რელიგია

რატომ არ ნიშნავს წმიდანთა თაყვანისცემა მათი ხატების თაყვანისცემასა და მათი დაუჯდომელების კითხვას

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 05.01, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

წმიდანების თაყვანისცემა და მათი ხსენების დღეების აღნიშვნა ჩვეული მოვლენაა, მათთვის შეწევნის თხოვნაც, თუმცა არის თუ არა წმიდანებისადმი გარეგნული, თუნდაც, შინაგანი მოწიწება მათდამი პატივისცემის გამომჟღავნება და, რაც მთავარია, სჭირდებათ კი წმიდანებს ჩვენი თაყვანისცემა, - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

- ჩვენ გვიყვარს ერთმანეთისთვის წმიდანთა ხსენების დღის მილოცვა, სინამდვილეში, რა როლს ასრულებენ წმიდანები ადამიანის ცხოვრებაში და რას ნიშნავს მათი ნამდვილი თაყვანისცემა?

- ვინ არიან წმიდანები? „ძველი აღთქმიდან“ მოყოლებული ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ჭარბად აქვთ სამოთხის ხსოვნა. წმიდა ადამიანი არის ის, ვინც განიწმინდა, ვინც აღარ არის გადაფარული იმ მკვრივი ნაჭუჭით, რასაც წუთისოფელი ჰქვია. ისინი ერთგვარად გამხსენებლები არიან, რომ მათი მეშვეობით ადამიანებმა ამ სიბნელეში გზა გაიკვალონ. პირველად ქრისტეში გადაიხადა სრულად ფარდა და მოვიდა სამოთხის თავდაპირველი ბრწყინვალება. ამის შემდეგ კი ქრისტეს ამ ნათლის მატარებელი ადამიანები განაგრძობენ გზას. ეკლესია ხომ ქრისტეს სხეულია, სადაც მყოფობს ღმერთის თანდასწრება და ეკლესიაში შესვლით, ეკლესიური ცხოვრებით ადამიანები ეზიარებიან ღმერთის ნათელს. ეკლესია ხომ საკრებულოს ნიშნავს, რომელიც ღმერთის, ქრისტეს ხსოვნას ატარებს?! ამით ადამიანები იზრდებიან, ძალას იძენენ, რათა ეს სიბნელე და გაუცხოება, რაც ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩნდა, გადალახონ და სრულ გაცხადებამდე, ანუ სამოთხემდე მივიდნენ, როდესაც ადამიანსა და ღმერთს შორის წინაღობა მოისპობა. ეს წინაღობა შექმნილია ნაწილობრივი ხედვით, უგუნურობით და არაა თავისთავად არსებული. ამიტომ ის დროში და ძალისხმევით უნდა გადაილახოს, რომ ადამიანი თავად გახდეს ნათელი. კითხვა არის წინააღმდეგობა პასუხამდე, ჩვენ კი უცებ გვინდა პასუხის მიღება, მაგრამ ასე ადამიანი ვერ განვითარდებოდა. სწორედ კითხვაზე პასუხით ხდება ადამიანი ჭეშმარიტება, ნათელი და მთლიანდება. წმიდანთა თაყვანისცემა ის კი არ არის, რომ მათ ხატებს ვცეთ თაყვანი. წმიდანი არის ნიშანსვეტი, ნათლისვეტი, ღრიჭო, ნასვრეტი აი, ამ დაბურულ სამყაროში, რასთან ზიარებითაც ჩვენში სამოთხის სურნელი, გემო, ფერი შემოდის. აი, ეს გვაძლევს ძალას, რომ ჩვენც განვიწმინდოთ. რამდენიც უნდა აღვფრთოვანდეთ მათი სიდიადით, ეს ვერ განგვწმენდს. ქრისტე არ ცდილობს, ისე დაგვთრგუნოს, რომ მისი ბრმა თაყვანისმცემლები ვიყოთ, შიშით ვიკანკალოთ მისი ხატების წინაშე, მეტანიები ვაკეთოთ, დაუჯდომელები წავიკითხოთ და არ განვვითარდეთ და არ ვეცადოთ, რომ გავიზარდოთ; თავისი სინათლით კი არ გვთრგუნავს, არამედ გვიწვევს, ამიტომაა დაწერილი, ილია თქვენნაირი კაცი იყო, თქვა და სამ წელს არ მოვიდა წვიმაო. რას ნიშნავს „თქვენნაირი კაცი იყო“?! დაანებეთ თავი ილიას გაკერპებას, ბრმა თაყვანისცემას. ანუ ამით ქრისტე ადამიანს იწვევს, ეს იმიტომ გაკეთდა ილიაში, რომ შენც შეძლო იმავეს გაკეთება, შენც ამ გზით იარო; წმიდანთა თაყვანისცემა არის მათი საქმის მიბაძვაო. როდესაც მათ ვუყურებთ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ისინიც ჩვენისთანა ადამიანები არიან, მაგრამ რას ნიშნავს, რომ განიწმინდნენ?! რომ ის დაბურულობა, ცოდვის სიმძიმე, რომელმაც პირველი ადამი, თავის ეგოზე მინდობილი, ღმერთსა და სამოთხეს დააშორა, გაფანტეს; თავიანთი ეგო ისეთ დონეზე უარყვეს, რომ კვლავ ბრწყინავენ პირველყოფილი სიმშვენიერით. ამიტომაც წმიდანთან ურთიერთობით ადამიანი ეზიარება, ჭვრეტს, ახსენდება ის, რასაც მოსწყდა თავისი ეგოს მინდობით. ადამიანის შიგნით შემოდის ნათელი და ეს გახსენება ძალას აძლევს, რომ ეს ეგო დაძლიოს ისევე, როგორც იმ წმიდანმა დაძლია; რომ ამ გარსიდან, ნაჭუჭიდან ნელ-ნელა გამოიზარდოს და ამაღლდეს. წმიდანი არის ის, ვინც განიწმინდა წიდისგან, ზადისგან, ჭუჭყისგან, რომელიც შემოგვეკრო ეგოს მინდობით და სრულად დაგვიშრიტა სამოთხის ხსოვნა. შესაბამისად, წმიდანთან ზიარებით ადამიანი იმ ნათელს ეზიარება, რომელიც წმიდანში ბრწყინავს; ძლიერდება ხსოვნაში, რომ არ ჩარჩეს ამ წუთისოფელში, რაც ძალიან საშიშია ადამიანისთვის. სიკვდილი იმ პირველი ხსოვნის გაწყვეტაა, ხოლო წმიდანია ის, ვინც იმ პირველ ხსოვნას ატარებს; ის, ვინც არ მიეცა ამ წუთისოფელს და მოიშორა ქერქი. როცა მასთან ვურთიერთობ, გონს მოვდივარ და ძალა მეძლევა, ვძლიო სიბნელეს, რასაც წუთისოფელი ჰქვია და შედეგად ჩვენ უკვე პილიგრიმები ვხდებით.

წმიდანები ნიშანსვეტებია დაღლილი, გზას აცდენილი ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება ორი ლუკმისთვის ბრძოლა ჰგონია. ამ დროს კი ის ნათელი, რაც წმიდანიდან გამოსჭვივის, ჩვენში აღაგზნებს ხსოვნას და ძალას გვაძლევს, რომ გავაგრძელოთ გზის ძიება; იმიტომ რომ, უკვე ვიცით, სად მივდივართ. ჩვენ აქაურები არ ვართ. ჩვენ ვეძებთ ჩვენს დაკარგულ მამულს. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, დარეკეთ და გაგეღებათ, ითხოვეთ და მოგეცემათ. რა უნდა ვეძებოთ? ერთადერთი რამ - ჩვენი მამული! რა არის ჩვენი მამული?! დიდი სიცოცხლე ღმერთთან, მარადისობა, სინათლე და სიყვარული, რომელიც გვეშრიტება გზადაგზა და იქამდეც კი მიდის, რომ მხოლოდ იმ შორეულ ოცნებად და ნატვრად შემორჩება ხოლმე, რომელსაც ძალა არ აქვს, ადამიანზე იმოქმედოს. ადამიანი ამ თავისი მამულის მონატრებას იქარვებს ხოლმე მხატვრული ნაწარმოებებით, კინოფილმებით და ერთგვარად ბრუვდება კიდეც, მაგრამ ხელოვნების ვერც ერთი ნიმუში ადამიანს ვერ გაარღვევინებს ამ წუთისოფელს. წუთისოფლის გარღვევა შესაძლებელია მხოლოდ მათი მადლით, ვინც ატარებს სამოთხის ხსოვნას. ეს არის ის, რაც ქრისტემ აღადგინა და შემდეგ, ამასთან ზიარებით, ჩვენც ვიხსენებთ ჩვენს თავდაპირველ მდგომარეობას. წმიდანთა თაყვანისცემა მათი საქმეების მიბაძვაა. წმიდანად არავინ დაბადებულა. ბევრ მათგანს ძალიან ცოდვილი ცხოვრება ჰქონდა და სწორედ ამ თავიანთ ცოდვებზე ამაღლებით მიემსგავსნენ ღმერთს, ამაღლდნენ და შედეგად მოიხვეჭეს მადლის ისეთი ძალა, რომლითაც შეუძლიათ ადამიანებზე ზემოქმედება, კურნების ნიჭითა თუ დამოძღვრით. წმიდანთა ცხოვრების ჭვრეტით უნდა შევიძინოთ ძალა, რომ ჩვენც იგივე შევძლოთ. ქრისტეს ნათელმა მთელი წარმართული სამყარო მოაქცია პირველ საუკუნეში, ყველა კერპი გული და თვით ავაზაკიც კი და თუ მე ჯვარზე არ გავაკარი ჩემი ეგო, ეს ნათელი ჩემგან არ გადმოვა, მაგრამ, როდესაც ჯვარცმული ვარ, ჩემგან ქრისტეს ნათელი იღვრება და უკვე წმინდანი ვარ. ეს ნათელი ქრისტეს ნათელია, რომელიც წინ მიგვიძღვის. მაგრამ, ქრისტე რომ გამოვიდეს ჩემგან, მე თავად უნდა ვიყო ჯვარცმული. როგორც მან უარყო თავისი თავი, მეც უნდა უარვყო საკუთარი ეგო, რომ ჩემში ქრისტეს, სინათლეს მივცე ადგილი. რომლითაც შემდეგ შუქი სამყაროს მოეფინება. სხვანაირად ჩემში სინათლე ვერ შემოვა. წმიდანთა თაყვანისცემა მათი მიბაძვაა, რომ, საბოლოოდ, მეც ქრისტეს სისრულეს მივაღწიო. გავხდე სრული კაცი, ისევე, როგორც ქრისტე გახდა და მანამდე არ დავისვენებ, სანამ ქრისტე ჩემში სრულ კაცად არ განხორციელდება. აი, ესაა გზა ჩვენი მამულისკენ და ამის საშუალებაა ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი