რელიგია

რატომ არ სჯერა ადამიანს, რომ ცათა სასუფეველიც აქაა და მაცხოვარიც

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.07

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მორწმუნეა, მას მაინც უჭირს, მიენდოს ღმერთს, მას, ვინც ის შექმნა და დაიჯეროს, რომ, რაც ხდება, მხოლოდ მის სასიკეთოდაა და სამყარო, თავისი სირთულეებით, მიეცა იმისთვის, რომ საბოლოოდ, ისევ იქ მივიდეს, საიდანაც, თავისივე მოსურვებით, ადამი გამოვარდა, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– საიდან მოდის, საიდან იბადება ჩემი რწმენა და რატომ მიჭირს, ბოლომდე დავიჯერო ის, რისიც, მგონია, რომ მწამს?

– ჩვენ განწირულები ვართ დაშვებისთვის: რწმენა დაშვებაა, მე ან უნდა ვირწმუნო, ან არ უნდა ვირწმუნო, რადგან მეცნიერულად ვერავინ დაამტკიცებს, აქვს თუ არა საწყისი ადამიანის ბუნებას. როდესაც გვწამს, რომ ადამიანი ღვთის ხატია, ესე იგი, ის უკვე დაღდასმულია ღმერთის ნაკლებობით. როდესაც მდინარე მთიდან ეშვება, მისი ნაკლებობა რა არის? ზღვა. ის ვერაფრით გაჩერდება, სანამ ზღვაში არ ჩაიქცევა. მეც ვამჩნევ ჩემს თავს, რომ ასე ვარ შექმნილი, რომ გადამელახა ეს ნაკლებობა; რომ სისავსე ჩემი თავდაპირველი მდგომარეობა კი არ ყოფილიყო, არამედ ჩემი ამ ნაკლებობის აღვსების შემდეგ მიღწეული, ჩემი დამსახურება, ჩემი ღვაწლი, რომ მუქთა – სირცხვილის პური არ მეჭამა; რომ მამამ გვითხრას, ყოჩაღ, რა კარგი ბიჭი ხარ, რა კარგი გოგო ხარ, რომ ჩემთან მოხვედი, მე შენ გელოდი, მე შენ მომყავდი, შენში ეს იდო და დაგიტოვე ეს სივრცე, რადგან ვიცოდი, რომ აქამდე მოხვიდოდი, ვინაიდან შენში ჩადებულია ჩემი მოსურვების ნაკლებობა. ამიტომაა ადამიანი ღმერთის მიერ თავისი თავის გარედან დანახვა. ეს უკვე რეალობაა. ეს შეგვიძლია, შევამოწმოთ კიდეც: ყველა ადამიანი გადალახავს თავის თავს. მაგალითად, ერთი მილიონი რომ აქვს, მეორე მილიონი უნდა; ერთ რაღაცას რომ გააკეთებს, მეორე უნდა; ერთ სახლს რომ შეიძენს, მეორე უნდა და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ადამიანი მცირედან იწყებს და არ ჩერდება, ესეც ღვთის ბუნებიდან გამომდინარეა. ღმერთმა თავდაპირველად ღვთის ხატად რომ შემქმნა, ჩემს ამ ნაკლებობას ვავსებ ზიზილ-პიპილებით, მატერიალურით, სახლით, მანქანებით, მოგზაურობებით, ჭამა-სმით, ნარკოტიკებით, ქალებით, კაცებით, ყველაფრით, რაც ამ სამყაროშია, ოღონდ ერთ მომენტში უნდა გავჩერდე, იმიტომ რომ ჩემში იღვიძებს უსასრულოდ დიდი. მე ღვთის ხატი ვარ და ამ დროს ჩემში დიდი სიცარიელე გამოვზარდე. მეგონა, ჩემს თავს ვავსებდი და, თურმე, გავაფართოვე ჩემი თავი და წყურვილის უფსკრულად ვიქეცი, ამიტომ მეშინია. განგებამ განზრახ მიგვიშვა, ისევე, როგორც ძე შეცდომილი გაუშვა მამამ, რომ შეეცნო სამყარო და ამის შემდეგ იღვიძებს უკვე კითხვა: რაც გარს მარტყია, ამის უკან ვინ დგას?! მატერიალური სიკეთეები თითქოს საჩუქრებია და მე კითხვა მიჩნდება: ამ საჩუქრების მომცემი ვინ არის?! ანუ მე უკვე მამა მინდა, უხილავი მამა, რომელსაც მე საგნებში ვხედავ რწმენით. მე დავიბადე და ვიღაცამ მომცა მარაგი და მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება, ეს შემთხვევით მომხდარიყო და ამის უკან არ იდგეს ის, ვინც ეს ყველაფერი მომარგო მე?! ხოლო, რადგან მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, სათამაშოები აღარ მყოფნის და აღარც მინდა. მამა მინდა, ის, ვინც ამ სათამაშოებს მაძლევს. არ ვკმაყოფილდები მისი მატერიით გაშუალებით, უშუალოდ ის მინდა. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ერთ მომენტში ნებისმიერი ადამიანი სვამს კითხვას: ჰყავს თუ არა ამ სამყაროს შემოქმედი?! და მე უკვე მეორე ეტაპზე გადავდივარ. როგორ, ადამიანს არ უჩნდება პროტესტი ამ წარმავალი წუთისოფლის მიმართ?! როგორ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მიწად ვიქცე და ისევ აქ ჩავლპე?! როდესაც ვეძებ სამყაროს შემოქმედს, ესე იგი, ჩემში ვიღაცამ გაიღვიძა და ეს ის წერტილია, როდესაც იწყება პილიგრიმობა და მატერიიდან უკვე შენს მოსეს გამოჰყავხარ – დიახ, შენმა მოსემ გაიღვიძა. სხვა საკითხია, ვისთან როდის იღვიძებს: რატომ ერთში ადრე და მეორეში – გვიან. ეს უკვე მრავალგვარობაა და აქაც არაფერია სადავო. მე ვამბობ იმ მოცემულობას, როგორიც არის. თან, ეს პროცესია, დროში განფენილი და დროც სწორედ ამიტომაა მოცემული. იესო ამბობს: თავდაპირველად, არის მარცვალი, შემდეგ – ღერო, შემდეგ – თავთავი და ბოლოს – მარცვლები თავთავში. ანუ სიტყვა, რომელიც ითესება, ჯერ ჩვეულებრივია, შემდეგ ამ სიტყვიდან საქმეზე გადადის. ღერო სულ სხვა რამაა, იქ მარცვალს ვერც დაინახავ და მარცვალი საბოლოოდ დასრულდება თავთავით. ესე იგი, სიტყვას, თუ კეთებაში არ გადადის, აზრი არა აქვს. ამდენად, ვიგებ, მოვდივარ გაგებაში არის პროცესი.

ადრეც გვითქვამს და გავიმეორებ: ჩვენ ცხოვრებაზე ლოდი გვაქვს მიგორებული და ამის გამოხატულებაა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა. როდესაც მართა იესოს ეუბნება, ოთხი დღის მკვდარია და უკვე ყარსო, იესო მართას საყვედურობს. პეტრემაც ხომ უთხრა მაცხოვარს, როდესაც იესომ იწინასწარმეტყველა, ჯვარზე გამაკრავენ და აღვდგებიო, უფალო, შეიბრალე შენი თავიო. რა უპასუხა იესომ?! გამშორდი, სატანავ. სატანა ამ შემთხვევაში ნიშნავს მოწინააღმდეგეს. იმიტომ რომ სასწაული იწყება იქ, სადაც მე შემიძლია, უარი ვთქვა ჩემი ადამიანური ტვინის მიერ შექმნილ კონსტრუქციაზე, გავბედო და დავიჯერო ის, რაც შეუძლებელ სამყაროში გადავიტანე: ჩემი ოცნება, ჩემი ნატვრა. ამიტომაც ეუბნება იესო მართას: მე შენ ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, იხილავ ღმერთის სასწაულს. დიახ, რწმენა ქმნის რეალობას. ჩვენ დავკარგეთ რწმენა, რომ აქ, ახლა შეიძლება, რამე მოხდეს და დავიჯერეთ, რომ ეს არის გასაძლები წუთისოფელი, აქ ბოროტი მეფობს, აქ ანტიქრისტეა და გამოგვივიდა ის, რაც შევქმენით. რომ არ დავჭამოთ ერთმანეთი, გვაქვს რელიგიები, სახელმწიფოები, კანონები; თავს ვიმშვიდებთ, აქ თუ გავიტანჯებით, მერე რა?! სამაგიეროდ, იქ სამოთხეში ვიქნებით. ყველაფერი დავახარისხეთ. და იესო ვინ არის?! ჩემი მეამბოხე მე – ის იღვიძებს და გეუბნება: ცათა სასუფეველი აქ არის. არადა მკვდრეთით აღდგენის შემდეგაც ეკითხებიან მაცხოვარს, ისრაელს ახლა აღუდგენ სამეფოსო?! ანუ მიწიერიდან აფასებენ. მაშინ, როდესაც იესოს სამეფო გარედან არ მოდის. შეიძლება, მილიარდები გქონდეს, სასახლეები გედგას, მაგრამ უბედური იყო. იესოს სასუფეველი გულში შემოდის, ანუ ისეთი მადლი მოდის, რომ აქ არის ყველაფერი, იმიტომ რომ უერთდები სიცოცხლის წყაროს. გაჯერებული ხარ, სავსე ხარ, ეს ისეთი სასუფეველია, რომელიც გარედან არ ჩანს, მის შესახებ მარტო შენ იცი. ამიტომ ეუბნება იესო მართას, თუ ირწმუნებ, იხილავ სასწაულს. ანუ შენ ირწმუნე, რომ ლაზარე ოთხი დღის მკვდარია და ყარს და რაც ირწმუნე, ის არის, მაგრამ, თუ შენ ამ მიდგომას შეცვლი, მაშინ ღმერთის დიდებას, სასწაულს იხილავ. ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მათ გააკეთეს და ლაზარე გამოდის. ვინ არის ლაზარე? ჩვენი ყველაზე დიდი ნატვრისა და ოცნების საგანი, რომელიც მომავალში გადაგვაქვს, იესო მოდის და ცვლის ჩემი ხედვის კუთხეს: იესო ისევ აქ არის, ჩვენ შორის, ჩვენ გვერდით, უბრალოდ, ჩვენ უნდა დავინახოთ მაცხოვარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული