება, გამრავლდები, მთელი სამყარო შენი იქნებაო, ეს ჯერ არის შესაძლებლობა, მოდელი. აბრაამი ემორჩილება ღმერთს, მაგრამ მანევრებს აკეთებს. ღმერთი ეუბნება მას, ისააკი შეგეძინებაო, მაგრამ აბრაამი წუხს, რადგან არა და არ ებადება ისააკი, ფიქრობს, იქნებ მსახურისგან მეყოლებაო, რადგან სარასაც ასაკი აქვს. მეორე მხრივ, არც სარას ჰყოფნის მინდობა და აგარს, მსახურს მიუყვანს აბრაამს: ხომ გითხრა, შთამომავლობა გეყოლება და იქნებ მსახურისგანო. მაგრამ ისევ ეცხადება ღმერთი აბრაამს და ეუბნება, სარა გაგიჩენს მემკვიდრეს. გესმის, რა ხდება?! ღმერთს ის კი არ უნდა, რომ მის ბრძანებებს ემორჩილებოდე მექანიკურად, არამედ უნდა, რომ იზრდებოდე. და იმისთვის, რომ გაიზარდოს, ადამიანს უტოვებს სამოქმედო სივრცეს, რომ თავისი ჭკუით იმოქმედოს ადამიანმა. ხომ შეიძლებოდა, ღმერთს ეთქვა აბრაამისთვის, აგარისგან არ გააჩინო შვილი, თორემ გამწარდებიო და მართლაც, სისხლი გაუშრეს ებრაელებს აგარის შთამომავლებმა – გაიხსენე, ვისთან აქვს პრობლემა დღეს ისრაელს?! და ეს სწორედ იმ შეცდომის გამოა, მაგრამ ასეთი გამონათქვამია, ღმერთისკენ სავალ გზაზე თუ ძალიან სწორად მიდიხარ, შორს ვერ წახვალ. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთს არ სჭირდება დამჯერეები. ღმერთის მიზანი არ არის წესრიგის მიღწევა, თორემ ამაზე ადვილი რა არის?! მაგალითად, ნაცისტურმა გერმანიამ მიაღწია წესრიგს, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირმა და რა მივიღეთ?! რატომ მოხდა ეს გერმანიაში?! ზუსტად იმიტომ, რომ ქრისტე ჩაანაცვლეს ხელოვნური წესრიგით და დაიბადა სიმძლავრე, რომელიც იყო დაუნდობელი. ახლა გადმოვიტანოთ ეს ჩვენს თავზე: თითოეულს გვყავს შიგნით ჰიტლერი, რომელიც ზედმეტ წესრიგს ითხოვს და არავის არაფერს პატიობს. დაუნდობელია, წესების იქით არ მიდის და, თუ ადამიანი გადასცდება, ქვას ქვაზე არ დატოვებს. ჩვენ უნდა დავისწავლოთ, რომ ადამიანის ქმნადობის პროცესი გადის შეცდომებზე, არასრულყოფილიდან – სრულყოფილისკენ. მუდმივად გვესმის ჩივილი, ღმერთი თუ ყოვლადძლიერი და ყოვლადმოწყალეა, რატომ უშვებს, რომ ადამიანები იყვნენ ასეთი ბოროტები? იყოს ამდენი ტანჯვა და უბედურება?! ამ ლოგიკით, რა გამოდის – შეექმნა ისეთი ადამიანი, რომელიც შეცდომას არ დაუშვებდა?! არც ტანჯვა იქნებოდა და არც სწავლა? მაშინ რას მივიღებდით?! თუ გინდა, რომ ადამიანის თავისუფალი ნება გამოვლინდეს, მას უნდა მისცე არჩევანი. ვაშლი და ქვა რომ დამიდონ წინ, მე არ მაქვს არჩევანი, მაშინვე ვაშლს ავიღებ, მაგრამ, თუ ვაშლსა და მსხალს დამიდებენ, დავფიქრდები. ისევე, როგორც ბავშვს რომ ეკითხებიან, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო. მე რომ მკითხოთ, დაუნდობელი კითხვაა. ანუ არჩევანი არის ის, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა, დავუშვა შეცდომა და ამის გამო არ დავისჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ მომეცი არჩევანი, თუ უნდა დამსაჯო?! ღმერთმა ხომ ეს ყველაფერი წინასწარ გათვალა?! რატომ? იმიტომ რომ ეს შეცდომები გზრდის. შეცდომას რომ დაინახავ, მეორეჯერ იმ შეცდომას ღმერთის შიშის გამო კი აღარ დაუშვებ, არამედ შენი არჩევნის გამო, იმიტომ რომ უკვე სრულყოფილი ხარ. თორემ, ახლოს რომ მოვიდეს ღმერთი ჩემთან, ვერც გავბედავ მისგან გადახვევას, მე უკვე არ ვიქნები თავისუფალი, ვიქნები დამორჩილებული. ყველაზე დიდი ბოროტებაა, როდესაც ადამიანს გასაქანს არ აძლევ და იმონებ. ქრისტე ამბობს, ვინც ადამიანს უთხრას, სულელო ან რამ მსგავსი, გეენას დაექვემდებაროს. რატომ? იმიტომ რომ შენ ამით ღმერთს აძაგებ. ადამიანებს იმონებ, ჩაგრავ. ყველაზე დიდი ცოდვაა, როდესაც ადამიანს სხვების წინაშე აყენებ შეურაცხყოფას, შენ ამ დროს ღმერთს აყენებ შეურაცხყოფას. ძალიან დიდი ცოდვაა კეთრი, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდება სიტყვით ცოდვას, ვინაიდან სიტყვა ღმერთია. მაგრამ ჩვენ ხომ ამას არ ვუკვირდებით?! ამდენად, ზედმეტად რომ ვართ მიშვებული, ანუ მეორე უკიდურესობაში ვცვივდებით და იმ ცხოვრებას ვიღებთ, რაც გვაქვს, ვუჩივით ცხოვრებას. ასე რომ, ადამიანი არის ის, ვინც ამ ორმაგობაშია. ერთი მხრივ, მას იზიდავს შინაგანი რჯული, ღმერთი, მეორე მხრივ კი, ღმერთი ადამიანს უტოვებს თავისუფალ არჩევანს. აბა, გაიხსენე საბავშვო ატრაქციონები, პატარა ბავშვებს რა სერიოზული სახეებით დაჰყავთ მანქანები და გემები, მაგრამ სინამდვილეში რას მიჰყავს ის მანქანა ან გემი?! ჩვენც ასე გვინდა, რომ ყველაფერი დაგეგმილი იყოს?! შესაბამისად, აბრაამის მდგომარეობაა ის, რომ ღმერთს გამოჰყავს ის, მაგრამ აბრაამს აქვს ღმერთთან დიალოგის საშუალება: ის ეკითხება, ედავება მას. სოდომის დასანგრევად რომ მოდის ადამიანის სახით სამი ანგელოზი, აბრაამი მათ ედავება და ეუბნება, როგორ ანგრევ სოდომს, 50 კაცი რომ იყოს იქ მართალი, მათაც დაღუპავო; არაო, პასუხობენ, არაო; შემდეგ დააკლებს რაოდენობას. რას ნიშნავს ეს? რომ აბრაამი ღმერთს უბედავს კამათს. და აი, ეს არის დიალოგი. ღმერთი ადამიანთან ურთიერთობისას ისევე იმდაბლებს თავს, როგორც ჩვენ, როდესაც პატარა ბავშვს ველაპარაკებით. შენს დონეზე რომ დაელაპარაკო, ბავშვი ვერაფერს გაიგებს. დაახლოებით, ასეა ღმერთთან დიალოგი და განგებამ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რაც დაემართებოდა ადამიანს, გათვალა, რომ ის ტკივილები, რასაც ადამიანი მოიწევდა ღმერთისგან გარეთ გასვლით, ანუ ცოდვით, საბოლოოდ, სრულყოფდა ადამიანს და სწორედ ამ ტკივილებითა და ტანჯვით მოიყვანდა მას ისევ თავისთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა