რელიგია

რატომ არ შეუძლია ადამიანს ღმერთზე არაფრის თქმა, მით უმეტეს, მისი დადებითად დახასიათება

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ვიცით, რომ ღმერთი ყოვლადმოწყალე, ყოვლისშემძლე და სამართლიანია, მაგრამ არ ვიცით, რას ნიშნავს ყოვლადმოწყალეობა, ყოვლისშემძლეობა და სამართლიანობა, ღმერთის გაგებით. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ისეთი უნდა იყოს, როგორც ჩვენ, ადამიანებს, წარმოგვიდგენია. შესაბამისად, ხშირად ეჭვიც გვეპარება ღმერთის უპირობო სიყვარულსა და სამართალში, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ჩვენ არ ვიცით, როგორია ღმერთი, მასზე გვაქვს წარმოდგენები და ამ წარმოდგენით ვქმნით რელიგიურ სისტემებს, ზნეობრივ კანონებს, მაშინ, როდესაც ღმერთი არც მიზიდულობის კანონია, არც უზენაესი გონია, არც უმაღლესი ავტორიტეტი, არც სინდისი და არც სულიერი იმპერატივი. ის არის ის და შენ ხარ შენ. ანუ თუ შენ შენ ხარ, როგორ შეიძლება, შენ ღმერთზე თქვა, რომ ის არის უზენაესი გონი?! მაგრამ ეს ადამიანისთვის ხელსაყრელია. რატომ? იმიტომ რომ ადამიანს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. დაახლოებით, ასე: ის კი არის სადღაც, არსებობს უმაღლესი, უზენაესი კანონი, რომელსაც ღმერთი ჰქვია, მაგრამ მე მის წინაშე ვალდებულება არ მაქვს. ადამიანს უჭირს, რომ პიროვნული თვისება, რომელიც არის მე ვარ არსი, მიანიჭოს ღმერთს. ჰგონია, რომ ამ შემთხვევაში თვითონ იკარგება. არადა პიროვნების წინაშე სწორედ პიროვნება უნდა დადგეს. ღმერთს არ უნდა, რომ კოლექტიურად ბატონობდეს ერზე ან, ზოგადად, ადამიანზე, რელიგიური დოგმების, ნორმების, ტრადიციული წესების მეშვეობით. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ შესაქმის ორი ისტორიაა?! ერთია მიწიერი ადამი, რომელიც ძლიერია ამ მიწიერ ურთიერთობებში და, შესაბამისად, ღმერთს, რომელიც მიწაზე და ყოველდღიურ ურთიერთობაში ვლინდება, ჰქვია ელოხიმ. „იმ“ მრავლობითის ნიშანია, ესე იგი, ღმერთები. ანუ წერია, რომ ღმერთებმა შექმნეს ცა და მიწა, როგორც რუსთაველიც წერს: ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა. ამდენად, ეს არის ბუნების ძალები, კანონები, რომლებიც აქ მოქმედებს, სამართალი და სასჯელი, რომლებიც ჩვენს არასწორ მოქმედებებს ეჯახება: ცეცხლს მოკიდებ ხელს, დაგწვავს ან საიდანღაც ახტები და მიზიდულობის კანონის გამო დაბლა დაეცემი, ან შინაგანი კანონები – სინდისის ხმა თუ დაარღვიე, ცუდ შედეგს იღებ. ამდენად, ბუნებაში რომ ვლინდება ღმერთი, ბუნების კანონებით, სამართლით, მორალური ნორმებით, რაც პირველი მდგომარეობაა, იგივე ღმერთია – აშემი, რომელიც არის ცაში. ის არ არის შეცნობილი, მაგრამ მოქმედებს მიწიერი და ბუნების კანონებით. ამიტომ ებრაელები და ქრისტიანები, ჩვენი წმიდა მამებიც უფრო აპოფატიკას ემხრობიან.

აპოფატიკა ის არის, რომ ჩვენ ღმერთზე არ შეგვიძლია რამის თქმა, მით უმეტეს, დადებითის. ღმერთი უფრო ის არის, რაც არ გამოითქმება, ვიდრე ის, რასაც გამოვთქმთ. ამიტომ ამბობს რუსთაველი ღმერთზე: უცნაურო და უთქმელო, უთქმელო, ანუ ისეთო, რასაც ვერ გამოთქვამ. ხოლო იოანე მახარობელი წერს, რომ ღმერთი არავის უხილავს, მასზე არაფერი ვიცით, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც მამის წიაღში იყო, მარტო მან გამოთქვა ის. ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ არავინ იცის მამა, გარდა ძისა და მას გარდა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული იაკობის ორმაგობა და ჭიდილი. რატომ უნდა ღმერთს ეს? იმიტომ რომ ღმერთის მიზანი არ არის, ადამიანი ჰყავდეს მორჩილებაში, შეაშინოს, იყოს წესრიგი, გარედან მართოს, ვინაიდან მაშინ იკარგება პიროვნული ასპექტი. ზუსტად ამიტომ ებრაელების წიაღში, მეამბოხეებში, ჭარბად არის ეგოიზმი, ამპარტავნება, ამბიცია, მაგრამ ეს ის სიჭარბეა, რომელიც, თუ სწორად წარიმართება, ღმერთთან მიმართებაში უკვე პიროვნება ხდება, იმიტომ რომ ღმერთს გაუძლებს. რას ნიშნავს ღმერთის გაძლება?! მისთვის თვალის გასწორებას, რაც არ არის ადვილი. ადვილია, რომ ღმერთის შეგეშინდეს; ადვილია, აღიარო მისი დიდება; მაგრამ, აბა, ვკითხოთ ღმერთს, უნდა ასეთი ადამიანი?! მას გალაქტიკები ემორჩილება, ანგელოზები აქებენ და ადიდებენ; ცხოველები მის საზღვარს არ გადადიან; ზღვას უბრძანა, აქამდე მოხვალ და მეტს არ გადახვალო და ზღვა ემორჩილება. მაშინ ვინ არის ადამიანი?! ადამიანი არის ის, ვინც ღმერთს უნდოდა, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც თვითონ არის, ანუ სიყვარულის შემძლე. პიროვნება, რომელსაც შეუძლია, ღმერთის კი არ ეშინოდეს, თაყვანს კი არ სცემდეს მას, როგორც უზენაეს ძალას, კი არ ითრგუნებოდეს ღმერთით, არამედ ელაპარაკებოდეს, ედავებოდეს კიდეც – იყოს მისი, ღმერთის ტოლი. გავიხსენოთ, რას ამბობს ქრისტე: თქვენ ჩემი ძმები ხართ, ჩემი მეგობრები ხართ; ქრისტეზე წერია, პირმშო ძმათა შორის. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთი კი არის უსასრულო, უსაფრთხო და დიდი, მაგრამ ის ადამიანამდე ადამიანის სახით მოდის, რომ ჩვენთან დიალოგი გამართოს და ეს იყო სამოთხე.

აი, ასეთ ღმერთს ეჭიდება იაკობი და ვიმეორებ, ღმერთს უნდა ეს ჭიდილი, იმიტომ რომ ამ ჭიდილით იაკობი ცდილობს თვითდამკვიდრებას – მეც ვარ და არც ღმერთს უნდა, რომ მისი პიროვნება დაანგრიოს. იაკობის პიროვნება დაინგრევა, თუკი ჭარბი იქნება გამოცხადება; დაინგრევა, თუკი ღმერთი თავის ძალას ბოლომდე გამოავლენს. სხვათა შორის, ბარძაყი იმიტომ კი არ დაუზიანა იაკობს, რომ შეეშინებინა, არამედ ზედმეტი სითავხედე გაუნელა და მიანიშნა, ვისთან ჰქონდა საქმე. ამის შემდეგ ეუბნება, აქამდე იაკობი გერქვა, ახლა გერქმევა ისრაელი. უკვე ვისაუბრეთ, თუ რა მნიშვნელობები აქვს სახელ იაკობს – ვინც მუდმივად მისდევს; ვინც მუდამ მიხვეულ-მოხვეული გზებით ცდილობს მიზნის მიღწევას და ვისაც ქუსლში აქვს ხელი ჩავლებული, ანუ ის მეორეა, რომელსაც იურიდიულად ეკუთვნის პირველობა, მაგრამ თვითონ უნდა მოიპოვოს ბრძოლით. ეს არის ჩვენი რწმენის პირველი ეტაპი. ეს არის ჩვენი ხორციელი, ადამიანური ბუნება. ავიღოთ, თუნდაც, პეტრე: ნახე, რას აკეთებს პეტრე?! სულ მისდევს უფალს, არ შორდება, სულ ეუბნება, უფალო, ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებ; ფეხს რომ ბანს იესო მოწაფეებს, პეტრე ეუბნება, უკუნისამდე არ დამბან ფეხსო. ადამიანურად პეტრე ვითომ მართალია, მაგრამ იმის იქით ვერ მიდის. მოკლედ, მცდელობაა, რომ, ადამიანური ბუნებით, ღმერთს ვცე თაყვანი. ადამიანს ეს არ შეუძლია, მაგრამ ღმერთს უნდა ეს მცდელობა. ამიტომ, როდესაც პეტრე ქრისტეს უარყოფს, პეტრეს ეგო ტყდება; ის ეგო, რომელსაც უნდოდა, რომ ქრისტესთვის გაეგო, მაგრამ ქრისტე ხომ აფრთხილებს, ვერ გამიგებ, პეტრე, შენ და არც არის საჭირო, გაეგო, თუმცა პეტრეს ადამიანური ბუნება მაინც არ გაჩერდა. ორი ვარიანტი იყო: თუ დაუჯერებდა ქრისტეს, მაშინ პეტრე არ დაეცემოდა, მაგრამ, რადგან არ დაუჯერა, მაშინ ქრისტემ დაუშვა, რომ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, როდესაც დაემხობოდა პეტრეს მე. ოღონდ, რაც მთავარია, პეტრე არ ვარდება სასოწარკვეთილებაში, პირიქით, ხვდება, რომ ეს აუცილებელი იყო და სწორედ ამიტომ შეუძლია, რომ ქრისტეს სიყვარულს სიყვარულით უპასუხოს. სამჯერ ეკითხება იესო, გიყვარვარ, პეტრე?! რატომ ეკითხება?! წარმოიდგინე, ვიღაცას ნებსით თუ უნებლიეთ, ცუდი გაუკეთე, მერე იმ კაცს თვალს ვერ უსწორებ, რაც უნდა გითხრას, მიპატიებიაო, ვინაიდან შენ არ პატიობ შენს თავს. წარმოგიდგენია – პეტრემ სამჯერ დაიფიცა, ამ კაცს არ ვიცნობო. როგორ შეძლებოდა, პეტრე, რომელიც განულდა, ამოსულიყო ამ დაცემიდან?! ვერ ამოვიდოდა, რომ არ მიმხვდარიყო ამ საიდუმლოს, იუდასგან განსხვავებით, რომელმაც თავის თავს არ აპატია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა